1 დასაწყისი
2
3 რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
4 ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
5 ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
6 მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მისმიერითა.
7
8 ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,
9 შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,
10 მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,
11 ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანაწასატანისა.
12
13 ვის შვენის, – ლომსა, – ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,
14 – მეფისა მზის თამარისა, ღაწვბალახშ-თმაგიშერისა, –
15 მას, არა ვიცი, შევმართო შესხმა ხოტბისა შერისა?!
16 მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს, მართ მიშერისა.
17
18 თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლდათხეული,
19 ვთქვენი ქებანი ვისნი მე არავად გამორჩეული.
20 მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მინა რხეული,
21 ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.
22
23 მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,
24 ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა,
25 ბროლ-ბალახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა.
26 გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვივისა ლბილისა.
27
28 აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება, –
29 ძალი მომეც და შეწევნა, შენგნით მაქვს, მივსცე გონება;
30 მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება;
31 მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.
32
33 მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობილი;
34 მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!
35 დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულლახვარსობილი,
36 აქამდის ამბვად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.
37
38 მე, რუსთველი, ხელობითა ვიქ საქმესა ამადარი:
39 ვის მორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი;
40 დაუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,
41 ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.
42
43 ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
44 ვით მარგალიტი ობოლი, ხელისხელ საგოგმანები,
45 ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები,
46 ჩემმან ხელმქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმა ნები.
47
48 თვალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;
49 აჰა, გული გამიჯნურდა, მიხვდომია ველთა რბენა!
50 მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმარის, მისცეს სულთა ლხენა.
51 სამთა ფერთა საქებელთა ლამის, ლექსთა უნდა ლევნა.
52
53 რაცა ვისცა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს:
54 მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;
55 კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,
56 არცა ვისგან დაეწუნოს, არცა სხვასა უწუნობდეს.
57
58 შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
59 საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,
60 კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;
61 გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.
62
63 ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,
64 მობურთალსა – მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,
65 მართ აგრევე მელექსესა – ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა,
66 რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა.
67
68 მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,
69 რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა,
70 არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვამცირობა,
71 ხელმარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.
72
73 მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი, ორი;
74 თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;
75 განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი,
76 მაგრა იტყვის: „ჩემი სჯობსო“, უცილობლობს ვითა ჯორი.
77
78 მეორე ლექსი, ცოტაი – ნაწილი მოშაირეთა,
79 არ ძალუც სრულქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა, –
80 ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:
81 დიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.
82
83 მესამე ლექსი კარგია სანადიმოდ, სამღერელად,
84 სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად;
85 ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად.
86 მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.
87
88 ხამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს,
89 ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს,
90 ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს, –
91 მისგან კიდე ნურა უნდა, – მისთვის ენამუსიკობდეს.
92
93 ჩემი აწ ცანით ყველამან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;
94 ესე მიჩს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!
95 იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;
96 მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.
97
98 ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,
99 ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა;
100 იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
101 ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.
102
103 მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან,
104 ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;
105 ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან;
106 მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენ არ სიძვენ, შორით ბნდებიან.
107
108 მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა,
109 მით რომე შმაგობს მისისა ვერმიხვდომისა წყენითა;
110 ზოგსა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა,
111 კვლა ზოგთა ქვეუც ბუნება კეკლუცთა ზედა ფრფენითა.
112
113 მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს, მართ ვითა მზეობა,
114 სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე, სიყმე და მოცალეობა,
115 ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.
116 ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.
117
118 მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
119 მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:
120 იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,
121 ნუვინ გარევთ ერთმანერთსა, გესმის ჩემი ნაუბარი?
122
123 ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,
124 რა მოშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,
125 გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხვდეს, თუნდა ქუში;
126 მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა-კოცნა, მტლაში-მტლუში.
127
128 მას ცოცხალი ნუ ელევის, რაცა პირველ შეუყვარდეს,
129 ნუცა ლხინსა აუზვავდეს, ნუცა ჭირსა შეუზარდეს,
130 მისთვის დასთმოს ყველაკაი, მისთვის ველთა გამოვარდეს,
131 ნურა გავა, სოფელიცა მისი კერძი გარდაქარდეს.
132
133 ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა:
134 დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა;
135 ესე მღერასა ბედითსა ჰგავს, ვაჟთა ყმაწვილობასა.
136 კარგი მიჯნური იგია, ვინ იქს სოფლისა თმობასა.
137
138 არს პირველი მიჯნურობა არდაჩენა, ჭირთა მალვა,
139 თავისწინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა,
140 შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა,
141 დასთმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.
142
143 ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვის თანა ამჟღავნებდეს,
144 არ ბედითად „ჰაჲჰაჲ“ ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს,
145 არსით აჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს,
146 მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.
147
148 მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჩივნოს?
149 ამის მეტი რამცა ირგო: მას ავნოს და თვითცა ივნოს.
150 რათამეღა ასახელოს, რა სიტყვითა მოაყივნოს?
151 რა გავა, თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს!
152
153 მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა:
154 ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარსა, მისთვის წყლულსა?!
155 თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაცა სძულსა?!
156 ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.
157
158 თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების;
159 სიარული, მარტოობა შვენის, გაჭრად დაეთვლების;
160 იგონებდეს, მისგან კიდე ნურად ოდეს მოეცლების;
161 არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცთა ეახლების.
162 ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა
163
164 იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
165 მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარმრავალი, ყმიანი,
166 მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
167 თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.
168
169 სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტოდ ასული,
170 სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული;
171 მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,
172 ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.
173
174 მისი სახელი – თინათინ, არს ესე საცოდნარია!
175 რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია.
176 მეფემან უხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია,
177 გვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია.
178
179 უბრძანა: „გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა:
180 რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
181 იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა;
182 მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსჭვრეტთ, ღამესა ჩვენ უმთვაროსა.
183
184 მე გარდასრულ ვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,
185 დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია;
186 რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!
187 ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია!“
188
189 ვაზირთა ჰკადრეს: „მეფეო, რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობა?
190 ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს აზომცა ჯერობა:
191 მისივე მეტობს ყოველსა სული და ტურფაფერობა.
192 მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა?!
193
194 მაგას ნუ ჰბრძანებთ, მეფეო, ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია,
195 თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია;
196 ხმდა განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია:
197 სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია!
198
199 თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია;
200 არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია;
201 შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.
202 ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“.
203
204 ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირსპასალარისა,
205 საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა,
206 ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინად საცნობარისა;
207 მას თინათინის შვენება ჰკლვიდის, წამწამთა ჯარისა.
208
209 გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად;
210 რა მოშორდის, ვერმჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერნაკლულად;
211 ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად.
212 საბრალოა, სიყვარული კაცსა შეიქს გულმოკლულად!
213
214 რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა,
215 ავთანდილს მიხვდა სიამე, ვსება სჭირს მის სოქალისა;
216 თქვა: „ზედა-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა,
217 ნუთუ ვით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერგამქრქალისა!“
218
219 არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან:
220 „თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან;
221 მან გაანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან.
222 მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან, შემამკობელმან!“
223
224 მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი გამრავლდა ხასისა:
225 ავთანდილ პირმზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრათასისა,
226 ვაზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა;
227 მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: „უთქმელია ფასისა!“
228
229 თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა,
230 დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა,
231 მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა.
232 ქალი მზეებრ სჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზემხედველითა.
233
234 უკუდგეს და თაყვანისსცეს მეფემან და მისთა სპათა,
235 დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა,
236 ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა.
237 ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა.
238
239 მამისა ტახტსა საჯდომლად თავი არ ეღირსებოდა,
240 ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა;
241 მეფე სწვრთის: „მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა,
242 ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა“.
243
244 უბრძანა: „ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი:
245 დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი,
246 აქათგან ესე სამეფო შენია მართ მონდობილი.
247 ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი!
248
249 ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
250 დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
251 უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
252 უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.
253
254 მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია;
255 უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
256 სმა-ჭამა – დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!
257 რასაცა გასცემ, შენია, რაც არა, დაკარგულია!“
258
259 ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა,
260 ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა;
261 მეფე სმასა და მღერასა იქს, მეტად მოილხინებდა;
262 თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.
263
264 მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი,
265 უბრძანა: „ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი,
266 მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი!“
267 მოართვეს, გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.
268
269 მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა,
270 რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა.
271 მერმე ბრძანა: „ვიქ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა,
272 ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს საჭურჭლესა დადებულსა!“
273
274 უბრძანა: „წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია!
275 ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!“
276 მოიღეს, გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია.
277 ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია.
278
279 ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა,
280 მას ტაიჭსა არაბულსა, ქვენაბამსა, ნასუქალსა,
281 რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა;
282 არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.
283
284 დღე ერთ გარდახდა პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა,
285 ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა.
286 მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა.
287 „ნეტარ, რა უმძიმს, რა სჭირსო?“ – შექმნეს ამისი ცილობა.
288
289 თავსა ზის პირმზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია,
290 სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია;
291 ვაზირი ბერი სოგრატი თვით მას თანავე მჯდომია.
292 თქვეს, თუ: „რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?“
293
294 თქვეს, თუ: „მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა,
295 თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა“.
296 ავთანდილ თქვა: „სოგრატ, ვჰკითხოთ, გვითხრას, ვინმცა შეგვეცილა?
297 ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა?“
298
299 ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა,
300 თითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა,
301 წინა მიუსხდეს მუხლმოყრით, პირითა მოცინარითა.
302 ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:
303
304 „დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო.
305 მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო,
306 ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარხშირიო;
307 ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?“
308
309 რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოხედნა,
310 გაუკვირდა: ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა?!
311 „კარგა ჰქმენო, – დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა, –
312 ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუვის, ვინცა დაიყბედნა!
313
314 ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა, რომე მწყენია:
315 სიბერე მახლავს, დავლიენ სიყმაწვილისა დღენია;
316 კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია,
317 რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია.
318
319 ერთაი მიზის ასული, ნაზარდი სათუთობითა;
320 ღმერთმან არ მომცა ყმაშვილი, – ვარ საწუთროსა გმობითა, –
321 ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუცა მობურთლობითა;
322 ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა“.
323
324 ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა,
325 თავმოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა,
326 თეთრთა კბილთა გამომკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა.
327 მეფე ჰკითხავს: „რას იცინი, ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა?“
328
329 კვლა უბრძანა: „თავსა ჩემსა, რას იცინი, რა დამგმეო?“
330 ყმამან ჰკადრა: „მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო,
331 რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გარისხდე, არ გასწყრეო,
332 არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამაზეო“.
333
334 უბრძანა: „რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!“
335 ფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა.
336 ავთანდილ იტყვის: „დავიწყო კადრება საუბნარისა:
337 ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.
338
339 მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენ წინა მშვილდოსანია;
340 ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე სპანია;
341 მოასპარეზედ ვინ მგავსო? – ცუდნიღა უკუთქმანია.
342 გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!“
343
344 მეფე ლაღი და წყლიანი გამხიარულდა მეტადრე,
345 სიცილით უთხრა ავთანდილს: „შვილად გზრდი, მით შემეკადრე;
346 იცი, არ გიწყენ, გაზრდილო, მით შემომიხვე ზედადრე:
347 თუ არ გასწბილდე, მაჯობო, ბედი გეყოფის ბედადრე.
348
349 „მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისსა დაცილებასა.
350 ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქო შედრეკილობა-კლებასა.
351 კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენ თანა ხლებასა,
352 მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!“
353
354 ავთანდილცა დამორჩილდა, საუბარი გარდასწყვიდეს,
355 იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს,
356 ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს:
357 „ვინცა იყოს უარესი, თავშიშველი სამ დღე ვლიდეს!“
358
359 მონადირეთა უბრძანა: „მინდორნი მოიარენით,
360 დასცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით!“
361 ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: „მოდით და მოიჯარენით!“
362 გაყარეს სმა და ნადიმი; მუნ ამოდ გავიხარენით.
363
364 დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი,
365 ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლბალახშოსანი,
366 პიროქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი,
367 მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრტაიჭოსანი.
368
369 შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს;
370 მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყად გარე შემოჰკრვიდეს,
371 ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს;
372 ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.
373
374 უბრძანა: „მონა თორმეტი მოდით, ჩვენ თანა ვლიდითა,
375 მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა,
376 ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა!“
377 დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.
378
379 მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშმიუწდომელი:
380 ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლად მხლტომელი.
381 მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი!
382 აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!
383
384 ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს.
385 მიჰხოცდეს და მიესროდეს, მინდორს სისხლსა მიასხმიდეს,
386 რა ისარი დაელივის, მონანიყე მიართმიდეს.
387 მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.
388
389 იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს,
390 დახოცეს და ამოსწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს,
391 ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს.
392 ავთანდილის შემხედველთა: „ჰგავსო ალვას, ედემის ხეს“.
393
394 იგი მინდორი დალიეს, მართ მათგან განარბენია,
395 მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა ტყენია.
396 ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია.
397 იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.
398
399 ერთმანერთსა, თუ: „მე გჯობო“, სიცილით ეუბნებოდეს,
400 ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს.
401 მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ჰყვებოდეს,
402 უბრძანეს: „თქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს!“
403
404 მონათა ჰკადრეს: „მართალსა გკადრებთ და ნუ გემცთარებით;
405 მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისად დარებით,
406 აწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ, – ვერათ ვერ მოგეხმარებით, –
407 ვისგან ნაკრავნი გვინახვან მხეცნი ვერ წაღმა წარებით.
408
409 ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია,
410 მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია:
411 არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია,
412 თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი გაგვიხოცია“.
413
414 მეფესა ესე ამბავი უჩს ვითა მღერა ნარდისა,
415 უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა,
416 აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა,
417 სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსლვა დარდისა.
418
419 იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა.
420 ლაშქართა შექმნეს მოდენა, მოდგეს უფროსნი ბზეთასა.
421 ახლოს უთქს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა.
422 თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა.
423 ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა
424
425 ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა,
426 შავი ცხენი სადევითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,
427 ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა.
428 ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.
429
430 მას ტანსა კაბა ემოსა, გარეთმა ვეფხის ტყავისა,
431 ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა,
432 ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა;
433 ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.
434
435 მეფემან ბრძანა: „ვინ არის უცხო პირად და ტანადო?“
436 უბრძანა ერთსა მონასა: „წადი ფიცხლად და ჯანადო,
437 «გიბრძანებს, – უთხარ, – ვერა გცნობ ჩემთა ლაშქართა თანადო,
438 ვინცა ხარ, მოდი წინაშე შენ ჩვენგან მონაყვანადო!»“
439
440 წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულმდუღარისად,
441 თავჩამოგდებით მტირლისა, არ ჭვრეტით მოლიზღარისად, –
442 მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად, –
443 ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.
444
445 ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა,
446 დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა;
447 მოახსენა: „გიბრძანებსო“, ახლოს მიდგა, დაუწყნარდა.
448 იგი ტირს და არა ესმის მისგან, გაუუმეცარდა.
449
450 მის მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი,
451 მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი,
452 უცხოდ რამე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი,
453 ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.
454
455 სხვაგან ქნის მისი გონება მისმან თავისა წონამან.
456 ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან.
457 არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან,
458 არცა გახლიჩნა ბაგენი, თავი – ვარდისა კონამან.
459
460 რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა,
461 როსტანს ჰკადრა: „შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა;
462 თვალნი მზეებრ გამირეტნა, გული მეტად შემიძრწუნდა,
463 ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და-“.
464
465 მეფე გაჰკვირდა, გა-ცა-წყრა, გული უც მისთვის მწყრომარე,
466 გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე,
467 უბრძანა: „ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე,
468 მიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე!“
469
470 მონანი მიდგეს, მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია;
471 მაშინღა შეკრთა იგი ყმა, ტირს, მეტად გულმდუღარია,
472 თვალნი მოარნა ყოველგნით, ნახა ლაშქრისა ჯარია,
473 ერთხელ ესე თქვა: „ვაჲ მეო“, სხვად არას მოუბარია.
474
475 თვალთა ხელი უკუივლო, ცხელნი ცრემლნი მოიწურნა,
476 ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა,
477 ცხენსა შეჯდა, – მონათამცა საუბარნი რად იყურნა! –
478 სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განკურნა.
479
480 მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად.
481 მან, გლახ, იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად:
482 ჰკრა ერთმანერთსა, დახოცნა თავსა ხელაუპყრობელად,
483 ზოგსა გარდაჰკრის მათრახი ქვე მკრდამდის გასაპობელად.
484
485 მეფე გაწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა;
486 მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტა, არცა ნახნა,
487 რაზომნიცა მიეწივნეს, ყველა მკვდართა დაასახნა,
488 კაცი კაცსა შემოსტყორცა, როსტან ამად ივაგლახნა.
489
490 შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად.
491 იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად,
492 ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად,
493 შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანამდეველად.
494
495 რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა,
496 მასვე წამსა დაიკარგა, არ უნახავს თვალსა ჩვენსა,
497 ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა;
498 ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.
499
500 კვალი ძებნეს და უკვირდა ვერპოვნა ნაკვალევისა,
501 აგრე კვალწმიდად წახდომა კაცისა, ვითა დევისა;
502 ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა.
503 მეფემან ბრძანა: „ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა“.
504
505 ბრძანა: „ღმერთსა მოეწყინა აქამდისი ჩემი შვება,
506 ამად მიყო სიმწარითა სიამისა დანავღლება,
507 სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალუც განკურნება.
508 მასვე მადლი! ესე იყო წადილი და მისი ნება“.
509
510 ესე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა,
511 არცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა;
512 ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა;
513 ზოგთა თქვეს, თუ: „მართალია“, ზოგი, ღმერთო, უზრახვიდა.
514
515 მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი;
516 მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩს ვითა შვილი.
517 ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არდაჯრილი.
518 გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.
519
520 თინათინს ესმა ეგეთი მამისა დაღრეჯილობა;
521 ადგა და კარსა მივიდა, ჰქონდა მზისაცა ცილობა,
522 მოლარე იხმო, უბრძანა: „ძილია თუ ღვიძილობა?“
523 მან მოახსენა: „დაღრეჯით ზის, სჭირსო ფერშეცვლილობა.
524
525 ერთიღა ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა;
526 უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამით-ა“.
527 თინათინ ბრძანა: „აწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამით-ა,
528 მიკითხოს, ჰკადრე: იყო-თქო აქა ერთითა წამითა“.
529
530 ხანი გამოხდა, იკითხა: „ნეტარ, რასა იქს ქალიო,
531 ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?“
532 მოლარე ჰკადრებს: „მოვიდა აწყაღა ფერნამკრთალიო,
533 დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო“.
534
535 უბრძანა, თუ: „წადი, უხმე! უმისობა ვით გავსძლეო?
536 მოახსენე: «რად დაჰბრუნდი შენ, მამისა სიცოცხლეო?
537 მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო,
538 გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო»“.
539
540 თინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა,
541 უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა,
542 მამამან გვერდსა დაისვა, აკოცებს ნება-ნებასა,
543 უბრძანა: „მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა?“
544
545 ქალმან ჰკადრა: „ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს,
546 ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს!
547 თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს!
548 კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს“.
549
550 უბრძანა: „შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია,
551 შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია,
552 მომქარვებელი სევდისა, მართ ვითა მუფარახია.
553 ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია.
554
555 უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე,
556 მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ხმელთა კიდე.
557 რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე;
558 ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.
559
560 მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა,
561 შესაპყრობლად შეუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა,
562 ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა,
563 ჯერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.
564
565 აწ ესე მიკვირს, რა იყო, ანუ რა ვნახე და რული!
566 მან დამიხოცა ლაშქარი, ადინა სისხლი ღვარული.
567 კაცთა ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული?!
568 უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული.
569
570 ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს,
571 დამავიწყდეს, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს.
572 ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს,
573 სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!“
574
575 ქალმან ჰკადრა: „მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა:
576 ჰე, მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა?
577 რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა?
578 ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?
579
580 მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი,
581 შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანებამიუთხრობელი.
582 გაგზავნე კაცი ყოველგან, მისთა ამბავთა მცნობელი,
583 ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი.
584
585 თუ ყოფილა იგი მოყმე ხორციელი, ხმელთა მვლელად,
586 მას ნახვიდა სხვაცა ვინმე, გამოჩნდების მასწავლელად.
587 თუ არ ეშმა გჩვენებია ლხინთა შენთა შემცვლელ-მშლელად;
588 სევდისაგან მოიცალე, რად შექმნილ ხარ მოუცლელად?“
589
590 როსტანს სიტყვა ასულისა მოეწონა, ეკეთაცა;
591 პირი ხელით დაუჭირა, გარდაკოცნა კვლა და კვლაცა;
592 უბრძანა, თუ: „დაგმორჩილდე, რაცა მითხრა, აგრე ვქმნაცა;
593 იგივეა მხსნელი ჩემი, ვინცა მიწა გამაკაცა“.
594
595 მოასხნეს კაცნი, გაგზავნნეს ოთხთავე ცისა კიდეთა,
596 უბრძანეს: „წადით, პატიჟთა თავიმცა რად დარიდეთა?
597 მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა,
598 მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა“.
599
600 კაცნი წავიდეს, იარეს მართ ერთი წელიწადია,
601 მონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია,
602 ვერცა თუ ნახეს ნახული ღმრთისაგან დანაბადია,
603 ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.
604
605 მონათა ჰკადრეს: „მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით,
606 მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით,
607 მისსა მნახავსა სულდგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით,
608 ჩვენ ვერა გარგეთ, საქმენი სხვანი რა მოიგვარენით!“
609
610 მეფე ბრძანებს: „მართალ იყო ასული და ჩემი ძეო,
611 ვნახე რამე ეშმაკისა სიცუდე და სიბილწეო,
612 ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო.
613 გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო“.
614
615 ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა;
616 მგოსანი და მუშაითი უხმეს, პოვეს რაცა სადა;
617 დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა;
618 მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაჰბადა!
619
620 ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი,
621 იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი.
622 შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი,
623 მოახსენა: „გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი“.
624
625 ავთანდილს მიხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა,
626 ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა;
627 უხარის შეყრა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა.
628 ამოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!
629
630 ავთანდილ ლაღი, უკადრი მივა, არვისგან რცხვენოდა,
631 მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა;
632 იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა;
633 მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა.
634
635 გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი,
636 ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი,
637 შვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი,
638 მას თეთრსა ყელსა ეკიდნეს გრძლად თმანი არუხშირონი.
639
640 დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა,
641 ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა.
642 მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა.
643 პირისპირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.
644
645 ქალმან უბრძანა: „ზარი მლევს მე ამისისა თხრობისა;
646 მწადდა არათქმა, რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა,
647 მაგრა იცია მიზეზი შენისა აქა ხმობისა,
648 რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიხდილი ცნობისა?“
649
650 ყმამან ჰკადრა: „საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების?
651 მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, და-ცა-ჭნების;
652 აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების,
653 თქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების“.
654
655 ქალმან უთხრა საუბარი კეკლუცსიტყვად, არ დუხჭირად;
656 იტყვის: „თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად,
657 მიკვირს, მოგხვდა წამისყოფით საქმე შენგან საეჭვი რად,
658 მაგრა გითხრა პირველ ხვალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად.
659
660 გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა,
661 ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა?
662 მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა,
663 შენ გენუკევ მონახვასა, კიდით კიდე მოლახო ცა.
664
665 აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია,
666 მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია,
667 ვიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია,
668 შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია.
669
670 ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად:
671 პირველ, ყმა ხარ, ხორციელი არავინ გვყავს შენად სწორად,
672 მერმე, ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად;
673 წადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად!
674
675 შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე;
676 რომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე;
677 გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე;
678 მერმე მოდი, ლომო, მზესა, შეგეყრები, შემეყარე!
679
680 სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებნარი;
681 ჰპოვო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბნარი;
682 ვერა ჰპოვებ, დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი;
683 კოკობი და უფურჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი.
684
685 ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი,
686 მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი,
687 სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი,
688 შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი!“
689
690 მოახსენა ყმამან: „მზეო, ვინ გიშერი აწამწამე,
691 სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე?
692 მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე,
693 ვითა მონა, სამსახურად განაღამცა წავე, წა-, მე!“
694
695 კვლაცა ჰკადრა: „აჰა, მზეო, რათგან ღმერთმან მზედ დაგბადა,
696 მით გმორჩილობს, ზეციერი მნათობია რაცა სადა;
697 მე რომ თქვენგან მოვისმინენ წყალობანი, მედიადა.
698 ვარდი ჩემი არ დაჭნების, შუქი შენი იეფად-ა“.
699
700 კვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი,
701 გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვახშირი.
702 გაადვილდა, აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი,
703 თეთრთა კბილთა გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი.
704
705 ერთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი ასად აგეს,
706 ბროლ-ბალახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს;
707 ყმა ეტყვის, თუ: „შენთა მჭვრეტთა თავი ხელი, ა, სად აგეს!
708 ცეცხლთა, შენგან მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს“.
709
710 ყმა წავიდა, სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა,
711 უკუღმავე იხედვიდა, თვალთა რეტად აყოლებდა.
712 ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა,
713 გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა.
714
715 თქვა: „მზეო, ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე,
716 ბროლი და ლალი გასრულ ვარ ქარვისა უყვითლესადრე.
717 მაშინ რაღა ვქმნა, ვერჭვრეტა რა მომხვდეს კვლა უგრძესადრე!
718 ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადრე“.
719
720 საწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების,
721 ვითა ვერხვი ქარისაგან, ირხევის და იკეცების;
722 რა მილულნის, სიახლევე საყვარლისა ეოცების,
723 შეკრთის, დიდნი დაიზახნის, მით პატიჟი ეოცების.
724
725 მოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ,
726 ცრემლსა ვითა მარგალიტსა სწვიმს ვარდისა დასანაზოდ.
727 რა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ,
728 ცხენსა შეჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ.
729
730 დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია,
731 შესთვალა: „გკადრებ, მეფეო, მე ესე გამიგონია:
732 ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია,
733 აწ, თუ სჯობს, ესე ამბავი ცნან, რაცა გარემონია.
734
735 მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო,
736 თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო,
737 მორჩილქმნილთა გავახარო, ურჩი ყოვლი ავატირო,
738 ძღვენნი გკადრნე ზედა-ზედა, არ სალამი დავაძვირო“.
739
740 მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა,
741 ებრძანა: „ლომო, არა გჭირს შენ ომთა გამდრეკელობა,
742 აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა.
743 წა, მაგრა მომხვდეს, რაღა ვქმნა, თუ სიშორისა გრძელობა!“
744
745 ყმა შევიდა, თაყვანისსცა, მადლი რამე მოახსენა:
746 „ხელმწიფეო, მიკვირს, ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა!
747 აწ ნუთუ კვლა სიშორისა ღმერთმან ბნელი გამითენა,
748 პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა!“
749
750 მეფე ყელსა მოეხვია, გარდაკოცნა ვითა შვილი;
751 სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი!
752 ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი;
753 როსტან მისთვის აატირა გონიერი გული, ლბილი.
754
755 გამოემართა ავთანდილ, მოყმე მხნე, ლაღად მავალი.
756 ოც დღე იარა, ღამეცა დღეს ზედაწართო მრავალი.
757 იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი.
758 არ მისცილდების თინათინ მისი მას, ვისგან სწვავ ალი.
759
760 რა მოვიდა, სიხარული შიგან გახდა სამეფოსა;
761 მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა;
762 იგი პირმზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა;
763 მიხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.
764
765 ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა;
766 გარე კლდე იყო, გიამბობ ზღუდესა უქვითკიროსა;
767 ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა,
768 გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა.
769
770 უბრძანა: „აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან,
771 ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან, გაგივლენიან,
772 მაგრა არ იცი აქამდის, რანიცა ცრემლნი მდენიან!
773 მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.
774
775 მე მოუკლავ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა,
776 ცხელი ცრემლი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა,
777 ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა,
778 აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა.
779
780 მიბრძანა: «მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა,
781 მოხვიდე, სრულვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა,
782 ქმარი არ მინდა უშენო, მომხვდეს ხისაცა რგულისა!»
783 მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.
784
785 პირველ, ყმა ვარ, წასლვა მინდა პატრონისა სამსახურად, –
786 ხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად, –
787 მერმე, ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად.
788 ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხდეს მამაცურად.
789
790 ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა,
791 ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა:
792 ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა,
793 ამა საქმესა ვერა ვიქ მე განდობასა სხვათასა.
794
795 ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, ჰპატრონობდი,
796 დარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი,
797 წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი,
798 აქა სადმე არყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!
799
800 ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე,
801 აქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე,
802 მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე,
803 არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე!
804
805 მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია,
806 აცნობე ჩემი სიკვდილი, – იყავ მართ ვითა მთრვალია, –
807 მიხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია.
808 გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია!
809
810 მაშინ უფრო მომეხმარე, ამისგანცა უფრო მხნედრე;
811 ნუთუ ადრე დამივიწყო? მახსენებდი ზედა-ზედრე!
812 მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე,
813 ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე!“
814
815 რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა,
816 თვალთათ, ვითა მარგალიტი ცხელი ცრემლი გარდმოყარა,
817 მოახსენა: „უშენომან გულმან რამცა გაიხარა!
818 ვიცი, რომე არ დასდგები, მაგას გიშლი ამად არა.
819
820 «ჩემად ნაცვლად დაგაგდებო», – ესე სიტყვა ვით მიბრძანე?
821 რაგვარა ვქმნა პატრონობა, რამც გიფერე, რამც გიგვანე?
822 შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე!
823 სჯობს, ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე!“
824
825 ყმამან უთხრა: „მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად:
826 რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად;
827 მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლო უვაჭრელად;
828 კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.
829
830 ვისმცა უთხარ ხვაშიადი? შენგან კიდე არვინ ვარგა;
831 უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ იქს კარგა?
832 სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა!
833 კვლა ნუთუმცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არ დამკარგა.
834
835 განგებაა, სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი;
836 მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი;
837 აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი;
838 წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდეს, ვინცა იყოს ჩემი ხასი“.
839 წიგნი ავთანდილისა ყმათა თანა
840
841 დაწერა, თუ: „ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო,
842 ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო,
843 თქვენ, ჩემისა საწადლისა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო,
844 წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო ერთგან შემოხდილნო!
845
846 მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა:
847 თვით ვიქ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა,
848 ცოტასა ხანსა ვარჩიე გაჭრა სმასა და მღერასა,
849 პურად და საჭმლად მივენდვე ჩემსა მშვილდსა და ცერასა.
850
851 საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი,
852 დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი;
853 გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი,
854 მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.
855
856 მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს,
857 სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს;
858 ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს არ ზრვიდეს, არ აჭნობდეს,
859 შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს.
860
861 თქვენცა იცით, გამიზრდია ვითა ძმა და ვითა შვილი;
862 ამას ასრე მორჩილობდით, არის ვითამც ავთანდილი,
863 ბუკსა იკრას, აქნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი;
864 მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი“.
865
866 ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვანაზმა,
867 წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ შეეკაზმა,
868 ბრძანა: „მინდორს შევჯდებიო“, ლაშქარიცა დაერაზმა;
869 მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა.
870
871 ბრძანა: „წადით ყველაკაი, აქა მემხრედ არვინ მინა“.
872 მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა,
873 მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა.
874 მიწყივ მისად საგონებლად მისი მკლველი თინათინ-ა.
875
876 იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა;
877 ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა წაეკიდა?
878 ვის მახვილი ვერას ავნებს, მისი მკლველი გაეკიდა;
879 მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად აეკიდა.
880
881 რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს,
882 იგი პირმზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს,
883 მათსა დიდსა სიხარულსა სიმძიმილი ანაცვალეს,
884 ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.
885
886 შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები,
887 უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები.
888 რა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულდანაწყლულები;
889 თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.
890
891 ყოვლთა ჰკადრეს: „თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა,
892 უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა?
893 განაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!“
894 იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანისცა.
895 ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასლვა
896
897 ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს:
898 საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, და-ცა-ეზროს.
899 ვის ბალახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს,
900 იგი სადმე გაღარიბდეს, საყოფთაგან იაბეზროს.
901
902 ავთანდილ იგი მინდორი ოთხახმით გარდაიარა,
903 დააგდო ზღვარი არაბთა, სხვათ ზღვართა არე იარა,
904 მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა;
905 თქვა: „თუ მე მასმცა ვეახლე, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა“.
906
907 ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა;
908 მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიმართის დანასა;
909 თქვის: „ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა,
910 მოვშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!“
911
912 ვარდი, მის მზისა გაყრილი, უფრო და უფრო ჭნებოდა,
913 გულსა უთხრის, თუ: „დათმეო“, ამად არ დია ბნდებოდა.
914 უცხო-უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა,
915 მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა, მათ თანაემოყვრებოდა.
916
917 მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად;
918 უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი – სადებლად თავისად;
919 თქვის: „საყვარელო, მოგშორდი, გული შენ დაგრჩა, ვთქვა ვისად?
920 შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად“.
921
922 ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა,
923 ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა არე არა,
924 მაგრა იგი მის ამბვისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა.
925 ამას შიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.
926
927 მიხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა,
928 თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა, –
929 იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა, –
930 დღე და ღამე იგონებდის საყვარელსა მასვე მისსა.
931
932 მას მიხვდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა,
933 გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა.
934 მის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ხიდისა,
935 ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.
936
937 ზედ წაადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს;
938 თვენი ესხნეს ორანიღა, ამად სულთქვამს, არა იშობს;
939 „ვაჲ თუ საქმე გამიმჟღავნდეს! – კვლა ამისთვის გულმოშიშობს, –
940 ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს“.
941
942 საგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად,
943 თქვა: „თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად?
944 ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად;
945 მისი ვერა ვცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?
946
947 თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი,
948 რომელსა ვეძებ, ვერა ვცნნე ამბავნი მე მისთანანი,
949 დრო გარდაუწყდეს შერმადინს, მიხვდენ ღაწვისა ბანანი,
950 მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი,
951
952 უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული,
953 მათ შექმნან გლოვა-ტირილი, ქმნან საქმე გამწარებული,
954 მერმე მივიდე ცოცხალი მე, სხვაგან სადმე რებული!“
955 ამას იგონებს ტირილით გონებაშეიწრებული.
956
957 იტყვის: „ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ?
958 მე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ?
959 გულით ჩემით სიხარულნი აჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ;
960 დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერაოდეს დავიყუდენ“.
961
962 კვლაცა იტყვის: „დათმობა სჯობს“, და თავსავე ეუბნების:
963 „დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების,
964 უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების,
965 განგებასა ვერვინ შესცვლის, არსაქმნელი არ იქმნების.
966
967 ყოვლნი არსნი ცათქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან,
968 მაგრა საქმე მის კაცისა ვერასადა შემიგნიან;
969 უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან.
970 აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან?“
971
972 მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლნა წყალი და ტყენია,
973 მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟღრენით მონაწყენია.
974 გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია,
975 ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.
976
977 მობრუნვება დააპირა, სულთქვნა, მერმე ივაგლახა,
978 მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა;
979 თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა,
980 მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.
981
982 თუცა მხეცქმნილი ავთანდილ გულამოსკვნით და კვნესით-ა,
983 ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა,
984 ისრითა მოკლა ნადირი, როსტომის მკლავუგრძესითა,
985 შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.
986
987 ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე წვადი შეიწოდეს;
988 ექვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მოვიდოდეს;
989 თქვა, თუ: „ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს!
990 აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს“.
991
992 ხელთა ჰქონდა ისარ-მშვილდი, მათკე მივა მხიარული.
993 ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული,
994 თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული,
995 ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ, სული.
996
997 უყივლა, თუ: „ძმანო, ვინ ხართ? მეკობრეთა დაგამსგავსენ!“
998 მათ მიუგეს: „დაგვიწყნარდი, გვიშველე რა, ცეცხლნი ავსენ,
999 ვერა გვარგო, მოგვიმატენ, ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ,
1000 სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსენ!“
1001
1002 ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულმდუღარეთა;
1003 მათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა:
1004 „ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, – მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა, –
1005 დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხატაეთს არემარეთა.
1006
1007 კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით,
1008 გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით,
1009 სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით,
1010 ვხოცდით მხეცსა უზომოსა მინდორით და მთით და ქედით.
1011
1012 ჩვენ, სამთა ძმათა, ჩვენ თანა მესროლნი დავაწბილენით,
1013 მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით:
1014 «მე უკეთ მოვჰკლავ, მე გჯობო», სიტყვანი ვავაქილენით,
1015 ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ, ვითაკილენით.
1016
1017 დღეს ავჰყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა,
1018 ვთქვით: «გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა,
1019 თავსა ვეახლნეთ მარტონი, დავდგეთ მართ ოდენ თავითა,
1020 თვითდანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვისრით დამნახავითა!»
1021
1022 ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია,
1023 ლაშქართა წასლვა უბრძანეთ, მით არას მოაზრენია,
1024 მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია,
1025 დავხოცეთ მხეცი, მფრინველი არცა ზე გარდაგვფრენია.
1026
1027 ანაზდათ მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირგამქუშავია,
1028 ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, – მერანი რამე შავია, –
1029 თავსა და ტანსა ემოსა გარეთმა ვეფხის ტყავია,
1030 ჯერთ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია.
1031
1032 უჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით,
1033 ვთქვით, თუ: «მზეაო ქვეყანად, ნუ ვეუბნებით ცად ენით!»
1034 მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით,
1035 ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისაცა დენით.
1036
1037 მე, უხუცესმან, უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით;
1038 ჩემმან შედეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით;
1039 ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა, უალლეთ ჩვენ ნებით,
1040 მივმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.
1041
1042 ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა,
1043 იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გააყიფნა:
1044 არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა,
1045 მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!
1046
1047 უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსნი დავეზიდენით;
1048 ხელი მოჰკიდა, «დადეგო», ესეცა ჰკადრა კიდ ენით;
1049 მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით,
1050 თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.
1051
1052 მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა,
1053 ვითა მკვდარი უსულოქმნა, ვითა მიწა დაამიწა,
1054 მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოაწიწა,
1055 თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა-!
1056
1057 აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად,
1058 აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად“.
1059 შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად,
1060 ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.
1061
1062 აჰა, მიხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არდათოვნა,
1063 რათგან ცუდად არ წაუხდა მას ეგზომი გარეთ ყოვნა.
1064 კაცსა მიხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, მისი პოვნა,
1065 მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.
1066
1067 უთხრა, თუ: „ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა,
1068 მე იმა ყმისა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა,
1069 აწ თქვენგან მივხვდი საქმესა ყოლა არსაადვილოსა, .
1070 ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქს თქვენსა დასაღრეჯილოსა!
1071
1072 ვითა მე მივხვდი წადილსა, ჩემსა გულისა ნებასა,
1073 აგრემცა ღმერთი ნურას იქს ძმისა თქვენისა ვნებასა!“
1074 უჩვენა მისი სადგომი: „მიდითო ნება-ნებასა,
1075 ჩრდილსა გარდასვით მაშვრალი, მიეცით მოსვენებასა!“
1076
1077 ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა,
1078 ვითა გავაზი გაფრინდა, არგაშვებული ხეზითა,
1079 ან მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა.
1080 დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.
1081
1082 მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს:
1083 „საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს!
1084 ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს,
1085 არსიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.
1086
1087 რათგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად,
1088 რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად,
1089 მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად,
1090 ანუ მოვჰკლავ, ანუ მომკლავს, დაიმალვის მეტისმეტად“.
1091
1092 ავთანდილ იტყვის: „ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი?
1093 რაცაღა არის, არ არის, თუმცა არ ედგნეს ბუდენი;
1094 სადაცა მივა, მივიდეს, რამცა მოვლიდეს ზღუდენი,
1095 მუნაღა ვძებნნე ღონენი ჩემნი არდასამრუდენი“.
1096
1097 წინა-უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი, –
1098 დღისით და ღამით მაშვრალნი, არ საჭამადთა მჭამენი, –
1099 არსადა ხანი არ დაყვეს, ერთნი თვალისა წამენი.
1100 მათ თვალთათ ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი.
1101
1102 დღისით ვლეს და საღამოჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი,
1103 კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა – წყალი ჩანადენი,
1104 წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი,
1105 ხე დიდრონი, თვალუწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.
1106
1107 მან ყმამან ქვაბსა მიმართა, გავლნა წყალი და ტყენია;
1108 ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია;
1109 მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია,
1110 მუნით უჭვრეტდა, იგი ყმა მივა ცრემლმინადენია.
1111
1112 რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა,
1113 ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა,
1114 ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა,
1115 იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.
1116
1117 იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა,
1118 ერთმანერთსა ეხვეოდეს – ყმა ქალსა და ქალი ყმასა;
1119 იზახდიან, მოსთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა.
1120 ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.
1121
1122 სული დაიღო მან ქალმან, დასთმო გულისა წყლულობა,
1123 ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა,
1124 მას ყმასა შეჰხსნა, შეიღო აბჯრისა წელმორტყმულობა;
1125 შინა შევიდეს, მას დღესა გარდახდა გამოსრულობა.
1126
1127 ავთანდილს უკვირს, „ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?!“
1128 გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა,
1129 შავსა აუდვა ლაგამი, სწმედდა რიდისა წვერითა,
1130 შეკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.
1131
1132 მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არა ეჯდა.
1133 ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა;
1134 ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა;
1135 ქალი, აგრე დაღრეჯილი, კვლა უფრორე დაიღრეჯდა.
1136
1137 ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე, კაცისა,
1138 ულვაშაშლილი, წვერგამო, „ნუთუ მზეაო, – თქვა, – ცისა!“
1139 ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა;
1140 ასრე უჩს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა – ვაცისა.
1141
1142 მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა,
1143 შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა.
1144 ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა,
1145 თქვა, თუ: „ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა.
1146
1147 აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვაჯობინო?
1148 ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო,
1149 ჩემიცა უთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო,
1150 მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა, არცა მას დავასობინო“.
1151
1152 ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული,
1153 ზედა შეჯდა, გაემართა, ქვაბი დახვდა კარგახმული:
1154 მუნით ქალი გამოიჭრა გულმდუღარე, ცრემლდასხმული,
1155 ეგონა, თუ: დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლბაკმული.
1156
1157 ვერ იცნა, – სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა, –
1158 ფიცხლა გაიქცა, მიმართა ზახილით კლდესა და ხესა;
1159 ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა;
1160 ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთსახესა.
1161
1162 მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა,
1163 ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ძრწებოდა,
1164 ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა,
1165 ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.
1166
1167 ეტყოდა. „სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი!
1168 უფეროქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი,
1169 მისი რა მითხარ, ვინ არის ტანსარო, პირბაკმიანი,
1170 სხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი“.
1171
1172 ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა:
1173 „თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა!
1174 აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა;
1175 ცუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბვისა მბობასა!“
1176
1177 კვლა ეტყვის: „ყმაო, რა გინდა, ანუ მენუკევ მე რასა?
1178 მაგა საქმესა ვერა იქს ვერცა კალამი წერასა.
1179 შენ ერთხელ იტყვი, «მითხარო», მე ასჯერ გითხრობ «ვერასა».
1180 ვითა სიცილი ტირილსა, მიჯობს ვაგლახი მღერასა“.
1181
1182 „ქალო, არ იცი, სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან,
1183 ოდითგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან;
1184 შენ მიპოვნიხარ, სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან,
1185 ვერ დაგეხსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!“
1186
1187 ქალმან უთხრა: „რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო?
1188 მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით მაწყენო!
1189 გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო:
1190 ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ქმენო!“
1191
1192 კვლაცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა,
1193 მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა,
1194 პირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა,
1195 ადგა, თმათა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა.
1196
1197 ეგრე უთხრა: „მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო,
1198 რაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო?
1199 გიჯობს, მითხრა, ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო,
1200 თვარა, ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას, ვითა მოგაკვდინო!“
1201
1202 ქალმან უთხრა: „ეგე ღონე მოიგონე მეტად ავი:
1203 თუ არ მომკლავ, არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკლავი.
1204 რად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი?
1205 კვლა თუ მომკლავ, სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი“.
1206
1207 კვლა ეტყვის: „ყმაო, რად მპოვე, ვინ მეუბნები მე, ვინო?
1208 ეგე ამბავი ცოცხალსა ნებითა ვერ მათქმევინო!
1209 მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო,
1210 ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო.
1211
1212 ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჟად ნურად გგონია,
1213 მით რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია;
1214 ჩალად მიჩს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია;
1215 ვერ გიცნობ, ვინ ხარ, ვის გითხრნე სიტყვანი მისანდონია?“
1216
1217 ყმამან თქვა, თუ: „არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა,
1218 სხვასა რასმე მოგონება, სჯობს საქმისა გამორჩევა“.
1219 გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს, დაუწყო ცრემლთა ფრქვევა,
1220 ქალსა უთხრა: „გაგარისხე, აწ, ესე თქვი, ვით დავრჩე, ვა!“
1221
1222 ქალი დაუჯდა კუშტგვარად, ქუშობს, ჯერთ არ დამტკბარია;
1223 ავთანდილ ქვე ზის ტირილად, აღარას მოუბარია;
1224 ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია.
1225 კვლა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულნალმობარია.
1226
1227 ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცრემლნი ცხელნი ღვარნა,
1228 მაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა;
1229 ყმამან ცნა, თუ: „გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა“.
1230 ცრემლდენილი შეეხვეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა.
1231
1232 უთხრა: „ვიცი, აღარ ვარგ ხარ შენ აწ ჩემად დასადობლად,
1233 გაგარისხე, დარჩომილ ვარ ღარიბად და ამად ობლად;
1234 აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად,
1235 ამად რომე შეცოდება შვიდგზის თქმულა შესანდობლად.
1236
1237 თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე,
1238 მიჯნურისა შებრალება ხამს, ესეცა გაიგონე!
1239 სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე;
1240 სულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გაქონე!“
1241
1242 რა ქალსა მიხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება,
1243 გულამოხვინჩვით დაიწყო ასკეცთა ცრემლთა დინება,
1244 კვლა გაამრავლა ზახილით ტირილი, არგაცინება.
1245 ავთანდლს ღმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.
1246
1247 იტყვის, თუ: „ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების,
1248 ვისთვისმე ხელი უცილოდ, მას ცრემლი ემალმალების“.
1249 კვლა უთხრა: „დაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების;
1250 ესეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების.
1251
1252 ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუძლებლად სულთა დგმისად,
1253 ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად,
1254 ღრუბელიცა ვერ მიხვდების მე მისრულ ვარ სადა, მი-, სად!
1255 გული თქვენი მიპოვნია, მისი შენად, შენი მისად.
1256
1257 მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე,
1258 მისთვის ხელმან, გამოჭრილმან ლხინი ჩემი ვაალქატე.
1259 ორისაგან ერთი მიყავ: ტყვემქმენ ანუ მააზატე,
1260 ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე!“
1261
1262 ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი:
1263 „ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი.
1264 წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა ჩამოსთესი,
1265 აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.
1266
1267 მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე,
1268 არ ეგების, ამას იქით თუცა თავი არ გამონე,
1269 არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნიე, დაგაღონე;
1270 შენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვიღონე!
1271
1272 აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები,
1273 რასაცა ეძებ, მიხვდები, უცილოდ არ ასცილდები;
1274 თუ არ მოისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომცა ცრემლსა მილდები,
1275 მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები, გა-ცა-სწბილდები“.
1276 არაკი ავთანდილისა, ასმათს რომ უბრძანა
1277
1278 ყმამან უთხრა: „ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა:
1279 ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა,
1280 უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა,
1281 ზედ მიადგა, ჩაჰყიოდა, ტირს, იზახის ვაგლახ-ვასა.
1282
1283 ეგრე უთხრა: «ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე,
1284 წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუმცა ამოგზიდე».
1285 მას ქვეშეთსა გაეცინნეს, გაუკვირდა მეტად კიდე,
1286 შემოჰყივლა: «არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?»
1287
1288 აწ, დაო, შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა,
1289 რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა,
1290 სხვად უღონოა უშენოდ ჩემი აპყრობა ხელისა,
1291 თვარა ვისმც ექმნა გვარლითა შეკრვა თავისა მრთელისა!“
1292
1293 ქალმან უთხრა: „მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი.
1294 ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი;
1295 ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი,
1296 რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.
1297
1298 იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვნების;
1299 თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არვისგან დაიხსოვნების;
1300 მოილოდინე, მოვიდეს, რაზომცა დაგეყოვნების,
1301 დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების!
1302
1303 გითხრა, თუ ცოდნა გწადიან მისისა შენ სახელისა:
1304 ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა;
1305 მე ასმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა,
1306 სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.
1307
1308 ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა:
1309 ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა,
1310 ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა,
1311 აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.
1312
1313 ამას გვედრებ, მოიცადო, თავი სხვაგან არსად არო;
1314 რა მოვიდეს, შევეხვეწო, ნუთუ ვით რა მოვაგვარო,
1315 ერთმანერთსა შეგამეცნნე, თავი შენი შევაყვარო,
1316 თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო“.
1317
1318 ქალსა ყმამან მოუსმინა, დამორჩილდა, დართო ნება.
1319 ამას ზედა მოიხედნეს, ხევით ესმა ჩხაპუნება;
1320 მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოვანება,
1321 უკურიდნეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.
1322
1323 ქალმან უთხრა: „ყმაო, ღმერთმან მოგცა ჟამად, რაცა გინა,
1324 მაგრა თავი უჩინოქმენ, დამალული იყავ შინა;
1325 იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ-ა;
1326 ნუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა“.
1327
1328 ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან მალვითა მალითა.
1329 იგი ყმა ცხენსა გარდახდა, შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა;
1330 ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა,
1331 ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.
1332
1333 ამარტისფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან.
1334 დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან;
1335 შეჰხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან;
1336 დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.
1337
1338 ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, სარკმლით ნააზატები.
1339 მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები;
1340 მას ზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირმონამატები,
1341 სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.
1342
1343 მან ქალმან ხელყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა,
1344 ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქნელისა;
1345 მიუპყრა, ერთი ახლიჩა, – ქმნაა საქმისა ძნელისა, –
1346 ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.
1347
1348 ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი;
1349 შეკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოვარდა ვითა რეტი,
1350 იზახდის და წამ-წამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი.
1351 ცალკერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენაჭვრეტი.
1352
1353 „რად დაჰბრუნდი? – მოახსენა, – მითხარ, რაცა წაგეკიდა!“
1354 მან უბრძანა: „მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა,
1355 ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა,
1356 იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩა მარეკი, და-.
1357
1358 სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე,
1359 არ მივეო ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე,
1360 მათგან მწყრალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე“.
1361 თქვა: „ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე“.
1362
1363 ქალსა ცრემლი გადმოსცვივდა ასნაკეცი, ბევრისბევრად;
1364 მოახსენა: „მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად,
1365 არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად;
1366 მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ლევ რად?
1367
1368 ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია,
1369 ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია,
1370 გეახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია.
1371 შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?“
1372
1373 უბრძანა: „დაო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა,
1374 მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა!
1375 ვის ძალუც პოვნა კაცისა, თვით სოფლად არმოსრულისა?
1376 ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა.
1377
1378 ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა რაცა კაცი რად დაჰბადა,
1379 სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა!
1380 ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა?
1381 შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა“.
1382
1383 ქალმან ჰკადრა: „არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია;
1384 რათგან ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია,
1385 ვერ დავმალავ, უკეთესი რაცა საქმე გამიცდია.
1386 არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდგიხდია.
1387
1388 მისი მძებნელი იყომცა ჭკუითა მეტისმეტითა;
1389 შენ კაცთა ნაცვლად ნადირთა ახლავ ცნობითა რეტითა;
1390 სჯობს, ერთი კაცი იახლო, ილხენდე მისით ჭვრეტითა.
1391 ვით იადონი არ მოჰკვდე ბულბულოს თესლთა კვნეტითა“.
1392
1393 ყმამან უთხრა: „რას მენუკევ, არა ვიცი, გამიცხადე!
1394 კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე!
1395 ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე!
1396 განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე“.
1397
1398 ქალმან კვლა ჰკადრა: „გაგსაჯე მეტითა შეგონებითა,
1399 მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა,
1400 იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა,
1401 ფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ, სავნებლისა ვნებითა!“
1402
1403 მან უბრძანა: „თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ,
1404 სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ,
1405 არას უზამ უგემურსა, არათ ოდეს გავამწარებ;
1406 რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ“.
1407
1408 ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად;
1409 „არ ეწყინაო“, უამბობს, არს მისად მაგულვანებლად,
1410 ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად;
1411 იგი რა ნახა ტარიელ, თქვა მზისა დასაგვანებლად.
1412
1413 გამოეგება ტარიელ, მართებს ორთავე მზე დარად,
1414 ანუ ცით მთვარე უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად,
1415 რომე მათ თანა ალვისა ხეცა ვარგ იყო ხედ არად,
1416 ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისად ვთქვი მე და რად!
1417
1418 მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდეს,
1419 ვარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს,
1420 ყელი ყელსა გარდააჭდვეს, ერთმანერთსა აუტირდეს,
1421 ქარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი, თუცა ლალად ღირდეს.
1422
1423 მობრუნდეს, ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა,
1424 ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა.
1425 ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა:
1426 „თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელიქთ მზესა თქვენითა ბნელითა!“
1427
1428 ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ დაზრული;
1429 ყმასა უთხრა: „მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული,
1430 ვინ ხარ, ანუ სით მოსრულ ხარ, სადაური, სით მოსრული?
1431 მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა განწირული“.
1432
1433 ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია:
1434 „ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია,
1435 მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია,
1436 მიჯნურობითა დამწვარ ვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია.
1437
1438 მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია;
1439 თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავმაგრებია.
1440 თუცა არ მიცნობ, გინახავ, თუ ვითა გეაზრებია,
1441 გახსოვსცა, ოდეს დაჰხოცე მონები არსაპყრებია?
1442
1443 შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით,
1444 პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ხაფად წაგეკიდენით,
1445 გიხმეთ, არ მოხვე, ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით,
1446 შენ ველნი წითლად შეღებენ სრულად სისხლისა კი დენით.
1447
1448 ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ.
1449 მეფე შეჯდა, დაგვეკარგე, კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ,
1450 ვითა ქაჯი დაგვემალე, მონებიცა დავაფეთეთ,
1451 ამან უფრო დაგვაშმაგნა, თავი სრულად გავაშეთეთ.
1452
1453 ჭმუნვა შეექმნა, თქვენც იცით, ხელმწიფე ნებიერია.
1454 მოგნახეს, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია,
1455 ვერ ნახეს შენი ნახული ვერცა ყმა, ვერცა ბერია;
1456 აწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია.
1457
1458 მიბრძანა: «მიცან ამბავი მის ყმისა წახდომილისა,
1459 მაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შენგან მონდომილისა».
1460 სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა.
1461 არ გიკვირს, გავსძლე ვერჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?!
1462
1463 აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა;
1464 თურქნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა;
1465 მათრახითა ჩამოგეგდო, ერთი მკვდართა დაგესახა;
1466 მათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულმობრძავი სამე, გლახ, ა“.
1467
1468 ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი,
1469 იტყვის: „მახსოვს ეგე საქმე, თუცა არის ადრინდელი;
1470 ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი;
1471 მით ვტიროდი, მომეგონა მე, გლახ, ჩემი წამწყმედელი.
1472
1473 რას მაქნევდით, რა გინდოდა, ერთმაერთსა რითა ვჰგვანდით?!
1474 თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით.
1475 რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაჰგულვანდით,
1476 აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა წაიტანდით.
1477
1478 მოვიხედენ, მომეწია; რა პატრონი შენი ვნახე,
1479 ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე,
1480 თვალთა წინა გამოვექეც, მეტი არა შეუზახე.
1481 ჩემი ცხენი უჩინოსა ჰგავს და სხვასმცა რას ვასახე!
1482
1483 კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა, დაწამწამება,
1484 მას გავექცევი, ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება.
1485 მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება,
1486 ავად შვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.
1487
1488 აწ ვაშად მოხვე, – მეამა ნახვა შენისა პირისა, –
1489 ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მსგავსი გმირისა!
1490 მაგრა გარჯილ ხარ, არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა:
1491 ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა!“
1492
1493 ავთანდილ უთხრა: „ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა?
1494 მაგისად ნაცვლად რამც გიყავ ღირსი ქებისა თქვენისა!
1495 სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა,
1496 რათგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა.
1497
1498 ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა;
1499 დამიგდია სამსახური, იგი იქმნას, რაცა გინდა;
1500 იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა;
1501 შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!“
1502
1503 ტარიელ უთხრა: „მე შენი გული აწ მემხურვალების;
1504 მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების!
1505 მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების,
1506 შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რათ გენაცვალების!
1507
1508 წამოსრულ ხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად;
1509 ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილ ხარ მამაცურად.
1510 მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილ ვარ ასრე თუ რად!
1511 მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქს ალად, მურად“.
1512
1513 ასმათ უთხრა: „ლომო, ცრემლით მაგა ცეცხლსა რა ერგების!
1514 მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა, რათგან ეგრე არ ეგების!
1515 ვხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების,
1516 ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას, რა ღონე აეგების.
1517
1518 მეხვეწებოდა, ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა;
1519 ნუ ყოსო ღმერთმან, გაძლება მემცა ვით მივეც ენასა!
1520 თუ რას სცნობს, ვეჭო ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა.
1521 არს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა“.
1522
1523 ამას დაყმუნდა ტარიელ, დამწვარი დაავლებული;
1524 ასმათს უბრძანა: „მას აქათ შენ ხარ ჩემ თანა ხლებული;
1525 რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული!
1526 კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული.
1527
1528 კაცმან ვით პოვოს, ღმრთისაგან რაცა არდანაბადია!
1529 მით გული ჩემი სახმილმან აწ ასრე დანაბა დია;
1530 კვლა გზასა მიკრავს, მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია;
1531 აწ ხელთა, ნაცვლად ლხინისა, ჩალა მაქვს და ნაბადია.
1532
1533 მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით ცნობითა ერთით მზითა
1534 ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა:
1535 პირველ, შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა,
1536 კვლა ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა“.
1537
1538 ყმასა უთხრა: „ვინცა კაცმან იძმოს ანუ და-ცა-იდოს,
1539 ხამსო, მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს;
1540 ღმერთმან ერთი რათ აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს!
1541 შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს“.
1542
1543 ასმათს უთხრა: „მოდი, მოჯე, თანა წყალი მოიტანე,
1544 დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე;
1545 მკვდარი მნახო, დამიტირე, სულთქმა გაათანისთანე,
1546 მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე!“
1547
1548 ღილჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა;
1549 ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა;
1550 ვერ გაახვნა სასაუბროდ, მან ბაგენი გაამყარნა,
1551 მერმე სულთქვნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა.
1552
1553 მოსთქვამს: „ჰაჲჰაჲ, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო,
1554 იმედო და სიცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო,
1555 ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო!
1556 ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!“
1557 ტარიელისაგან თავის ამბვის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო
1558
1559 ისმენდი, მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა,
1560 საუბართა და საქმეთა ვითა ძლივ ვათქმევ ენასა!
1561 იგი, ვინ ხელმქმნა, მოველი მისგან აროდეს ლხენასა,
1562 ვისგან შეუცავ სევდასა, სისხლისა ღვართა დენასა.
1563
1564 ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი:
1565 ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი,
1566 უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი,
1567 ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი.
1568
1569 მამა ჩემი ჯდა მეშვიდედ, მეფე მებრძოლთა მზარავი, –
1570 სარიდან ერქვა სახელად, – მტერთა სრვად დაუფარავი;
1571 ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი;
1572 ნადირობდის და იშვებდის საწუთროგაუმწარავი.
1573
1574 ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები.
1575 თქვა: «წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები,
1576 ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები»;
1577 ბრძანა: «წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები».
1578
1579 ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა,
1580 შესთვალა: «შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა;
1581 აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა,
1582 სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა».
1583
1584 ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბვისა მცნობელმან.
1585 შესთვალა: «ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან,
1586 რათგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მპყრობელმან.
1587 აწ მოდი, ასრე პატივგცე, ვითა ძმამან და მშობელმან».
1588
1589 ერთი სამეფო საკარგვად, უბოძა ამირბარობა.
1590 თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირსპასალარობა.
1591 მეფედ რა დაჯდა, არა აქვს ხელისა მიუმწვდარობა;
1592 სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.
1593
1594 თვით მეფემან მამა ჩემი დაიჭირა სწორად თავსა.
1595 თქვა: «ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!»
1596 ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა.
1597 მას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.
1598
1599 ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა,
1600 ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა.
1601 ვაჲ, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა!
1602 მეფემან თქვა: «შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა».
1603
1604 მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად,
1605 საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად,
1606 ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად;
1607 მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა – ნაკვთად.
1608
1609 ასმათ, შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერმიხდილისა,
1610 მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა – ჟამი დილისა;
1611 იტყოდეს ჩემნი მნახავნი: «მსგავსია ედემს ზრდილისა».
1612 აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.
1613
1614 მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი“.
1615 ესე რა თქვა, ყმამან სულთქვნა, ცრემლით ბრძანა: „შობა ქალი“.
1616 დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი;
1617 თქვა: „მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!
1618
1619 წიგნი წიგნსა ეცემოდა, დედოფალი ოდეს შობდა,
1620 მოციქული – მოციქულსა, ინდოეთი სრულად სცნობდა;
1621 მზე და მთვარე განცხრებოდეს, სიხარულით ცა ნათობდა;
1622 ყოვლი არსად შემოსრული მხიარულად თამაშობდა.
1623
1624 ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა.
1625 ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა;
1626 ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალგვარითა.
1627 საჭურჭლე გასცეს, აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.
1628
1629 საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა.
1630 მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა.
1631 უყვარდით და სწორად უჩნდით მეფესა და დედოფალსა.
1632 აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა“.
1633
1634 ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა;
1635 ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა მურა;
1636 ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა.
1637 თქვა: „ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ-ა.
1638
1639 მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი.
1640 შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი,
1641 მთვარისა მსგავსი, მზისაგან შვენებით ვერშეფრობილი;
1642 მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წდობილი!
1643
1644 იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა;
1645 მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა,
1646 მამასავე ხელთა მიმცეს, რა შევიქმენ ამა ზომსა;
1647 ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.
1648
1649 მეფემან სახლი ააგო შიგან საყოფი ქალისა:
1650 ქვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა, ლალისა,
1651 პირსა ბახჩა და საბანლად სარაჯი ვარდისწყალისა;
1652 იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა.
1653
1654 დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი;
1655 ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბახჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი.
1656 დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი,
1657 მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.
1658
1659 სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა;
1660 ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა;
1661 ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა;
1662 მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.
1663
1664 თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა;
1665 დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა;
1666 ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვჰგვანდი ედემს ზრდილსა,
1667 სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.
1668
1669 რა მინდორს შევჯდი, ზარითა ხმა იყვის ბუკთა ცემისა;
1670 თანამყვის სპისა სიმრავლე, მსგავსი ფუტკრისა რემისა;
1671 ჭვრეტად ქალ-ყმები დაჯრილი დგის თემისა და თემისა;
1672 ვინ მნახის, ეყვის ერთ წლამდის კვეხა ნახვისა ჩემისა.
1673
1674 მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემმან სრეულმან,
1675 მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან,
1676 შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან,
1677 აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლბალახშრეულმან!
1678
1679 მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა, ვიშისა;
1680 ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა;
1681 მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა;
1682 ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა – ხსენება იშისა.
1683
1684 მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთროგაცუდებული,
1685 დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულდაღებული;
1686 გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული,
1687 ებრძანა: «შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული!
1688
1689 ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა».
1690 ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა,
1691 ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა:
1692 «შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა!»
1693
1694 ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა;
1695 უკანის გამომიყვანეს ხასთა მათ წინამდგომელთა;
1696 გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა,
1697 შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.
1698
1699 მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად,
1700 მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად;
1701 ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად.
1702 არ მომეშვნეს, დავმორჩილდი, თაყვანისვეც ამირბარად.
1703
1704 თავადობა ინდოთა და მრავალთაცა მქონდა სხვათა;
1705 ვნაპირობდი, თუ ვინ იყვის მავნებელი ჩემთა სპათა.
1706 ხალვად ვჯდი და ვიხარებდი, ზამი შევქმნი მღერა-სმათა;
1707 სპათა ვმოსდი, ვნადირობდი, ქება თქვიან ჩემთა ქმნათა“.
1708 ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა
1709
1710 კვლა დაიწყო თქმა ამბვისა მან, რა ხანი მოიტირა:
1711 „დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა;
1712 მიბრძანა, თუ: «ქალი ვნახოთ!» – ხელი ხელსა დამიჭირა.
1713 მის ჟამისა მხსენებელი მე სულდგმული არ გიკვირა?!
1714
1715 მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა,
1716 გამოუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა;
1717 მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა.
1718 ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!
1719
1720 ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა:
1721 მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა;
1722 მრავლად იყო სარაჯები ვარდისწყლისა აბანოსა.
1723 კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.
1724
1725 ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა,
1726 მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა;
1727 ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა.
1728 ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.
1729
1730 ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა;
1731 ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა.
1732 მოვიდა, მივსცენ დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა.
1733 ვაჲმე, მას აქათ სახმილსა დაუწვავ ნიადაგულსა!
1734
1735 აწ წახდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი!“
1736 მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთქვნა მწარენი;
1737 ყმა და ასმათი ტიროდეს, ხმას სცემდეს იგი არენი,
1738 ჭმუნვით თქვეს: „მკლავნი ცუდ ქმნილან, ვაჲ, გმირთა მემუქარენი!“
1739
1740 ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია,
1741 დიდხან ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა, დარია;
1742 დაჯდა და მწარედ სულთითქვნა, ცრემლი მიწასა გარია,
1743 თქვა: „ჩემგან მისი ხსენება, ვაჲმე, რა დიდი ზარია!
1744
1745 მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან,
1746 იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან;
1747 ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან.
1748 ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან!
1749
1750 დურაჯნი მივსცენ, გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა,
1751 დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა,
1752 რა სულად მოვე, შემესმა ხმა ტირილისა და ვისა:
1753 გარემომრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა.
1754
1755 შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა,
1756 ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა,
1757 პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა.
1758 მუყრნი მოასხნეს, სენითა მთქვეს გამაბელზებელითა.
1759
1760 მე რა მნახა თვალახმული, მეფე ყელსა მომეხვია,
1761 ცრემლით მითხრა: «შვილო, შვილო, ცოცხალ ხარღა? სიტყვა თქვია!»
1762 მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი შევკრთი დია,
1763 კვლა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.
1764
1765 სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარეშემომცვიდიან;
1766 მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან;
1767 მტერდაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახვიდიან.
1768 სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.
1769
1770 აქიმნიცა იკვირვებდეს: «ესე სენი რაგვარია?
1771 სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია».
1772 ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია.
1773 დედოფალი, ზღვასა შეიქს, მას რომ ცრემლი დაუღვრია.
1774
1775 სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი, არცა მკვდარი;
1776 მერმე ცნობა მომივიდა, მივხვდი რასმე მიუმხვდარი;
1777 ვთქვი, თუ: «ჰაჲჰაჲ, რაშიგან ვარ მე სიცოცხლეგარდამხდარი!»
1778 თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.
1779
1780 ვთქვი, თუ: «ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე,
1781 მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითა აღმადგინე,
1782 აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!»
1783 მანვე ქმნა და მო-რე-ვჯობდი, გული წყლული გავარკინე.
1784
1785 ზე წამოვჯე. მეფისასა კაცი დია მოვიდოდა,
1786 ახარებდეს: «წამოჯდაო», დედოფალი გამორბოდა;
1787 მეფე მორბის თავშიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა,
1788 იგი ღმერთსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა.
1789
1790 იქით და აქათ მომისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია;
1791 მე მოვახსენე: «პატრონო, გული აწ უფრო მრთელია;
1792 ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია».
1793 ცხენი მომგვარეს, შე-ცა-ვჯე, მეფე ჩემ თანა მვლელია.
1794
1795 გამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა;
1796 ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა.
1797 შინა მოვე, უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა;
1798 ვთქვი, თუ: «მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა!»
1799
1800 ზაფრანისფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან,
1801 გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან.
1802 საწოლის მეკრე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან;
1803 ვთქვი, თუ: «რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან?»
1804
1805 «მონააო ასმათისი». – «რა იცისო, – ვარქვი, – ჰკითხე!»
1806 შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე;
1807 გამიკვირდა, სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე?
1808 მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე.
1809
1810 მე გამიკვირდა: «სით უყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა?
1811 მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა,
1812 ჩემგან იმედსა გარდასწყვედს, მერმე დამიწყებს გმობასა».
1813 დავწერე, რაცა პასუხად მართებდა აშიკობასა.
1814
1815 დღენი გამოხდეს, მე გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა,
1816 ვეღარ უჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა;
1817 დარბაზს ვერ მივე; მკურნალთა დაიწყეს მოსლვა მრავალთა,
1818 მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.
1819
1820 მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა,
1821 სხვამან ვერავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა;
1822 სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა.
1823 გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა.
1824
1825 ხელგახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავისწინა;
1826 ჩემი მონა შემოვიდა, შევხედენ, თუ თქვას: «რა მინა».
1827 – «მონააო ასმათისი», შემოყვანა უთხარ შინა.
1828 გულსა შინა დაუზრახე: «რა მპოვაო, ანუ ვინ-ა?!»
1829
1830 მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა;
1831 წიგნსა შევატყვე, ლამოდა შეყრისა მოსწრაფებასა;
1832 პასუხად გავეც: «ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებასა;
1833 მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა».
1834
1835 გულსა ვარქვი, თუ: «ლახვარნი ეგრე ვით დაგაღონებენ?
1836 ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებენ;
1837 აზრად შეიქმან, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ,
1838 თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ».
1839
1840 კაცი მოვიდა მეფისა: «სწადსო ამბვისა სმინება».
1841 მოყვანა უთხარ; ებრძანა: «ქმნაცა სისხლისა დინება?»
1842 მე ვჰკადრე: «ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება,
1843 წინაშე მოვალ, ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება».
1844
1845 დარბაზს მივე, მეფე ბრძანებს: «ამის მეტსა ნუ იქ, აბა!»
1846 ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა,
1847 შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა,
1848 მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: «შაბაშ, შაბა!»
1849
1850 შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი;
1851 მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულდაღებულნი;
1852 მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი.
1853 აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.
1854
1855 ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად;
1856 ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად;
1857 ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალვად,
1858 შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.
1859
1860 მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი:
1861 «ქალი ვინმე იკითხავსო: «ინახვისმცა ამირბარი?»
1862 ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი».
1863 ვარქვი: «საწოლს წაიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი».
1864
1865 ავდეგ, მსხდომნი ნადიმობად აემზადნეს ასაყრელად;
1866 შართი უთხარ: «ნუ ასდგებით, მოვალ ხანსა დაუზმელად»;
1867 გამოვე და საწოლს შევე, მონა მოდგა კარსა მცველად.
1868 გული მივეც თმობაქმნათა აუგისა საკრძალველად.
1869
1870 კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანისმცა;
1871 მითხრა: «მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირსმც-ა!»
1872 გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა?
1873 ვთქვი: «არ იცის მიჯნურობა; თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა».
1874
1875 შევე, დავჯე ტახტსა ზედა, ქალი მოდგა ნოხთა პირსა,
1876 ჩემსა ახლოს დასაჯდომლად თავი მისი არ აღირსა;
1877 ვარქვი: «მანდა რად ზი შენ, თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?»
1878 მან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვაძვირსა.
1879
1880 მითხრა: «დღე ეგე სირცხვილად, მედების გულსა ალობა:
1881 გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა,
1882 მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა.
1883 ამას თუ ღირს ვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღმრთისა წყალობა».
1884
1885 ადგა, მითხრა: «თქვენს კრძალვასა ჩემთვის ცნობა უბნევია;
1886 ნუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია,
1887 ეზომ დიდსა შემართებად გულსა მისსა უთნევია;
1888 ამა წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის ვისცა უქნევია“.
1889 წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი პირველი
1890
1891 წიგნი ვნახე, მისი იყო, ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა;
1892 მოეწერა მზისა შუქსა: «ნუ დაიჩენ, ლომო, წყლულსა!
1893 მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა.
1894 აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა.
1895
1896 ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?
1897 სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!
1898 ხატაეთს მყოფნი ყოველნი ჩვენნი სახარაჯონია,
1899 აწ მათნი ჯავრნი ჩვენ ზედა ჩვენგან არ დასათმონია!
1900
1901 შენგან ჩემისა ქმრობისა წინასცა ვიყავ მნდომია,
1902 მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხვდომია,
1903 ძოღან ხელქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია,
1904 მანდა ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.
1905
1906 მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე:
1907 წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე!
1908 გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე?
1909 მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე!»
1910
1911 ასმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალვოდა;
1912 ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რა დამეთვალვოდა!
1913 გული მი და მო მიარდა, კრთებოდა და მემალვოდა;
1914 მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალვოდა“.
1915 წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
1916
1917 თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია.
1918 პასუხად ვსწერდი: «მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია?
1919 მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია!
1920 სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია».
1921
1922 ასმათს უთხარ: «მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხვდები;
1923 ესე ჰკადრე: «რათგან, მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოხდები,
1924 აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები,
1925 რასაცაღა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები».
1926
1927 ასმათ მითხრა: «მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს:
1928 ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს,
1929 ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს;
1930 და-ცა-მვედრა: «ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს!»
1931
1932 მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა,
1933 მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა;
1934 მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა,
1935 ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.
1936
1937 ასმათს მოვართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა;
1938 მან მითხრა: «არა არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა».
1939 ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა:
1940 «ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა».
1941
1942 ქალი ადგა, წამოვიდა, მე ლახვართა გულსა მრიდეს,
1943 ლხინმან ბნელი გამინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს;
1944 შევე, დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს,
1945 მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს“.
1946 წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა
1947
1948 გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემმაგიერი;
1949 მივსწერე: «მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი!
1950 მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი,
1951 ვინცა ურჩექმნას, იქმნების თავისა არმადლიერი.
1952
1953 ჩვენნო ძმანო და პატრონნო, თქვენგან არ გავიმწარებით;
1954 ესე რა ნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით!
1955 თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით.
1956 სჯობს, რომე გვნახნეთ, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით!»
1957
1958 კაცნი გავგზავნენ, მე გულსა უფრო მომეცა ლხინები,
1959 დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები;
1960 მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები,
1961 აწ ხელმქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.
1962
1963 პირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი;
1964 ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემ წინა ნადიმობანი,
1965 მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი;
1966 ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვნი საწუთროსა გმობანი.
1967
1968 დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული,
1969 ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული;
1970 წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული;
1971 კარის მცველმან მონა უხმო, უთხრა საქმე დაფარული.
1972
1973 – «მონააო ასმათისი», საწოლს უთხარ შემოყვანა.
1974 მოეწერა: «გიბრძანებსო», ვისი მესვა გულსა დანა.
1975 ლხინმან ბნელი გამინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა.
1976 წავე, მონა წავიტანე, რამცა უთხარ ამისთანა!
1977
1978 ბაღჩა შევვლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბნარი;
1979 ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი,
1980 მითხრა: «ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი,
1981 მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი!»
1982
1983 ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა,
1984 სადა დგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა;
1985 შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვამკრთალითა,
1986 მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.
1987
1988 დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა,
1989 ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამცა რა შინაურსა;
1990 ასმათს უხმო, მოიუბნეს, ქალი მოდგა, მითხრა ყურსა:
1991 «აწ წადიო, ვერას გითხრობს», მე კვლა მიმცა ალმან მურსა.
1992
1993 ასმათ გამომყვა, წამოვე, ფარდაგი გამოვიარე,
1994 ვთქვი: «საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე,
1995 მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?»
1996 გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტია-რე!
1997
1998 ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარეთ შიგან ბაღი;
1999 მითხრა: «ეგრე წასლვისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი,
2000 სიმძიმილის ერდო დახაშ, სიხარულის კარი აღი!
2001 სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი».
2002
2003 მე უთხარ: «დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა;
2004 ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბვითა შრეტდი ამ ალსა,
2005 ჩემ თანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა!
2006 თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ, დანამალსა».
2007
2008 შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა;
2009 საწოლს შემოვე, ხელქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა,
2010 ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა;
2011 ღამე მერჩია, მეწადა არგათენება დილისა“.
2012 წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი
2013
2014 ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია,
2015 სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია:
2016 «არც რამე ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხეუმაგრონია,
2017 ვინ არის თქვენი ხელმწიფე, ჩვენ ზედა რა პატრონია?!»
2018
2019 მოეწერა: «რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა.
2020 გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა!
2021 რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა?
2022 ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენმიერსა!»
2023
2024 უბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია.
2025 იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია,
2026 შორით და ახლოთ ყველანი მართ ჩემკენ მონასხპანია,
2027 ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია.
2028
2029 ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა მათ შინა ხანდაზმულობა;
2030 აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა,
2031 სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა,
2032 ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯრისა ხვარაზმულობა.
2033
2034 ავმართე დროშა მეფისა ალმითა წითელ-შავითა,
2035 დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა,
2036 თავსა ვტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა:
2037 «მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა!»
2038
2039 შინა მოვე, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა,
2040 თვალთა, ვითა საგუბარი, ცხელი ცრემლი გარდმომჩქეფდა.
2041 «ბედი ჩემი უბედური, – ვთქვი, თუ, – ჯერთცა ვერ გამეფდა!
2042 ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა?»
2043
2044 მონა შემოდგა, მივეცი საქმესა გაკვირვებულსა;
2045 ასმათის წიგნი მომართვა მე, მეტად შეჭირვებულსა,
2046 ეწერა: «გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა,
2047 მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით-ვებულსა».
2048
2049 ვითა მართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო!
2050 შეღამდა, წავე, ბაღისა მე კარი შევიარეო;
2051 სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო,
2052 სიცილით მითხრა: «წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო».
2053
2054 შემავლო სახლი ნაგები კეკლუცად ბანისბანითა;
2055 გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქმონავანითა,
2056 ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა,
2057 საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირითა, ტანითა.
2058
2059 შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად,
2060 გულსა ბნელი გამინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად.
2061 მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად,
2062 ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედნის წამის ჭვრეტად.
2063
2064 უბრძანა, თუ: «მოახსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!»
2065 მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა.
2066 დავჯე, მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა;
2067 მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა!
2068
2069 მიბრძანა: «ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა,
2070 მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა:
2071 დაგსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა,
2072 მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.
2073
2074 თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა,
2075 მაგრა მეტად უარეა არათქმა და ჭირთა მალვა:
2076 მე თუ ზეპირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა;
2077 ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.
2078
2079 ერთმანერთისა, მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა,
2080 აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა;
2081 ამას შესჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა.
2082 გეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!
2083
2084 წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე;
2085 ღმერთმან ქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულმანცა ჩემ კერძ ირე!
2086 მაგრა რა ვქმნა, კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე?
2087 გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე!»
2088
2089 მოვახსენე: «არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად,
2090 მაგრა რათგან დამარჩინე, არ გამოსჩნდი ჩემად მკლველად,
2091 შენ სინათლედ თვალთა ჩემთა, მიჩნდე მზეებრ სანახველად,
2092 აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად.
2093
2094 აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არა ღირსა;
2095 მოწყალება იჩქითია ღმრთისა, ამად არა მკვირსა;
2096 შენთა შუქთა შემომადგამ, ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა,
2097 შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა».
2098
2099 ზედა წიგნსა საფიცარსა შევჰფიცე და შემომფიცა,
2100 მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა:
2101 «უშენოსა მოწონება ვისიმცაო გულსა მიცა,
2102 ღმერთი მომკლავს, ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთიცა».
2103
2104 დავყავ ხანი მას წინაშე, ერთმანერთსა ვეუბნენით,
2105 ვჭამეთ ამო ხილი რამე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით,
2106 მერმე ავდეგ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით.
2107 მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.
2108
2109 მეძნელებოდა სიშორე მისი, ბროლ-ბალახშ-მინისა.
2110 მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა;
2111 ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა,
2112 აწ მიკვირს, მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა!“
2113 ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი
2114
2115 დილასა შევჯე, უბრძანე: «ჰკარით ბუკსა და ნობასა!»
2116 სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა.
2117 ლომმან მივმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა,
2118 უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.
2119
2120 დავაგდე ზღვარი ინდოთა, მევლო პაშტაი ხანია;
2121 რამაზის კაცი მემთხვია, ვინ ხატაეთის ხანია,
2122 მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია:
2123 «ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენნი, ინდოთა, თხანია».
2124
2125 მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი,
2126 მითხრეს: «გკადრებს: «ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არსაქმნელი,
2127 ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი,
2128 მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.
2129
2130 რაცა შეგცოდეთ, შეგვინდვე, თვით ჩვენვე შეგვინანია;
2131 თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია;
2132 ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს, რისხვით არ დაგვტყდენ ცანია:
2133 შენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვენ ცოტანი ყმანია!»
2134
2135 გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით;
2136 მითხრეს, თუ: «ხარო ყმაწვილი, ბერნი მით გკადრებთ, გლახ, ენით:
2137 არიან მეტად მუხთალნი, – ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით, –
2138 არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!
2139
2140 ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა,
2141 ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა;
2142 გულმართლად იყვნენ, მიენდვე, აფიცე ღმრთითა და ცითა,
2143 არ დაგმორჩილდენ, შერისხდი რისხვითა კვლადაკვლაცითა!»
2144
2145 მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები;
2146 შევსთვალე: «რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები;
2147 სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვითკირები;
2148 ლაშქართა დავყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები».
2149
2150 მათ ლაშქართაგან სამასნი კარგნი მოყმენი, ქველანი,
2151 თანაწამომყვეს, წა-ცა-ვე, დავყარენ სპანი ყველანი,
2152 დავვედრე: «სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი,
2153 ახლოს მომდევდით, მიშველეთ, გიხმობ, თუ მინდენ შველანი».
2154
2155 სამ დღე ვიარე, მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა.
2156 კვლა ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა,
2157 ებრძანა: «მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა,
2158 რა შეგეყარო, მაშინ სცნა კვლა ძღვნობა ამისთანისა».
2159
2160 კვლაცა ეთქვა: «მართალია აზომ ჩემი მონახსენი,
2161 მე თვით წინამოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი».
2162 მოვახსენე: «დია ღმერთო, ბრძანება ვქმენ მეცა თქვენი,
2163 ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი!»
2164
2165 მუნით წასრული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა;
2166 კვლა მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა;
2167 წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა:
2168 «შენსა ნახვასა მეფენი, – თქვეს, – მართლად ინატრიდესა».
2169
2170 მითხრეს: «მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები,
2171 სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები».
2172 მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მაზრები,
2173 მეტად ამოდ უალერსე, ერთგან დაწვეს ვით მაყრები.
2174
2175 კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების:
2176 ერთი კაცი უკმო-რე-სწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების:
2177 «დიდი მაცო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების,
2178 გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქნების.
2179
2180 მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი.
2181 თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვვარდი;
2182 მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი, პირი ვარდი,
2183 ყველასავე მოგახსენებ, გამიგონე, დამიწყნარდი!
2184
2185 რომე ცუდად არ მოღორდე, ისი კაცნი გღალატობენ,
2186 ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ;
2187 კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიხმობენ,
2188 აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ.
2189
2190 მეფე ცოტათა გეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან;
2191 მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან;
2192 კვამლსა შეიქმან, ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან.
2193 რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან».
2194
2195 მას კაცსა ამოდ ვეუბნე და მადლსა გარდვიხდიდია:
2196 «რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია;
2197 აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათ თანა მიდია,
2198 თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია!»
2199
2200 არვის გავანდვე სულდგმულსა, დავმალე ვითა ჭორია.
2201 რაცა იქმნების, იქმნების, ყოვლი თათბირი სწორია!
2202 მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი, გზა თუცა შორია,
2203 შევსთვალე: «ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია!»
2204
2205 მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შეუთვალე:
2206 «რამაზს ჰკადრეთ: მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე».
2207 ნახევარ დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე, –
2208 განგებაა, დღესცა მომკლავს, ქვემცა სადა დავიმალე?!
2209
2210 ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე;
2211 ვთქვი, თუ: «მოვა რამაზ მეფე, ჩემთვის უდგამს თუცა მახე,
2212 ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი, შუბი ახე».
2213 მაშინ უთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დაუსახე.
2214
2215 ვთქვი, თუ: «ძმანო, ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან,
2216 მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან?
2217 ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან.
2218 აწ შევებნეთ ხატაელთა, ხრმალნი ცუდად რას გვაბიან!»
2219
2220 უბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ხაფითა;
2221 დავეკაზმენით საომრად ჯაჭვითა, ჯავშან-ქაფითა,
2222 რაზმი დავაწყვე, მივმართე, წავე დიდითა სწრაფითა;
2223 მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა.
2224
2225 მივეახლენით, შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარცმულობა;
2226 კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა;
2227 ეთქვა, თუ: «ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არორგულობა,
2228 აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია აწ ამად გულნაკლულობა».
2229
2230 შევსთვალე, თუ: «მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია;
2231 თქვენ რასაცა სთათბირობდით, არ იქმნების, არ, იგია!
2232 ბრძანეთ, მოდით, შემებენით, ვითა წესი და რიგია!
2233 მეცა თქვენად დასახოცლად ხრმალსა ხელი დამიგია».
2234
2235 რა მივიდა მოციქული, კვლამცა რადღა გამოგზავნეს!
2236 კვამლი შექმნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს;
2237 სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს,
2238 შექმნეს რაზმი მრავალკეცი, თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს.
2239
2240 შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად;
2241 საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად;
2242 ერთსა წავსწყდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად.
2243 მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად.
2244
2245 ახლოს მივე, შემომხედნეს, «შმაგიაო», ესე თქვესა.
2246 მუნ მივმართე მკლავმაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა;
2247 კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა;
2248 შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ: «ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა!»
2249
2250 შიგან ასრე გავერიე, გლონის ჯოგსა ვითა ქორი,
2251 კაცი კაცსა შემოვსტყორცი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი;
2252 კაცი, ჩემგან განატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი,
2253 ერთობ სრულად ამოვსწყვიდე წინაკერძი რაზმი ორი.
2254
2255 ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი;
2256 ვჰკრი რასაცა, ვერ დამიდგნის, სისხლსა მჩქეფრსა ამოვღვრიდი;
2257 ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი.
2258 სითცა ვიყვი, გამექციან, მათ შეჰქმნია ჩემი რიდი.
2259
2260 საღამოჟამ დაიზახნა ქედით მათმან დარაჯამან:
2261 «ნუღარა სდგათ, წაედითო, კვლა მოგვხედნა რისხვით ცამან:
2262 მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინნა ამად ამან,
2263 ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან, ბევრმან სპამან».
2264
2265 ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანნეს მე არა,
2266 რა ეცნა წამოსრულ იყვნეს, ღამეწამორთვით ეარა;
2267 ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა,
2268 გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გააზეარა.
2269
2270 იგი ნახეს, გასაქცევლად გაემართნეს, შევჰკივლენით;
2271 ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავვლენით.
2272 რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეხრმლენით,
2273 მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ მოვკლენით.
2274
2275 უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა,
2276 დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა;
2277 ძილისა მიხვდა ნაცვალი ძილმკრთალთა, ღამეთეულთა;
2278 ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა, მართ ვითა სნეულთა.
2279
2280 მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად.
2281 ხელსა ხრმლითა დავეკოდე, წყლულად მიჩნდა, არ ნაღებად;
2282 ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად,
2283 ვერ იტყვიან ვერმიმხვდარნი ქებასაცა მოხსენებად.
2284
2285 ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს;
2286 ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს;
2287 რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი ამიტირდეს,
2288 ჩემგან ხრმლითა განაკვეთნი ნახნეს, მეტად გაუკვირდეს.
2289
2290 გავგზავნენ ყოვლგან ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე,
2291 ერთობ სავსენი მოვიდეს, თავიცა ვალაღებინე;
2292 სისხლსა მებრძოლთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე,
2293 არ ვჰბრძოლე, კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე.
2294
2295 რამაზს ვარქვი: «შემიგნია საქმე შენი სამუხთალე,
2296 აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე,
2297 სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე,
2298 თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე?»
2299
2300 რამაზ მითხრა: «აღარ არის ამის მეტი ჩემი ღონე,
2301 ერთი ჩემი დიდებული მომეც, ზედა მაპატრონე,
2302 ციხოვანთა გაუგზავნო, საუბარი გამიგონე,
2303 ხელთა მოგცემ ყველაკასა, განაღამცა შენ გაქონე!»
2304
2305 მივეც ერთი დიდებული, თანა სპანი წავატანენ,
2306 ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ,
2307 ხელთა მომცნეს სიმაგრენი, ომნი ასრე შევანანენ,
2308 საჭურჭლენი სიმრავლითა რასმცა ვითა დავაგვანენ!
2309
2310 მაშინღა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად;
2311 კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად;
2312 ქვეყანა ჩავსხი, უბრძანე: «იყვენით თქვენ უკრძალავად,
2313 მზემან არ დაგწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად».
2314
2315 საჭურჭლენი გარდავნახენ თავის-თავის, კიდისკიდე;
2316 უცხოფერთა საჭურჭლეთა, დავშვრები, თუ მოვსთვალვიდე;
2317 ერთგან ვნახენ საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე,
2318 თუმცა ნახენ, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე!
2319
2320 ვერა შევიგენ, რა იყო ანუ ნაქმარი რაულად!
2321 ვისცა უჩვენი, უკვირდის, ღმრთისაგან თქვის სასწაულად;
2322 არცა ლარულად ჰგდებოდა მას ქსელი, არ ორხაულად;
2323 სიმტკიცე ჰგვანდა ნაჭედსა, ვთქვი ცეცხლთა შენართაულად.
2324
2325 იგი საძღვნოდ მისად დავსხენ, ვისი შუქი მანათობდა;
2326 მეფისათვის დავარჩიე, საარმაღნოდ რაცა სჯობდა:
2327 ჯორ-აქლემი ათჯერ ასი, – ყველაკაი წვივმაგრობდა, –
2328 ატვირთული გაუგზავნე, ამბავსამცა კარგსა სცნობდა“.
2329 წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე
2330
2331 წიგნი დავწერე: «მეფეო, სვემცაა თქვენი სვიანად!
2332 მე ხატაელთა მიმუხთლეს, – თუცა მათ ეცა ზიანად, –
2333 ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად;
2334 მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან-ტყვიანად».
2335
2336 რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე,
2337 წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე,
2338 ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე,
2339 მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე.
2340
2341 ხატაეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია.
2342 ინდოეთს მივე, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია;
2343 რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია.
2344 ხელი გამიხსნა, შემომკრა მან სახვეველი ლბილია.
2345
2346 ედგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა,
2347 საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა.
2348 მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა;
2349 მიალერსებდა, მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.
2350
2351 მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით,
2352 დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით;
2353 მეფემან ბრძანა: «ლაშქარნი უხმენით, შემოჯარენით,
2354 დღეს ხატაელი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემომგვარენით!»
2355
2356 რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე;
2357 ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე,
2358 ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე,
2359 ესე არის მამაცისა მეტისმეტი სიგულვანე!
2360
2361 მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა,
2362 ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა.
2363 ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა:
2364 «შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა».
2365
2366 მე ვჰკადრე: «ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა,
2367 უყავით თქვენცა წყალობა მას ღონეგაცუდებულსა!»
2368 რამაზს უბრძანეს: «იცოდი, გაგგზავნი შეწყალებულსა,
2369 მაგრა ნუ გნახავთ კვლამცაღა ჩვენ წინა გაწბილებულსა!»
2370
2371 ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია,
2372 კვლა ხატაური ათასი, სხვა სტავრა, სხვა ატლასია.
2373 მერმე ყველაი დამოსა, იგი და მისი ხასია,
2374 შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია.
2375
2376 ხატაელმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა,
2377 მოახსენა: «ორგულობა თქვენი ღმერთმან შემანანა.
2378 თუღა ოდეს შე-ღა-გცოდო, მაშინ მომკალ მეცა განა!»
2379 წავიდა და ყველაკაი მისი თანაწაიტანა.
2380
2381 მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს, არ დანაღამია;
2382 ებრძანა: «რა შენ გაგყრივარ, მას აქათ თვეო სამია,
2383 მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია,
2384 არ დამაშვრალ ხარ, წავიდეთ, თუცა დაშრომის ჟამია».
2385
2386 შევეკაზმე, დარბაზს მივე, დამხვდა ჯარი ავაზისა,
2387 შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა,
2388 მეფე ქვე ჯდა შეკაზმული, შვენებითა მსგავსი მზისა;
2389 გაეხარნეს მისლვა ჩემი, ტურფისა და ლამაზისა.
2390
2391 იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია:
2392 «ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტლად სასურველია,
2393 მან გაანათლოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია;
2394 რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზღნელია!
2395
2396 აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული:
2397 რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელდებული,
2398 ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა ხე, ედემს ხებული,
2399 გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული!»
2400
2401 მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა;
2402 იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა.
2403 ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა.
2404 აღარ იბურთეს, დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა.
2405
2406 ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი.
2407 ომგარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი;
2408 ფერმიხდილგვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი,
2409 ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, – მართლად არს, არ კატაბანი.
2410
2411 რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა,
2412 იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა.
2413 მეფე გარდახდა, დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა,
2414 შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთასა მზებრ ნათელთასა.
2415
2416 მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯისფერნი ჯუბანი,
2417 ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას-დასად, უბან-უბანი;
2418 სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი,
2419 მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.
2420
2421 ნაომარსა, დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება.
2422 დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინამომეგება,
2423 ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება,
2424 მითხრა: «ნუ ეჭვ ამას იქით, თუმცა მტერი შე-ღა-გება».
2425
2426 ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ, სადა მეამებოდა.
2427 პირისპირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა.
2428 მალვით უჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არას მეუბნებოდა;
2429 თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.
2430
2431 შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა;
2432 სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა!
2433 ჯამი და ჭიქა – ყველაი ფეროზისა და ლალისა.
2434 არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა.
2435
2436 მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტისმეტასა.
2437 რა შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა;
2438 კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა.
2439 რა უამეა პირისპირ საყვარელისა ჭვრეტასა!
2440
2441 დააგდეს მღერა მუტრიბთა, «სულეთო!», თავი ხარიან;
2442 მიბრძანეს: «შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან?!
2443 ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან;
2444 მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან.
2445
2446 აწ თუცა გვმართებს შემოსა, ვის მორჭმით მოგივლენიან,
2447 არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით, ტურფად გშვენიან;
2448 აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან,
2449 თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან!»
2450
2451 მომართვნეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი;
2452 თაყვანისვეც და დავლოცენ დავლანი მათთა სვეთანი;
2453 მაკოცეს, ადგეს ორნივე, თვით იგი მზენი მზეთანი;
2454 რა გასცეს, ზომნი ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი!
2455
2456 კვლაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა;
2457 კვლა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითთა და ჩანგთა ჟღერა.
2458 დედოფალი წამოვიდა, შეეყარა მწუხრსა დღე რა.
2459 ძილპირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.
2460
2461 ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა.
2462 საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მართ ვითა რეტისა.
2463 ძალი არ მქონდა ტყვექმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა.
2464 მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა“.
2465 ასმათისაგან სამხრის მორთმევა
2466
2467 მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მან მართალიო:
2468 «თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალიო».
2469 მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულგამკრთალიო;
2470 მოვიდა, ვნახე ასმათი ჩემ თანა მომავალიო.
2471
2472 მე ვისთვის ვკვდები, მეამა ასმათის ნახვა მე მისად.
2473 აღარ მიუშვი, ვაკოცე, ქმნადღა თაყვანისცემისად;
2474 ხელი მოვჰკიდე, დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად,
2475 ვჰკითხე, თუ: «ნეტარ, მისრულა მორჩი ალვისა ხე მისად?
2476
2477 მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურას მეუბნებია!»
2478 მითხრა, თუ: «გკადრებ მართალსა, აწ ჩემგან არსათნებია,
2479 დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია,
2480 აწ კვლაცა ცნობა ამბვისა მას ჩემგან უბრძანებია»“.
2481 წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი
2482
2483 წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა,
2484 ეწერა: «ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა.
2485 ომგარდახდილი შვენოდი, შენატევები ცხენისა,
2486 არ ავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.
2487
2488 ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი ქებად შენდა უშენოსა,
2489 შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა,
2490 მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღჩა-ბაღად უშენოსა,
2491 შენმან მზემან, თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა!
2492
2493 თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო,
2494 ამას იქით ნუღარ იდენ, გულსა ჭირნი არიდენო;
2495 შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო;
2496 რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.
2497
2498 იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს,
2499 რა მნახო, შენცა გეამოს, შენეულითა, მშვენოდეს;
2500 ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს,
2501 ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს».
2502
2503 აქა მხეცქმნილი ტარიელ ტირს, ჭირი ეათასების;
2504 თქვა: „მე მაქვს სამხრე, რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების!“
2505 იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების,
2506 პირსა დაიდვა, და-ცა-ბნდა, ქვე მკვდართა დაედასების.
2507
2508 ასრე წვა, რომე არს, ჰგვანდა, მკვდარი სამარის კარისა,
2509 ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა;
2510 ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა,
2511 კვლა წყალსა ასხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.
2512
2513 ავთანდილცა სულთქვნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა;
2514 ასმათ ვანი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა;
2515 მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა;
2516 თქვა: „ცოცხალ ვარ? საწუთრომან აწცა ჩემნი სისხლნი ხვრიტნა!“
2517
2518 ზე წამოჯდა ფერმიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად.
2519 ვარდი სრულად შექმნილ იყო ზაფრანად და ვითა სპეტად.
2520 დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად,
2521 დარჩომა და არსიკვდილი მას უმძიმდა მეტისმეტად.
2522
2523 ავთანდილს უთხრა: „ისმენდი, ცნობა მიც თუცა ხელისა,
2524 გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა:
2525 ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა, მის შენგან შეუყრელისა.
2526 მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!
2527
2528 ასმათის ნახვა მეამა, ჩემგან დად საესავისა.
2529 წიგნი რა ვნახე, მომართვა ესე საბამი მკლავისა.
2530 მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა,
2531 იგი უცხო და ღარიბი, მტკიცისა რასმე შავისა“.
2532 წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი
2533
2534 მიუწერე: «მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი,
2535 გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე-სიალფენი;
2536 ხელმან შენნი გავიცადენ სინატიფე-სიტურფენი,
2537 სულთა ნაცვლად სამსახურნი რამცა ვითა გიმუქფენი?!
2538
2539 მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე,
2540 აწცა ჩემთვის ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე;
2541 სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე,
2542 რომე მართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე?!
2543
2544 განაღამცა ვიწინაშე, აჰა რიდე, რომე მთხოვე;
2545 ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ვპოვე;
2546 დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე;
2547 სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!»
2548
2549 ქალი ადგა, გამეყარა. დავწევ, ამოდ დამეძინა,
2550 მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა;
2551 გამეღვიძა, აღარა მყვა, სულდგმულობა მომეწყინა,
2552 ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა.
2553
2554 დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა;
2555 ავდეგ, ვცნა მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა;
2556 ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა;
2557 რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.
2558
2559 გვიბრძანეს, თუ: «ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, და-ცა-გვლია;
2560 ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია;
2561 ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია,
2562 ყმისა არსმა არა გვგავა, ამად ზედა წაგვითვლია.
2563
2564 აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა სად მოვნახოთ,
2565 რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ,
2566 სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ,
2567 არ ამოვსწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ».
2568
2569 ვთქვით: «თქვენი ძისა არასმა გულსა ვით მიეფარების,
2570 მაგრა კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების;
2571 ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების,
2572 სხვამცა რა გკადრეთ! თვით იცით, მაგას რა მოეგვარების».
2573
2574 დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია;
2575 ვთქვი: «ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არსათქმელია!»
2576 მეფემან ბრძანა: «ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია,
2577 თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ, მისებრი არრომელია».
2578
2579 რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა;
2580 ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა.
2581 ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბვად არ ეგებოდა,
2582 ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა.
2583
2584 დედოფალმან თქვა: «ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი,
2585 მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი!»
2586 შეცილებამცა ვინ ჰკადრა, რათგან თვით იყო მნდომელი!
2587 მოწმობა დავრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთამხდომელი.
2588
2589 გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოელი;
2590 შესთვალეს: «გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი:
2591 არს ერთი ქალი საძეო, არ კიდეგასათხოელი,
2592 თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი».
2593
2594 კაცი მოვიდა, აევსო ჯუბაჩითა და რიდითა,
2595 გახარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა;
2596 ებრძანა: «მოგვხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა!
2597 თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვხდიდითა!»
2598
2599 კვლა გაგზავნნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად,
2600 დავედრეს, თუ: «ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად».
2601 მე მაშვრალი, ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად,
2602 გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად.
2603
2604 მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად.
2605 ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად,
2606 წიგნი მომართვა, ეწერა: «ვინ სჩან ალვისა ტანისად,
2607 ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად».
2608
2609 შევჯე, წავე, ბაღჩას მივე. ვითა სცნობდე ლხინთა ზომით!
2610 ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით;
2611 ვნახე, ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით,
2612 დამიმძიმდა, არა ვჰკითხე, ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით.
2613
2614 იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა.
2615 ვითა წინას შემომცინის, აღარ ეგრე გამიღიმდა.
2616 ყოლა სიტყვა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა,
2617 ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.
2618
2619 ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა,
2620 შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა.
2621 შევე, ვნახე იგი მთვარე; ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა,
2622 გულსა შუქნი შემომადგნა, მაგრა გული არ დამიდნა.
2623
2624 იყო არნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი;
2625 ებურა მოშლით პიროქრო, მე მივეც რიდე რომელი;
2626 მითვე მწვანითა, უებრო, მიწოლით ტახტსა მჯდომელი,
2627 ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი.
2628
2629 ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული,
2630 არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული;
2631 ასმათმან დამსვა შორსგვარად გულსა მე ლახვარხებული;
2632 მერმე წამოჯდა წარბშერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.
2633
2634 მიბრძანა: «მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა,
2635 გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა?!
2636 მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა, მი-, ცისა!»
2637 ვჰკადრე: «რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა?»
2638
2639 ვთქვი: «პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა:
2640 რა შეგცოდე, რა მიქნია უცნობოსა, ფერნამკრთალსა?»
2641 კვლაცა მითხრა: «რას გეუბნო მტყუანსა და შენ მუხთალსა?
2642 დიაცურად რად მოვღორდი? მე დაუწვავ ამით ალსა.
2643
2644 შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?!
2645 შენ ჯდომილ ხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება,
2646 შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება,
2647 ღმერთმან ქმნა და დაგირჩინა ცუდად შენი ხელოვნება!
2648
2649 გახსოვს, ოდეს ჰაჲჰაჲ ზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს,
2650 მკურნალნი და დასტაქარნი წამალსაყე მოგიტანდეს?
2651 მამაცისა სიცრუესა, ნეტარ, სხვანი რამცა ჰგვანდეს!
2652 რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!
2653
2654 ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა,
2655 ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოს ვლიდენ, თუნდა გზეთსა!
2656 ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთარ ხარ მოსაცეთსა,
2657 აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყუანსა და შენ აგეთსა!
2658
2659 ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო!
2660 თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო!
2661 სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!»“
2662 ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა, სულთქვნა, აჰყო.
2663
2664 თქვა: „რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტისმეტად,
2665 კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად.
2666 აწ დავკარგე ; რად არ გიკვირს, რად ცოცხალ ვარ, რად ვარ რეტად?
2667 ვაჲ, სოფელო უხანოო, რად ზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად?!
2668
2669 შევხედენ, ვნახე სასთუნალ მუსაფი გაშლით მდებარე,
2670 ავდეგ, ავიღე, ღმრთისა და მერმე მე მათი მქებარე,
2671 ვჰკადრე, თუ: «მზეო, დაგიწვავ, ჩემიცა დაწვი მზე ბარე!
2672 რათგან არ მომკალ, პასუხი ერთაი გკადრო მე ბარე.
2673
2674 რომე გკადრებ, ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია,
2675 ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია!
2676 თუ მაღირსებ გაკითხვასა, ავი არა არ მიქნია».
2677 მან მიბრძანა: «რაცა იცი, თქვიო», თავი დამიქნია.
2678
2679 კვლაცა ვჰკადრე: «მე თუ, მზეო, შენთვის ფიცი გამეტეხოს,
2680 ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს!
2681 ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს,
2682 მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს?
2683
2684 მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა.
2685 მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა.
2686 დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა;
2687 თავსა უთხარ: «მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულმაგრობა».
2688
2689 მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა!
2690 არ იცის, რომ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა?
2691 ტარიელ არს მემამულე, სხვასა მართებს არად არა;
2692 ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?
2693
2694 ვთქვი: «ამითა ვეღარას ვიქ, ღონე სხვა რა მოვიგვარო»;
2695 თავსა უთხარ: «ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალგვარო!»
2696 მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო,
2697 ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რადმე არ წამგვარო?!»
2698
2699 სულთა ვჰყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა;
2700 იგი წვიმა და-რე-ნელდა, რომე პირველ ვარდი აზრა;
2701 ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა.
2702 მიბრძანა, თუ: «ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა?!
2703
2704 არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა,
2705 უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის – არმადლობასა;
2706 იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა!
2707 მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძესძლობასა».
2708
2709 მოლმობიერდა, მომიტკბა გამწყრალი, გამქისებული,
2710 ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირგავსებული;
2711 ახლოს დამისვა, მაღირსა აქამდის არღირსებული;
2712 მეუბნებოდა, დამივსო ცეცხლი ამითა გზებული.
2713
2714 მიბრძანა, თუ: «გონიერი ხამს არასდროს არ აჩქარდეს,
2715 რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს;
2716 თუ სასიძო არ მოუშვა, ვაჲ თუ მეფე გაგიმწარდეს,
2717 შენ და იგი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს!
2718
2719 კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ,
2720 ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ,
2721 მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ,
2722 ესე ამბვად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ».
2723
2724 მე ვჰკადრე: «ღმერთმან აშოროს მის ყმისა შენი ქმარობა!
2725 რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი მარობა,
2726 უჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა:
2727 ასრე დავხოცნე, შეეძლოს აღარას არ სახმარობა!»
2728
2729 მიბრძანა, თუ: «ხამს დიაცი დიაცურად, საქმედედლად,
2730 დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად:
2731 რა მოვიდეს, სიძე მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად!
2732 ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.
2733
2734 ასრე ქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო,
2735 მიპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო,
2736 მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც, ზროხათა, ვითა ვირთაო, –
2737 დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო?
2738
2739 იგი რა მოჰკლა, ეუბნე პატრონსა, ჩემსა მამასა,
2740 ჰკადრე, თუ: «სპარსთა ვერა ვიქ ინდოეთისა ჭამასა,
2741 ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა,
2742 არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!»
2743
2744 ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნუცა ნდომა,
2745 ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა;
2746 ქმნას მეფემან ყელმოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა,
2747 ხელთა მოგცემს თავსა ჩემსა, შეგვფერობდეს ერთგან სხდომა».
2748
2749 ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა,
2750 ჩემთა მტერთა დავაცადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა;
2751 მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვე-ქვე წვევა,
2752 მწადდა, მაგრა ვერ შევმართე შეჭიდება, შემოხვევა.
2753
2754 ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი.
2755 ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი.
2756 ჭირი ბევრჯელ ვიათასე, ლხინი ჩემი ვაერთხელი,
2757 მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არფიცხელი“.
2758 აქა ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა
2759
2760 მოვიდა კაცი: «სასიძო მოვაო», მოსლვა გვახარა,
2761 მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა;
2762 მეფესა მიხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა,
2763 მიბრძანა, ახლოს მიმისვა, «მოდიო», თავი დახარა.
2764
2765 მიბრძანა: «ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია.
2766 გარდავიხადოთ ქორწილი, ხამს ვითა დასა, სრულია;
2767 კაცნი გავგზავნნეთ, მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია,
2768 უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია».
2769
2770 მე გავგზავნენ ყოვლგან კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი;
2771 სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არდამზმელნი;
2772 შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი;
2773 მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი.
2774
2775 მეფემან ბრძანა: «მოკაზმეთ კარვითა მოედანია,
2776 გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია;
2777 მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია,
2778 შენ აქა ნახე, კმარიან აქა ნახვისა კმანია».
2779
2780 მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა.
2781 მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე, ჰგვანდა, არს აღვსებისა,
2782 შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა,
2783 დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა.
2784
2785 მე დავშვერ, ვითა წესია საურავგარდახდილისა;
2786 შინა წამოვე, მაშვრალსა ქმნა მომნდომოდა ძილისა;
2787 მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა:
2788 «ადრე მოდიო, გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა».
2789
2790 ცხენისაგან არ გარდავხე, წავე ფიცხლად, დავმორჩილდი;
2791 ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე: «ცრემლსა რასა მილდი?»
2792 მითხრა: «შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი?
2793 გაუწყვედლად ვით გამართლო, რაგვარადმცა გავვაქილდი?!»
2794
2795 შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბშერჭმით მჯდომარე;
2796 მზე ვეღარას იქს მის მეტსა, მას გაენათლა რომ არე,
2797 წავდეგ, მიბრძანა: «რასა სდგა? დღე მიგიჩს წინ საომარე!
2798 ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცთომარე!»
2799
2800 მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი.
2801 უკუვჰყივლე: «აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა უნდი!
2802 ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!»
2803 შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.
2804
2805 ასსა უბრძანე მონასა: «საომრად დაემზადენით!»
2806 შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით.
2807 კარავსა შევე, იგი ყმა ვითა წვა, ზარმაც თქმად ენით,
2808 უსისხლოდ მოვკალ იგი, გლახ, თუცა ხმდა სისხლთა დადენით.
2809
2810 კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე,
2811 ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შეუტაკე.
2812 წინამწოლთა დაიზახნეს, გლოვა მიხვდა საარაკე;
2813 ცხენსა შევჯე, წამო-ცა-ვე; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.
2814
2815 ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი;
2816 წამოვე, წევნა დამიწყეს, დავხოცე ჩემი მდევარი.
2817 ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი,
2818 მუნ შიგან შევე მშვიდობით: «ამოდ იგივე მე ვარი!»
2819
2820 კაცნი გავგზავნენ, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა:
2821 «აქა მომართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა!»
2822 არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა,
2823 ჩემი რა ცნიან, სცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა.
2824
2825 ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე; რა გათენდა ღამე დილად,
2826 ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად;
2827 ებრძანა, თუ: «ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად,
2828 ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?
2829
2830 ხვარაზშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე?
2831 თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე?
2832 მე, ბერსა შენსა გამზრდელსა, სიცოცხლე მაარმებინე,
2833 დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!»
2834
2835 მე შეუთვალე: «მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა,
2836 თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა?
2837 მაგრა, თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა,
2838 მე, თქვენმან მზემან, მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა!
2839
2840 იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია, –
2841 ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, – ყველაი თქვენ მოგხდომია:
2842 ამოსწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია;
2843 დღესამდის ტახტი უჩემოდ არავის არ მონდომია.
2844
2845 ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არმართალია:
2846 ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია,
2847 ხვარაზმშა დასვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია?
2848 სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?!
2849
2850 შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე!
2851 ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცემ ჩემგან კიდე.
2852 ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე,
2853 სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე!»“
2854 ამბვის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა
2855
2856 ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე.
2857 რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე.
2858 მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე რომე ვაგე,
2859 მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.
2860
2861 გამოჩნდეს ორნი ქვეითნი, მე მივეგებე წინარე,
2862 ქალი ჰყვა ერთსა მონასა: «ვცანმცა, თუ მოღმა ვინ არე».
2863 თავგაგლეჯილი ასმათი, პირსა სისხლჩამომდინარე!
2864 აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა-რე.
2865
2866 იგი ვნახე, დავებნიე, გონებანი გამიშმაგნა;
2867 შორით უხმე: «რაშიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა?»
2868 მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა,
2869 მითხრა: «ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა».
2870
2871 ახლოს მივე, კვლაცა ვჰკითხე: «რაშიგან ვართ? თქვი მართალი!»
2872 კვლა საბრალოდ ამიტირდა, კვლა მოედვა ამით ალი,
2873 დიდხან სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი,
2874 მკერდსა წითლად უღებვიდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი.
2875
2876 მერმე მითხრა: «მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე?
2877 მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე:
2878 ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიხვეწე, შემიბრალე,
2879 დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე!»
2880
2881 მიამბო: «ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა,
2882 მეფესა ესმა, აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა,
2883 შენ დაგიზახნა, «მიხმეთო», – ხმამაღლად გახმამყივარდა;
2884 მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამოჩივარდა.
2885
2886 ჰკადრეს : «აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან».
2887 მეფე ბრძანებს: «ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგნიან:
2888 მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან,
2889 რა ნახიან ერთმანერთი, არშეხედვა ვერ დათმიან.
2890
2891 აწ, თავმან ჩემმან, მას მოვჰკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა!
2892 მე ღმრთისა უთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა!
2893 მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა?
2894 თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო, მისად პატიჟად მზად ესა!»
2895
2896 მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის,
2897 და თუ ფიცის, არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის.
2898 «ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის,
2899 მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის.
2900
2901 დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან:
2902 «თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან».
2903 მან აგრე თქვა: «უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან!
2904 ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან».
2905
2906 პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხვე შენ ოდეს;
2907 შენეულნივე რიდენი ებურნეს, ტურფად შვენოდეს.
2908 დავარ მოსთქმიდა სიტყვათა, რომელნი არა მსმენოდეს:
2909 «ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ? ვეჭვ, შენცა არა გლხენოდეს!
2910
2911 როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკლვევინე,
2912 ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე?
2913 არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ, რა გაქნევინე?
2914 აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიხვდე, ვის ესე დააშლევინე!»
2915
2916 ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა,
2917 დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა.
2918 მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქვნა, ოდენ უშნა,
2919 ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლულნი დაუშუშნა.
2920
2921 რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა,
2922 წამოდგეს ორნი მონანი პირითა მით ქაჯებითა,
2923 მათ კიდობანი მოჰქონდა, ეუბნეს არ აჯებითა,
2924 მას შიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს, იქმნა დარაჯებითა.
2925
2926 მან უთხრა: «წადით, დაკარგეთ მუნ, სადა ზღვისა ჭიპია;
2927 წმიდისა წყლისა ვერ ნახოს მყინვარე, ვერცა ლიპია»;
2928 მათ გაეხარნეს, ხმამაღლად იყივლეს: «იპი, იპია».
2929 ესე ვნახე და არ მოვკვე, არა მგავს არცა სიპია.
2930
2931 ზღვითკე გაარნეს სარკმელნი; მაშინვე გაუჩინარდა.
2932 დავარ თქვა: «მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ და-!
2933 ვირე მომკლვიდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა».
2934 დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.
2935
2936 რად არ მიკვირვებ ცოცხალსა მე, ლახვარდაუსობელსა!
2937 აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა!
2938 ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთადგმადაუთმობელსა!»
2939 საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშრობელსა.
2940
2941 მე უთხარ: «დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია? –
2942 რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემ ზედა ვალია! –
2943 აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია».
2944 სრულად გავქვავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია.
2945
2946 მეტმან ზარმან გამაშმაგა, მომიკიდა ცხრო და თრთოლა;
2947 გულსა უთხარ: «ნუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა,
2948 გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა.
2949 აჰა ჟამი, ვისცა გინდა ჩემი თანაწამოყოლა!»
2950
2951 შევე, ფიცხლად შევეკაზმე, ცხენსა შევჯე შეკაზმული;
2952 ას სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხანდაზმული,
2953 წამომყვა და წამოვედით კართა გარე დარაზმული,
2954 ზღვის პირს მივე, ნავი დამხვდა, მენავემან მნახა ზმული.
2955
2956 ნავსა შევჯე, ზღვასა შევე, ზღვასა შიგან გავალაგდი,
2957 არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი;
2958 მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გა-ვე-ვშმაგდი,
2959 რომე სრულად მომიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი.
2960
2961 რომე დავყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა,
2962 მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა;
2963 თანამყოლი ყველაკაი ამომიწყდა, დამეხოცა,
2964 ვთქვი, თუ: «ღმერთსა ვერას ვჰკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ვყოცა».
2965
2966 ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, მით გამოვე ზღვისა პირსა,
2967 გული სრულად გამიმხეცდა, არ უსმენდი არც ვაზირსა;
2968 ყველაკაი დამეფანტა, დარჩომოდა რაცა ჭირსა.
2969 კაცსა ღმერთი არ გასწირავს ასრე, მისგან განაწირსა!
2970
2971 ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი,
2972 ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემაგონანი.
2973 მისნი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი,
2974 ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი“.
2975 ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შეეყარა
2976
2977 ღამით მევლო, მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი;
2978 ჰგვანდა, ქალაქს ვეახლენით, ცალკერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი;
2979 არ მეამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდეს გულსა დაღნი;
2980 მუნ გარდავხე მოსვენებად, დამხვდეს რამე ხენი ლაღნი.
2981
2982 ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური;
2983 მერმე ავდეგ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური:
2984 ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური,
2985 ველთა ცრემლი ასოვლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური.
2986
2987 ზახილი მესმა. შევხედენ, – მოყმე ამაყად ყიოდა,
2988 შემოირბევდა ზღვის პირ-პირ, მას თურე წყლული სტკიოდა;
2989 ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს, სისხლი ჩამოსდიოდა,
2990 მტერთა ექადდა, წყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა.
2991
2992 ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, აწ ესე მე მითქს რომელი,
2993 მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული, მწყრომელი;
2994 მონა მივსწიე, მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი;
2995 შევსთვალე: «დადეგ, მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს, რომელი?»
2996
2997 მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყვა მოუსმინა;
2998 ფიცხლა შევჯე, ჩავეგებე, მე ჩაუსწარ, ჩავე წინა,
2999 უთხარ: «დადეგ, გამაგონე, შენი საქმე მეცა მინა!»
3000 შემომხედნა, მოვეწონე, სიარული დაითმინა.
3001
3002 გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: «შენ ასეთნი ხენი ვით ხენ!»
3003 მერმე მითხრა: «მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ:
3004 იგი მტერნი გამილომდეს, აქანამდის რომე ვითხენ,
3005 უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი ვერ გარ ვითხენ».
3006
3007 მე უთხარ: «დადეგ, დაწყნარდი, გარდავხდეთ ძირსა ხეთასა;
3008 არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა».
3009 თანა წამომყვა, წავედით უტკბოსნი მამა-ძეთასა.
3010 მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა.
3011
3012 ერთი მონა დასტაქარი მყვა და წყლულნი შეუხვივნა,
3013 ისრის პირნი ამოუხვნა, დაკოდილნი არ ატკივნა.
3014 მერმე ვჰკითხე: «ვინ ხარ, ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა?»
3015 საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა.
3016
3017 პირველ მითხრა: «არა ვიცი, რა ხარ, ანუ რას გამსგავსო?
3018 ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო?
3019 რამან შექმნა მოყვითანედ, ვარდ-გიშერი რომე რგავსო?
3020 ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსო?
3021
3022 მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი,
3023 ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი;
3024 ესე საზღვარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი,
3025 ცოტა მაქვს, მაგრა ყოველგნით სიკეთემიუწდომელი.
3026
3027 მამის ძმა და მამა ჩემი პაპმან ჩემმან გაყვნა ოდეს,
3028 ზღვასა შიგან კუნძულია, – ჩემად წილად მას იტყოდეს, –
3029 თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს;
3030 მათვე დარჩა სანადირო, არ მივსცემდი, მომერჩოდეს.
3031
3032 დღეს გამოვე ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე,
3033 მუნა გასლვა მომნდომოდა, მით მრეკალი არ ვახშირე;
3034 სპათა უთხარ: «მომიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე!»
3035 ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე.
3036
3037 ნავითა გავე, ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა.
3038 არ ამოვჰკრეფდი გამყოფთა, ვთქვი: «ჩემთა რად დავრიდო, და-?»
3039 დამეძაბუნნეს, სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა,
3040 ვნადირობდი და ვიზახდი, ხმა ჩემი არ უდიდოდა.
3041
3042 მართლად იჯავრეს, წუნობა მათი თუ ესე ხმდა ვითა!
3043 გამომაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრნეს ნავითა,
3044 თვით ბიძასძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა,
3045 ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად თავისა მკლავითა.
3046
3047 მათი მესმა, დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა,
3048 ნავი ვსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ «ვა»,
3049 ზღვასა შევე, მომეგება მეომარი ვითა ღელვა,
3050 სწადდა, მაგრა ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა წამოქელვა.
3051
3052 კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს,
3053 იქით და აქათ მომიხდეს, ერთგნით ვერ მომერეოდეს,
3054 არ მომწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს,
3055 ხრმალსა მივენდვე, გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს.
3056
3057 მომეჯარნეს, ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე,
3058 ზღვა-ზღვა ცურვით წამოუვე, ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე;
3059 თანამყოლნი ყველაკანი დამიხოცნეს, დამრჩეს მუნვე,
3060 ვინცა მდევდა, ვერ შემომხდა, მიუბრუნდი, მივაბრუნვე.
3061
3062 აწ იგი იქმნას, რაცაღა ენებოს ღმრთისა წადილსა!
3063 ვეჭვ, ჩემი სისხლი არ შერჩეს, ძალი შემწევდეს ქადილსა!
3064 ოხრად გაუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა,
3065 უხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქნევ ხადილსა!»
3066
3067 ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკენ მიმიბრუნდა.
3068 მოვახსენე: «აჩქარება შენი ყოლა არა უნდა,
3069 მეცა თანა წამოგყვები, დაიხოცნენ იგი მუნ, და-!
3070 ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა!»
3071
3072 ესეცა უთხარ: «ამბავი ჩემი არ გაგეგონების,
3073 უფრორე წყნარად გიამბობ, თუ ჟამი ჩვენ გვექონების».
3074 მან მითხრა: «ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების!
3075 დღედ სიკვდილამდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების».
3076
3077 მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა;
3078 გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხმიდეს მისთვის ოტასა,
3079 პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა,
3080 ეხვეოდიან, ჰკოცნიან ხრმალსა და სალტე-კოტასა.
3081
3082 კვლა მოვეწონე, ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი;
3083 შემასხმიდიან ქებასა: «მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!»
3084 მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი,
3085 ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი“.
3086 შველა ტარიელისაგან ფრიდონისა
3087
3088 მოჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა;
3089 დავკაზმეთ ნავი-კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა;
3090 კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა!
3091 აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.
3092
3093 მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა;
3094 ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, შვიდი თუ რვა.
3095 ფიცხლა ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა;
3096 ქუსლი შევეც, დაუქციე, დაიზახნეს დიაცურ «ვა».
3097
3098 კვლა სხვასა, მივე, მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა,
3099 ზღვასა დავანთქენ, დავხოცენ, ომიმცა რაღა აგესა!
3100 სხვანი გამექცეს, მიმართეს მათ-მათსა საქულბაგესა,
3101 ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდა, მაქებდეს, არ მაძაგესა.
3102
3103 ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტიეს ცხენია,
3104 კვლა შევიბენით, შეიქმნნეს ომისა სიმარცხენია.
3105 მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიფიცხენია:
3106 იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.
3107
3108 თვით ორნივე ბიძასძენი მისნი ხრმლითა ჩამოყარნა,
3109 ხელნი წმიდად გარდეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა,
3110 მოიტანნა მხარდაკრულნი, ერთმან ორნი არ დაყარნა,
3111 მათნი ყმანი გაამტირლნა, მისნი სპანი ამაყარნა.
3112
3113 მათნი ლაშქარნი გაგვექცეს, ვეცენით, გა-ცა-ვფანტენით;
3114 ფიცხლად წაუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით;
3115 ქვითა დავლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით.
3116 მომკალ, თუ ლარი დალიოთ ან აკიდებით, ან ტენით.
3117
3118 ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა,
3119 თვით ორნივე ბიძასძენი დაპყრობილნი წამოასხნა,
3120 მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა;
3121 ჩემი თქვეს, თუ: «ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!»
3122
3123 მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან,
3124 აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან;
3125 მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან,
3126 გვითხრობდეს: «მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!»
3127
3128 ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთმეფობით,
3129 თვით თავსა მათსა – მონად და ჩემსა ყველასა – სეფობით;
3130 დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდსა მკრეფობით,
3131 ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით“.
3132 ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბვის მბობა
3133
3134 დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით,
3135 ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავდეგით;
3136 ფრიდონ მითხრა: «გითხრობ რასმე, – ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით,–
3137 ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით».
3138
3139 მე ვჰკითხევდი, ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა:
3140 «დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა, –
3141 ზღვათა შიგან იხვსა ჰგავს და ხმელთა ზედა შავარდენსა, –
3142 აქა ვდეგ და თვალს უგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.
3143
3144 ზოგჯერ ზღვითკე მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა;
3145 ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორსა,
3146 ეგრე ფიცხლა სიარული არას ძალუც მისსა სწორსა;
3147 ვერად ვიცან, გონებასა გავეკვირვე ამად ორსა.
3148
3149 ვთქვი: «რა არის, რას ვამსგავსო, მფრინველია ანუ მხეცი?»
3150 ნავი იყო, გარ ეფარა სამოსელი მრავალკეცი;
3151 წინა კაცნი მოზიდვიდეს; თვალი ამად დავაცეცი,
3152 მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასმცა ვეცი.
3153
3154 ამოძვრეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი.
3155 ქალი გარდმოსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი.
3156 მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი!
3157 მან გაანათლა ქვეყანა, გაცუდდეს შუქნი მზისანი!
3158
3159 სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, და-ცა-მლეწა,
3160 იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ ეხეწა;
3161 დავაპირე შეტევება, ვთქვი: «წავიდე მათკე მე, წა-,
3162 ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!»
3163
3164 ცხენი გავქუსლე, იქმოდა შამბი ხმასა და ხრიალსა,
3165 ვეღარ მიუსწარ, გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა.
3166 ზღვის პირსა მივე, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა,
3167 გამშორვებოდეს, წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა».
3168
3169 ესე მესმა ფრიდონისგან, მომემატა ცეცხლთა სიცხე,
3170 ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე,
3171 ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე.
3172 უთხარ: «მომკალ, უჩემოსა ენახამცა ვისცა ის ხე?!»
3173
3174 ესე ჩემგან გაუკვირდა, ფრიდონს უცხოდ ეუცხოვა,
3175 მაგრა მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა;
3176 თვალთათ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოთოვა,
3177 ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა, შემეპოვა.
3178
3179 «ვაგლახ მეო, რა გიამბე ფათერაკად, მცთარმან, შმაგად!»
3180 მოვახსენე: «ნურა გაგვა, ნუ ინავღლი მაგას მაგად!
3181 იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად;
3182 აწ გიამბობ, რათგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად».
3183
3184 ფრიდონს უთხარ ყველაკაი, ჩემი თავსა გარდასრული.
3185 მან მითხრა, თუ: «რას ვიტყოდი მოცთომილი, გაბასრული!
3186 შენ, მაღალი ინდოთ მეფე, ჩემსა რადმე ხარ მოსრული,
3187 სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს, სრაცა სრული».
3188
3189 კვლაცა მითხრა: «ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს,
3190 მას ლახვარსა მოაშორვებს, თუცა პირველ გულსა უხებს,
3191 იგი მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგვიქუხებს,
3192 ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არაოდეს შეგვაწუხებს».
3193
3194 წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავისწინა;
3195 ფრიდონს უთხარ: «ჩემი შემწე შენგან კიდე არავინ-ა,
3196 ვითა ღმერთმან შენი მსგავსი სოფლად არა მოავლინა,
3197 მაშა, რათგან შეგემეცნე, ამის მეტი რად რა მინა?
3198
3199 არ ავი გესვა მოყვარე, ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად,
3200 ენა, გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად:
3201 რა მოვაგვარო, რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად?
3202 თუ ვერას ვარგებ, ვიქმნები ვერდამყოფელად წამისად».
3203
3204 მან მითხრა: «ბედი ღმრთისაგან მიჯობსღა ამას რომელი?
3205 მოსრულ ხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი;
3206 მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი?
3207 ერთი ვარ მონა მონებად წინაშე თქვენსა მდგომელი.
3208
3209 ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა,
3210 შემომკრებელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა;
3211 აქა მოგესმის წამალი, შენ რომე დაუწვავ ალთა.
3212 ნუთუ ქმნას ღმერთმან გარდახდა ამაგა ჭირთა და ვალთა!
3213
3214 ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი, რომელთაცა კვლა უვლია,
3215 მოგვინახონ იგი მთვარე, ვისთვის ჭირი არ გვაკლია;
3216 მუნამდისცა მოიჭირვე, – გონებამან არ დაგლია.
3217 ყოლა ჭირი არ ეგების, თუმცა ლხინმან არ დასძლია».
3218
3219 კაცნი იხმნა მასვე წამსა, ესე საქმე დავიურვეთ,
3220 უბრძანა, თუ: «ნავებითა წადით, ზღვა-ზღვა მოიცურვეთ,
3221 მოგვინახეთ, საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ;
3222 თავთა ჭირი უათასეთ, რადმც უშვიდეთ, რადმცა ურვეთ?»
3223
3224 აჩინნა კაცნი, სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს,
3225 უბრძანა: «ძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენოდეს».
3226 მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი მო-რე-მლხენოდეს.
3227 უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათვის მრცხვენოდეს!
3228
3229 ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატრონოსა,
3230 მითხრა, თუ: «მცთარ ვარ აქამდის, ვერ მივხვდი გასაგონოსა:
3231 ხარ დიდი მეფე ინდოთა, რა ვით ვინ მოგაწონოსა!
3232 ვინ არის კაცი, რომელმან თავი არ დაგამონოსა?!»
3233
3234 რას ვაგრძელებდე! მოვიდეს ყოვლგნით ამბვისა მცნობელნი,
3235 ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი,
3236 ვერა ვერ ეცნა, ვერ იყვნეს ვერას ამბვისა მბობელნი,
3237 მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლა ცრემლნი შეუშრობელნი.
3238
3239 მე ფრიდონს უთხარ: «ესე დღე ვითა მესაზაროების,
3240 ამისად მოწმად ღმერთი მყავს, სათქმელად მეუცხოების;
3241 უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების,
3242 დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების.
3243
3244 მაშა მე მისსა ამბავსა რათგან აღარას მოველი,
3245 ვეღარ ვიქმნები, გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი!»
3246 ფრიდონს რა ესმა, ატირდა, სისხლითა მოერწყო ველი;
3247 მითხრა, თუ: «ძმაო, დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!»
3248
3249 თუცა დია მოიჭირვეს, ვერცა ეგრე დამიჭირეს;
3250 მისთა სპათა მუხლმოყრილთა თავი მათი ჩემკერძ ირეს,
3251 მეხვეოდეს, მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს:
3252 «ნუ წახვალო, დაგაწამოთ, სიცოცხლეა ჩვენი ვირეს!»
3253
3254 ეგრე უთხარ: «თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების,
3255 მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების;
3256 ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ, თქვენცა დია გებრალების,
3257 ნუვინ მიშლით, არ დავდგები, არცა ვისგან დამეშლების».
3258
3259 მერმე ფრიდონ მოიყვანა, მიძღვნა ესე ჩემი ცხენი,
3260 მითხრა: «ხედავ პირი მზისა, თქვენ, საროსა, ეგეც ხენი,
3261 ვიცი, მეტი არა გინდა, ძღვენნი რადმცა გავკიცხენი?
3262 თვით ამანვე მოგაწონნეს სახედრობა-სიფიცხენი».
3263
3264 ფრიდონ გამომყვა, წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით;
3265 მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით.
3266 სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად, არ ენით.
3267 გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით.
3268
3269 ფრიდონისით წამოსრულმან, წავე ძებნად, კვლა ვიარე,
3270 რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა, ზღვათა გარე,
3271 მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე;
3272 გული სრულად გამიშმაგდა, თავი მხეცთა დავადარე.
3273
3274 ვთქვი, თუ: «ჩემი აღარაა სიარული, ცუდი ცურვა,
3275 ნუთუ მხეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა!»
3276 მონათა და ამა ასმათს სიტყვა უთხარ შვიდი თუ რვა:
3277 «ვიცი, რომე დამირჯიხართ, დია გმართებს ჩემი მდურვა.
3278
3279 აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა,
3280 ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთა მონადენთა!»
3281 რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა,
3282 მითხრეს: «ჰაჲჰაჲ, რასა ჰბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა!
3283
3284 უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა, ნუ უფალსა!
3285 ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა!
3286 თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა, სატურფალსა!»
3287 თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არღაფალსა.
3288
3289 ვეღარ გავგზავნენ, სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი,
3290 მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი;
3291 სახლად საყოფნი მიმიჩნდეს თხათა და მათ ირემთანი.
3292 გავიჭერ, სრულად დავტკებნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი.
3293
3294 ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვენ, დევთა შეეკაფნეს,
3295 შემოვები, ამოვსწყვიდენ, ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს;
3296 მათ მონანი დამიხოცნეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს.
3297 საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს.
3298
3299 აჰა, ძმაო, მაშინდითგან აქა ვარ და აქა ვკვდები;
3300 ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები, –
3301 ესე ქალი არ დამაგდებს, არს მისთვისვე ცეცხლნადები, –
3302 ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები!
3303
3304 რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს,
3305 ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს;
3306 ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულთქვამს, ზოგჯერ ახავს;
3307 რათგან თავი არ მომიკლავს, ხრმალი ცუდად მომიმახავს.
3308
3309 მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები;
3310 მას დაკარგულსა ვიგონებ მე, სიცოცხლისა მთმენები;
3311 მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრვე მხსენები;
3312 სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან, ვარ სიკვდილისა მქენები“.
3313
3314 პირსა იცა, გაიხეთქა: ღაწვი ვარდი აიხეწა,
3315 ლალი ქარვად გარდაიქცა, ბროლი სრულად დაილეწა;
3316 ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთსახე, წა-;
3317 მერმე ქალმან დაადუმა, მუხლმოყრილი შეეხვეწა.
3318
3319 ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან:
3320 „შენ ყველაკაი გაამე მე, ვერას ვერ ამებულმან;
3321 გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლეგაარმებულმან,
3322 აწ წადი, ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან“.
3323
3324 ავთანდილ უთხრა: „მე შენი გაყრა არ მომეთმინების;
3325 თუ გაგეყრები, თვალთაგან ცრემლიცა დამედინების.
3326 მართალსა გითხრობ, ამისი კადრება ნუ გეწყინების,
3327 შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების.
3328
3329 რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი,
3330 მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყვებარი;
3331 მას უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი:
3332 სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.
3333
3334 რაცა გითხრა, მომისმინე, ბრძენი გეტყვი, არა ხელი:
3335 ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი;
3336 კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულფიცხელი.
3337 აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.
3338
3339 იგი ვნახო, სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო;
3340 მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო;
3341 შენ გენუკევ, შემაჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო,
3342 ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო.
3343
3344 რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემეპირო,
3345 მეცა ფიცით შეგაჯერებ, არასათვის არ გაგწირო,
3346 კვლა მოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკვდე, შენთვის ვირო,
3347 ღმერთსა უნდეს, ვისთვის ჰკვდები, მისთვის აგრე არ გატირო“.
3348
3349 მან მიუგო: „უცხოსუცხო აგრე ვითა შეგიყვარდი?
3350 გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი;
3351 რაგვარამცა დაგივიწყე, რაგვარამცა უკუმქარდი!
3352 ღმერთმან ქმნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი.
3353
3354 პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი ვით ხოს,
3355 გული მინდორს არ გაიჭრეს, არ ირმოს და არცა ითხოს;
3356 თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს!
3357 შენმან ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა, მითხოს!“
3358
3359 ამას ზედა შეიფიცნეს მოყვარენი გულსადაგნი,
3360 იაგუნდნი ქარვისფერნი, სიტყვაძვირნი, ცნობაშმაგნი;
3361 შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი,
3362 მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი.
3363
3364 ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა;
3365 რა გათენდა, წამოვიდა, აკოცა და გაეყარა;
3366 ტარიელს თუ ვით ეწყინა, რა ქმნას, ამას ვერ მიმხვდარა;
3367 ავთანდილცა ჩატიროდა, შამბი შიგან ჩაიარა.
3368
3369 ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა,
3370 მუხლთა უყრიდა, ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა,
3371 ადრე მოსლვასა ვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა;
3372 მან უთხრა: „დაო, უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!
3373
3374 ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა,
3375 ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნუსად არებს იმა ტანსა;
3376 აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქ საქმესა დაუგვანსა,
3377 შეიგენით, მიცემულ ვარ ჭირსა რასმე თანისთანსა“.
3378 ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა
3379
3380 იგი, მუნით წამოსრული, სევდამანცა განა მოკლა!
3381 პირსა იხოკს, ვარდსა აპობს, ხელი მისი გაამხოკლა;
3382 სისხლსა, მისგან დადენილსა, მხეცი ყოვლი გაამლოკლა;
3383 მისმან ფიცხლა სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.
3384
3385 მუნ მივიდა, სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს.
3386 ნახეს, იცნეს; რაგვარაცა მართებს, აგრე გაეხარნეს.
3387 შერმადინსცა ახარებდეს, ფიცხლა კაცთა თავნი არნეს:
3388 „მოვიდაო, აქანამდის ვისთვის ლხინნი გაგვემწარნეს!“
3389
3390 გაეგება, მოეხვია, ზედა დასდვა პირი ხელსა,
3391 აკოცებდა, სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა მრწყველსა;
3392 ესე თქვა, თუ: „ნეტარ, ღმერთო, ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა?
3393 მე ვით ღირს ვარ ამას, რომე თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა!“
3394
3395 ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასდვა პირი პირსა;
3396 უბრძანა, თუ: „ღმერთსა ვმადლობ, შენ თუ ჭირად არა გჭირსა!“
3397 დიდებულთა თაყვანისსცეს, აკოცებდეს, ვინცა ღირსა,
3398 ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსსა და თუნდა მცირსა.
3399
3400 მოვიდეს, სადა საყოფად სახლი დგა მუნ აგებული.
3401 მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული.
3402 მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული, ლაღი, შვებული.
3403 ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კლებული.
3404
3405 შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული,
3406 ანუ ვით პოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული.
3407 ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალდაფახული:
3408 „უმისოდ მყოფსა სწორად მიჩს ჩემთვის დარბაზი და ხული“.
3409
3410 მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა:
3411 „შენი წასლვა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქმენა!“
3412 მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, გაისვენა,
3413 ცისკრად შეჯდა, გაემართა, დღე რა მზემან გაათენა.
3414
3415 არცაღა დაჯდა ნადიმად, არცა ქმნად კვლა ხალვათისა;
3416 შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა,
3417 ფიცხლა წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა.
3418 მას ლომსა შეყრა უხარის მის მზისა მოკამათისა.
3419
3420 შესთვალა: „მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით!
3421 ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდობით:
3422 მის ყმისა ვერას ვერ მცნობი უხმობდი თავსა ფლიდობით,
3423 აწ ვცან და გაცნევ ყველასა, მოვალ შვებით და მშვიდობით“.
3424
3425 როსტევან – მეფე უკადრი, მორჭმული, შეუპოველი.
3426 შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი:
3427 „ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი“.
3428 ბრძანა: „ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი“.
3429
3430 თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა:
3431 „ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა“.
3432 იგი მით აკრთობს ელვასა, მზისაგან უთამამოსა,
3433 მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა.
3434
3435 მეფე შეჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მომავალსა;
3436 ამას პირმზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა.
3437 მიეგება, მოეგება მხიარული გულმხურვალსა,
3438 დიდებულთა ჯარისაგან ზოგი ჰგვანდა ვითა მთრვალსა.
3439
3440 რა მიეახლა, გარდახდა ყმა, თაყვანისსცა მეფესა;
3441 აკოცა როსტან, მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა;
3442 გულმხიარულნი, შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა;
3443 მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.
3444
3445 მას ავთანდილ თაყვანისსცა, ლომთალომმან მზეთამზესა.
3446 მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა.
3447 პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთაზესა,
3448 სახლ-საყოფი არა მართებს, ცამცა გაიდარბაზესა!
3449
3450 მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა;
3451 ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა.
3452 მათ ორთავე აშვენებდა, ფიფქსა – თოვნა, ვარდსა – ნამა.
3453 უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი, ვითა დრამა.
3454
3455 სმა გარდახდა, თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა;
3456 დიდებულნი არ გაუშვნეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა;
3457 მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა,
3458 მერმე მისი, უცნობოსა, რა ენახა, რა ესმინა.
3459
3460 „მას ვახსენებდე, ნუ გიკვირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა!
3461 მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა,
3462 ვინ უნახავქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა;
3463 ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა, შორს მყოფი, ახ, ის-ა!“
3464
3465 რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან,
3466 ქაცვი ლეწამმან, ზაფრანი იმსგავსოს ფერად მინამან.
3467 ავთანდილ, მისმან მხსენებმან, ღაწვი ცრემლითა მინა მან,
3468 წვრილად უამბო ამბავი მან, მისმან მონასმინამან:
3469
3470 „ქვაბნი ომითა წაუხმან, სახლად აქვს დევთა სახლები,
3471 საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თვით ნაახლები,
3472 ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩს სტავრა-ნახლები,
3473 აღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები“.
3474
3475 რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა,
3476 ნახვა მის მზისა ნათლისა, მის, თვალად არდუხჭირისა,
3477 ეამა ქება ვარდისა, ბროლისა განაჭვირისა:
3478 „ეგე კმა სიმხნე სიმხნისად, რადღა ხარ მომხვეჭი რისა!“
3479
3480 გამხიარულდა თინათინ ამა ამბვისა სმენითა.
3481 მას დღე იხარებს სმისა და ჭამისა არმოწყენითა,
3482 კვლა საწოლს დახვდა მის მზისა მონა სიტყვითა ბრძენითა:
3483 მისლვა ებრძანა, ეამა, თქმა არ ეგების ენითა.
3484
3485 ყმა წავიდა მხიარული, ლმობიერი, არ გამწყრალი,
3486 ლომი, მინდორს ლომთათანა, მინდორს რული, ფერნამკრთალი,
3487 ყმა სოფლისა ხასიათი, ჯავარსრული, მრავალწყალი,
3488 მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი.
3489
3490 მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არნადევრი,
3491 წყლად ევფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი,
3492 ბროლ-ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი.
3493 მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა, ხამს, აქებდეს ენა ბევრი!
3494
3495 ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა;
3496 სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყვისითა;
3497 უბნობენ ლაღნი, წყლიანნი არა სიტყვითა მქისითა;
3498 უთხრა: „ჰპოვეა, პატიჟნი ნახენ ძებნითა ვისითა?“
3499
3500 ჰკადრა: „რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა,
3501 ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა.
3502 ვპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყლითა რწყულისა,
3503 მუნ პირი, მსგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერნაკლულისა.
3504
3505 მუნ სარო, მსგავსი ვარდისა, ვნახე, მისჭირდა, მი-, ნები;
3506 იტყვის: «დავკარგე ბროლი და სადა რთავს ბროლსა მინები».
3507 მით ვიწვი, რათგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები“.
3508 მერმე კვლა ჰკადრა ამბავი მან, მისგან მონასმინები.
3509
3510 სიარულსა მისგან ძებნად, სრულ პატიჟთა მოსთვლის, ჭირსა;
3511 მერმე ჰკადრა, საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა:
3512 „საწუთრო და სოფელს ყოფა, კაცი უჩსო, ვით ნადირსა,
3513 ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების მინდორს, ტირსა.
3514
3515 ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო, ჩემგან რა გაგეგონების?
3516 მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების;
3517 თვალი მჭვრეტელი, ვით მზისა ციაგსა, დაეღონების;
3518 ვარდი შექმნილა ზაფრანად, აწ ია შეიკონების!“
3519
3520 წვრილად ჰკადრა, რა იცოდა – რა ნახულად, რა ნასმენად:
3521 „ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად, მენად;
3522 ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად“.
3523 ვაჲ, სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად!
3524
3525 ქალსა რა ესმა ამბავი, მიხვდა წადილი ნებისა,
3526 განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა;
3527 იტყვის: „რა უთხრა პასუხი მას სათნებლისა თნებისა,
3528 რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?“
3529
3530 ყმა ეტყვის: „ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა?
3531 მან ჩემთვის დაწვა თავისა დადვა, არდასაწვავისა;
3532 დრო დამიც ჩემგან მისლვისა, მითქვამს დადება თავისა,
3533 მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა.
3534
3535 ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არდამრიდად,
3536 გული მისცეს გულისათვის, სიყვარული – გზად და ხიდად;
3537 კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად,
3538 აჰა, მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!“
3539
3540 მზე ეტყვის: „მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა:
3541 პირველ, შენ მოხვე მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა,
3542 მერმე, ზრდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა,
3543 ვპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა!
3544
3545 საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების:
3546 ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების.
3547 აქამდის ჭირი ჩემ ზედა, აწ ესე ლხინი უხვდების,
3548 რათგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების?
3549
3550 შენ არგატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა.
3551 ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა,
3552 ძებნა წამლისა მისისა და ცოდნა ხამს უიცისა,
3553 ჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელქმნილმან, მზე მიმეფაროს, მი-, ცისა?“
3554
3555 ყმამან ჰკადრა: „სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა,
3556 ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა,
3557 ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა, მზისა წვერვა,
3558 თუ გეახლო, ერთხელ ვაჲ და, რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!
3559
3560 ვაჲ თუ გავიჭრა, გაჭრილსა სადა, გლახ, დამწვავს სამ ალი!
3561 გული ძეს საგნად ისრისა, მესრის საკრავად სამალი;
3562 დღე სიცოცხლისა ჩემისა დღესითგან ჩანს ნასამალი;
3563 მალვა მწადს, მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი!
3564
3565 მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ჰბრძანე;
3566 ვარდსა ქაცვი მოაპოვნებს, ეკალთამცა რად ვეფხანე?!
3567 მაგრა, მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე,
3568 სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე!“
3569
3570 ყმა ტკბილი და ტკბილქართული, სიკეთისა ხელისმხდელი,
3571 ამას ზედა ეუბნების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი;
3572 ქალმან მისცნა მარგალიტნი, სრულქმნა მისი საწადელი,
3573 ღმერთმან ქმნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი!
3574
3575 რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს,
3576 ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს,
3577 მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერმჭვრეტსა ავაგლახიოს!
3578 ვაჲ მოყვარისა გაყრილსა, ახი ოს ეყოს, ახი ოს!
3579
3580 მათ მიხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა.
3581 ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა.
3582 მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტისმეტითა.
3583 იტყვის: „ვერ გაძღა სოფელი, ვაჲ, სისხლთა ჩემთა ხვრეტითა!“
3584
3585 ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს,
3586 რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფრდილებს;
3587 რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს,
3588 მის მოყვრისა მოშორვება კვლა აბინდებს, არ ადილებს.
3589
3590 სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად;
3591 იტყვის: „მზე ჩემგან თავისა კმა დასადებლად აღარად;
3592 მიკვირს, თუ გული ალმასი შავმან წმწამმან დაღა რად!
3593 ვირე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად!
3594
3595 ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრწყო, დამრგო, მახია,
3596 დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია,
3597 დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა, მახია.
3598 აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!“
3599
3600 ამას მოსთქვამს, ცრემლსა აფრქვევს, ათრთოლებს და აწანწარებს,
3601 გულამოსკვნით, ოხრვა-სულთქმით მიხრის ტანსა, მიაწარებს.
3602 საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს,
3603 ვაჲ, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს, აზეწარებს!
3604
3605 ყმა მივიდა, საწოლს დაჯდა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების,
3606 მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა, არ მოსწყდების;
3607 ვით მწვანვილსა თრთვილისაგან, პირსა ფერი მოაკლდების.
3608 ხედავთ, ვარდსა უმზეობა რაგვარ ადრე დააჩნდების!
3609
3610 საწოლს მჯდომმან პირსა ცემით ბროლი ბღუჯოს, ვარდი კონოს;
3611 გულსა იდებს, იტყვის: „კაცმან ჭირი ლხინსა შეაწონოს;
3612 ლხინმან სძლიოს, გაძლება ხამს, ჭირი სთმოს და ჟამთა მონოს.
3613 ვინ ქონება არ იმადლოს, მას სხვა ღმერთმან რა აქონოს!
3614
3615 გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,
3616 გული – ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი,
3617 გული – ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი,
3618 ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!“
3619
3620 რა გულსა უთხრა გულისა, სიტყვანი საგულისონი,
3621 მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი,
3622 მის მზისა მკლავსა ნაბამნი, მათ კბილთა შესატყვისონი,
3623 პირსა დაიდვა, აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ბისონი.
3624
3625 რა გათენდა, კაცი მოვა მომკითხავი, დარბაზს მხმობი.
3626 ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილნაკრთობი.
3627 ერთმანერთსა ეჯარვიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი;
3628 მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ-ნობი.
3629
3630 მეფე შეჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა!
3631 ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა,
3632 მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მიდამოდა;
3633 მას დღე მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!
3634
3635 ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი, მინდორს რულნი;
3636 შეიტანნეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი;
3637 დაჯდა, დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი,
3638 ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს რულნი!
3639
3640 ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა;
3641 ბაგეთათ გასჭვირს ბროლ-ლალი და კბილთათ ელვა ჰკრთებოდა.
3642 ახლოს სხდეს ღირსნი, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა,
3643 უტარიელოდ ხსენება არვისგან იკადრებოდა.
3644
3645 ყმამან რაცა არვის უთხრის, კითხვად ვინმცა გაუპირდა?
3646 მართალა, თუ საუბარსა აძვირებდა, ძვირად ღირდა;
3647 სმა გარდახდა, გაიყარნეს, ყმა წავიდა, მი-ცა-სჭირდა,
3648 ვეღარ გასძლო, გული მისი აუჩუქდა, აუტირდა.
3649
3650 ყმა მივიდა გულმოკლული, ცრემლი ველთა მოედინა.
3651 მართ მისივე სიყვარული უარებდა თვალთა წინა.
3652 ზოგჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა!
3653 რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა!
3654
3655 წევს, იტყვის: „გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო?
3656 მოგშორდი, ედემს ნაზარდო ტანო ლერწამო და ხეო,
3657 შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერმჭვრეტთა სავაგლახეო,
3658 ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, ნეტარმცა სიზმრივ გნახეო!“
3659
3660 ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა;
3661 კვლა გულსა ეტყვის: „დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა.
3662 არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოუგვაროთა?
3663 თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა“.
3664
3665 კვლა იტყვის: „გულო, რაზომცა გაქვს სიკვდილისა წადება,
3666 სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისად თავისა დადება,
3667 მაგრა დამალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება,
3668 ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!“
3669 დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი
3670
3671 რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე;
3672 იტყვის: „ნეტარ, მიჯნურობა არ დამაჩნდეს, და-მცა-ვფარე!“
3673 დათმობასა ეაჯების გულსა: „შენ რა მოუგვარე!“
3674 ცხენსა შეჯდა, წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე.
3675
3676 ვაზირმან ცნა, გაეგება: „ჩემსა მზეა ამოსრული,
3677 ამას თურე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული!“
3678 მიეგება, თაყვანისსცა, ჰკადრა სრულსა ქება სრული.
3679 ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი – მხიარული.
3680
3681 ყმა გარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან;
3682 ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან.
3683 ყმამან სახლი გაანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან;
3684 თქვეს: „სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან“.
3685
3686 დაჯდა, მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს,
3687 მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს,
3688 სულთქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს.
3689 გაყრა ბრძანეს, გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს.
3690
3691 რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვაზირსა ეუბნების,
3692 ეტყვის: „შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების;
3693 რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქს და შენ გეთნების,
3694 გააგონენ ჭირნი ჩემნი, მკურნე, რაცა მეკურნების!
3695
3696 მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მჭირს მისისა მწველისა;
3697 მკლავს სურვილი და ვერნახვა ჩემისა სასურველისა;
3698 მას ჩემთვის სულნი არ შურდეს, შეზღვა ხამს შეუზღველისა;
3699 ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.
3700
3701 მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა,
3702 მუნვე დარჩა, დათმობაცა მას თანავე დაება, და-;
3703 რათგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა!
3704 მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა.
3705
3706 ოდეს წამოვე, შევჰფიცე ფიცითა საშინელითა:
3707 «კვლა მოვალ, გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა;
3708 შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ბნელითა»;
3709 ჟამია ჩემგან წასლვისა, მით მწვავს ცეცხლითა ნელითა.
3710
3711 ყოველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყვასა საკვეხელსა.
3712 მიმელის და ვერ მისრულ ვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა;
3713 ვერ გაუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა,
3714 რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა!
3715
3716 რაცა გითხრა, ჩემ მაგიერ როსტანს ჰკადრე, მიედ სრასა;
3717 თავმან მისმან, – ფიცით გეტყვი შენ, ვაზირსა, ოსტასრასა, –
3718 არ შემიპყრობს, არ დავდგები, თუ შემიპყრობს, მაქნევს რასა?
3719 მიშველე რა, გული ცეცხლმან არ დამიჭრას, არცა სრასა!
3720
3721 ჰკადრე: «ვინ გაქოს ყოველმან პირმან არმეუზრახემან!
3722 ვითა ვიშიშვი, გაცნობოს ღმერთმან, ნათელთა სახემან!
3723 მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა, ალვისა სახემან,
3724 გული წამსავე წამიღო, – ვერათ ვერ შევინახე, – მან.
3725
3726 აწ, მეფეო, უმისობა ჩემგან ყოლა არ ეგების;
3727 გული მას აქვს, უგულოსა აქა ხელი რა მეხდების?
3728 თუ რას ვარგებ, პირველ ხვალმე თვით სახელი თქვენ მოგხვდების;
3729 ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების.
3730
3731 წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს, არ დაჭმუნდეს;
3732 თავსა ჩემსა გაგებული იქმნას, რაცა ღმერთსა უნდეს;
3733 მანვე ქმნას და გამიმარჯვდეს, თქვენი თქვენკე და-ვე-ბრუნდეს.
3734 არ მოვბრუნდე, თქვენმცა სუფევთ, მტერი თქვენი დაძაბუნდეს!»“
3735
3736 კვლა პირმზე ეტყვის ვაზირსა: „მე სიტყვა შევამცირეო,
3737 წა, ესე ჰკადრე მეფესა, შე-ვინ-ვიდოდეს ვირეო;
3738 მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო,
3739 ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო“.
3740
3741 ვაზირმან უთხრა სიცილით: „ქრთამი შენ გქონდეს შენია!
3742 შენგან კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია.
3743 მაგას რა ვჰკადრებ მეფესა, რაცა აწ თქვენგან მსმენია,
3744 ვიცი, უცილოდ ამავსებს, შოება არსაწყენია.
3745
3746 თავმან მისმან, მუნვე მომკლავს, ვეჭვ, წამიცა არ წამაროს!
3747 შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე, გლახ, მიწა მესამაროს;
3748 მომკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს!
3749 არ ითქმის და ვერცა ვიტყვი, რა გინდა ვინ მისაგმაროს.
3750
3751 გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე, გლახ, ვით გათნიო?
3752 ამიკლებს და ანუ მომკლავს: «ეგე სიტყვა ვითა სთქვიო?!
3753 რად არ მუნვე გაიგონე, რად ხარ შმაგი აგეთიო?!»
3754 სჯობს სიკვდილი აკლებასა, ამას თავსა აწვე ვსწვრთიო.
3755
3756 თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თვით ლაშქარნი რად მოღორდენ?
3757 რად გაგიშვან, რად დაღორდენ, ანუ მზესა რად მოშორდენ?
3758 შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ.
3759 ეგე ასრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ“.
3760
3761 ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა: „ხამს, თუ დანა გულსა ვიცი;
3762 ჰე, ვაზირო, შეგეტყვების, სიყვარული არ თურ იცი;
3763 ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი?
3764 თუ გინახავს, უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?!
3765
3766 მზე დაბრუნდა, არა ვიცი, მზესა რა ცა დააბრუნვებს!
3767 აწ უშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს,
3768 ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს;
3769 ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.
3770
3771 მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ, ხელსა რასა მხდიან!
3772 აწ ვითამცა უცნობოსა გაუწყვედლად ცრემლნი მდიან.
3773 სჯობს, წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან;
3774 ჭირნი, მისგან უნახავნი, დია, ვისმე გარდუხდიან?
3775
3776 აწ, ვაზირო, მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს?
3777 რკინა, ჩემი მონაცვალე, ხამს, გაცვილდეს, არ გატინდეს;
3778 ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთათ მდინდეს,
3779 მომეხმარე, ნუთუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს.
3780
3781 არ გამიშვებს, გავიპარვი, წავალ მათგან შეუგებლად;
3782 ვითა მნუკევს, ეგრე დავრთო გული ცეცხლთა მოსადებლად.
3783 ვიცი, ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად;
3784 თქვი, რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად!“
3785
3786 ვაზირმან თქვა: „შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების,
3787 ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაქარდების;
3788 ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.
3789 ვიტყვი, მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზეცა თქვენ მოგხვდების!“
3790
3791 რა ვაზირმან ესე უთხრა, ადგა, დარბაზს გაემართა.
3792 მეფე დახვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა.
3793 შეუშინდა, საწყენლისა მოხსენება ვერ შემართა,
3794 დაყრით დადგა, იგონებდა არ საქმეთა საომართა.
3795
3796 მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით, დაყმუნვებული,
3797 უბრძანა: „რა გჭირს, რა იცი, რად მოხვე შეჭირვებული?“
3798 მან ჰკადრა: „არა ვიციო, მართ ვარ თავისა ვებული,
3799 მართალ ხართ, მომკლათ, რა გესმას ამბავი გაკვირვებული.
3800
3801 ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა მატს და არცა სდიდობს;
3802 მეშინიან, თუცა შიშსა მოციქული არ დარიდობს.
3803 აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს, არ წამკიდობს,
3804 უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს“.
3805
3806 რაცა იცოდა, ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა,
3807 კვლა მოახსენა: „რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა,
3808 თუ რაგვარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა!
3809 მართალ ხართ, თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა“.
3810
3811 რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაავცნობდა,
3812 ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა;
3813 შეუზახნა: „რა სთქვი, შმაგო, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა!
3814 ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!
3815
3816 ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ადრად.
3817 მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მომკლას მუხთლად, ღადრად!
3818 შმაგო, ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად!
3819 აგრე შმაგი არ ვაზირად, არა ვარგ ხარ არცა სხვად რად!
3820
3821 ხამსცა კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დახედნეს,
3822 ოდენ სიტყვა უმეცრული უმეცრულად დაიყბედნეს?!
3823 მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს!
3824 შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს!“
3825
3826 კვლა უბრძანა: „თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი,
3827 თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი!
3828 წა, უკუდეგ, ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი!
3829 შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!“
3830
3831 დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრნა კედელსა, შეალეწნა;
3832 დააცთუნნა, მაგრა მისთვის აალმასნა, არ აძეწნა:
3833 „ვით მიამბე წასლვა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!“
3834 ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა.
3835
3836 ვაზირმან, გლახ, გამორიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს,
3837 გამოძრწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს;
3838 შეის ხასობს, გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს,
3839 მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.
3840
3841 თქვა: „ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს?
3842 რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ, ვინღა გამითენოს!
3843 ვინცა კაცმან კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს,
3844 ჩემნი დღენი მასმცა ადგან, რაძი ვითა გაისვენოს!“
3845
3846 ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა;
3847 ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა:
3848 „მადლი რა გკადრო, აწ თქვენგან გავხასდი მე მაშა ვითა,
3849 ვაჲ, კარგი თავი უებრო დავკარგე დავაშავითა!“
3850
3851 ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა არ იწურვებს:
3852 – მიკვირს, რად სცალს წყლიანობად, რად არ გულსა შეიურვებს! –
3853 „ვინ არ მისცემს ქადებულსა, მოურავსა მოიმდურვებს,
3854 თქმულა: «ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს».
3855
3856 ვით გამხადა, რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა:
3857 რა სიავე, რა სირეგვნე, რა შლუობა, რა შმაგობა!
3858 მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ, აღარა მიც თავსა ცნობა;
3859 ესე მიკვირს, რად არ მომკლა, მისცა თურე ღმერთმან თმობა.
3860
3861 მეცა ვიცოდი, რაცა ვქმენ, ცთომით არ წამკიდებია;
3862 ვიაზრე, გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია;
3863 განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია!
3864 შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩს, ჭირი არ გამცუდებია“.
3865
3866 ყმამან უთხრა: „შენი წყრომა მეცა განა დამიმძიმდა,
3867 მაგრა ქრთამი რადღა გმართებს? – გაიცინნა, გა-ცა-ღიმდა, –
3868 შენ ადიმი გაგიმეშდა, არ თუ მეში გიადიმდა.
3869 რა აქიმი დასნეულდეს, მისთვის ვინმცა გააქიმდა!“
3870
3871 მოახსენა კვლა ვაზირმან: „მე რა გინდა წამეკიდოს,
3872 მოიწყრომებს, შე-ცა-მინდობს, ნუთუ გული გაიწმიდოს;
3873 შენ რასა იქ, ესე მითხარ, ჩემი ჭმუნვა გაიდიდოს!
3874 ხამსცა, კაცმან სასიკვდილოდ თავსა არა არ დარიდოს!“
3875
3876 ყმამან უთხრა: „აღარწასლვა არ ეგების ჩემგან აროს.
3877 იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს.
3878 ხამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგან აროს,
3879 ვერ უპოვოს, რა ქმნას, ანუ გული რითა დაიწყნაროს!
3880
3881 უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა,
3882 მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ, მათ თანა რბოლასა;
3883 ასრე გასრულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა?
3884 სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.
3885
3886 მოვახსენებ ერთხელ კვლაცა, აწ რაზომცა მეფე წყრების,
3887 ნუთუ გაბრჭოს, გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების;
3888 არ გამიშვებს, გავიპარვი, რა იმედი გარდმიწყდების,
3889 მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი სოფელიცა გარდიფხვრების!“
3890
3891 მოიუბნეს. ვაზირმან ქმნნა ჭამა-სმანი მათნი ფერნი,
3892 უმასპინძლა, ძღვენნი უძღვნნა შვენიერსა შვენიერნი,
3893 მისნი მყოლნი ა-ვე-ავსნა, მოყმენი და თუნდა ბერნი.
3894 გაიყარნეს, ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.
3895
3896 შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან,
3897 სამასი თავი სტავრა-ატლასი უხვმან, ნიადაგ მიუმცთარომან,
3898 სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი ფერად არ მათმან საუარომან.
3899 კაცი გაგზავნა ვაზირისასა, ესე ყველაი მისთვის არო მან.
3900
3901 შესთვალა, თუ: „რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო,
3902 ვალთა შენთა გარდსახდელად რა ნაცვალი მოვიგონო?
3903 თუღა დავრჩე, შენთვის მოვკვდე, თავი ჩემი დაგამონო,
3904 სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო“.
3905
3906 მე ვითა ვთქვა უებრობა, სიკეთე და ქება მისი!
3907 კაცი იყო საქმისაცა შესაფერი, შესატყვისი;
3908 ასრე უნდა მოხმარება, გავიდოდეს ვისცა ვისი.
3909 ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.
3910 ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი
3911
3912 შერმადინს ეტყვის, უბრძანებს პირმზე, ნათელთა მფენელი:
3913 „ესე დღე არის იმედი, ჩემი გულისა მლხენელი,
3914 შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი“.
3915 მქებრად ამბვისა მათისა ხამს მკითხველი და მსმენელი.
3916
3917 იტყვის: „როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა მომისმინა;
3918 მან არ იცის, რათა ვინ-ა და სულდგმული ვისგან ვინ-ა;
3919 უმისომცა ნუ ცოცხალ ვარ ნუცა გარე, ნუცა შინა!
3920 რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა!
3921
3922 თუცა მისი არგაწირვა ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს, –
3923 ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს, –
3924 გული, მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს, ვაებს, უობს,
3925 ლხინსა არას არ იახლებს, ჰკრთების, კუშტობს, ვახშობს, ქსუობს.
3926
3927 სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა:
3928 პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერმოთმენა,
3929 მიცემა და არას შური, ჩუქებისა არმოწყენა,
3930 გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.
3931
3932 რადღა ვაგრძელებ სიტყვასა, ჟამია შემოკლებისა!
3933 აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა.
3934 რასაცა გვედრებ, ისმენდი, ვირე დრო გქონდეს ხლებისა;
3935 შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა.
3936
3937 აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე,
3938 სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე;
3939 სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე,
3940 სამსახური აქამდისი, კვლა გავლენა გააკვლადე!
3941
3942 მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნურა მოგაკლდების,
3943 ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების!
3944 შემოვიქცე, შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების;
3945 პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების“.
3946
3947 ესე ესმა, ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი;
3948 მოახსენა: „მარტოობით ჭირსა რადმცა შეუშინდი!
3949 მაგრა რა ვქმნა, უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი!
3950 წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო, რადცა გინდი.
3951
3952 ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი!
3953 ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი!
3954 დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქმნები აქა ფლიდი?“
3955 ყმამან უთხრა: „ვერ წაგიტან, რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი.
3956
3957 შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა,
3958 მაგრა საქმე არ მოხდების, ჟამი ასრე დამემტერა!
3959 ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდე ვინმც მეფერა?!
3960 გული დადევ, დაიჯერე, ვერ წაგიტან ვერათ, ვერა!
3961
3962 თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად;
3963 არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად?
3964 გაჭრა ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად!
3965 ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კვლა შეჯერებად!
3966
3967 რა მოგშორდე, მახსენებდი, სიყვარული ჩემი გქონდეს;
3968 არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს.
3969 ხამს, მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს.
3970 მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს.
3971
3972 მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად,
3973 ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად;
3974 ჩემსა მზესა დავეთხოვე, გაუშვივარ, დავდგე მე რად!
3975 მას თუ დავსთმობ, სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად?
3976
3977 აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტანს წინა დაწერილსა;
3978 შენ შეგვედრებ, დაგიჭიროს, ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა.
3979 მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანასგან ნუ იქ ქმნილსა,
3980 ამას ზედა იტირებდი, დაიდებდი თვალთა მილსა!“
3981 ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა
3982
3983 დაჯდა წერად ანდერძისა, საბრალოსა საუბრისად:
3984 „ჰე, მეფეო, გავიპარვი ძებნად ჩემგან საძებრისად;
3985 ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცხლთა მომდებრისად;
3986 შემინდვე და წამატანე მოწყალება ღმრთაებრისად.
3987
3988 ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა.
3989 კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა!
3990 მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა:
3991 «სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა».
3992
3993 რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა,
3994 მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?!
3995 არა ვიქ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!
3996 მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.
3997
3998 წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ?
3999 ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ.
4000 «სიყვარული აღგვამაღლებს», ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ.
4001 შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!
4002
4003 ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად;
4004 ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად,
4005 ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად,
4006 იგი გაჰხდის წამისყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.
4007
4008 რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.
4009 მზისა შუქთა ვერმჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების;
4010 თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხოდ რადმე ეშვდინების;
4011 მე ვით გავსძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების!
4012
4013 რაზომცა სწყრები, შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა.
4014 ძალი არ მქონდა ტყვექმნილსა მე მაგისისა თნებისა;
4015 აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა,
4016 სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა!
4017
4018 არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა;
4019 არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;
4020 წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა,
4021 არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.
4022
4023 რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად,
4024 გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად;
4025 თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლამრავლად;
4026 მას რა ვარგო, დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად.
4027
4028 მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა!
4029 მეფეო, ნუთუ წასლვამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა,
4030 ვერ ვეცრუები, ვერ უზამ საქმესა საძაბუნოსა,
4031 პირისპირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.
4032
4033 არდავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;
4034 ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!
4035 ვერ ვეცრუები, ვერ უზამ მას ხელმწიფესა მზიანსა.
4036 რა უარეა მამაცსა სულდიდსა, წასლვაგვიანსა!
4037
4038 რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა,
4039 შედრეკილ-შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!
4040 კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა?
4041 სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!
4042
4043 ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
4044 მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალგულოვანი;
4045 ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
4046 სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!
4047
4048 მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენად კადრებად ამისად:
4049 სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად;
4050 მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად,
4051 თუ ვერა გნახე ცოცხალმან, სიცოცხლე გქონდეს ჟამისად.
4052
4053 თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან,
4054 ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან,
4055 ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, –
4056 მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე-მლმობელმან.
4057
4058 მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები,
4059 მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,
4060 შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არას მქონები:
4061 მიღვწიან, მომიგონებენ, დამლიცვენ, მოვეგონები.
4062
4063 რაცა თქვენთვის არ ვარგ იყოს საჭურჭლესა დასადებლად,
4064 მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად;
4065 ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად!
4066 შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად.
4067
4068 ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის,
4069 ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს, არ გეთნევის,
4070 არას არგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის,
4071 შემინდვე და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის!
4072
4073 გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა, –
4074 ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა, –
4075 ნუგეშინისეც წყალობით, ჩემგან წყალობაჩვეულსა,
4076 ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა.
4077
4078 გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა.
4079 აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წავე გულითა ხელითა.
4080 ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა,
4081 სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!“
4082
4083 მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა,
4084 უთხრა: „ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა,
4085 შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა“.
4086 მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.
4087 ლოცვა ავთანდილისა
4088
4089 ილოცავს, იტყვის: „მაღალო ღმერთო ხმელთა და ცათაო,
4090 ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო,
4091 უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო,
4092 მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულისთქმათაო!
4093
4094 ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა,
4095 შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა,
4096 მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა,
4097 ნუ ამოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!
4098
4099 ღმერთო, ღმერთო მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე,
4100 შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე;
4101 მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე გამარიდე!
4102 თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევსწირვიდე“.
4103
4104 რა ილოცა, ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა,
4105 შერმადინცა დააბრუნვა, თუცა ვამნი ადიადნა;
4106 მონა ტირს და მკერდსა იცემს, საბრალომან ცრემლნი ღვარნა;
4107 პატრონისა ვერამჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!
4108 ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა
4109
4110 აწ ამბავი სხვა დავიწყო, – ყმასა წავჰყევ წამავალსა, –
4111 არ შეექმნა დარბაზობა მას დღე როსტანს გულგამწყრალსა;
4112 რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს, თუ ადენს პირით ალსა,
4113 ხმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.
4114
4115 რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული,
4116 როსტან უთხრა: „არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული.
4117 მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხან სული,
4118 აზომ რომე გაგათრიე შენ ვაზირი გულისგული.
4119
4120 თუღა გახსოვს, რად უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე?
4121 მართლად უთქვამს მეცნიერთა: «წყენააო ჭირთა ბადე»;
4122 ესეგვარსა ნუოდეს იქ, საქმე ხოლე გაიცადე,
4123 აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა გააკვლადე!“
4124
4125 კვლა მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი,
4126 რა გაიგონა, შესთვალა პასუხი არნაგრძელევი:
4127 „შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი!
4128 კვლა მაგის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი!“
4129
4130 რა გამოვიდა, ვაზირმან ძებნა, ვერ პოვნა მინანი,
4131 მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი, ცრემლთა მდინანი.
4132 მან თქვა: „მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი,
4133 ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს, რაცა ვთქვი, მასცა ვინანი“.
4134
4135 რა ვაზირი არ შევიდა, კვლა მეფემან კაცი გზავნის;
4136 კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ გაამჟღავნის;
4137 როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის;
4138 თქვა: „უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის“.
4139
4140 თავდადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი,
4141 უში ქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: „მიდი,
4142 მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!“
4143 რა ვაზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.
4144
4145 კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით, არმხიარულად;
4146 მეფემან ჰკითხა: „წასრულა მზე დაუდგომლად, მთვარულად?“
4147 მან მოახსენა ყველაი, ვით წასრულიყო და რულად:
4148 „მზე აღარ მზეობს ჩვენ თანა, დარი არ დარობს დარულად!“
4149
4150 რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტისმეტნი;
4151 პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირვნა მისნი მჭვრეტნი,
4152 მოსთქვამს, იტყვის: „ვაჲ, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი!
4153 სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?
4154
4155 თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები,
4156 მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები!
4157 გამაღარიბე, დამაგდე, გულსა, გლახ, ვისთვის ენები?
4158 შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები!
4159
4160 ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა,
4161 ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარსრულსა,
4162 ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მას რულსა,
4163 აწ უშენოდ რა, გლახ, უყო საჯდომსა და სრასა სრულსა?
4164
4165 ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები:
4166 შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები,
4167 ნუთუ კვლა ღმეთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები,
4168 მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?“
4169
4170 ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა,
4171 დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა,
4172 იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა;
4173 თქვეს: „ბნელი გვმართებს დღეკრულთა, რათგან მზე მიგვიდრკა ცისა!“
4174
4175 რა მეფემან დიდებულნი ნახნა, სულთქმით შემოსტირნა,
4176 უთხრა: „ხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა!
4177 რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა, რად გაგვწირნა!
4178 სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა?“
4179
4180 ყოვლნი ტიროდეს, მოსთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად.
4181 მეფემან ბრძანა: „იკითხეთ, მარტოა ანუ ყმიანად?“
4182 მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად,
4183 ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.
4184
4185 მოახსენა: „საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი,
4186 დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი,
4187 იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი;
4188 მე თუ მომკლათ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!“
4189
4190 რა ანდერძი წაიკითხეს, კვლა იტირეს დიდი ხანი;
4191 მერმე ბრძანა: „მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი,
4192 ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი,
4193 შევეწივნეთ, მშვიდობისა ნუთუ მისცნეს ღმერთმან გზანი!“
4194 წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ
4195
4196 მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება გაანათლებს,
4197 რა ეახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს,
4198 მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს,
4199 ჩვენ ვერჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.
4200
4201 აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა:
4202 მივა და მიტირს გულმდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა,
4203 წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა,
4204 უჭვრეტდის, თვალი ვერ მოჰხსნის, თუ მოჰხსნის, მიჰხდის ცნობასა.
4205
4206 რა მიეახლის დაბნედად, ვერ ხელყვის გაძრვად ენისად,
4207 მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან მსგავსად დიჯლისა დენისად,
4208 ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად,
4209 რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად.
4210
4211 თქვა: „ჩემო, შენი შორს მყოფი კრულია, ვინცა დადუმდეს,
4212 რათგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს,
4213 თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს.
4214 სჯობს, საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუძაბუნდეს!
4215
4216 მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას ვეჭვდე ლხენასა?
4217 თავსა მოვიკლავ, მე თუმცა შენგან არ ვეჭვდი წყენასა,
4218 მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არსიცოცხლისა სმენასა,
4219 მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა!“
4220
4221 იტყვის: „ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,
4222 ერთარსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად,
4223 ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად,
4224 ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!
4225
4226 ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი,
4227 შენ მიშველე რა ტყვექმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი!
4228 ბროლ-ბალახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი;
4229 მაშინ ვერ გავსძლე სიახლე, აწ სიშორესა ვინანი“.
4230
4231 ამას მოსთქმიდის, იწოდის, ვითა სანთელი დნებოდის,
4232 დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის;
4233 რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსლვა ეამებოდის,
4234 მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის.
4235
4236 მთვარესა ეტყვის: „იფიცე სახელი ღმრთისა შენისა!
4237 შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა,
4238 შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა,
4239 მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ მშვენისა!“
4240
4241 ღამე ალხენდის, დღე სჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა;
4242 რა წყალი ნახის, გარდახდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა,
4243 მას თანართვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა,
4244 კვლა გაემართის, ისწრაფდის წავლასა მისვე გზისასა.
4245
4246 მარტო მოსთქმიდის, ტიროდის ტანად ალვისა ხიანი,
4247 მინდორს თხა მოკლის, სადაცა ადგილი დახვდის კლდიანი,
4248 შეწვის, ჭამის და წავიდის პირმზე, გულმარიხიანი,
4249 იტყვის: „დავყარენ ვარდნი და, აჰა მე, ვაგლახ, იანი!“
4250
4251 აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა,
4252 რას უბნობდის, რას მოსთქმიდის, რას ტურფასა, რაზომგვარსა.
4253 ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა, ბრჭლითა ნახოკარსა.
4254 ქვაბნი ნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა.
4255
4256 რა ასმათმან დაინახა, მოეგება, ცრემლი სწვთების,
4257 ვით ეამა, სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიხვდების;
4258 ყმა გარდახდა, მოეხვია, აკოცებს და ეუბნების.
4259 კაცი კაცსა მოელოდეს, მოსლვა დია ეამების.
4260
4261 ყმა ქალსა ეტყვის: „პატრონი, ნეტარ, სად არის და ვითა?“
4262 ქალი ატირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა,
4263 იტყვის: „რა წახვე, გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა;
4264 აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით, არ ამბავითა“.
4265
4266 ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა;
4267 ქალსა ეტყვის: „აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა!
4268 იგი ფიცი ვით გატეხა! არ ვეცრუე, ვით მეცრუა!
4269 ვერ იქმოდა, რად მიქადა? თუ მიქადა, რად მიტყუა?!
4270
4271 მე უმისოდ სოფელს ყოფა რათგან ჩირად არ მიღირდა,
4272 რად დავვიწყდი, რად მივსცილდი, რად ვერ გასძლო, რა მისჭირდა?
4273 მან გატეხა ზენარისა რად შემართა, ვით გაპირდა?
4274 მაგრა ავი ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა!“
4275
4276 კვლა ქალი ეტყვის: „მართალ ხარ მაგისსა დამძიმებასა,
4277 მაგრა, რა გავბრჭო მართალი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა;
4278 არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა?
4279 იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა.
4280
4281 გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან:
4282 რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან;
4283 უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.
4284 შენ არ გინახვან, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან.
4285
4286 შენ უმართლე ხარ, ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა,
4287 მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა, ვითა გიამბო ცნობილსა!
4288 ენა დაშვრების, გაცვთების, გულსა შეელმის ლმობილსა,
4289 ამას მით ვაზრობ, მინახავს მე, უბედურსა შობილსა.
4290
4291 ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბვად სმენია:
4292 არა თუ კაცთა, სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია,
4293 დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია;
4294 თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია.
4295
4296 მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა, ცეცხლმოდებულსა:
4297 «მოვიდეს, რა ქმნას ავთანდილ? მისსა დამვედრე დებულსა».
4298 მიბრძანა: «მო-ღა-მნახვიდეს მე, მისთვის გაცუდებულსა,
4299 ამათ არ დავჰყრი არეთა, არ გავსტეხ მას ქადებულსა.
4300
4301 მას ზენაარსსა არ გავსტეხ, მას ფიცსა არ ვეცრუები,
4302 მას პაემნამდის მოვიცდი, რაზომცა გამდის რუები;
4303 თუ მკვდარი მნახოს, დამმარხოს, თქვას ვაგლახი და უები,
4304 ცოცხალი დავხვდე, უკვირდეს, სიცოცხლე არს სათუები».
4305
4306 ჩემთვის გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა;
4307 ოდენ მოდენა ცრემლისა მჭირს, ველთა მოსალბე დისა.
4308 მსჯის გამრავლება ხელქმნილსა სულთქმისა ზედაზედისა.
4309 დავვიწყებივარ სიკვდილსა, ნახეთ ნაქმარი ბედისა!
4310
4311 ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია:
4312 «ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია».
4313 აწ ზაფრანია, ვის წინას ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია;
4314 თუღა მონახავ, მონახე, ქმენ, რაცა შენი ფერია“.
4315
4316 ყმამან უთხრა: „უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად,
4317 მაგრა გაბრჭე, რა მიქნია სამსახური ტყვესა ტყვისად:
4318 გამოჭრილ ვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად,
4319 მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები, ველთა ვვლი სად.
4320
4321 ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალისფერსა სცვენ და ჰბურვენ,
4322 მას მოვშორდი, ვერ ვიახლენ, ვერ ვისურვენ, ვერ ვასურვენ,
4323 გამოპარვით წამოსლვითა ღმრთისა სწორნი მოვიმდურვენ,
4324 ნაცვლად მათთა წყალობათა მათნი გულნი შევაურვენ.
4325
4326 პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმრთისაგან დიდად ცხოველი,
4327 მშობლური, ტკბილი, მოწყალე, ცა წყალობისა მთოველი,
4328 მას უორგულე, წამოვე, მართ დავივიწყე ყოველი,
4329 მისი შემცოდე ღმრთისაგან კარგსა აღარას მოველი.
4330
4331 ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო, ბედითა მისითა,
4332 არა უტყუე, მოსრულ ვარ მგზავრი ღამით და დღისითა;
4333 აწ იგი სადმე წასრულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა,
4334 ცუდმაშვრალი და მტირალი ქვე ვზი პირითა მქისითა.
4335
4336 დაო, მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო,
4337 არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა გავადადრო;
4338 წავალ, ვძებნი, ანუ ვჰპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო,
4339 თვარა, ბედი აზომ თურე მიკვეთს, ღმერთსა რაღა ვჰკადრო!“
4340
4341 ამის მეტი აღარა თქვა, ატირდა და წამოვიდა,
4342 ქვაბი ჩავლო, წყალსა გახდა, შამბი გავლო, ველს გავიდა;
4343 ქარი, ველთა მონაქროლი, ლალისფერსა ვარდსა ზრვიდა;
4344 „რად მიმეცო ამა ჭირსა?“, ბედსა ამას უზრახვიდა.
4345
4346 იტყვის: „ღმერთო, რა შეგცოდე შენ, უფალსა, არსთა მხედსა,
4347 რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა?
4348 ერთი ორთა მგონებელი ვარ საქმესა წასაწყმედსა,
4349 მოვკვდე, თავი არ მეწყალვის, ჩემი სისხლი ჩემსა ქედსა!
4350
4351 მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა,
4352 იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა;
4353 მას თუ გამყრი, საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა,
4354 სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა, გაბასრულა“.
4355
4356 კვლა იტყვის: „მიკვირს ნავღელი კაცისა ჭკუიანისა,
4357 რა მჭმუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა?
4358 სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა,
4359 აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამტანისა“.
4360
4361 ყმა გაემართა საძებრად მტირალი, ცრემლთა მფრქვეველი,
4362 ეძებს, უზახის, უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი;
4363 სამ დღემდის მოვლო მრავალი ხევი, შამბნარი, ტყე-ველი;
4364 ვერ პოვა, მივა მჭმუნვარე, ვერას ამბვისა მცნეველი.
4365
4366 იტყვის: „ღმერთო, რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე?
4367 რად შემასწარ ამა ბედსა, რა სასჯელი მომივლინე!
4368 გამკითხველო, გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე,
4369 დაამოკლენ დღენი ჩემნი, ჭირი ამით გამილხინე!“
4370 პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა
4371
4372 მივიდოდა, მიუბნობდა ყმა მტირალი, ფერშეცვლილი,
4373 ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან-ჩრდილი;
4374 ნახა, შავი შამბთა პირსა დგა სადავეუკუყრილი;
4375 თქვა: „უცილოდ იგიაო, არა უნდა ამას ცილი“.
4376
4377 რა შეხედნა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათდა,
4378 აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა, არ უათდა;
4379 ვარდმან ფერი გაანათლა, ბროლი ბროლდა, სათი სათდა,
4380 ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა.
4381
4382 რა ტარიელ დაინახა, განაღამცა დაეღრიჯა:
4383 ახლოს მყოფი სიკვდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა,
4384 საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა,
4385 მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა.
4386
4387 ერთკერძ უც ლომი მოკლული და ხრმალი სისხლმოცხებული,
4388 კვლა სხვაგნით – ვეფხი უსულო, მკვდარი, ქვედანარცხებული;
4389 მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული.
4390 მუნ აგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე, ცხებული.
4391
4392 თვალთა ახმადცა ზარედვა, სრულად მიჰხდოდა ცნობასა,
4393 მიახლებოდა სიკვდილსა, მოშორვებოდა თმობასა.
4394 ყმა სახელდებით უყივის, ლამის სიტყვითა კრთობასა,
4395 ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა!
4396
4397 ხელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა,
4398 ახლოს უზის და უზახის მართ სახელდებით სახელსა;
4399 ეტყვის: „ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა?“
4400 მას არა დია შეესმის რეტსა, თვალდაუფახელსა.
4401
4402 ესე ყველაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა.
4403 ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტადრე მოაცნობილა.
4404 მაშინღა იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა.
4405 ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრი არვინ შობილა!
4406
4407 უთხრა: „ძმაო, არ გიტყუე, გიყავ, რაცა შემოგფიცე,
4408 გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე;
4409 აწ დამეხსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე.
4410 მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთა საჭმლად არ მივიცე“.
4411
4412 ყმამან უთხრა: „რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქ ავსა?
4413 ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა?
4414 ვის უქნია შენი მსგავსი სხვასა კაცთა ნათესავსა?
4415 რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა?
4416
4417 თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა:
4418 ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა,
4419 ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა.
4420 თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.
4421
4422 ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ,
4423 მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ, რას წადილსა აისრულებ?
4424 ვისთვის ჰკვდები, ვერ მიხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ,
4425 თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ?
4426
4427 ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან?
4428 ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან?
4429 მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან?
4430 არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!
4431
4432 ვარდსა ჰკითხეს: «ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად?
4433 მიკვირს, რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რად არს ჭირად».
4434 მან თქვა: «ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად;
4435 ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად».
4436
4437 რათგან ვარდი ამას იტყვის, უსულო და უასაკო,
4438 მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო?
4439 უბოროტო ვის ასმია რაცა კარგი საეშმაკო,
4440 რად ემდურვი საწუთროსა, რა უქნია უარაკო?!
4441
4442 ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე, წავიდეთ ნებასა,
4443 ნუ მიჰყოლიხარ თავისსა თათბირსა, გაგონებასა,
4444 რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა;
4445 ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, რად მეჭვ რასაცა თნებასა!“
4446
4447 მან უთხრა: „ძმაო, რა გითხრა, ძრვაცა არ ძალმიც ენისა,
4448 ძალი არა მაქვს ხელქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა;
4449 რად ადვილად გიჩს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა?
4450 აწ მივსწურვივარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა.
4451
4452 ამას მოკვდავი ვილოცავ, არ ოდეს ვითხოვ, არ, ენით:
4453 აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით,
4454 მუნ ერთმანერთი კვლა ვნახეთ, კვლა რამე გავიხარენით;
4455 მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით!
4456
4457 საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიროს!
4458 მისკენ მივალ მხიარული, მერმე მანცა ჩემ კერძ იროს,
4459 მივეგებვი, მომეგებოს, ამიტირდეს, ამატიროს.
4460 ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს!
4461
4462 მართ გარდაწყვედით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა:
4463 სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსაღა დავჰყოფ მცირასა;
4464 არ ცოცხალ ვიყო, რას მაქნევ? რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა?
4465 დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევრთვივარ სულთა სირასა.
4466
4467 რა სთქვი, რას იტყვი, არ მესმის, არცა მცალს სმენად ამისად,
4468 სიკვდილი მახლავს ხელქმნილსა, სიცოცხლე არის წამისად;
4469 აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად,
4470 მუნ მეცა მივალ, ცრემლისა, მიწად, სად გამდის ლამი, სად.
4471
4472 ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი, ხელი ვითა იქს ბრძნობასა!
4473 ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა;
4474 ვარდი ვერ არის უმზეოდ; იყოს, დაიწყებს ჭნობასა;
4475 მაწყენ, დამეხსენ, არა მცალს, არცაღა ვახლავ თმობასა“.
4476
4477 კვლა ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალფერითა,
4478 ეტყვის: „რა მოჰკვდე, გერგების სიტყვითა რა ოხერითა?
4479 ნუ იქ, არა სჯობს, საქმითა ნუ ხარ თავისა მტერითა!“
4480 ვერ წაიყვანა, ვერა ქმნა სიტყვითა, ვერა, ვერითა.
4481
4482 მერმე უთხრა: „აჰა, რათგან არ მომისმენ არას, არა,
4483 აღარ გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცთარა;
4484 თუ სიკვდილი გიჯობს, მოკვე, ვარდი დაჭნეს, და-ცა-მჭნარა!
4485 ერთსა რასმე გეაჯები, მიყავ!“ – ცრემლი ამდუღარა.
4486
4487 „სადა ინდონი ბროლ-ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა,
4488 მას მოვეშორვე, წამოვე სიჩქარით, არ სიწყნარითა;
4489 ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა,
4490 შენ არ შემიყრი, გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა?
4491
4492 ნუ გამგზავნი გულმოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი,
4493 ერთხელ შეჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთამხდელი,
4494 ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი;
4495 მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქმნას შენი საქადელი!“
4496
4497 ეხვეწებოდა: „შეჯეო“, აჯას ხვეწნითა არვებდა,
4498 იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა.
4499 ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა,
4500 დაიმორჩილა, ეამა, არ ივაგლახა, არ ვებდა.
4501
4502 ცხადად უთხრა: „შევჯდებიო, მომიყვანე ცხენი წინა“.
4503 მან მოჰგვარა, წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა;
4504 მინდორთაკენ წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა;
4505 ხანი წავლეს, სიარულმან მოჯობება დააჩინა.
4506
4507 შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა,
4508 მისთვის სძრვიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწისფერთა,
4509 მისი სმენა გააყმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა;
4510 მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა.
4511
4512 რა შეატყო მოჯობება მან, სევდისა მუფარახმან,
4513 გაანათლა პირი ვარდი სიხარულმან დაუსახმან,
4514 ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრვა-ახმან,
4515 ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან.
4516
4517 შე-რასმე-ჰყვეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არმალული:
4518 „ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული:
4519 ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული,
4520 რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს? თქვი, დავიღო მერმე სული“.
4521
4522 მან უთხრა: „სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა!
4523 ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა,
4524 მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა.
4525 არსასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა“.
4526
4527 ავთანდილ უთხრა: „ვლამოდი მართ მაგისსავე თქმევასა;
4528 აწ რათგან გითქვამს, პასუხსა გკადრე და ნუ მეჭვ თნევასა:
4529 სჯობს ასმათისა არლევა მაგა სამხრისა ლევასა,
4530 ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა.
4531
4532 სამხრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი,
4533 უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი, ცნობილი;
4534 აღარად გინდა ასმათი – ნახე მართალი ბრჭობილი! –
4535 პირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი, თვით მერმე შენი დობილი.
4536
4537 თქვენ შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა,
4538 თქვენი შემყრელი, მსახური, შენგან ღირსქმნილი ხმობისა,
4539 მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთვის მიხდილი ცნობისა,
4540 გლახ, დაგიგდია, არ ნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა!“
4541
4542 მან უბრძანა: „რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტისმეტად:
4543 საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად;
4544 მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად,
4545 რათგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერთცა რეტად“.
4546
4547 დამორჩილდა. გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი.
4548 ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი:
4549 კბილნი – ვითა მარგალიტნი, ბაგე – ვარდი ნაპობარი.
4550 გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.
4551
4552 ამას ეტყვის: „შენთვის დავსდებ გონებასა, სულსა, გულსა,
4553 მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა;
4554 არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა:
4555 არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?
4556
4557 არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების!
4558 არ თუ იცი, უგანგებოდ არათ კაცი არ მოკვდების;
4559 მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების.
4560 ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების“.
4561
4562 მოახსენა: „ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს, –
4563 გონიერთა მწვრთელი უყვარს, უგუნურთა გულსა ჰგმირდეს, –
4564 მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავსძლო, მეტისმეტი რა მიმჭირდეს!
4565 შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს?
4566
4567 ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების,
4568 მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, და-ცა-შრტების;
4569 რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების,
4570 თავიდაღმა რად არ იცი, გული ჩემი რაგვარ დნების!“
4571 მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცისა
4572
4573 რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა,
4574 მერმეღა გაბრჭე მართალი მაგა გულითა ბრძენითა;
4575 შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა,
4576 ქვაბს ვეღარ გავსძლე მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა.
4577
4578 იმა ქედსა გარდავადეგ, შამბნი ისი მომეარნეს;
4579 ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთად შეიყარნეს,
4580 ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს,
4581 მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.
4582
4583 პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს:
4584 თითო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დარიდნეს;
4585 გამორიდა ვეფხმან გული, – დედათამცა განა რიდნეს! –
4586 ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.
4587
4588 ლომსა დაუგმე ნაქმარი, ვარქვი: «არა ხარ ცნობასა,
4589 შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!»
4590 ხრმალგამოწვდილი გაუხე, მივეც ლახვართა სობასა,
4591 თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა.
4592
4593 ხრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა;
4594 მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა;
4595 მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა,
4596 ვეღარ გაუძლე, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.
4597
4598 რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე,
4599 გავგულისდი, მოვიქნიე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე;
4600 მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე;
4601 სულნი სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს, თუ ცრემლსა ვღვრიდე!
4602
4603 აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა;
4604 სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რას გიკვირდა!
4605 სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა“.
4606 ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულთქვნა, ა-ცა-ტირდა.
4607
4608 ავთანდილცა მას თანავე ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა;
4609 უთხრა: „დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი, და-!
4610 ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა;
4611 თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა.
4612
4613 სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანავღლებს,
4614 მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს;
4615 მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს,
4616 გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს“.
4617 აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა
4618
4619 იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს;
4620 რა ასმათმან დაინახა, განაღამცა გაეხარნეს!
4621 მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს,
4622 აკოცეს და ა-ცა-ტირდეს, კვლა ცნობანი ააჩქარნეს.
4623
4624 ასმათ თქვა: „ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა,
4625 შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა;
4626 გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არსაქებელო სმენითა!
4627 დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!“
4628
4629 ტარიელ ეტყვის: „ჰე, დაო, მით ცრემლი აქა მდინია,
4630 საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია,
4631 ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია.
4632 ვაჲ შენი ბრალი, დავ, თვარა სიკვდილი ჩემი ლხინია!
4633
4634 სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი?
4635 მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი!
4636 უწყალობა ჰკლავს, წყალი სდის, აროდეს არ გახმობილი!
4637 ვაჲ, წახდა ვარდი პობილი, ვაჲ, მარგალიტი წყობილი!“
4638
4639 ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი;
4640 იტყვის: ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი?
4641 შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი,
4642 გითხრამცა ვინ, რა მჭირს, ანუ რა ცეცხლი მწვავს, რაგვარ ცხელი!
4643
4644 ვარდი ამას ვით იაზრებს: მზე მომშორდეს, არ დავჭნეო,
4645 ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო?
4646 გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო,
4647 ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო“.
4648
4649 სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა;
4650 ასმათი შეჰყვა, შევიდა, ცეცხლი მათებრვე ჰგზებოდა,
4651 დაუგო ტყავი ვეფხისა, რომელ კვლა მიწყივ ჰგებოდა;
4652 ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა.
4653
4654 წვადი შეიწვეს, შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა,
4655 მუნ უპურობა – პურობა, არ სიდიადე ჯამისა,
4656 მას შეეხვეწნეს: „ჭამეო“, ძალი არ ჰქონდა ჭამისა,
4657 გასცოხნის, ლუკმა გასტყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.
4658
4659 ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს!
4660 მან გაუგონოს, რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს,
4661 ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს.
4662 დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.
4663
4664 მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი, იგი გმირნი,
4665 იუბნეს და გააცხადნეს თავის-თავის მათნი ჭირნი.
4666 რა გათენდა, კვლა დაიწყეს საუბარნი სიტყვახშირნი;
4667 ერთმანერთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი.
4668
4669 ტარიელ ეტყვის: „რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა?
4670 რაცა შენ ჩემთვის გიქნია, ღმერთი მზღველია ვალისა;
4671 კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა,
4672 არ დაივიწყე მოყვრობა მოყვრისა წამავალისა.
4673
4674 აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ კვლა წვითა უცხელესითა;
4675 მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა,
4676 ვერ დამშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა.
4677 წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სით-ა.
4678
4679 ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად,
4680 ვისცა გესმის გაიგონეთ, მით გაჭრილ ვარ ხელი ველად.
4681 რაცა მართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად,
4682 აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად“.
4683
4684 ავთანდილ ეტყვის: „რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა?
4685 შენვე სთქვი, ეგე სიტყვაა კაცისა ბრძნად სწავლულისა?!
4686 ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება წყლულისა?
4687 იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!
4688
4689 ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით,
4690 აღარ შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქმნა ცრემლთა დადენით!
4691 სდევს ფათერაკი მიჯნურსა, გასჭვრიტეთ, გაიცადენით,
4692 თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს, მე სულნი ამომხადენით!
4693
4694 ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს, რაცა ჭირია!
4695 ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია!
4696 ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია,
4697 რასცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, უწვრთელი ვირია.
4698
4699 თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად;
4700 ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენ წინაშე წამოსავლად,
4701 მოვახსენე: «რათგან ჩემი შეუქმნია გული ავლად,
4702 არას ვარგებ, არ დავდგები, სხვა ვიუბნო რაღა მრავლად?»
4703
4704 მან მიბრძანა: «მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად,
4705 შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად».
4706 მისით კითხვით წამოსრულ ვარ, არ მთრვალურად, არ მახმურად,
4707 აწ შევიქცე, რა უამბო, რად მოვეო ჯაბანხრდლურად?
4708
4709 მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი:
4710 მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი;
4711 ვერას ვერა იქს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი.
4712 შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!
4713
4714 სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა,
4715 გწადდეს – გულითა ბრძენითა, გწადდეს – ცნობითა შმაგითა,
4716 მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა,
4717 ოდენ გამაგრდი, არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.
4718
4719 ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მსგეფსსა
4720 აქავ ქვაბსა მომნახევდი მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა;
4721 ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდიეფსა,
4722 ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითარცა ძაღლი ყეფსა.
4723
4724 ამა დროსა გარდავსცილდე, აქავ ქვაბსა არ მოვიდე,
4725 ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვე კიდე;
4726 ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე,
4727 მაშინ გწადდეს – იხარებდი, გწადდეს – ჭმუნვა გაადიდე.
4728
4729 აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი!
4730 მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი;
4731 არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი,
4732 არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი“.
4733
4734 მან უბრძანა: „აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამეტადდეს,
4735 არ მომისმენ, რაზომიცა საუბარი მიდიადდეს;
4736 თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს,
4737 ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს.
4738
4739 არ დაიჯერო, მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა;
4740 ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა;
4741 შენ რაცა გითქვამს, მაგას ვიქ, მრჯის რაზომ გინდა ხელობა,
4742 უშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა, არ დია დღეთა გრძელობა!“
4743
4744 საუბარი გარდასწყვიდეს, დააპირეს ესე პირი;
4745 ცხენსა შესხდეს, მოიარეს, თითო მოკლეს ველს ნადირი;
4746 შემოიქცეს, აატირეს გული, კვლაცა ანატირი,
4747 ხვალ გაყრისა გონებამან სხვა უმატა ჭირსა ჭირი.
4748
4749 ლექსთა მკითხველო, შენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია!
4750 გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?!
4751 მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკლველია,
4752 ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე რაგვარ ძნელია!
4753
4754 დილა გათენდა, შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს,
4755 ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს;
4756 სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს,
4757 მათ ლომთა, მიწყივ მხეცქმნილთა, თავნი მხეცთავე ალამნეს.
4758
4759 ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი,
4760 ასმათ ტირს, მოსთქვამს: „ჰე, ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი!
4761 მზემან დაგწვნა და გაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი,
4762 ვაჲ, ჭირნი ჩემნი ეზომნი, ვაჲ, სიცოცხლისა თმენანი!“
4763
4764 მათ ყმათა, მუნით წასრულთა, იგი დღე ერთგან იარეს,
4765 ზღვის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს,
4766 არ გაიყარნეს მას ღამე, კვლა ცეცხლი გაიზიარეს,
4767 ერთმანერთისა შორს ყოფა იტირეს, იმგლოვიარეს.
4768
4769 ტარიელს ეტყვის ავთანდილ, რუ გახმა ცრემლთა დენისა:
4770 „რად მოიშორვე შენ ფრიდონ, მომცემი მაგა ცხენისა?
4771 მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა,
4772 აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმადფიცისა შენისა“.
4773
4774 ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა,
4775 მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა:
4776 „აღმოსავლითკენ წადიო, პირსა იარე ზღვისასა,
4777 თუ ნახო, ჩემი უამბვე, გკითხავს ამბავსა ძმისასა“.
4778
4779 თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა,
4780 სვეს და ჭამეს, რაცა ჭამა შეჰფერობდა მათსა ჭირსა;
4781 მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა.
4782 ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა.
4783
4784 ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვინეს;
4785 მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს, ვინცა მოისმინეს;
4786 თვალთათ, ვითა წყაროს თვალი, ცრემლი ველთა მოადინეს,
4787 დიდხან დგანან შეჭედილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს.
4788
4789 გაიყარნეს ტირილით და პირსა ხოკით, თმათა გლეჯით,
4790 ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით;
4791 ვირე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით.
4792 იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მისით ღრეჯით.
4793 წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა
4794
4795 ვაჲ, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!
4796 ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
4797 სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა?!
4798 მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.
4799
4800 ავთანდილ მისი გაყრილი ტირს, მისწვთომია ხმა ცამდის,
4801 იტყვის, თუ: „ღვარი სისხლისა კვლაცა მდენია, კვლაცა მდის;
4802 აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა და-ც-ამდის.
4803 კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის“.
4804
4805 ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს სისხლითა მუნ ნატირითა;
4806 ვერ დაივსებდა სახმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა;
4807 კვლა თინათინის გონება ავსებს უფრორე ჭირითა;
4808 ბაგეთათ ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა.
4809
4810 ვარდი ჭნებოდა, ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა;
4811 ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა;
4812 გამაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდა;
4813 იტყვის, თუ: „ბნელი რას მიკვირს, რათგან დამაგდე, მზეო, და-!“
4814
4815 მზესა ეტყვის: „მზეო, გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად,
4816 შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქვენ ანათობთ მთად და ბარად;
4817 ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭვრეტ არდამცთარად,
4818 მაგრა ჩემი რად დააგდე გული ცივად, გაუმთბარად?
4819
4820 თუ ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს,
4821 მე, გლახ, ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს?
4822 მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ იტკივნებს;
4823 წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს ანუ გაამსივნებს“.
4824
4825 მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა:
4826 „აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა,
4827 ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა,
4828 მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!
4829
4830 მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა,
4831 გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა,
4832 შემომყარე კაეშნისა ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა,
4833 მას უთხარ, თუ: «ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა».
4834
4835 ჰე, მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა, ბრჭესა ღმრთულსა,
4836 მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა;
4837 ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა!
4838 მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?
4839
4840 მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა,
4841 შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა,
4842 მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა!
4843 რაგვარ გასრულ ვარ, შენ იცი, გული აღარას ლხენით-ა.
4844
4845 მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა,
4846 ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა;
4847 შენ დააშვებენ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა,
4848 ვისმე ჩემებრსა დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა.
4849
4850 ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა:
4851 მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა;
4852 დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა,
4853 კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა, წვრილსა ვითა თმასა.
4854
4855 მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები,
4856 მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები;
4857 მას უამბვენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს, ანუ რაგვარ ვბნდები,
4858 მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები.
4859
4860 აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან:
4861 მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან,
4862 მთვარე, ასპიროზ, მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან,
4863 მას გააგონნენ, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან“.
4864
4865 აწ გულსა ეტყვის: „ვითამცა გდის, ცრემლი არ გაგხმობია,
4866 რას გარგებს მოკლვა თავისა? ეშმა ძმად თურე გძმობია;
4867 მეც ვიცი, ჩემსა ხელმქნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია,
4868 მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!
4869
4870 თუ დავრჩეო, ესე მიჯობს, – სიცოცხლისა იტყვის თუსა, –
4871 ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა“.
4872 მიიმღერის ხმასა ტკბილსა, არ დასწყვედდის ცრემლთა რუსა,
4873 მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა.
4874
4875 რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან,
4876 მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,
4877 ისმენდიან, გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან;
4878 იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან.
4879 ავთანდილისაგან ფრიდონისას მისლვა, ტარიელს რომ გაეყარა
4880
4881 ყმა მტირალი სამოცდათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა;
4882 შორით ნახა, მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა;
4883 მოიცადნა, ჰკითხა: „ვინ ხართ, თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა,
4884 ეს სამეფო ვისი არის, ან მორჩილობს ვისსა ხმასა?“
4885
4886 მათ მოახსენეს: „ტურფაო სახით და ანაგებითა,
4887 გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა;
4888 აქამდის ზღვარი თურქთაა, მოზღვრე ფრიდონის ზღვრებითა;
4889 ჩვენცა ვისნი ვართ, გიამბობთ, თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა.
4890
4891 ნურადინ-ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა,
4892 მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხლტომი ცხენისა;
4893 ვნება არავის არ ძალუც მის მზისა ოდნად მშვენისა,
4894 იგია ჩვენი პატრონი, მსგავსი ცით შუქთა მფენისა“.
4895
4896 ყმამან უთხრა: „ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე;
4897 მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ, თუ სით წავიდე,
4898 რა ვიარო, ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე?“
4899 მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს გზამდის კიდე.
4900
4901 მოახსენეს: „ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი,
4902 მუნ დაგხვდების მეფე ჩვენი მშვილდფიცხელი, მახვილხრმალი;
4903 აქადაღმა ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო, ფერად ლალი;
4904 ვაჲ, რად დაგვწვენ, უცხოსუცხო რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი!“
4905
4906 ყმამან უთხრა: „მიკვირს, ძმანო, რად ხართ ჩემთვის გულმოკლულნი,
4907 ანუ ეგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერნაკლულნი!
4908 თქვენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვსხედით, არ საპყრულნი!
4909 ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი“.
4910
4911 იგი წავიდეს; დაბრუნდა ყმა გზასა თავისწინასა,
4912 ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გული – რკინასა;
4913 მიაცორვებს და მიუბნობს, მოსთქვამს მისსავე ლხინასა,
4914 ნარგისნი ქუხან, ცრემლსა სწვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა.
4915
4916 ვინცა გზას ნახნის, უცხონი, მსახურებდიან, ჰყმობდიან,
4917 მოეხვივნიან საჭვრეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან,
4918 ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან,
4919 გზის ყოლაუზი მისციან, ჰკითხის რა, უამბობდიან.
4920
4921 მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა;
4922 მინდორს ნახა სპა, ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა,
4923 ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა,
4924 ისრიან და იზახიან, მხეცსა სჭრიან ვითა მჭელსა.
4925
4926 კაცი ემთხვია; მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა,
4927 უბრძანა: „ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა?“
4928 მან უთხრა: „ფრიდონ ხელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა,
4929 იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ-შამბნარისა“.
4930
4931 მათ ლაშქართაკენ წავიდა მით უსახოთა ქცევითა,
4932 გამხიარულდა; შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა!
4933 მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა,
4934 ნახვა მჭვრეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს რხევითა.
4935
4936 მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა;
4937 ყმამან ცხენი შეუტევა, გაამაყდა, არ შეშინდა,
4938 შესტყორცა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა.
4939 გარდახდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შეჯდა, არ აქშინდა.
4940
4941 იგი რა ნახეს, მესროლნი სროლასა მოეშლებოდეს,
4942 ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს, ბნდებოდეს,
4943 იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს,
4944 ვერცა ჰკადრებდეს, „ვინ ხარო“, ვერცა რას ეუბნებოდეს.
4945
4946 მინდორსა შუა გორი დგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა;
4947 ღირსი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ხლებოდა;
4948 მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყვებოდა.
4949 ფრიდონს უკვირდა, „რა ქმნესო“, მისთა სპათათვის წყრებოდა.
4950
4951 ფრიდონ მონა გამოგზავნა: „წა, ნახენო ისი სპანი,
4952 რა ქმნეს, ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი?“
4953 მონა ფიცხლა მოეგება, ნახა სარო მორჩი – ტანი,
4954 დადგა, თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი.
4955
4956 ავთანდილ ცნა, თუ: „ისია მოამბვედ ჩემად რებული“.
4957 უთხრა: „არქვი შენს პატრონსა ეს ჩემი დავედრებული:
4958 ვარ უცხო ვინმე ღარიბი, საყოფთა მოშორვებული,
4959 ძმადფიცი ტარიელისი, თქვენს წინა მომგზავრებული“.
4960
4961 მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამვბისა მისისად,
4962 უთხრა: „მზე ვნახე მოსრული, ჩანს მანათობლად დღისისად;
4963 ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად;
4964 «ვარო ძმა ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად».
4965
4966 რა „ტარიელ“ მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა,
4967 თვალთათ ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა,
4968 მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა;
4969 შეიყარნეს, ერთმანერთი მათგან იქო, არ გაუქდა.
4970
4971 ფიცხლა იგი ქედი ჩავლო, ჩაეგება ფრიდონ წინა;
4972 რა შეხედნა, მან ესე თქვა: „თუ არ მზეო, ისი ვინ-ა?“
4973 მას მეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა;
4974 ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქვევინა.
4975
4976 მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდონ;
4977 თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ;
4978 რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ,
4979 მომკალ, ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა, ანუ ყიდონ.
4980
4981 ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა ვით, ვინ, ეგებიან!
4982 მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტნი არ მიხვდებიან;
4983 მზე უჩინოიქს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან,
4984 დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან.
4985
4986 ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა.
4987 დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სვრასა;
4988 ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქით-აქათ იქმან ჯრასა,
4989 თქვეს: „ასეთი ხორციელი შეუქმნია, ნეტარ, რასა?“
4990
4991 ყმა ფრიდონს ეტყვის: „ისწრაფვი, ვიცი, ამბვისა თხრობასა,
4992 გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, ვინათგან ლამი ცნობასა,
4993 ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა,
4994 იგი ძმად მიხმობს, ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა.
4995
4996 მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით,
4997 დიდი სპასპეტი, სახელად მიხმობენ ავთანდილობით,
4998 ძე დიდებულთა დიდგვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით,
4999 საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით.
5000
5001 დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა;
5002 მინდორს ვნახეთ ტარიელი, ცრემლთა ღვრიდა, ველთა რწყვიდა,
5003 გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა,
5004 ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა.
5005
5006 მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და წყრებოდა;
5007 მან უჭირველად დახოცნა, ომი არ მისჭირდებოდა,
5008 ზოგსა მხარ-თეძო დალეწა და ზოგსა სული ჰხდებოდა;
5009 მუნღა ცნეს, ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა.
5010
5011 მათ სპათაგან ვერშეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა,
5012 თვით შესხდეს და შეუტევეს ამაყთა და არას მკრთალთა.
5013 რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა,
5014 ცხენსა მისცნა სადევენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.
5015
5016 ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა.
5017 მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა.
5018 მე ვეღარ გავსძლე მისისა ამბვისა არდასტურობა,
5019 გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლი და მურობა.
5020
5021 იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი.
5022 მათ მასწავლეს, ხატაელნი ვნახენ მისგან დაკოდილი;
5023 ვპოვე ვარდი მოყვითანე, შუქმკრალი და ფერმიხდილი,
5024 შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი.
5025
5026 ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გამესისხლებია;
5027 მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია;
5028 მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არახალ-არახლებია,
5029 ვაჲ მართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ხლებია.
5030
5031 ქალი მარტო ქვაბსა შიგან ზის მტირალი, ცრემლნაწთომი;
5032 ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი,
5033 მიართვამს და აგრე არჩენს იგი ერთგან ვერდამდგომი,
5034 მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი.
5035
5036 მე, უცხოს, უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა,
5037 მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა.
5038 რა ჭირნი დასთმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა,
5039 ჰკლავს სურვილი და ვერჭვრეტა მისისა დამმარხველისა.
5040
5041 ვითა მთვარე დაუდგომლად იარების, არ დადგების;
5042 მასვე ცხენსა შენეულსა ზის, აროდეს გარდახდების;
5043 არას ნახავს პირმეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების.
5044 ვაჲ მე, მისსა მგონებელსა, ვაჲ მას, ვინცა მისთვის კვდების!
5045
5046 მის ყმისა ცეცხლი მედების, დამწვა ცეცხლითა ცხელითა,
5047 შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა;
5048 მომინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა;
5049 შევიქეც, ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა.
5050
5051 დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა.
5052 დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იზახიან მუნ ვასა;
5053 გამოვიპარე, დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა,
5054 აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქ იქით-აქათ ბრუნვასა.
5055
5056 შენი მან მითხრა ამბავი, მისგან ძმობისა შენისა,
5057 აწ მიპოვნიხარ უებრო შენ, საქებელი ენისა;
5058 გამომირჩიე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა,
5059 მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერმჭვრეტთა ამაზრზენისა“.
5060
5061 აწ ფრიდონ იწვის სიტყვითა, მის ყმისა ნაუბარითა;
5062 ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა,
5063 გულამოსკვნილნი გულითა ტირან ვერდამთმობარითა,
5064 მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა რწყვენ ტევრთა საგუბარითა.
5065
5066 ლაშქართა შიგან შეიქმნა ხმა ტირილისა დიდისა,
5067 ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა რიდისა.
5068 ფრიდონ ტირს, მოსთქვამს ხმამაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა:
5069 „უხანობა და სიცრუე, ვაჲ, საწუთროსა ფლიდისა!“
5070
5071 ფრიდონ მოსთქვამს: „რა შეგასხათ, ვერსაქებო, ვერსათქმელო!
5072 ხმელთა მზეო, სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამხმელო,
5073 მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო, სულთა მდგმელო,
5074 ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო!
5075
5076 რა მოგეშორვე, მას აქათ სიცოცხლე მომძულვებია;
5077 თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მომსურვებია;
5078 შენ უჩემობა ლხინად გიჩს, მე დია მიმჭირვებია,
5079 ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია!“
5080
5081 ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა;
5082 სული დაიღეს, დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა.
5083 ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა აერფერითა,
5084 მელნისა ტბათა მიჯარვით ჰბურავს გიშრისა ჭერითა.
5085
5086 ქალაქს შევიდეს, მუნ დახვდა სრა მოკაზმული სრულითა,
5087 სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა;
5088 მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა!
5089 შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულწასრულითა.
5090
5091 შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა, არ ხალვათი:
5092 იქით-აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი;
5093 თვით ორნივე ერთგან დასხდეს; ვითა ვინ თქვას ქება მათი!
5094 ბროლ-ბალახშსა აშვენებდა ზოგან მინა, ზოგან სათი.
5095
5096 დასხდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა,
5097 უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მზახალი მზახალსა,
5098 მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა, ახალ-ახალსა,
5099 მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა, გლახ, ალსა.
5100
5101 მას დღე სვეს, ჭამეს, გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა.
5102 გათენდა, ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა,
5103 შესამოსელი შემოსეს დრაჰკნისა ბევრათასისა,
5104 შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა.
5105
5106 ყმამან დაყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნას ვერა სთმობდა,
5107 ფრიდონს თანა ნადირობას გავიდის და თამაშობდა,
5108 სწორად ჰხოცდა შორს და ახლოს, თუ რას ხელსა მიაპყრობდა,
5109 მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა.
5110
5111 ყმა ფრიდონს ეტყვის: „გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები:
5112 მე შენი გაყრა სიკვდილად მიჩს და მით თავსა ვევნები,
5113 მაგრა არა მცალს დღეკრულსა, ცეცხლი მწვავს მოუთმენები,
5114 გზა გრძელი, საქმე სასწრაფო მიც, დია დავეყენები.
5115
5116 მართალა, შენი გამყრელი თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა,
5117 დღეს წაუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა;
5118 დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქს, თავსა სწვრთიდესა;
5119 სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა“.
5120
5121 ფრიდონ უთხრა: „დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის;
5122 ვიცი, რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის;
5123 წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს, შენი მტერი დაემხობის,
5124 მაგრა თქვი, თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის!
5125
5126 ამას გკადრებ, არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი;
5127 თანა ყმათა წამოგატან, იმსახურენ, იახლენი,
5128 აბჯარი და საგებელი, ერთი ჯორი, ერთი ცხენი.
5129 არ წაიტან, გაირჯები ღაწვი ვარდი, ცრემლთა მდენი“.
5130
5131 მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა,
5132 სრული აბჯარი საკაცო ქაფითა, საბარკულითა,
5133 სამოცი ლიტრა წითელი აწონით არნაკლულითა,
5134 ერთი ტაიჭი უებრო მით უნაგრითა სრულითა.
5135
5136 ერთსა ჯორსა წვივმაგარსა საგებელი აუკიდა;
5137 წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მასთანავე გამოვიდა.
5138 აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი, სწვიდა,
5139 მოსთქვამს: „თუმცა მზე გვეახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა“.
5140
5141 ზარი მის ყმისა წასლვისა გახდა, მიეცნეს წუხილსა,
5142 მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა თუ ხილსა;
5143 ხმა ზახილისა მათისა ჰგვანდა აერთა ქუხილსა.
5144 იტყოდეს: „მზესა მოვშორდით, მო, თვალნი მივსცნეთ წუხილსა!“
5145
5146 ქალაქი გავლეს, მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა,
5147 მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა,
5148 მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა,
5149 ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა:
5150
5151 „აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა,
5152 კბილთეთრი, ბაგებალახში, სახედავითა შავითა;
5153 ცხენი გავქუსლე, გავაგე წაგვრა ხრმლითა და მკლავითა,
5154 შორს მნახეს, ადრე გამექცეს, ნავი მფრინველი ჩნდა ვითა“.
5155
5156 მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი,
5157 აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი,
5158 გაიყარნეს გაუყრელნი ძმადფიცნი და ვითა ძმანი,
5159 ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, შემხედველთა მკლველი ტანი.
5160 წასლვა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა
5161
5162 ყმა მიმავალი მიუბნობს, მსგავსი მთვარისა სრულისა.
5163 არს თინათინის გონება მისად სალხენლად გულისა;
5164 იტყვის: „მოგშორდი, სიცრუე, ვაჲ, საწუთროსა კრულისა!
5165 შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა.
5166
5167 რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირსა სამსალებისა,
5168 რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა?
5169 არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა,
5170 შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა“.
5171
5172 ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა,
5173 წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა,
5174 დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა,
5175 ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა.
5176
5177 სადაცა ნახნის, ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი,
5178 ჰკითხის მის მზისა ამბავი; დღენი ვლნა გაასებულნი.
5179 ქედსა გარდადგა, აქლემნი აუჩნდეს ლარკიდებულნი.
5180 მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს, დაყმუნვებულნი.
5181
5182 მუნ ქარავანი ურიცხვი იდგა მის ზღვისა კიდესა.
5183 შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს, ვერცა ვლიდესა.
5184 ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა,
5185 ჰკითხა, თუ: „ვინ ხართ, ვაჭარნო?“ – მათ საუბარი ჰკიდესა.
5186
5187 უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი.
5188 მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი.
5189 ჰკადრეს: „მზეო, სიცოცხლე და შენ ამოჰხე ჩვენი მლხენი,
5190 ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი“.
5191
5192 გარდახდა. ჰკადრეს: „ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი,
5193 მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისმან მაჭარნი,
5194 ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გამონაჭარნი,
5195 საქონელსრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გვქონან ნაჭარნი.
5196
5197 ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე,
5198 უშველეთ, ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე;
5199 ვკითხეთ, თუ: «ვინ ხარ, ღარიბო, რასა საქმისა მდებარე?»
5200 გვითხრა: «თუ შეხვალთ, დაგხოცენ; კიდე ცოცხალ ვარ მე ბარე?!»
5201
5202 თქვა: «ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა,
5203 ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალფერითა,
5204 მუნ მეკობრეთა დაგვხოცნეს ძელ-სახნისისა წვერითა;
5205 ყველაი წახდა, არ ვიცი, აქა მოსრულ ვარ მე რითა!»
5206
5207 ლომო და მზეო, ესეა მიზეზი აქა დგომისა,
5208 დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი არსაზომისა;
5209 შევიდეთ, ვაჲ თუ დაგვხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა,
5210 ვერცა ვდგათ, ვერცა წასრულ ვართ, ღონე წაგვსლვია რჩომისა“.
5211
5212 ყმამან უთხრა: „ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცთების!
5213 რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცთების;
5214 მე მივინდობ სისხლთა თქვენთა, შემოვისხამ, და-ცა-მწვთების,
5215 ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების“.
5216
5217 მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა,
5218 თქვეს: „ყმა ვინმეა ჭაბუკი, არა ჩვენებრვე რიდითა,
5219 აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა“.
5220 შევიდეს, ჩასხდეს ხომალდსა, გამართეს ზღვისა კიდითა.
5221
5222 სიამოვნისა დარითა იარეს, არ სიძნელითა.
5223 მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა.
5224 გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა,
5225 მას ნავსა ნავთა სალეწლად სახნისი ჰგია ძელითა.
5226
5227 კიოდეს და მოდიოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა;
5228 შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა;
5229 ყმამან უთხრა: „ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა,
5230 ანუ დავჰხოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღეს-ა.
5231
5232 უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი;
5233 განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი;
5234 ვერ დამხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ძმანი.
5235 ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.
5236
5237 თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,
5238 შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი;
5239 მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი!
5240 მეკობრისა ნავისანი სისხლნი ნახნეთ მონაღვარნი“.
5241
5242 ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა.
5243 მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა;
5244 ნავისა თავსა გულითა წადგა შიშშეუვალითა,
5245 ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხრმალითა.
5246
5247 კიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა,
5248 აძგერეს ძელი, რომელსა ზედა სახნისი ჰგებოდა;
5249 ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თურე კრთებოდა,
5250 კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, სხვით არათ არ მოსტყდებოდა.
5251
5252 ძელი მოსტყდა და ავთანდილ დარჩა ნავდაულეწელი;
5253 შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი;
5254 ვეღარ გარდესწრნეს, გარდუხლტა მტერთა მი და მო მლეწელი;
5255 არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი.
5256
5257 მათ ლაშქართა გულუშიშრად ასრე ჰხოცდა, ვითა თხასა;
5258 ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა;
5259 ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა;
5260 დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.
5261
5262 გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა.
5263 ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: „ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!“
5264 არ დახოცნა, დაიმონნა, დარჩომოდა რაცა წყლულსა.
5265 მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქს სიყვარულსა“.
5266
5267 კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი!
5268 არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი!
5269 დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი,
5270 ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი.
5271
5272 მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა,
5273 ნავი ნავსა შეატყუბა, ქარავანსა დაუზახნა.
5274 უსამ ნახა მხიარულმან, – გაეხარნეს, არ იახნა,
5275 ჰკადრა ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა.
5276
5277 ავთანდილის მაქებელთა ათასიმცა ენა ენდა,
5278 ვერცა მათ თქვან, ნაომრობა რაგვარ ტურფად დაუშვენდა;
5279 ქარავანმან იზრიალა, თქვეს: „უფალო, მადლი შენდა!
5280 მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა“.
5281
5282 მოეგებნეს, აკოცებდეს თავსა, პირსა, ფერხთა, ხელსა;
5283 ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა, –
5284 მისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა, –
5285 „შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა“.
5286
5287 ყმამან უთხრა: „მადლი ღმერთსა, შემოქმედსა, არსთა მხადსა,
5288 ვისგან ძალნი ზეციერნი გააგებენ აქა ქმნადსა,
5289 იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა;
5290 ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი ჯერა მოწევნადსა.
5291
5292 ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნია სისხლი თქვენი.
5293 მე, გლახ, რა ვარ? მიწა ცუდი; თავით ჩემით რამცა ვქმენი?
5294 აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულენ, რაცა ვთქვენი;
5295 ნავი სრულად საქონლითა მომიღია, ვითა ძღვენი“.
5296
5297 ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გამარჯვებოდეს,
5298 ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანახლებოდეს,
5299 მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს,
5300 შვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს.
5301
5302 იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს, არ ახვალეს,
5303 მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს!
5304 მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოცალეს;
5305 დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს.
5306
5307 ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა:
5308 „შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენ ვიცით ჩვენი ფრდილობა;
5309 რაცა გვაქვს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა,
5310 რასაცა მოგვცემ, გვიბოძე, გვიქნია აქა ყრილობა“.
5311
5312 ყმამან შესთვალა: „ჰე, ძმანო, წეღანცა მოგისმენია,
5313 ღმერთსა შეესმა, ნაკადი რაცა თქვენ თვალთა გდენია,
5314 მან დაგარჩინნა; მე რა ვარ? მე, გლახ, რა მომილხენია!
5315 რა გინდა მომცეთ, რას ვაქნევ? მე ვარ და ჩემი ცხენია!
5316
5317 მე თუმცა რაცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი,
5318 ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ-საგებელი;
5319 რას ვაქნევ თქვენსა რას გინდა? ოდენ ვარ თანამხლებელი;
5320 სხვაგან რამე მიც სხვა საქმე თავისა წასაგებელი.
5321
5322 აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი,
5323 რაცა ვის გინდა, წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი,
5324 ერთსა ვიაჯი, მააჯეთ სააჯო არსაკრძალავი:
5325 საქმე რამე მიც თქვენშიგა თავისა დასამალავი.
5326
5327 ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა,
5328 თვით თავადია ჩვენი-თქვა, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა.
5329 მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბაჩობასა;
5330 თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა!“
5331
5332 ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია;
5333 მოვიდეს და თაყვანისსცეს, ჰკადრეს: „ჩვენი იმედია,
5334 რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯია,
5335 მას ვმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია“.
5336
5337 მუნით წავიდეს, იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან,
5338 მიხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან;
5339 შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან,
5340 მას მარგალიტსა მას ყმასა, კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან.
5341 ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისლვისა
5342
5343 ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა.
5344 ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა,
5345 გვარად უცხონი ყვავილნი ფერითა ბევრისბევრითა.
5346 მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო მე რითა!
5347
5348 მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა;
5349 ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა, დაჯდა სკამითა;
5350 მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა;
5351 იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა.
5352
5353 მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა ეახლნეს რომელსა,
5354 მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა, ელვათა მკრთომელსა;
5355 ავთანდილ უხმო, ეუბნა კაცსა არ სიტყვამცთომელსა:
5356 „ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა?
5357
5358 წვრილად მითხარ ყველაკაი, – ყმა მას კაცსა ეუბნების, –
5359 რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების?“
5360 ჰკადრა: „ვხედავ, პირი შენი მზისა პირად მემეცნების;
5361 რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.
5362
5363 ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა,
5364 თვით გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა;
5365 აქ მოდის ტურფა ყველაი ზღვა-ზღვა ნავითა მავლითა;
5366 მელიქ-სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.
5367
5368 აქა მოსლვითა გაყმდების, კაციცა იყოს ბერები;
5369 სმა, გახარება, თამაშა, ნიადაგ არს სიმღერები,
5370 ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები;
5371 ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინ-ა მტერები.
5372
5373 დიდვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ ჰპოვებენ:
5374 იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ;
5375 გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრებენ;
5376 უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.
5377
5378 მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა;
5379 ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა, –
5380 თვით ესე ბაღი მისია, თქვენი სადგომი დღესისა, –
5381 პირველ მას მართებს ჩვენება ყოვლისა უტუფესისა.
5382
5383 რა შემოვლენ დიდვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან,
5384 უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან;
5385 უტურფესთა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან,
5386 მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.
5387
5388 თქვენებრთა საბატიოთა მას მართებს გამოსვენება;
5389 დამყენებელთა უბრძანებს, მართებდეს ვის დაყენება.
5390 აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება!
5391 გამოგებვა და წაყვანა მას მართებს, თქვენი ქენება.
5392
5393 ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი,
5394 პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი;
5395 მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი;
5396 წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ, დღისი“.
5397
5398 ავთანდილ უთხრა: „წადიო, აგრე ქმენ, რაცა გწადიან“.
5399 მებაღე მირბის, იხარებს, ოფლნი ქვე მკრდამდის ჩადიან.
5400 ხათუნსა უთხრა ამბავი: „მე ესე დამიქადიან,
5401 ყმა მოვა, მისი მჭვრეტელთა შუქი მზედ გაიცადიან.
5402
5403 ვაჭარნი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა,
5404 საროსა მსგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა;
5405 შვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა.
5406 მე მიხმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა“.
5407
5408 ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი,
5409 მოუკაზმნა ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი.
5410 შემოვიდა ღაწვი ვარდი, ბროლ-ბალახში, მინა-სათი;
5411 მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა – თათი.
5412
5413 ზარი გახდა, შემოაკრბეს ქალაქისა ერნი სრულად,
5414 იქით-აქათ იჯრებოდეს: „უჭვრიტოთო ამას რულად!“
5415 ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულწასრულად;
5416 მათთა ცოლთა მოიძულვნეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად.
5417
5418 ფატმან, ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა,
5419 მხიარულმან უსალამა, სიხარული დაიჩინა;
5420 ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა;
5421 ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შე-ვით-ვატყვე, არ ეწყინა.
5422
5423 ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არყმაწვილი, მაგრა მზმელი,
5424 ნაკვთად კარგი, შავგრემანი, პირმსუქანი, არ პირხმელი,
5425 მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი;
5426 დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი.
5427
5428 მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა.
5429 ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა თქვეს, თუ: „ვარგა“.
5430 ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო, არ დაკარგა;
5431 სვეს და ჭამეს, დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ, გა-.
5432
5433 დილასა ლარი ყველაი უჩვენა, გაახსნევინა,
5434 ტურფანი სეფედ გარდასხნეს, ფასიცა დაათვლევინა.
5435 ვაჭართა უთხრა: „წაიღეთ, – აჰკიდა, გააწევინა, –
5436 თქვენ ვითა გინდა, ვაჭრობდით, ნუ გამამჟღავნებთ, მე ვინა“.
5437
5438 ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა.
5439 ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა;
5440 ერთგან სხდიან, უბნობდიან საუბარსა არა მქისსა;
5441 ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისი ვითა ვისსა.
5442 ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება
5443
5444 სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის:
5445 გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის,
5446 მართ ანაზდათ გიღალატებს, გაჰკვეთს, რაცა დაესობის,
5447 მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის.
5448
5449 ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა,
5450 სიყვარული მეტისმეტი მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა.
5451 დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა,
5452 იტყვის: „რა ვქმნა, რა მერგების!“, აწვიმებდა, ცრემლთა ღვრიდა.
5453
5454 „მიღმა უთხრა, ვაჲ თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს!
5455 თუ არ უთხრა, რაგვარ გავსძლო, ცეცხლი უფრო გამიხშირდეს.
5456 ვთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს;
5457 მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!“
5458 წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნურო
5459
5460 დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი,
5461 მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი,
5462 მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი, შემარყეველი,
5463 უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი:
5464
5465 „ჰე, მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად,
5466 მით შეგქმნა მოშორვებულთა ჭირთა, არ ლხინთა მწადებლად,
5467 ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად,
5468 მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩს, დასაქადებლად.
5469
5470 შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან,
5471 ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არ შენ ზედა კრფებიან!
5472 შენი შვენება ყვავილთა აჭნობს, ჩემნიცა ჭნებიან,
5473 სრულად დამწვარ ვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.
5474
5475 ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა,
5476 მაგრა რა ვირგო დღეკრულმან, სრულად გავჰყრივარ თმობასა!
5477 გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა,
5478 თუ რას მეწევი, მეწიე, თვარა მივჰხდები ცნობასა!
5479
5480 მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს,
5481 ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გაგვიდოდეს,
5482 მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს,
5483 სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს, ნეტარძი, ოდეს!“
5484
5485 ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მისი.
5486 ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა ანუ თვისი;
5487 თქვა: „არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს, ვისსა ვისი,
5488 რომე მიმიჩს სამიჯნურო, რათ ვამსგავსო მე მას ისი!“
5489
5490 თქვა: „ყვავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია!
5491 მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია.
5492 უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.
5493 რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!“
5494
5495 ესეგვარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა;
5496 მერმე იტყვის: „ჩემგან კიდე ჩემი შემწე არავინ-ა;
5497 რასათვისცა გამოჭრილ ვარ, მისი ძებნა რათგან მინა,
5498 რათაცა ვით ვჰპოვებ, მას ვიქ, გულმან სხვამცა რა ისმინა!
5499
5500 ისი დიაცი აქა ზის, კაცთა მნახავი მრავალთა,
5501 მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა, ყოველგნით მავალთა;
5502 მივჰყვე, მიამბობს ყველასა, რაზომცა ცეცხლი მწვავ ალთა,
5503 ნუთუ რა მარგოს, მე მისი გარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა“.
5504
5505 თქვა: „დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა,
5506 აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა;
5507 რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა,
5508 მიჯობს, მივჰყვე, განღა სადმე ვსცნობ საქმესა დამალულსა“.
5509
5510 კვლა იტყვის: „ვერვინ ვერას იქს, თუ ეტლი არ მოსთმინდების;
5511 მით, რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების;
5512 ბინდისგვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების;
5513 კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წამოდინდების!“
5514 წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი
5515
5516 მიუწერა: „წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება.
5517 შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება;
5518 შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება.
5519 შეყრა არის პირიანი, ორთავეა რათგან ნება“.
5520
5521 ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე!
5522 მიუწერა: „კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე,
5523 აწ ვიქმნები თავისწინა, აქა მპოვე მარტო სამე,
5524 მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე!“
5525
5526 მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა,
5527 შეღამდა და წა-ცა-ვიდა; სხვა ემთხვია მონა გზასა:
5528 „ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა“.
5529 მას ეწყინა, არ დაბრუნდა, თქვა, თუ: „ჰგავსო ეგე რასა!“
5530
5531 წვეული აღარ დაბრუნდა კვლა ზევე უკუწვევითა.
5532 ფატმან ზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტოხე ვითა,
5533 დიაცსა წყენა შეატყვა, ნახა შესლვითა, შე, ვითა,
5534 ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.
5535
5536 ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი;
5537 შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტანნაკვთიანი,
5538 შემოვლო ახლოს, შემოჰყვა მონა ხრმალდარაკიანი;
5539 დაჰკრთა, რა ნახა ავთანდილ: „ჰგავსო, თუ გზაა კლდიანი“.
5540
5541 ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა.
5542 მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა;
5543 უთხრა: „არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი და მო კრთოლასა,
5544 გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა!
5545
5546 გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად,
5547 მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად:
5548 ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად,
5549 დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად!“
5550
5551 ესე თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლნა კარნი;
5552 ფატმან შექმნა თავსა ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი,
5553 ცრემლთა მისთა შეეყარნეს, წყაროსაებრ ისმნეს წკარნი;
5554 თქვა: „დამქოლეთ, მოდით, ქვითა, მომადეგით მომაკარნი!“
5555
5556 მოსთქვამს: „მოვკალ, ჰაჲჰაჲ, ქმარი, ამოვსწყვიდენ წვრილნი შვილნი,
5557 იავარვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი,
5558 გავეყარე საყვარელთა, ვაჲ, გამზრდელნი, ვაჲ, გაზრდილნი!
5559 ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი“.
5560
5561 ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული;
5562 უბრძანა: „რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული?
5563 რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული?
5564 დადუმდი, მითხარ, ვინ იყო ანუ რად საქმედ რებული?“
5565
5566 დიაცმან უთხრა: „ჰე, ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა,
5567 ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა;
5568 დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა.
5569 თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა.
5570
5571 ესეგვარი დია მიხვდეს სიტყვამცთარსა, ენამეტსა,
5572 ხვაშიადთა ვერმმალავსა, უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა;
5573 ვაგლახითა მეწიენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა,
5574 მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.
5575
5576 ორისაგან ერთი ქმენით, ამის მეტსა ნურას ლამით:
5577 მო-ვითა-ჰკლავ იმა კაცსა, წადი, მოკალ მალვით ღამით,
5578 მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით!
5579 მოხვალ, გითხრობ ყველაკასა, მო-ვით-გითხრა ცრემლთა ლამით.
5580
5581 თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა,
5582 დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიკრიფე, მი-რითა,
5583 ვეჭვ, რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა,
5584 თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა“.
5585
5586 რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნებაზიარსა,
5587 ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მხნე არსა!
5588 „ამა საქმისა ვერცნობა, – თქვა, – ჩემი სიძუნტე არსა“.
5589 ნუ ეჭვ სულდგმულსა მისებრსა, სხვა არცა მისებრი არსა!
5590
5591 ფატმანს უთხრა: „კაცი მომეც მასწავლელად, წინამძღვარად,
5592 გზასა მართლად წამიყვანოს, თვარა მეშვლად მინდა არად;
5593 იმა კაცსა ვერა ვხედავ მეომარად ჩემად დარად,
5594 რაცა უყო, მოგახსენებ, მომიცადე, იყავ წყნარად“.
5595
5596 მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად, წა-ცა-მყვანელად,
5597 კვლავე შეჰყივლა: „ვინათგან ცეცხლი აწ ცხელია ნელად,
5598 თუ მო-ვითა-ჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად,
5599 ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად“.
5600
5601 ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა;
5602 ზღვის პირსა სახლი ნაგები დგა ქვითა წითელ-მწვანითა,
5603 ქვეშეთკენ სრითა ტურფითა, კვლა ზედათ ბანისბანითა,
5604 დიდროვანითა, ტურფითა, მრავლითა, თანისთანითა.
5605
5606 მუნ მიჰყავს პირმზე ავთანდილ მას, მისსა წინამძღომელსა;
5607 ხმამდაბლად ჰკადრებს: „ისია სრა მისი, ეძებ რომელსა“.
5608 უჩვენებს, ეტყვის: „ხედაო ბანსა ზე და ქვე მდგომელსა?
5609 იქი წევს ძილად, იცოდი, ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა“.
5610
5611 კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას, გლახ, ყმასა.
5612 ყმა გავიდა, გაეპარა, დააგდებდეს ვირე ხმასა,
5613 თითო ხელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცა სულთა ხდასა,
5614 თავი თავსა შეუტაკა, გაურია ტვინი თმასა.
5615
5616 იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა;
5617 ხელსისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა;
5618 ვეღარ აესწრა, იდუმალ მოკლა, ვერცა თუ ვცანითა,
5619 ხელი მოჰკიდა, მიწასა დაასკვნა, დაკლა დანითა.
5620
5621 მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია.
5622 ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, ქვესკნელს მიწათა გარია,
5623 ზღვათაკენ სარკმლით გასტყორცა, ზღვისა ქვიშათა დარია,
5624 მისთვის არცაღა სამარე, არცა სათხარად ბარია.
5625
5626 ხმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა.
5627 წამოვიდა ვარდი ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა!
5628 ესე მიკვირს, სისხლი მათი ასრე ვითა მოიპარა!
5629 რომე წეღან წამოევლო, გზა იგივე წაიარა.
5630
5631 რა ფატმანისსა შევიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი,
5632 უბრძანა: „მოვკალ, მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი,
5633 თვით მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღმრთიანი,
5634 აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქვს სისხლიანი.
5635
5636 აწ მითხარ, თუ: რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად?
5637 რას გექადდა ისი კაცი? მესწრაფების მეტისმეტად“.
5638 ფატმან ფერხთა მოეხვია: „არ ღირს ვარო პირსა ჭვრეტად,
5639 გამიმრთელდა გული წყლული, აწყა დავჯე ცეცხლთა შრეტად.
5640
5641 მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით;
5642 ლომო, ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით!
5643 ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრევა დავიქადენით,
5644 თავითგან გითხრობ ყველასა, თქვენ სმენად დაემზადენით“.
5645 აქა ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბვის მბობა
5646
5647 ამა ქალაქსა წესია, დღესა მას ნავროზობასა
5648 არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;
5649 ყველანი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა,
5650 დიდსა შეიქმან მეფენი პურობა-დარბაზობასა.
5651
5652 ჩვენ, დიდვაჭართა, ზედაგვაც დარბაზს მიღება ძღვენისა,
5653 მათ საბოძვრისა ბოძება მართებს მსგავსისა ჩვენისა;
5654 ათ დღემდის ისმის ყოველგნით ხმა წინწილისა, ებნისა,
5655 მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.
5656
5657 ქმარი ჩემი დიდვაჭართა წაუძღვების, უსენ, წინა,
5658 მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწვეველი არად მინა;
5659 დედოფალსა ძღვენსა უძღვნით, მდიდარი თუ გლახა ვინ-ა,
5660 დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა.
5661
5662 დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით;
5663 ჩვენ მივართვით, მათ გვიბოძეს, ავავსენით, ავივსენით;
5664 ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით,
5665 კვლა დავსხედით გახარებად, უნებურნი არ ვიყვენით.
5666
5667 ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გავე ჟამსა,
5668 გავიტანე ხათუნები, – მათი ჭმევა ჩემგან ხამსა, –
5669 მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ხმასა,
5670 ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე-თმასა.
5671
5672 იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი, ნატიფად გებულნი,
5673 მაღალნი, ყოვლგნით მხედველნი, ზღვას ზედა წაკიდებულნი,
5674 მუნ შევიტანენ ხათუნნი იგი, ჩემთანა ხლებულნი,
5675 კვლა დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი.
5676
5677 ვაჭრის ცოლთა მხიარულმან უმასპინძლე ამოდ, დურად;
5678 სმასა ზედა უმიზეზოდ გავხე რამე უგემურად,
5679 რა შემატყვეს, გაიყარა, სხდომილ იყო რაცა პურად,
5680 მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომექცა გულსა მურად.
5681
5682 უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქციე პირი გზასა,
5683 ვიხედვიდი, ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა;
5684 შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვიდა შიგან ზღვასა,
5685 მფრინველად ვთქვი ანუ მხეცად, სხვას ვამსგავსე მემცა რასა!
5686
5687 მაშორვიდა, ვერად ვიცან; მომეახლა, იყო ნავი;
5688 ორთა კაცთა, ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი;
5689 იქით-აქათ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი,
5690 გამოვიდეს, გამიკვირდა იგი უცხო სანახავი.
5691
5692 გამოზიდეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა,
5693 მიიხედნეს, მოიხედნეს, ვინ გვიჭვრეტსო, სადა ვინ-ა,
5694 ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა;
5695 მე იდუმალ ვიხედვიდი, სულღებული ვიყავ შინა.
5696
5697 მით ნავიდაღმა მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა,
5698 აჰხადეს, ქალი გარდმოხდა უცხოთა რათმე ტანითა,
5699 თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა,
5700 მზესა სიტურფედ ეყოფის, იყოს მისითა გვანითა.
5701
5702 რა მობრუნდა ქალი ჩემკენ, შემოადგეს სხივნი კლდესა,
5703 ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ხმელთა ზესა;
5704 დავიწუხენ თვალნი, ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა,
5705 უკმოვიხაშ კარი, ჩემგან მათი ჭვრეტა ვერა ცნესა.
5706
5707 მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი,
5708 უჩვენე: «ხედავთ, ინდოთა ტყვედ ყვანან შუქნი რომელნი?
5709 ჩაეპარენით, ჩაედით წყნარად, ნუ ჩქარად მხლტომელნი,
5710 მოგყიდონ, ფასი მიეცით, რასაცა იყვნენ მნდომელნი.
5711
5712 თუ არ მოგცენ, ნუღარ მისცემთ, წაჰგვარეთ და დახოცენით,
5713 მოიყვანეთ ისი მთვარე, ქმენით კარგად, ეცადენით!»
5714 ჩემნი ყმანი ზედადაღმა ჩაეპარნეს, ვითა ფრენით,
5715 დაევაჭრნეს, არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით.
5716
5717 მე სარკმელთა გარდავადეგ. რა შევიგენ, არ მოჰყიდეს,
5718 შეუზახენ: «დახოცენით!», დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს;
5719 იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა, სცვიდეს;
5720 ჩავეგებე, გამოვჰგვარე, ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს.
5721
5722 რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა!
5723 ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა მართებს მზესა მზობა!
5724 ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ქმნა ნახაზობა!
5725 მე თუ დამწვავს, აჰა, მზა ვარ, აღარ უნდა ამას მზობა!“
5726
5727 ესე სიტყვა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი;
5728 ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი;
5729 ერთმანერთი დაავიწყდა, მისთვის გახდეს ვითა ხელნი,
5730 ღვარმან, ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი.
5731
5732 მოიტირეს, ყმამან უთხრა: „ნუღარ გასწყვედ, გაასრულე!“
5733 ფატმან იტყვის: „მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე,
5734 გარდუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე,
5735 ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე, გავესულე.
5736
5737 ვჰკადრე: «მითხარ, ვინ ხარ, მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა?
5738 იმა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ, პატრონი ცისა ხომთა?»
5739 მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესეზომთა,
5740 ასნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა, მისთა მონაწთომთა.
5741
5742 რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა,
5743 გულამოხვინჩვით ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა;
5744 ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთათ მოსდის გიშრისა ღარითა;
5745 მისი მჭვრეტელი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა.
5746
5747 მითხრა: «შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა,
5748 რას აქნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა!
5749 ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა;
5750 თუ რაცა მკითხო, ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა!»
5751
5752 ვთქვი: «უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა:
5753 მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა;
5754 ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა.
5755 რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა?»
5756
5757 ავიყვანე იგი პირმზე, ნაქები და ვერ ვთქვი უქი;
5758 სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი,
5759 ჩამოვჰბურე მრავალკეცი სტავრა მძიმე, არსუბუქი;
5760 ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი.
5761
5762 მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირმზე ტანით ალვით,
5763 მოუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით;
5764 არვის უთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით,
5765 ერთი ზანგი ვამსახურე; მე შევიდი, ვნახი ხალვით.
5766
5767 ვით გიამბო საკვირველი მე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა.
5768 დღე და ღამე გაუწვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა!
5769 შევეხვეწი: «დადუმდიო», წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა.
5770 აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაჲჰაჲ ჩემთვის, ვაგლახ მე, ვა!
5771
5772 შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები,
5773 შიგან სისხლისა მორევსა ეყრდნის გიშრისა შუბები,
5774 მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები,
5775 შუა ძოწსა და აყიყსა სჭვრის მარგალიტი ტყუბები.
5776
5777 ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან,
5778 თუმცა მეკითხა: «ვინ ხარ და ეგრე გასრული – რისაგან?»
5779 მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან,
5780 მას ხორციელი რა გასძლებს სხვა, კიდეგანი ქვისაგან!
5781
5782 არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა,
5783 მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა,
5784 მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა,
5785 ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა.
5786
5787 სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა;
5788 ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა,
5789 მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა:
5790 სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე – ნაჭედისა.
5791
5792 მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი;
5793 ვერ გავანდვე ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი;
5794 ვთქვი: «თუ უთხრობ, ვიცი, დარბაზს გამამჟღავნებს ისი ფლიდი».
5795 ესე მეყო საგონებლად, კვლა შევიდი, კვლა გავიდი.
5796
5797 ვთქვი: «თუ არ უთხრა, რა უყო, ჩემგან რა მოეგვარების?
5798 არცა რა ვიცი, რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების;
5799 ქმარი რა მიგრძნობს, მო-ცა-მკლავს, ვეღარა მომეფარების;
5800 ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების?!
5801
5802 მე, გლახ, მარტომან რა უყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა!
5803 მო და გავანდო, ნუ შევალ უსენის შეცოდებასა;
5804 არ გამამჟღავნოს, ვაფიცო, თუ მომცემს იმედებასა,
5805 სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქს ფიცისა გაცუდებასა».
5806
5807 მივე მარტო, ქმარსა ჩემსა ველაღობე, ველაციცე,
5808 მერმე უთხარ: «გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე,
5809 არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე».
5810 ფიცი ფიცა საშინელი: «თავიცაო კლდეთა ვიცე!
5811
5812 რაცა მითხრა, სიკვდილამდის არვის უთხრა სულიერსა,
5813 არა ბერსა, არა ყმასა, მოყვარესა, არცა მტერსა».
5814 მერმე უთხარ ყველაკაი უსენს, კაცსა ლმობიერსა:
5815 «მოდი, მომყევ აქა სადმე, მო, გიჩვენებ მზისა ფერსა».
5816
5817 ადგა, ამყვა და წავედით, შევვლენით კარნი სრისანი.
5818 უსენ გაჰკივრდა გა-ცა-კრთა, რა შუქნი ნახნა მზისანი;
5819 თქვა: «რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია, ნეტა, რისანი?!
5820 თუ ხორციელი არისმცა, თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი!»
5821
5822 ვთქვი, თუ: «არცა რა მე ვიცი ამისი ხორციელობა,
5823 რაცა არ გითხარ, მის მეტი არა მაქვს მეცნიერობა;
5824 მე და შენ ვკითხოთ, ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა,
5825 ნუთუ რა გვითხრას, ვეაჯნეთ, ქმნას დიდი ლმობიერობა».
5826
5827 მივედით, გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა;
5828 ვჰკადრეთ, თუ: «მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა,
5829 გვითხარ, რა არის წამალი მთვარისა შუქნამკრთალისა?
5830 რას შეუქმნიხრ ზაფრანად შენ, ფერად მსგავსი ლალისა?»
5831
5832 რაცა ვჰკითხეთ, არა ვიცი, ესმა ანუ არ ისმენდა:
5833 ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა;
5834 გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შე-რა-შენდა;
5835 მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რადმცა გაგვითენდა!
5836
5837 ვერა დავჰყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა:
5838 ვეფხი-ავაზა პირქუშად ზის, წყრომა ვერ უგრძენითა.
5839 კვლაცა ვაწყინეთ, ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა,
5840 «არა, ვიციო, მიმიშვით!», ეს ოდენ გვითხრა ენითა.
5841
5842 დავსხედით და მას თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ,
5843 რაცა გვეთქვა, შევინანეთ, სხვამცა რაღა შევიწამეთ!
5844 ძლივ ვიაჯეთ დადუმება, დავადუმეთ, დავაამეთ,
5845 ჩვენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.
5846
5847 უსენ იტყვის: «ბევრათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს;
5848 ესე ღაწვნი მზისად ხმანან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს!
5849 უმართლეა, ვერმჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს,
5850 მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღმერთმან იგი დამიხოცნეს!»
5851
5852 მას უჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით, ახით.
5853 შეყრა გვიჩნდის სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით.
5854 ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით, იგი ვნახით,
5855 გულნი ჩვენნი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით.
5856
5857 რა გარდახდა ხანი რამე, გამოვიდეს ღამე-დღენი,
5858 უსენ მითხრა: «არ მინახავს ძოღანდითგან მეფე ჩვენი.
5859 მივაზირებ, წავალ, ვნახავ, უდარბაზო, უძღვნა ძღვენი».
5860 მოვახსენე: «დია ღმერთო, ბრძანებაა ეგე თქვენი!»
5861
5862 უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და თვალები.
5863 დავვედრე: «დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთრვალები;
5864 ამა ქალისა ამბავსა, მომკალ, თუ არ ეკრძალები».
5865 კვლა შემომფიცა: «არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ხრმალები!»
5866
5867 უსენ მივიდა, ხელმწიფე დახვდა ნადიმად მჯდომელი,
5868 უსენ – არიფი მეფისა, მეფეცა – მისი მნდომელი,
5869 წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი.
5870 აწ ნახო მთრვალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, მსწრომელი.
5871
5872 რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი,
5873 კვლა შესვეს და კვლა აუვსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი.
5874 დაავიწყდეს იგი ფიცნი, რა მუსაფნი, რა მაქანი!
5875 მართლად თქმულა: «არა მართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი».
5876
5877 უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა უსენს, მთრვალსა:
5878 «დია მიკვირს, საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა,
5879 მარგალიტსა დიდროვანსა, უმსგავსოსა ჰპოვებ ლალსა?
5880 ვერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა ნაათალსა».
5881
5882 თაყვანისსცა უსენ, ჰკადრა: «ჰე, მაღალო ხელმწიფეო,
5883 ზეცით შუქთა მომფენელო, მარჩენელო არსთა, მზეო!
5884 რაცა სხვა მაქვს, ვისი არის ოქრო, თუნდა საჭურჭლეო?
5885 დედის მუცლით რა გამომყვა? მბოძებია თქვენგან მეო.
5886
5887 ამას გკადრებ, თავმან თქვენმან, არა გმართებს მადლი ძღვნისა;
5888 სხვა რამე მითქს საძღვნოდ თქვენად – შესართავი თქვენის ძისა,
5889 მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდეს ნახოთ მსგავსი მზისა,
5890 მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა».
5891
5892 რას ვაგრძელებდე! გატეხა ფიცი, სიმტკიცე სჯულისა,
5893 უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა.
5894 მეფესა მეტად ეამა, მიეცა ლხინი გულისა,
5895 უბრძანა დარბაზს მოყვანა, სრულქმნა უსენის თქმულისა.
5896
5897 მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, მუნამდის არ მიკვნესია.
5898 შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია,
5899 თანა ჰყვა მონა სამოცი, ვით ხელმწიფეთა წესია,
5900 მოვიდეს; მეტად გავჰკვირდი, ვთქვი: «რამე საქმე ზესია».
5901
5902 მისალამეს, «ფატმან, – მითხრეს, – ბრძანებაა ღმრთისა სწორთა,
5903 დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი, მსგავსი მზეთა ორთა,
5904 აწ მოგვგვარე, წავიყვანოთ, ვლა არ გვინდა გზათა შორთა».
5905 ესე მესმა, დამტყდეს ცანი, რისხვა ღმრთისა ეცა გორთა.
5906
5907 მე გაკვირვებით კვლა ვჰკითხე: «რა ქალი გინდა, რომელი?»
5908 მათ მითხრეს: «უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი».
5909 არას მარგებდა, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი,
5910 ავთრთოლდი, ავდეგ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი.
5911
5912 შევე, ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლდასხმულად,
5913 ვჰკადრე: «მზეო, ბედმან შავმან ვით მიმუხთლა, ხედავ, რულად!
5914 ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ, იავარმყო, ამფხვრა სრულად,
5915 შემასმინეს, მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულმოკლულად».
5916
5917 მან მითხრა: «დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია!
5918 ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქმნელია.
5919 კარგი რა მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!
5920 სხვადასხვა ჭირი ჩემ ზედა არ ახალია, ძველია».
5921
5922 თვალთათ, ვითა მარგალიტი, გარდმოყარა ცრემლი ხშირი,
5923 ადგა ასრე გულუშიშრად, ვეფხი იყო ანუ გმირი,
5924 ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი.
5925 მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი.
5926
5927 შევე საჭურჭლეს, რომელსა ფასი არ დაედებოდა,
5928 თვალ-მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა,
5929 თითო და თითო თითოსა ქალაქსა ეფასებოდა,
5930 მივე, მას წელთა შევარტყი, შავგული ვისთვის კვდებოდა.
5931
5932 ვარქვი: «ჩემო, განღა სადმე გეხმარების ესეგვარი».
5933 მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი, მზისა დარი.
5934 ცნა მეფემან, მოეგება; ჰკრეს ტაბლაკსა, გახდა ზარი;
5935 იგი მივა თავმოდრეკით წყნარი, არას მოუბარი.
5936
5937 ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გახდა ზათქი და ზარები,
5938 ვერ იჭირვიდეს სარანგნი, მუნ იყო არსიწყნარები;
5939 იგი რა ნახა მეფემან, საროსა მსგავსი ნარები,
5940 გაკრთომით უთხრა: «ჰე, მზეო, აქა ვით მოიგვარები?»
5941
5942 ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნი შექმნნა თვალისა მფახველად;
5943 მეფემან ბრძანა: «გამხადა ნახული მე უნახველად,
5944 ღმრთისაგან კიდე ვინმც იყო კაცი ამისად მსახველად!
5945 მართებს ამისსა მიჯნურსა, ხელი თუ რბოდეს, ახ, ველად!»
5946
5947 გვერდსა დაისვა, ეუბნა ტკბილითა საუბარითა:
5948 «მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრული ვისით გვარითა?»
5949 მან არა გასცა პასუხი პირითა, მზისა დარითა;
5950 თავმოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა.
5951
5952 არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა,
5953 სხვაგან იყო გული მისი, სხვასა რასმე იგონებდა;
5954 ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა,
5955 მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა!
5956
5957 მეფე ბრძანებს: «რა შევიგნათ, გული ჩვენი რათ იხსნების?
5958 ამა ორთა კიდეგანი აზრი არა არ იქმნების:
5959 ან ვისიმე მიჯნურია, საყვარელი ეგონების,
5960 მისგან კიდე არვისად სცალს, ვეღარცა ვის ეუბნების,
5961
5962 ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,
5963 არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედაზედი;
5964 ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი,
5965 სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი.
5966
5967 ღმერთმან ქმნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული,
5968 მე დავახვედრო ესე მზე და მისთვის დამზადებული;
5969 მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვცნათ გაცხადებული,
5970 მუნამდის მთვარე შუქკრთომით ჯდეს, მზისა მოშორვებული».
5971
5972 ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა,
5973 უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა;
5974 მაშინ ლაშქარს წასრულ იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა,
5975 მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა.
5976
5977 მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა,
5978 მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა,
5979 დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა,
5980 მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა.
5981
5982 მეფემან ბრძანა: «მოკაზმეთ საწოლი უფლისწულისა!»
5983 დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა;
5984 ადგა თვით დიდი ხელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა,
5985 მას ზედა დასვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა.
5986
5987 უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისად;
5988 ხელმწიფე დაჯდა ნადიმად, მსგავსად მათისა გვარისად;
5989 უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისად.
5990 სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად.
5991
5992 გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქმნა მეტად გრძელი;
5993 ქალი პირმზე ბედსა ეტყვის: «რა ბედი მიც ჩემი მკლველი!
5994 სადაური სად მოსრულ ვარ, ვის მივხვდები ვისთვის ხელი,
5995 რა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!»
5996
5997 კვლაცა იტყვის: «ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა,
5998 ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა!
5999 სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?
6000 რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!»
6001
6002 ხადუმნი უხმნა, უბრძანა: «ისმინეთ, მოდით ცნობასა!
6003 მოღორებულ ხართ, დამცთარ ხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა,
6004 დამცთარა თქვენი პატრონი, ჩემსა თუ ლამის სძლობასა,
6005 ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად, გლახ, იცემს, ნობასა.
6006
6007 არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია;
6008 მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, საროტანია!
6009 სხვასა რას მნუკევთ საქმესა, ჩემნი საქმენი სხვანია!
6010 თქვენ თანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია.
6011
6012 უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა,
6013 თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა;
6014 ესე სჯობს: მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა,
6015 მე გამაპარეთ, გამიშვით, თვარა დაიწყებთ ნანასა».
6016
6017 შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი,
6018 მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი, ერთობ ლალი;
6019 მისცა, უთხრა: «გამომიღეთ, გეაჯები გულმხურვალი,
6020 მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა მიავალეთ თქვენი ვალი».
6021
6022 მონათა მიხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა,
6023 დაჰვიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა,
6024 გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა.
6025 ნახეთ, თუ ოქრო რასა იქს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!
6026
6027 ვაჲ, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
6028 დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა,
6029 შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,
6030 კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.
6031
6032 რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი,
6033 ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი,
6034 სხვანი კარნი გამოარნეს, იჯრებოდა დარბაზს მსმელი.
6035 დარჩა მთვარე გველისაგან, გავსებული, ჩაუნთქმელი.
6036
6037 მონანიცა გარდიხვეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა.
6038 ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა.
6039 გავე, ვიცან, მოვეხვიე, გამიკვირდა მეცა განა!
6040 შინა ყოლა არ შემომყვა: «რად მაწვეო!» – შემანანა.
6041
6042 მიბრძანა: «თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა,
6043 მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა!
6044 ვეღარ დამმალავ, გამიშვი, ფიცხლა გამგზავნე ცხენითა,
6045 სადამდის სცნობდეს ხელმწიფე, კაცთა მომწევდეს რბენითა».
6046
6047 შევე ფიცხლად საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი,
6048 შეუკაზმე, ზედა შევსვი მხიარული, არ მოკვნესი;
6049 ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი.
6050 წახდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკე, რაცა ვსთესი.
6051
6052 დღე მიიყარა, ხმა გახდა, მოვიდა მისი მდევარი,
6053 მოიცვეს შიგან ქალაქი, შეიქმნა მოსაწევარი;
6054 მე მკითხეს, ვარქვი: «თუ ჰპოვოთ მუნ სახლსა, სადა მე ვარი,
6055 მეფეთა ვიყო შემცოდე და მათი სისხლთა მზღვევარი!»
6056
6057 მონახეს, ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი;
6058 მას აქათ იგლოვს ხელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი.
6059 დახედენ დარბაზის ერთა: შევლენ ისფრითა ღებულნი!
6060 მზე მოგვეშორვა, მას აქათ ჩვენ ვართ სინათლეკლებულნი.
6061
6062 მის მთვარისა სადაობა კვლა გიამბო, საქმე კვლაცი;
6063 აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი:
6064 მე, გლახ, ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი.
6065 კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი.
6066
6067 მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი,
6068 ისი კაცი ჭაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი;
6069 ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი,
6070 ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი!
6071
6072 ესე ამბავი მას თანა ვთქვი დიაცურად, ხელურად:
6073 ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად.
6074 გამჟღავნებასა მექადდა არმოყვარულად, მტერულად;
6075 აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, იშ, თავი ვიხსენ მე რულად!
6076
6077 დამექადის, რაზომჯერცა წავიკიდნით თავისწინა.
6078 ოდეს მეხმე, არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა;
6079 მოსრულ იყო, მოსლვა ეთქვა; შენცა მოხვე, შემეშინა,
6080 ამად გკადრე: «ნუ მოხვალო», მოგაგებე მონა წინა.
6081
6082 აღარ დაჰბრუნდით, მოხვედით, შუქნი თქვენ ჩემთვის არენით;
6083 შეიყარენით ორნივე, ჩემ ზედა დაიჯარენით;
6084 ამად შევშინდი, ღონენი ვეღარა მოვაგვარენით,
6085 იმას, გლახ, ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა, არ ენით.
6086
6087 თუმცა ისი არ მოგეკლა, მისრულ იყო დარბაზს ვითა,
6088 შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა;
6089 მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა,
6090 შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა!
6091
6092 მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს, – მადლსა გკადრებდე მე რასა, –
6093 რომელმან დამხსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა!
6094 აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა,
6095 აღარ ვიშიშვი სიკვდილსა, ჰაჲჰაჲ, ჩავიჭერ ქვე რასა!“
6096
6097 ავთანდილ უთხრა: „ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია:
6098 მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგანც უფრო მტერია;
6099 არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.
6100 ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.
6101
6102 იგივე მითხარ, მას აქათ, ქალი გაჰგზავნე შენ ოდეს,
6103 რაღაცა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს“.
6104 კვლა იტყვის ფატმან ტირილით, კვლა თვალთა ცრემლი სდენოდეს:
6105 „წახდესო შუქნი, რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს!“
6106 ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა
6107
6108 ვაჲ, საწუთროო, სიცრუით თავი სატანას ადარე!
6109 შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე;
6110 პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავს, სად არე?
6111 მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი, სად არე!
6112
6113 ფატმან იტყვის: „მომეშორვა მზე, მნათობი სრულად ხმელთა,
6114 სიცოცხლე და სულდგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა;
6115 მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა,
6116 ვერ გავახმე წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა.
6117
6118 სახლი და შვილნი მომძულდეს, ვჯდი უგულოთა გულითა,
6119 მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმელულის ლულითა;
6120 უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩს უსჯულოთა სჯულითა,
6121 ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.
6122
6123 დღესა ერთსა, საღამოჟამ, – ჩასლვა იყო ოდენ მზისა, –
6124 წავდეგ წინა დარიჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა;
6125 ვიგონებდი, სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა,
6126 ვთქვი: «კრულია ზენაარი ყოვლისამცა მამაცისა».
6127
6128 მო-სითმე-ვიდა ღარიბი მონა მოყვსითა სამითა,
6129 მონა – მონურად მოსილი, სხვანი – მგზავრულად ხამითა;
6130 სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა,
6131 სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა.
6132
6133 მე უყურებდი, უჭვრეტდი; თქვეს: «ამოდ გავიხარენით,
6134 მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით,
6135 არცა რა ვიცით, ვინ ვინ ვართ, ანუ სით მოვიარენით,
6136 ხამს ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა უთხრათ ბარ ენით».
6137
6138 მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს, ვითა მგზავრთა წესია;
6139 მონამან უთხრა: «ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია:
6140 მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია,
6141 ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია.
6142
6143 მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა;
6144 მათ მიხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა:
6145 მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა,
6146 აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.
6147
6148 დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია,
6149 ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია;
6150 მას უსხენ წვრილნი ძმისწულნი: როსან და ერთი როდია, –
6151 აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის, მორჭმული სწოდია.
6152
6153 გვესმა ამბავი, ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა,
6154 შეიჭირვებდეს ვაზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა,
6155 ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა?!
6156 როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრათასისა.
6157
6158 როშაქ ბრძანა: «მო-ცა-ვინ-მკლას, მე ტირილსა არ დავხვდები.
6159 მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები,
6160 შინა მოვალ შოებული, ადრე ზედამოვესწრები,
6161 მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წა-ცა-ვჰყვები».
6162
6163 გვითხრა მისთა ხელისათა: «წავალ, თანა წამომყევით!»
6164 წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით.
6165 დღისით, მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით;
6166 დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკენ გარდმოვდევით.
6167
6168 მინდორ-მინდორ მოვიდოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა,
6169 დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა;
6170 ვთქვით, თუ: მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა!
6171 დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა.
6172
6173 ზოგთა ვთქვით: «არის ცისკარი», ზოგთა თქვეს: «არის მთვარეო»;
6174 მას დარაზმულთა მივმართეთ, ახლოსმცა ვნახეთ ბარეო!
6175 შორს მოუარეთ, მივედით, შემოვადეგით გარეო;
6176 მით ნათლიდაღმა გამოხდა ხმა, ჩვენი მოუბარეო.
6177
6178 გვითხრა: «ვინ ხართ, ცხენოსანნო? თქვენ სახელნი თქვენნი თქვენით;
6179 გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით!»
6180 ესე გვესმა, მოვადეგით, ალყად გარემოვერტყენით,
6181 პირმზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.
6182
6183 უჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა;
6184 მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა;
6185 ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა,
6186 კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა.
6187
6188 კვლა ვეუბნენით მას მზესა ტკბილმოუბრითა ენითა.
6189 არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა;
6190 როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა;
6191 აღარ გაუშვით, დაჭირვა ვჰკადრეთ ხელითა ჩვენითა.
6192
6193 კვლა ვჰკითხეთ: «გვითხარ მართალი, საქმე შენ მზებრ ნათელისა,
6194 ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?»
6195 მან არა გვითხრა, გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა.
6196 რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა!
6197
6198 არცა რა ცხადი ამბავი, არცა რა დასამალავი,
6199 არა არ გვითხრა, ვინ იყო ან ვისგან ნამუხთალავი;
6200 ქუშ-ქუშად გვეუბნებოდა კუშტი, თავისა მკრძალავი,
6201 ვითა ასპიტი, მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი.
6202
6203 როშაქ გვიბრძანა: «ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არსათქმელია,
6204 ამისი საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია;
6205 ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია,
6206 მით რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია.
6207
6208 ესე ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუცია,
6209 მიუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია.
6210 თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია,
6211 პირველ – მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია».
6212
6213 მივემოწმენით, თათბირნი არ კიდე გავაკიდენით;
6214 დავბრუნდით, ქაჯეთს მივმართეთ, მას წინა მოვეკიდენით,
6215 არცა რა ვჰკადრეთ ხელდახელ, არცა თუ წავეკიდენით;
6216 იგი ტირს, ღაწვსა გულმდუღრად ჩარცხის ცრემლისა კი დენით.
6217
6218 მე როშაქს ვჰკადრე: «გამიშვი კვლა ადრე თქვენი მხლებელი;
6219 აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი».
6220 მან გამომიშვა, აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი;
6221 თანა წავიტან, წა-ცა-ვალ მე მათი ზედამსწრებელი».
6222
6223 მათ კაცთა დია ეამა ესე ამბავი მონისა.
6224 მე გავიგონე, შე-რე-მშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა,
6225 მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა,
6226 ცოტაი ლხინი მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა.
6227
6228 მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა,
6229 ვჰკითხე: «მითხარ, რას იტყოდი? გაგონება მეცა მინა».
6230 მან იგივე კვლა მიამბო, რაცა მუნით მომესმინა,
6231 ამ ამბავმან გამაცოცხლა, სულმობრძავი დამარჩინა.
6232
6233 მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა:
6234 უჩინოდ მივლენ-წამოვლენ მათითა ხელოვნებითა;
6235 მოვასხენ, ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი, თუ: «ნუ დასდგებითა,
6236 მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა».
6237
6238 სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა,
6239 მიუგვრიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა,
6240 ვერვის შეუდგმან საჭვრეტლად თვალნი, მართ ვითა მზისადა,
6241 ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა.
6242
6243 «როსანს შევრთოთო, – დულარდუხტს მეფესა უბრძანებია, –
6244 ჯერთ ქორწინებად არა მცალს, აწ გული ცეცხლნადებია;
6245 შემოვიქცევი, შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია».
6246 ციხეს დაუსვამს, ხადუმი ერთაი უახლებია.
6247
6248 ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანაწაუტანია,
6249 მით რომე გზაა საჭირო, მტერნი საომრად მზანია;
6250 ქვე დაუყრიან მოყმენი, ვინც უფრო გულოვანია,
6251 დაეყოვნების: წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია.
6252
6253 ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია:
6254 ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია;
6255 მას კლდესა შუა გვირაბი, ასაძრომელი ხვრელია,
6256 მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია.
6257
6258 გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არპირნასები,
6259 ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაი ხასები,
6260 ქალაქის კართა სამთავე – სამათას – სამათასები.
6261 გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი, და გლახ, რას ები!“
6262
6263 ესე ამბავი ავთანდილ პირმზემან, მაგარვადამან,
6264 რა მოისმინა, ეამა, სხვად არა გაუცხადა მან,
6265 შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან:
6266 „ამბავი ჩემი სალხინო მითხრაო ვისმანღა დამან!“
6267
6268 ფატმანს უთხრა: „საყვარელო, კმა ხარ ჩემგან სასურველად!
6269 მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირბნელად,
6270 მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად:
6271 ქაჯი ყველა უხორცოა, რამან შექმნა ხორციელად?
6272
6273 მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა,
6274 მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქნევენ, მიკვირს, ქალსა?!“
6275 ფატმან უთხრა: „მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა,
6276 არ ქაჯნია, კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა.
6277
6278 ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი
6279 კაცნი გრძნებისა მცოდნელნი, ზედა გახელოვნებულნი,
6280 ყოველთა კაცთა მავნენი, იგი ვერვისგან ვნებულნი;
6281 მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.
6282
6283 იქმან რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ,
6284 ქართა აღსძრვენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ,
6285 ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ,
6286 სწადდეს – დღესა ბნელად იქმან, სწადდეს – ბნელსა ანათობენ.
6287
6288 ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი,
6289 თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი“.
6290 ავთანდილ მადლი უბრძანა: „ცეცხლნი დამივსენ ცხელანი.
6291 დიდად მეამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი“.
6292
6293 გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი;
6294 თქვა: „ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი,
6295 ყოფილი, მყოფი, უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი,
6296 წყალობა შენი იჩქითად არს ჩვენი გარდმომფენელი!“
6297
6298 მის ამბვისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა.
6299 ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლა იდებდა;
6300 ყმა ნამუსსა ინახვიდა, სიყვარულსა იფერებდა;
6301 ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა.
6302
6303 მას ღამე ფატმან იამა ავთანდილს თანა წოლითა;
6304 ყმა უნდოგვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა,
6305 ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა,
6306 გული მხეცქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა.
6307
6308 ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა შესართავისად.
6309 შიგან მელნისა მორევსა ცურავს გიშრისა ნავი სად;
6310 იტყვის, თუ: „მნახეთ, მიჯნურნო, იგი, ვინ ვარდია, ვისად,
6311 უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!“
6312
6313 მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვისაცა დასალბონია;
6314 გიშრისა ტევრი აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია;
6315 ფატმან მას ზედა იხარებს მართ ვითა იადონია.
6316 თუ ყვავი ვარდსა იშოვებს, თავი ბულბული ჰგონია.
6317
6318 გათენდა. ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქნაკიდები;
6319 დაიცმან უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები,
6320 მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი, წმიდები:
6321 „რაცა გწადდესო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები!“
6322
6323 ავთანდილ თქვა: „საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!“
6324 სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა;
6325 მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა,
6326 მოემატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა.
6327
6328 ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად;
6329 ყმა შევიდა მხიარული მხიარულად, არ პირბნელად;
6330 ფატმან ნახა, გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად,
6331 შემოსცინნა: „აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად“.
6332
6333 ფატმან მისსა შვენებასა მეტისმეტად ჰკვირდებოდა.
6334 მან პასუხი არა გასცა, თავისწინა ღიმდებოდა:
6335 „შეეტყვების, არ მიცნობსო“, რა რეგვნად და რაგვარ ჰხმობდა!
6336 თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გაჰვიდოდა.
6337
6338 პური ჭამეს, გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა,
6339 ღვინოსმული, მხიარული დაწვა, ამოდ დაიძინა;
6340 საღამოჟამ გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა,
6341 ფატმან უხმო: „მოდი, მნახე, მარტო ვარო, თავისწინა“.
6342
6343 ფატმან მივიდა, ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა;
6344 იტყოდა: „მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მო-, ხისა!“
6345 გვერდსა დაისვა, ბალიში მისცა მისისა ნოხისა,
6346 ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.
6347
6348 ავთანდილ ბრძანა: „ჰე, ფატმან, ვიცი ეს საქმე შენია,
6349 დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველნაკბენია,
6350 მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია,
6351 ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ჩხნდენია.
6352
6353 გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა;
6354 მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა,
6355 თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა,
6356 მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე-ზარადხანისა.
6357
6358 შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი.
6359 მათ უვის ერთი ასული, მზე ხმელთა მანათობელი,
6360 იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი,
6361 მან გამომგზავნა, დავაგდე პატრონი, მათი მშობელი.
6362
6363 რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად
6364 მივლია ყოვლი ქვეყანა, მის მზისა მონაცვალისად;
6365 მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერნამკრთალი სად,
6366 გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად“.
6367
6368 ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა,
6369 ამბავი ტარიელისა, შემოსა ვეფხის ტყავისა;
6370 უბრძანა: „შენ ხარ წამალი ჯერთ შენგან უნახავისა,
6371 ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა.
6372
6373 მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მათსა რგებასა,
6374 უშველოთ, იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა;
6375 ვინცა სცნობს კაცი, ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა,
6376 ნუთუ კვლა მიხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა.
6377
6378 მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული,
6379 ქალსა ვაცნობოთ ყველაი, ამბავი ჩვენგან ცნეული;
6380 მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული,
6381 ღმერთმან ქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული!“
6382
6383 ფატმან თქვა: „ღმერთსა დიდება, საქმენი მომხვდეს, მო-, რანი,
6384 დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!“
6385 მოჰგვარა მონა გრძნეული, შავი მართ ვითა ყორანი;
6386 უბრძანა: „ქაჯეთს გაგგზავნი, წა, გზანი გისხენ შორანი!
6387
6388 აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემთვის შენისა გრძნებისა,
6389 ფიცხლა დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა,
6390 მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა“.
6391 მან უთხრა: „ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა“.
6392 წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი
6393
6394 ფატმან სწერს: „აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო,
6395 შენთა შორს მყოფთა ყოველთა დამწველო, ამაზრზენაო,
6396 სიტყვამჭევრო და წყლიანო, ტურფაო, ლამაზენაო,
6397 ბროლო და ლალო – ოროვე კვლა ერთგან შენათხზენაო!
6398
6399 თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე,
6400 მე ეგრეცა ვცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე;
6401 შენთვის ხელქმნილსა ტარიელს ამბვითა მოალხენიე,
6402 ორნივე მიხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს, შენ იე.
6403
6404 მოსრულა შენად საძებრად მისი ძმადშეფიცებული,
6405 ავთანდილ, მოყმე არაბი, არაბეთს შიგან ქებული,
6406 სპასპეტი როსტან მეფისა, ვერვისგან დაწუნებული;
6407 შენ სწერდი შენსა ამბავსა, ლაღი, ბრძნად გაგონებული.
6408
6409 ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა,
6410 ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა?
6411 მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა:
6412 ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინა?
6413
6414 რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე, გაამჟღავნე;
6415 მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რა გაუგზავნე!
6416 შენი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა გაათავნე,
6417 ღმერთსა უნდეს, მოყვარენი შესაფერნი შეგაზავნე!“
6418
6419 ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა:
6420 „ესე წიგნი მიართვიო ქალსა, მზისა დასაგვანსა!“
6421 მან გრძნეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა,
6422 მასვე წამსა დაიკარგა, გარდაჰფრინდა ბანისბანსა.
6423
6424 წავიდა ვითა ისარი კაცისა მშვილდფიცხელისა.
6425 რა ქაჯეთს შეხდა, ქმნილ იყო ოდენ ბინდ-ბანდი ბნელისა.
6426 უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა, კართა მცველისა,
6427 მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა.
6428
6429 ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი,
6430 შევიდა ზანგი პირშავი, თმაგრძელი, ტანნაბდიანი;
6431 იგი მზე დაჰკრთა, ეგონა სამისო რამე ზიანი,
6432 შეცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდისფერად – იანი.
6433
6434 ქაჯმან უთხრა: „ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაჰბნდები?
6435 მე ვარ მონა ფატმანისა, თქვენს წინაშე ნამგზავრები;
6436 ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუილად გეუბნები,
6437 მზისა შუქნი მოიცადენ, ვარდო, ადრე ნუ დასჭნები!“
6438
6439 პირმზე გაჰკვირდა ფატმანის ამბვითა საკვირველითა,
6440 ნუშნი გააპნა, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა.
6441 მას იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა;
6442 სულთქვამს, იკითხავს უსტარსა, ალტობს ცრემლითა ცხელითა.
6443
6444 მონასა ჰკითხა: „მიამბვე, ვინ არის ჩემი მძებნელი,
6445 ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედა მტკებნელი?“
6446 მან მოახსენა: „ვიკადრებ, რასცა ოდენ ვარ მცებნელი,
6447 რა წამოსრულ ხარ, მას აქათ შენგან ჩვენია მზე ბნელი.
6448
6449 ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია;
6450 მას რომე ცრემლი სდენია, ზღვათაცა შენართევია;
6451 მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლა მიმირთმევია,
6452 ღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათ ტირილი არ დალევია.
6453
6454 აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა,
6455 მან უთხრა წვრილად ყველაი, თქვენ ხართ რათაცა ჭირითა.
6456 იგია შენი მძებნელი მკლავითა ვითა გმირითა;
6457 მე გამომგზავნეს, დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა“.
6458
6459 ქალმან უთხრა: „მემართლების, ყმაო, შენი ნაუბარი!
6460 ფატმან ჩემი რა იცოდა, ვიყავ ვისი წანაგვარი?
6461 უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი,
6462 მე მიუწერ, შენცა ჰკადრე, ვარ ვითაცა გულმდუღარი“.
6463 წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა
6464
6465 პირმზე სწერს: „აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო!
6466 მისგან ტყვექმნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ხედაო?
6467 მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო,
6468 აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო.
6469
6470 შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები,
6471 აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები:
6472 ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯერ ათასი გმირები,
6473 ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები!
6474
6475 სხვად ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე:
6476 ქაჯთა მეფე არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე,
6477 მაგრა სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფე-რე,
6478 რასა ჰქვიან ძებნა ჩემი? არ ეგების, დაიჯერე!
6479
6480 ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა, ცუდმაშვრალია,
6481 იჭირვის, იწვის, ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებ ალია,
6482 მაგრა მას ვნატრი, უნახავს მზე, ამად არდამზრალია,
6483 უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვაჲმე, რა დიდი ბრალია!
6484
6485 შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე,
6486 ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე;
6487 გეხვეწები, საყვარელსა შემახვეწე, შემაბრალე,
6488 ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე, შე-ცა-სთვალე!
6489
6490 მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა:
6491 მას მკვდარსა ვნახავ, მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა.
6492 ვერას ვინ მარგებს, დასტურად ვიცი, არ რამე ჭორითა,
6493 არ დაგმორჩილდეს, დამქოლე შავისა ქვისა ყორითა!
6494
6495 გეთქვა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია,
6496 მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია;
6497 ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია,
6498 თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია“.
6499 წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთანა მიწერილი
6500
6501 აწ საყვარელსა მიუწერს გულამოსკვნილი, მტირალი,
6502 მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდის ვირ ალი.
6503 დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი,
6504 ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირალი.
6505
6506 „ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები,
6507 ტანი კალმად მაქვს, კალამი – ნავღელსა ამონაწები,
6508 მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები,
6509 გულო, შავგულო, დაბმულ ხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!
6510
6511 ხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია?
6512 რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია.
6513 ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ, მით მათგან საწუნელია;
6514 უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვაჲმე, რა დიდი ძნელია!
6515
6516 ხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან:
6517 ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან,
6518 ნეტარ, რა ქმნას უშენომან გულმან, შენგან დალახვრულმან!
6519 გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.
6520
6521 შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალი არ მეგონე;
6522 ჩემი მეთქვა: «გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე»;
6523 აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვმონე,
6524 ჩემი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა შევაწონე.
6525
6526 შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად,
6527 გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად!
6528 მომიგონებდი, გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად;
6529 ვზი მზრდელად სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისად.
6530
6531 სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების:
6532 ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების.
6533 ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთიმცა მას ეტერების!
6534 აწ კვლა ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების.
6535
6536 აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა დამისართა,
6537 არ დასჯერდა ბედი ჩემი მათ პატიჟთა მრავალგვართა,
6538 კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა;
6539 ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა!
6540
6541 ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ შემოსწვდებიან,
6542 გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან,
6543 დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან,
6544 მათთა შემბმელთა დაჰხოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.
6545
6546 ნუთუ ესენი გეგონნენ სხვათა მებრძოლთა წესითა?!
6547 ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა;
6548 შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა;
6549 მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა!
6550
6551 შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა,
6552 ჩემი სთქვა: «სხვათა მიხვდაო იგი ალვისა ტანითა»;
6553 არამ სიცოცხლე უშენოდ! ვარ აქამდისცა ნანითა;
6554 ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა.
6555
6556 შენმან მზემან, უშენოსა არვის მიხვდეს მთვარე შენი,
6557 შენმან მზემან, ვერვის მიხვდეს, მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი!
6558 აქათ თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი,
6559 სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი.
6560
6561 ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,
6562 ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა;
6563 მომცნეს ფრთენი და ავფრინდე, მივხვდე მას ჩემსა ნდომასა,
6564 დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.
6565
6566 მზე უშენოდ ვერ იქმნების, რათგან შენ ხარ მისი წილი,
6567 განაღამცა მას ეახლე მისი ეტლი, არ თუ წბილი!
6568 მუნა გნახო, მანდვე გსახო, გამინათლო გული ჩრდილი;
6569 თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილიმცა მქონდა ტკბილი!
6570
6571 მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რათგან სულსა,
6572 მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა;
6573 მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა;
6574 ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო, ჩემსა სიყვარულსა!
6575
6576 წადი, ინდოეთს მიმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა,
6577 მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელაუპყრობელსა,
6578 გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა,
6579 მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლშეუშრობელსა!
6580
6581 რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად;
6582 ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად.
6583 შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასახივარად.
6584 ვირე ცოცხალ ვარ, მეყოფი სატირლად და სატკივარად.
6585
6586 აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა!
6587 გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა,
6588 ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა.
6589 რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენ ზედა ცისა შვიდისა“.
6590
6591 ესე წიგნი, საყვარელსა მისსა თანა მინაწერი,
6592 რა დაწერა, გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი.
6593 თავმოხდილსა დაუშვენდა სისხო, სიგრძე, თმათა ფერი,
6594 ალვისაგან სული მოქრის, ყორნის ფრთათათ მონაბერი.
6595
6596 იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მიმავალი,
6597 წამ ერთ მიხდა ფატმანისსა, დღე იარა არმრავალი.
6598 რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი,
6599 ხელაპყრობით ღმერთსა მადლობს ცნობასრული, არა მთრვალი.
6600
6601 ფატმანს უთხრა: „გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი,
6602 დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი,
6603 წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოსრულა შარშანდელი,
6604 ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო მათი მოსპობ-ამწყვედელი“.
6605
6606 ხათუნმან უთხრა: „ჰე, ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების,
6607 მოეშორვების ნათელსა, გული ამისთვის ბნელდების;
6608 ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების,
6609 თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების“.
6610
6611 ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა, მას თანა ხლებულნი,
6612 უბრძანა: „მკვდარნი აქამდის აწყა ვართ დაცოცხლებულნი,
6613 რაცა გვინდოდა, მისითა სმენითა გაახლებულნი,
6614 ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით, ვაგლახ, ლებულნი.
6615
6616 მიდით და ფრიდონს უამბვეთ ამბავი არნაცქაფავი;
6617 მე ვერა ვნახავ, ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი.
6618 მან გაახაფოს ხმა ხაფი, კვლა უფრო გასახაფავი,
6619 თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე, ჩემი ნაალაფავი.
6620
6621 ჩემსა ზედა დიდი არის ვალი, თქვენგან დანადები;
6622 მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შევეყრები;
6623 აწ წაიღეთ ყველაკაი, მეკობრეთა წანაღები,
6624 ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი, ამად გეძუნწები.
6625
6626 სახლი არ მახლავს, არ ძალმაქვს გაცემა საბოძვარისა“.
6627 მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხვი ტურფათა ჯარისა,
6628 უბრძანა: „წადით, წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა,
6629 ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან, ძმადნაფიცარისა“.
6630 წიგნი ავთანდილისა ფრიდონთანა მიწერილი
6631
6632 დაწერა: „ფრიდონ მაღალო, სვესრულო მეფეთმეფეო,
6633 ლომისა მსგავსო ძალ-გულად, მზეო შუქმოიეფეო,
6634 მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო,
6635 უმცროსმან ძმამან შორიშორ სალამი დავიყეფეო!
6636
6637 ჭირნი ვნახენ და მო-ცა-მხვდა ნაცვალი ჭირნახულისა,
6638 კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა;
6639 მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა,
6640 დამარჩენელი ლომისა, მის ქვესკნელს დამარხულისა.
6641
6642 იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია.
6643 მუნ მისლვა მიჩანს თამაშად, თუცა გზა საომარია.
6644 ნარგისთათ წვიმა ბროლისა წვიმს, ვარდი ნაწვიმარია,
6645 ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრა სპა უამარია.
6646
6647 გულმხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების,
6648 სადაცა შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების;
6649 რაცა მოგინდეს, უცილოდ იქთ, იგი არ აგცილდების,
6650 არ თურე კაცმან დაგიდგნეს, ვეჭვ, კლდეცა გაგიცვილდების.
6651
6652 აწ შემინდვე, ვერა გნახე, შორს ამისთვის წაგიარე,
6653 გზა-გზა ყოვნად აღარა მცალს, პატიმრად-ა იგი მთვარე;
6654 ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა გაიხარე,
6655 ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეხმარე.
6656
6657 ამა მონათა ჩემ ზედა გარდაუხდელი გულია:
6658 ამოდ მმსახურეს, თქვენიმცა გული ამათთვის სრულია!
6659 ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენ თანა ხანდაზმულია?
6660 მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია“.
6661
6662 ესე უსტარი დაწერა, შეკრა და წა-ცა-ხვია მან,
6663 მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და თმითა იამან;
6664 შესთვალა ზეპირ, რაცა ხმდა, სრულად, მართ ვითა ჰგია, მან,
6665 მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან.
6666
6667 მოქარავნეთა უბრძანა: „საქმე მიც, გითხრა განაო,
6668 კარგად მომიხდა, მოყვრობა მე თქვენი მესვიანაო,
6669 რაცა მინდოდა, ყველაი ვქმენ, ღმერთმან მაგულვანაო,
6670 აწ აღარა მცალს, ბადრაგა სხვა წაიტანეთ თანაო“.
6671
6672 მონახა, პოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა,
6673 გამოემართა იგი მზე პირითა მსგავსი მთვარისა,
6674 მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულმწუხარისა;
6675 მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა.
6676
6677 ფატმან, უსამ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა,
6678 იტყვიან: „მზეო, რა გვიყავ? დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა!
6679 რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა!
6680 და-ცა-გვმარხენო ხელითა, ჩვენითა დამმარხველითა!“
6681 წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა
6682
6683 გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რათმე ნავითა,
6684 პირმხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა;
6685 მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა,
6686 ხელგანპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა.
6687
6688 მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა,
6689 ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა,
6690 ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა.
6691 სულთქვნა, რა ნახა ყვავილი მან, უნახავმან ხანისა.
6692
6693 აგრგვინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა;
6694 ვარდთა აკოცა ბაგითა, მით ვარდისავე დარითა;
6695 უბრძანა: „გიჭვრეტ თვალითა, გულტკბილად შემხედვარითა,
6696 მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენ თანა საუბარითა“.
6697
6698 რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი.
6699 ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი,
6700 უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი;
6701 სადაცა ნახნის, დახოცნის ლომ-ვეფხნი მოშამბნარენი.
6702
6703 ქვაბნი გამოჩნდეს, ეამა, იცნა, თქვა: „იგი კლდენია,
6704 სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია;
6705 ღირს ვარმცა, ვნახო პირისპირ, უამბო, რაცა მსმენია,
6706 არ მოსრულ იყოს, რაღა ვქმნა, ცუდ ჩემი განავლენია!
6707
6708 თუ მოსრულა, უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა,
6709 მინდორს სადმე წავიდოდა, მხეცისაებრ ველთა ვლიდა;
6710 სჯობს, თუ შამბ-შამბ წავიარო“, – იგონებდა, იხედვიდა,
6711 ესე თქვა და მიუქცია, მინდორთაკენ წამოვიდა.
6712
6713 მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა,
6714 მართ სახელდებით უყივის ხმითა მით სახარულითა.
6715 ცოტაი წავლო, გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა:
6716 შამბისა პირსა ტარიელ დგა ხრმლითა მომახულითა.
6717
6718 ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა;
6719 შამბისა პირსა ქვეითი დგა, ცხენი არა ხლებოდა;
6720 ყივილი ავთანდილისა ესმოდა, ეოცებოდა,
6721 შეხედნა, იცნა, გაიქცა, მისკენ მირბოდა, ხლტებოდა.
6722
6723 ხრმალი გასტყორცა ტარიელ, მიმართა მისსა ძმობილსა.
6724 ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა.
6725 მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელგარდაჭდობილსა,
6726 ხმა შაქრისფერად გაუხდა ვარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა.
6727
6728 ტარიელ მოთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი, მჭევრები:
6729 – სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები,
6730 ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს, ნაკადი ბევრები, –
6731 „რათგან შენ გნახე, რა მგამა, პატიჟი მჭირდეს მე რვები!“
6732
6733 ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა;
6734 გაღიმდის, ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა;
6735 ეტყოდა: „ვცანო ამბავი, შენ რომე გეამებოდა,
6736 აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის ჭნებოდა“.
6737
6738 ტარიელ უთხრა“ „ჰე, ძმაო, კმარის, დღეს რაცა მლხენია,
6739 ყოველი ჩემი სალხინო მინახავს, – ნახვა შენია;
6740 სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია;
6741 კაცმანმცა სოფელს ვით პოვა, რაცა რა საქმე ზენია!“
6742
6743 რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დასწყნარდა,
6744 მის ამბვისა დაყოვნება ვეღარ გასძლო, აუჩქარდა,
6745 გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა.
6746 რა ტარიელ ნახა, იცნა, გამოუღო, შემოვარდა.
6747
6748 წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გა-ცა-შალა მან,
6749 პირსა დაიდვა, დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან,
6750 სულნი გაექცეს, მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან.
6751 მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ, ვერცა სალამან.
6752
6753 ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვემდებარესა,
6754 შეჰფრინდა, შველად მიმართა მას, ტკბილად მოუბარესა,
6755 ვერა ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლნადებარესა;
6756 მისთა ნიშანთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა.
6757
6758 ავთანდილ დაჯდა ტირილად, ტირს ხმითა შვენიერითა,
6759 ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ-ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერითა;
6760 გახეთქა ლალი გათლილი ანდამატისა კვერითა,
6761 მუნით წყარონი გამოხდეს, ძოწსა ვამსგავსენ ფერითა.
6762
6763 პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა:
6764 „რაცა ვქმენო, არ უქნია არცა შმაგსა, არცა რეტსა;
6765 წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა!
6766 ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტისმეტსა.
6767
6768 მე მოვკალ ჩემი მოყვარე; რა მმართებს გაწბილებულსა?
6769 თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დასმით გაგონებულსა!
6770 ცრუ კაცი კარგად ვერა იქს საქმესა გაძნელებულსა,
6771 თქმულა: «სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!»
6772
6773 უცნობოქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად.
6774 ავთანდილ ადგა, გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად,
6775 მან პოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად,
6776 მკერდსა დაასხა, გა-ვე-ხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად.
6777
6778 ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა;
6779 ტარიელ შეკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა,
6780 თვალნი აახვნა, მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა.
6781 ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა, მზისაგან შუქნაკრთომისა.
6782
6783 ზამთარი ვარდსა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან,
6784 ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა ჩივიან,
6785 მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ყივიან, –
6786 სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე სტკივიან.
6787
6788 აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია,
6789 ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა მართ ვითა ხელია,
6790 მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია.
6791 იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია!
6792
6793 ტარიელ ნახა ნაწერი კვლაცა მკლველისა მისისა,
6794 იკითხავს, თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა;
6795 დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა.
6796 ავთანდილ ადგა, დაუწყო თხრობა სიტყვისა მქისისა.
6797
6798 იტყვის, თუ: „ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად,
6799 აწ რადღა გვმართებს ტირილი? ხამს, დავსხდეთ ქმნად ღიმილისად;
6800 ადეგ, წავიდეთ საძებრად მის მზისა წახდომილისად!
6801 ადრე მიგიყვან, მიყვანა არს შენგან მონდომილი სად.
6802
6803 ვითა გვმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ,
6804 მერმე შევსხდეთ, გავემართნეთ, ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ,
6805 ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგით დავიყარნეთ,
6806 უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ“.
6807
6808 მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს, აღარა ბნდებოდა.
6809 შეხედნის, თვალნი ამართნის, შავ-თეთრი ელვა ჰკრთებოდა,
6810 მართ ვითა ლალსა მზისაგან, მას ფერი ეზარდებოდა;
6811 ვინ ღირსა, თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა!
6812
6813 ავთანდილს მადლი უბრძანა, ქმნა უყო საუბარისა:
6814 „მე შენი ქება ვითა ვთქვა, ბრძენთაგან საქებარისა!
6815 ვითა ზემთისა წყარომან, მორწყე ყვავილი ბარისა,
6816 დამწყვიდე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა.
6817
6818 მე ვერა გიყო, ნაცვალსა ღმერთი გარდიხდის ციერი,
6819 ზეგარდმოთ მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემმაგიერი!“
6820 შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი;
6821 აწ გა-ვე-აძღო სოფელმან ასმათ, ადრითგან მშიერი.
6822
6823 ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის, არბარგოსანი.
6824 შეხედნა, იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი, –
6825 ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი, –
6826 მაშინვე იცნა, ავარდა მოშლილი, პერანგოსანი.
6827
6828 აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისლვა მოტირალისა,
6829 აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა.
6830 ზარაღებული ავარდა, ცნობა უც ვითა მთრვალისა,
6831 არ იცის სმენა ამბვისა ჯერთ მისგან სასურვალისა.
6832
6833 მათ რა ნახეს, შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით:
6834 „ჰე, ასმათო, მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით;
6835 ვპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გვწადდა, იგი ვქმენით,
6836 აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით!“
6837
6838 ავთანდილ ცხენსა გარდაჰხდა ასმათის მოსახვეველად;
6839 მან მიჰყო ხელი ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხეველად,
6840 ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქვეველად:
6841 „რა სცანო, რა ჰქმენ, მიამბე, ვტირ შენი მოაჯე ველად“.
6842
6843 ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა,
6844 ალვისა შტოდამჭნარისა, მთვარისა ფერმიხდილისა;
6845 უთხრა, თუ: „ნახე ნაწერი მის პატიჟგარდახდილისა;
6846 მზე მოგვეახლა, მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა“.
6847
6848 ასმათ რა ნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა,
6849 გაჰკვირდა, ზარმან აიღო, ათრთოლებს, ვითა ხელობა,
6850 ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა;
6851 იტყვის: „რა ვნახე, რა მესმის, არსმცა ამისი მრთელობა?!“
6852
6853 ავთანდილ უთხრა: „ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია;
6854 ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია,
6855 მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია,
6856 ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!“
6857
6858 ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა;
6859 ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა;
6860 ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა.
6861 კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუმცა კაცი შეიგებდა.
6862
6863 ღმერთსა მისცეს დიდი მადლი, თქვეს: „გვიყოო, რაცა სჯობდა“.
6864 „აწყა ვცანით, უარესსა პირი თქვენი არ გაბრჭობდა“,
6865 ინდოთ მეფე მხიარული ხელგანპყრობით ამას ხმობდა.
6866 ქვაბს შევიდეს მხიარულნი, ასმათ რასმე მასპინძლობდა.
6867
6868 ტარიელ ეტყვის: „ავთანდილ, ისმინე სიტყვა ასები,
6869 გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბვედ ნუ გენასები:
6870 მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ, დავხოცე დევთა დასები,
6871 მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირნაფასები.
6872
6873 მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მნდომია;
6874 მოდი და გავხსნათ, შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რა ზომია“.
6875 ეამა, ადგეს ორნივე, არცა ქვე ასმათ მჯდომია,
6876 დალეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედა ომია.
6877
6878 პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლა უნახავი თვალისა,
6879 მუნ იდვა რიყე თვალისა, ხელწმიდად განათალისა,
6880 ჩნდის მარგალიტი, ოდენი ბურთისა საბურთალისა;
6881 ვინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა!
6882
6883 იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი.
6884 პოვეს ერთი ზარადხანა, აბჯრისათვის სახლად ქმნილი;
6885 მუნ აბჯარი ყოვლიფერი ასრე იდვა, ვითა მწნილი,
6886 შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდული, არგახსნილი.
6887
6888 ზედა ეწერა: „აქა ძეს აბჯარი საკვირველიო,
6889 ჯაჭვ-მუზარადი ალმასი, ხრმალი ბასრისა მჭრელიო;
6890 თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, იყოს დღე იგი ძნელიო!
6891 უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკლველიო“.
6892
6893 კიდობანი გახსნეს, პოვეს მუნ აბჯარი სამი ტანი,
6894 რასაცა ვინ შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი:
6895 ჯაჭვი, ხრმალი, მუზარადი, საბარკული მათი გვანი, –
6896 ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს ვითა ლუსკუმანი.
6897
6898 თითომან თითო ჩაიცვეს, თავის-თავ გამოსცდიდიან,
6899 ჯაჭვ-მუზარადსა აბჯარი მართ ვერა ვერ მოჰკიდიან;
6900 ხრმალი რკინასა მოჰკრიან, ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან,
6901 მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, შევატყვე, არ გაჰყიდიან.
6902
6903 თქვეს: „ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა;
6904 ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა“.
6905 აიღეს იგი აბჯარი თავის-თავისა ქედითა,
6906 თითო მათ, ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა.
6907
6908 ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები;
6909 გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები.
6910 ავთანდილ თქვა: „ამას იქით დავამაგრო ხრმალსა ნები,
6911 ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს, არ დავდგები“.
6912 ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა
6913
6914 რა გათენდა, გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა,
6915 ნურადინის ქვეყანამდის შეისვიან მათ უკანა;
6916 მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა;
6917 ავთანდილ კმა ყოლაუზად, სხვამცა ვინღა წაიტანა!
6918
6919 იარეს და ზედა შეჰხდეს ნურადინის მეჯოგეთა;
6920 ჯოგი ნახეს, მოეწონა, ფრიდონისთვის ეაგეთა.
6921 მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის: „გაქნევ კარგთა სიშმაგეთა,
6922 მოდი, ფრიდონს ველაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა!
6923
6924 ჯოგი წაუღოთ, მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად,
6925 გამოემართვის საომრად, ველთა სისხლითა დაღებად,
6926 ანაზდათ გვიცნობს, გაკრთების, გულსა შელამის დაღებად, –
6927 ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შე-ვე-იქს ლაღებად“.
6928
6929 დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა.
6930 მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნა, ეკრა კვესებსა;
6931 უყივლეს: „ვინ ხართ, მოყმენო, ვინ იქთ საქმესა ზესებსა?
6932 ჯოგი მისია, ვინ მტერსა ჰკრავს ხრმალსა, არ აკვნესებსა“.
6933
6934 მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს.
6935 მეჯოგენი მიიზახდეს, ხმანი მათნი გაადიდნეს:
6936 „გვიშველეთო, გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს!“
6937 ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს, არ დარიდნეს.
6938
6939 შეეკაზმა ფრიდონ, შეჯდა, შეკაზმული გამოვიდა.
6940 ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა.
6941 იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაზრვიდა;
6942 დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა.
6943
6944 რა ტარიელ ფრიდონ იცნა, თქვა: „ვნახეო, ვინცა მინა“.
6945 მუზარადი მოიხადა, გაიღიმნა, გაიცინა;
6946 ფრიდონს უთხრა: „რასა ლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა?
6947 პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა!“
6948
6949 ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა, დავარდა და თაყვანისცა, –
6950 იგინიცა გარდაუხდეს, მოეხვივნეს, – აკოცისცა.
6951 ფრიდონ ღმერთსა ხელაპყრობით უსაზომო მადლი მისცა;
6952 დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა.
6953
6954 ფრიდონ უთხრა: „რასა სდეგით? მოგელოდი უწინარე,
6955 მე მზა ვარო, სამსახური თქვენი რამცა დავიზარე!“
6956 ჰგვანდა, თუმცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი, ერთი მთვარე,
6957 ერთმანერთი დააშვენეს, გაემართნეს, იქცეს გარე.
6958
6959 ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე, ტურფად გებულსა.
6960 ტარიელ დაჯდა საჯდომსა ოქსინოგარდაგებულსა;
6961 ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმადშეფიცებულსა;
6962 მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა.
6963
6964 უთხრეს: „ჯერთ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია,
6965 მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სამე გვისხენ სხვანია“.
6966 მან დასდვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია:
6967 „ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია“.
6968
6969 გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა;
6970 აბანოს ბანნა, აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა,
6971 დამოსნა ტურფა-ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა,
6972 თვალ-მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა.
6973
6974 უთხრა: თუ: „ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა,
6975 ჰგავს, მომწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა, ვითა ხელისა,
6976 მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა, წავლა სჯობს გზისა გრძელისა,
6977 თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა.
6978
6979 დიდთა რას ვაქნევთ ლაშქართა? კარგნი გვინდან და ცოტანი;
6980 სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი;
6981 ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ხრმალთა კოტანი,
6982 მას ადრე ვჰპოვებთ, ვისიცა მოგვკლავს ალვისა, მო-, ტანი.
6983
6984 ქაჯეთს ერთხელ კვლაც ყოფილ ვარ, ნახავთ, თქვენცა გემაგრების;
6985 ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერა მოადგების;
6986 თუ იდუმალ არ შეუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების,
6987 მით ლაშქარი არად გვინდა, რაზმი მალვით ვერ მოგვყვების“.
6988
6989 იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა.
6990 მუნ დააგდეს ქალი ასმათ, ფრიდონ მისცემს საჩუქარსა.
6991 თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს, გმირთა დარსა.
6992 ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა, პირველ შენაზარსა.
6993
6994 ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა;
6995 ფრიდონ გზა იცის, იარეს დღისით და ღამით რებულთა.
6996 ფრიდონ თქვა: „ვახლავთ არეთა ჩვენ, ქაჯეთს მიახლებულთა,
6997 აქათგან ღამით ვლა გვინდა მით არას გამჟღავნებულთა“.
6998
6999 ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ზმიდიან:
7000 რა გაუთენდის, დადგიან და ღამით ფიცხლა ვლიდიან;
7001 მივიდეს, აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან,
7002 გარე კლდე იყო, გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან.
7003
7004 ყოვლგნით მგრგვალი, შეუვალი, არსით იყო ყოლა პირი.
7005 სამთა კართა ცხრა ათასი ზედა სცვიდა მოყმე გმირი,
7006 შუა ციხე ამართული, კლდე კეკლუცი, არ დუხჭირი,
7007 გვირაბითა შესავალი, ახვრეტილი, ვითა სტვირი.
7008
7009 გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია.
7010 მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთვარე დგას მუნ ნათელია;
7011 თქვეს: „ვითათბიროთ, ვითა ვქმნათ, აწ გამორჩევა ძნელია;
7012 ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია“.
7013 თათბირი ნურადინ-ფრიდონისა
7014
7015 ფრიდონ თქვა: „ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცთარია:
7016 ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია;
7017 პირისპირ ომი არ ძალგვიც, არ ჟამი საკვეხარია.
7018 ათას წელ ვერსით შეუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია.
7019
7020 ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან,
7021 მასწავლნეს მათნი საქმენი, მახლტუნვებდიან, მწვრთიდიან;
7022 ასრე გავიდი საბელსა, რომ თვალი ვერ მომკიდიან,
7023 ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან.
7024
7025 აწ ვინცა ვიცით უკეთე შეტყორცა საგდებელისა,
7026 მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა,
7027 მას ზედა გავლა ასრე მიჩს, ვითა გარბენა ველისა,
7028 თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა.
7029
7030 აბჯრითა გავალ, არად მიჩს ჭირად გატანა ფარისა;
7031 შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა,
7032 ლაშქართა დავხოც, გავახვამ, ნახოთ გაღება კარისა!
7033 თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა“.
7034 თათბირი ავთანდილისა
7035
7036 ავთანდილ უთხრა: „ჰე, ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან:
7037 ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა წყლულნი გტკივიან;
7038 სთათბირობ ძნელსა თათბირსა, მტერთა ივაგლახ-ივიან,
7039 მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლო-ახლო ყივიან!
7040
7041 რა გახვიდოდე, გუშაგთა ესმის აბჯრისა ჩხერება,
7042 გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ, ამისი ხამს დაჯერება;
7043 წაგიხდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება,
7044 ეგე თათბირი არ ვარგა, სხვაებრ ვქმნათ თავის ტერება.
7045
7046 სჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა,
7047 ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა,
7048 სავაჭროთა შევეკაზმვი, ვიქ საქმესა სამუხთალსა,
7049 ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ხრმალსა.
7050
7051 სამთავე შესლვა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუები;
7052 მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები,
7053 მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები,
7054 ღმერთმან ქმნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები!
7055
7056 შიგანთა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად,
7057 თქვენ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მსგავსად გმირისად;
7058 კლიტეთა დავლეწ, გავახვამ, დამიდგამს ვერ ქვიტკირი სად.
7059 თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად“.
7060 თათბირი ტარიელისა
7061
7062 ტარიელ უთხრა: „მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა,
7063 თქვენსა ძალ-გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა, პირობა;
7064 ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხრმალთა ღირობა,
7065 კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ქმნას გაჭირობა.
7066
7067 მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა:
7068 ხმა ესმას ჩემსა ხელმქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა,
7069 თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა?
7070 ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.
7071
7072 მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები:
7073 გავიყოთ კაცი ას-ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები,
7074 სამთავე სამგნით მივმართოთ, ფიცხლა დავსხლიტოთ ცხენები,
7075 მოგვეგებვიან, ვემცრობით, ჩვენ ხრმალსა მივსცეთ მძლე ნები.
7076
7077 ფიცხლა შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა,
7078 სამთაგან ერთი შეუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა,
7079 მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა,
7080 ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა“.
7081
7082 ფრიდონ უთხრა: „შემიგნია, გაგიგია, ვიცი მე, რა:
7083 მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრებენ კართა ვერა;
7084 ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა,
7085 თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა“.
7086
7087 ფრიდონ ლაღი ამხანაგობს საუბართა ესოდენთა.
7088 ამას ზედა გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყვაბრძენთა,
7089 ერთმანერთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა,
7090 გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.
7091
7092 კვლა ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არპირმკვახები,
7093 დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები:
7094 გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები,
7095 ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩალაბახები.
7096
7097 იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა;
7098 მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა;
7099 ტარიელ შავსა ზედა ზის ტანითა მით წერწეტითა;
7100 დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.
7101
7102 ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია:
7103 რა ზედა წვიმდენ ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია,
7104 მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია,
7105 მაგრა რა ზღვასა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.
7106
7107 თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთემიუწვდომნია,
7108 მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია;
7109 მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია.
7110 აწ იყურებდით, მსმენელნო, გესმნენ ფიცხელნი ომნია!
7111
7112 სამთავე სამად გაიყვეს, თითომან თითო კარები;
7113 თანა ჰყვა კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები.
7114 მას ღამით უქმნეს სადარნო, უცრუო, ანაჩქარები,
7115 გათენდა, გაჩნდეს, მიმართეს, თავის-თავ ჰქონდა ფარები.
7116
7117 პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად,
7118 მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დახვდეს გულხმიერად;
7119 გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად;
7120 მიდგეს გარეთ, მუზარადნი დაიხურეს ჟამიერად;
7121
7122 ანაზდათ ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შექმნა წრიალი.
7123 რა ნახეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი,
7124 სამთავე სამგნით მიმართეს, თავსა მით უყვეს რიალი,
7125 იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.
7126
7127 მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა:
7128 კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა;
7129 მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა,
7130 ველნი მკვდართა ვერ იტევდეს, გადიადდა ჯარი მკვდრისა.
7131
7132 კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა,
7133 აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდა სიმაგრე ჯავშან-ქაფისა.
7134 სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირი არ ნახეს კაფისა,
7135 რა ქალაქს შეხდეს, შეიქმნა სიხარკე ციხეს სწრაფისა.
7136
7137 ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთგან შეიყარნეს,
7138 მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლნი მათნი მოეღვარნეს,
7139 უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს,
7140 თქვეს: „ტარიელ რა იქმნაო?“ მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.
7141
7142 ერთმანცა არა იცოდა, ვერა ცნეს ტარიერისა.
7143 ციხისა კარსა მიმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა;
7144 მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ხრმალთა წვერისა,
7145 ათი ათასი ნობათი, უსულო, მსგავსი მტვერისა.
7146
7147 ციხისა მცველი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული,
7148 თავით ფერხამდის დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული,
7149 ციხისა კარნი გახმულნი, კართა ნალეწი სრეული,
7150 ცნეს ნაქმრად ტარიელისად, თქვეს: „საქმე არს მისეული“.
7151
7152 გზანი დახვდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა,
7153 ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა,
7154 მუზარადი მოეხადა, შვენის აკრვა თმასა ლელსა,
7155 მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა,
7156
7157 ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს;
7158 ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს.
7159 მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდეს და შუქნი არნეს,
7160 აქანამდის ჭირნახულთა ამას იქით გაიხარნეს.
7161
7162 მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელგარდაჭდობილნი.
7163 კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთა პობილნი.
7164 აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბეს სამნივე ძმობილნი,
7165 მას მზესა მისცეს სალამი, წადგეს მართ ვითა ხმობილნი.
7166
7167 მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა,
7168 აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა,
7169 მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა,
7170 ორნივე ერთგან უბნობდეს ტურფითა საუბნარითა.
7171
7172 ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს,
7173 მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოიკითხეს;
7174 არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს,
7175 თავნი მათნი გაალომნეს, მათი მბრძოლი იშვლეს, ითხრეს.
7176
7177 სამასისა კაცისაგან ას-სამოცი შეჰყოლოდა;
7178 ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ერთ კერძ უხაროდა.
7179 მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა,
7180 რომე პოვნეს საჭურჭლენი, აწმცა თვალით ვით ითქმოდა!
7181
7182 მოკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები:
7183 სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები,
7184 თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები,
7185 იგი მზე შესვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები.
7186
7187 სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია,
7188 წამოიყვანეს იგი მზე, მათიღა წაგვრა ძნელია,
7189 ზღვათა ქალაქსა დამართეს, თუცა გზა მუნით გრძელია,“
7190 თქვეს: „ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია“.
7191 ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისლვა
7192
7193 ზღვათა მეფისა წინაშე გაგზავნა მახარობელი,
7194 შესთვალა: „მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი;
7195 ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი;
7196 მწადიან, გნახნე პატივით, ვითა მამა და მშობელი.
7197
7198 აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია;
7199 მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია;
7200 ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია,
7201 ამისად მუქფად რა გიძღვნა? მძულს ცუდი ნაქადებია.
7202
7203 მოდი, გვნახენ, გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე,
7204 სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი, ჩემგან შეიწირე,
7205 კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე,
7206 მე ვისწრაფი, ვერა გნახავ, შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე.
7207
7208 თქვენ უბრძანეთ ჩემ მაგიერ უსენს, ქმარსა ფატმანისსა,
7209 გამოგზავნოს, ეამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა;
7210 მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა,
7211 ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა!“
7212
7213 რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, –
7214 წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთობელსა, –
7215 მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა,
7216 მაშინვე შეჯდა, არ უნდა მისლვა სხვასაღა მხმობელსა.
7217
7218 ბარგი აჰკიდა, გააგო ქმნა ქორწილისა მათისა,
7219 მას მიაქვს რიცხვი ტურფათა, არს სიდიადე სათისა;
7220 ფატმან ჰყავს თანა, იარეს სავალი დღისა ათისა;
7221 უხარის ნახვა ლომისა და მზისა, ხმელთა მნათისა.
7222
7223 შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა,
7224 გარდახდეს, მდაბლად აკოცეს, გა-რე-სწყდეს ჯარსა სპათასა;
7225 შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა;
7226 ქალი რა ნახეს, სტრფიალობს შუქსა მას ბროლ-ბაკმათასა.
7227
7228 ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი,
7229 მოეხვია, გარდუკოცნა ხელი, ფერხი, პირი, ყელი;
7230 იტყვის: „ღმერთო, რა გმსახურო, გამინათლდა რათგან ბნელი!
7231 ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია შენი გრძელი“.
7232
7233 ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყვის, არ გამწყრალი:
7234 „ღმერთმან გული გამინათლა გახეთქილი, გა-ცა-მწკრალი,
7235 აწ აგრე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი,
7236 მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვჩან არდამზრალი“.
7237
7238 ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა,
7239 ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა,
7240 უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა,
7241 პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთენ ვითა ხიდსა.
7242
7243 მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა;
7244 ტარიელს უძღვნა გვირგვინი, ვერდანადები ფასისა,
7245 იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა,
7246 კვლა ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა.
7247
7248 ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა, შემკული თვალითა,
7249 იაგუნდითა წითლითა, ბალახშითა და ლალითა;
7250 დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი პირითა ელვამკრთალითა.
7251 მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა.
7252
7253 ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი:
7254 ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თითო ცხენი,
7255 თითო კაბა თვალიანი, უცხოფერთა შუქთა მფენი,
7256 მოახსენეს: „მადლი რა ვთქვათ, სვიანმცაა დავლა თქვენი!“
7257
7258 ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფასიტყვითა ენითა:
7259 „დიდად ვიამე, მეფეო, პირველ, ნახვითა თქვენითა,
7260 მერმე, აგვავსენ მრავლითა ტურფაფერითა ძღვენითა,
7261 ვიცი, შორიშორ არჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვქმენითა“.
7262
7263 ზღვათა მეფე მოახსენებს: „ხელმწიფეო, ლომო, ქველო,
7264 მოახლეთა სიცოცხლეო, ვერამჭვრეტთა შორით მკლველო,
7265 მსგავსი თქვენი რამცა მეძღვნა, შვენიერო სანახველო!
7266 რა მოგშორდე, რა მერგების, საჭვრეტელად სასურველო?!“
7267
7268 ტარიელ ფატმანს უბრძანა: „მე თავი შენი მიდია;
7269 დავ, გული შენი ჩემზედა გარდაუხდელი, დიდია;
7270 აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია,
7271 მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია“.
7272
7273 ფატმან ხათუნ თაყვანისსცა, ჰკადრებს მადლსა მეტისმეტსა:
7274 „მე, მეფეო, ნახვა შენი მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა;
7275 რა მოგშორდე, რა ვიქმნები? მე დამაგდებ ვითა რეტსა.
7276 ახ, ნეტარძი მოახლეთა! ვაგლახ თქვენსა ვერამჭვრეტსა!“
7277
7278 ზღვათა მეფესა ეტყვიან ორნივე შუქთა მაფენი,
7279 კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი:
7280 „უთქვენოდ მყოფთა არ გვინდან ნიშატნი საჩანგდაფენი,
7281 მაგრა გაგვიშვენ, წავიდეთ, ჟამია, ვართ მოსწრაფენი.
7282
7283 შენ იყავ ჩვენი მშობელი, ჩვენგან ღმრთად საესავიო,
7284 მაგრა ამასცა ვიაჯით, გვიბოძო ერთი ნავიო“.
7285 მეფემან ბრძანა: „არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო,
7286 რათგან ისწრაფი, რა გკადრო? წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო!“
7287
7288 მეფემან ნავი-ხომალდი მოკაზმა ზღვისა კიდესა.
7289 გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა,
7290 თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა,
7291 ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა.
7292
7293 გამოვლნეს ზღვანი სამთავე ერთგან, ძმად შენაფიცართა,
7294 კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა;
7295 შვენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არუიცართა,
7296 ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა.
7297
7298 მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად,
7299 კვლა ფრიდონის თავადთასა – ნაომართა მათთა მთხრობლად;
7300 „მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად,
7301 ჩვენ, დამზრალნი აქანამდის, აწ გავხედით დაუზრობლად“.
7302
7303 იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა,
7304 მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდახდომა ჭირისა,
7305 მივიდეს, სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა,
7306 მოეგებნიან, ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა.
7307
7308 მუნ მიეგება ყოველი ფრიდონის დიდებულები.
7309 ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები,
7310 ნესტან-დარეჯანს მოეჭდო, რომე ვერ გაჰხსნის ცულები,
7311 აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები.
7312
7313 ნესტან-დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა;
7314 უბრძანა: „ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა,
7315 აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა, ვცან, მისი არ სიძვირითა,
7316 მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიხდი რითა!“
7317
7318 ასმათ ჰკადრა: „მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახეთ არდაზრულნი,
7319 ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი,
7320 სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს, ოდეს გნახენ მხიარულნი“.
7321 სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი.
7322
7323 დიდებულთა თაყვანისსცეს, მოახსენეს დიდი ქება:
7324 „რომე ღმერთმან გაგვახარნა, – კურთხეულ არს მისი ღმრთება! –
7325 ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება;
7326 წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალუც განკურნება“.
7327
7328 მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაკოცნეს.
7329 მეფე ეტყვის: „ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს,
7330 იგი შვება საუკუნო ცხადად პოვეს, არ იოცნეს,
7331 ერთსა მიხვდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს.
7332
7333 თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია,
7334 მაგრა მათ მიხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია“.
7335 ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია,
7336 ნარგისთათ იძრვის ბორიო, ვარდსა ზრავს, იანვარია.
7337
7338 მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ნახეს,
7339 რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, სულთქმით ახეს;
7340 დადუმდეს და მოახსენეს: „რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს,
7341 თქვენთა მჭვრეტთა მღერა მართებს, რასათვისმცა ივაგლახეს!
7342
7343 ვინ ღირსა თქვენსა ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა!
7344 თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა“.
7345 კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა: „ნურათ იქთ გამწარებასა,
7346 ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!“
7347
7348 ავთანდილცა მიუმტკივნა, ეტყვის დიდსა სიმძიმილსა;
7349 მათ შეასხეს ქება, უთხრეს: „თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა,
7350 რათგან მიხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა,
7351 აღარა ვსტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა“.
7352
7353 მივიდეს, სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია;
7354 სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია,
7355 დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია,
7356 მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია.
7357
7358 შუკათათ მოდგეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია;
7359 შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვს მათ აბჯარია;
7360 მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია,
7361 მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია.
7362
7363 გარდახდეს ფრიდონისასა, სრა ნახეს მოსაწონები.
7364 გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები,
7365 ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები,
7366 თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.
7367 ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან
7368
7369 მათ ქალ-ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ-ძოწეული,
7370 წითელ-ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული:
7371 ავთანდილისთვის – ყვითელი და შავი ერთგან რეული:
7372 მოვიდეს, დასხდეს; მჭვრეტელი ვცან მათი სულდალეული.
7373
7374 მგოსანნი მოდგეს, ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა;
7375 ქორწილი ქმნეს და გამრავლდა ძღვნობა ლარისა ლბილისა,
7376 ფრიდონის, პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა;
7377 ნესტან-დარეჯანს უშვენის ღიმილი, ჩენა კბილისა.
7378
7379 მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არალქატისა:
7380 ცხრა მარგალიტი, სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა,
7381 კვლა ერთი თვალი, სამსგავსო მზისა შუქმონამატისა,
7382 მას წინა ღამით ძალედვის მხატვარსა ხატვა ხატისა.
7383
7384 კვლა უძღვნა თითო ფარღული, გარდასაყრელი ყელისა,
7385 მგრგვლად დათლილისა თვალისა, იაგუნდისა მრთელისა;
7386 კვლა მოაქვს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ხელისა,
7387 ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა.
7388
7389 იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა,
7390 ავთანდილს უძღვნა ყველაი არა სიტყვითა წბილითა,
7391 აივსო სახლი სტავრითა და ოქსინოთა ლბილითა.
7392 ტარიელ მადლი უბრძანა ლაღმან სიტყვითა ტკბილითა.
7393
7394 ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა;
7395 ყოვლთა დღეთა მიართმიდის უფასოსა ძღვენსა მზასა;
7396 დღე და ღამე არ გასწყვედდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა.
7397 აჰა, მიხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა.
7398
7399 ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე ერთ სიტყვები გულისა:
7400 „არს გული თქვენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა,
7401 არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა,
7402 მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა.
7403
7404 ავთავნილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება,
7405 აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება:
7406 შენ მიდი, ჰკითხე, რა უნდა, მან ქმნას ამისი ცხადება,
7407 ვითა დამივსო სახმილი, ეგრე მისიცა კმა დება.
7408
7409 უთხარ: „ძმაო, რა გარდიხდის, შენგან ჩემსა ჭირნახულსა!
7410 ღმერთი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა!
7411 თუ ვერა ვიქ საწადელსა შენსა, შენთვის გაზრახულსა,
7412 არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა, არცა ხულსა.
7413
7414 აწ მითხარ, ჩემგან რა გინდა, ანუ რათ მოგეხმარები?
7415 ვარჩევ, წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები;
7416 ტკბილი სიტყვითა გავმართოთ და ხრმლითა — საომარები.
7417 თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები“.
7418
7419 რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა,
7420 მას გაეცინნეს, გაღიმდა, შვენოდა მხიარულობა;
7421 თქვა, თუ: „მეშველი რად მინდა? მჭირს არავისგან წყლულობა!
7422 ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინნაკლულობა.
7423
7424 ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის მორჭმული ღმრთისა ნებითა,
7425 საკრძალავი და უკადრი, ლაღი, არვისგან ვნებითა,
7426 არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა;
7427 მას ზედა შველა რად მინდა, რად მეჭვ რასაცა თნებითა?
7428
7429 რა მოვა ჩემთვის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი,
7430 ღმერთი იწადებს, მომივლენ გულსა სახმილთა ლხენანი;
7431 მაშინღა მომხვდენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი;
7432 უმისჟამისოდ ცუდნია ჩემგან მი და მო რბენანი.
7433
7434 მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი, ჩემგან თხრობილი:
7435 „მადლი რად უნდა, მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი?
7436 ვარ მუცლითგანვე დედისათ თქვენად სამონოდ შობილი,
7437 ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი.
7438
7439 გებრძანა: «შეყრა მწადიან საყვარელისა შენისა».
7440 ეგე არს მსგავსი გულისა ლმობიერისა თქვენისა;
7441 მუნა მე ხრმალი არ მიკვეთს, არცა სივრცელე ენისა,
7442 მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა.
7443
7444 ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე:
7445 ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე,
7446 გვერდსავე გიჯდეს მნათობი, პირი ელვათა მკრთომარე,
7447 მებრძოლნი თქვენნი მოგესრნენ, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე.
7448
7449 რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი,
7450 მაშინღა მივალ არაბეთს, მომხვდენ მის მზისა ხლებანი;
7451 ოდესცა სწადდეს, დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი.
7452 სხვად თქვენგან არა არ მინდა, მძულან რასაცა თნებანი“.
7453
7454 რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი,
7455 მან ბრძანა: „მაგას არა ვიქ, ამას არ უნდა მისანი.
7456 ვითა მან პოვნა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი,
7457 ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ-გულნი ძმისანი!
7458
7459 მიდი, უთხარ ჩემ მაგიერ სიტყვა ჩემგან არნათნები:
7460 «მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები.
7461 ვეჭვ, მრავალი დამეხოცოს მონა, მისგან საყვარლები,
7462 ვითხოვ ხოლე შენდობასა, ეგეთიღა მოვბრუნდები».
7463
7464 ესე უთხარ: «ამის მეტსა მოციქულობ ნურას ნუო,
7465 ხვალე წასლვა არ დავშალო, არცა საქმე გავათუო;
7466 მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყვა გავაცრუო,
7467 ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო, შევაგუო»“.
7468
7469 უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა:
7470 „არ დადგებისო, ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა“.
7471 მას დაუმძიმდა, მოედვა კვლა გულსა კვამლალმულობა.
7472 ასრე ხამს რიდი მეფეთა, ყმათაგან მოკრძალულობა!
7473
7474 ავთანდილ მივა მუხლმოყრით ტარიას შესახვეწელად,
7475 ფერხთა ეხვევის, აკოცებს, აღარ შეხედავს ზე წელად,
7476 ეტყვის: „კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად,
7477 კვლა ნუ მიქ ერთგულობისა გამტეხლად, და-ცა-მლეწელად.
7478
7479 რასაცა ლამი, არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია,
7480 გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია!
7481 მე მისთვის ხელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერნამკრთალია!
7482 ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია!
7483
7484 ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს,
7485 ვაჲ თუ გაწყრეს, გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს,
7486 ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მომასურვებს,
7487 შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს“.
7488
7489 ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქნაფენამან,
7490 ხელი მოჰკიდა ავთანდილს, ამართა, ააყენა მან:
7491 „მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან,
7492 მაგრა სჯობს, შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან.
7493
7494 დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა,
7495 მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულმძიმობა, დიდობა;
7496 თუ მოყვარეა, გულისა ქმნას ჩემკენ მონაზიდობა,
7497 თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდისკიდობა.
7498
7499 მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა,
7500 არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა.
7501 რადმცა რა ვჰკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა!
7502 ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა.
7503
7504 ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით,
7505 რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით.
7506 რათგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით!
7507 დააშვენეთ ერთმანერთი, თავის-თავის ნუ დასჭნებით“.
7508
7509 რა ავთანდილ ტარიასგან ცნა, წასლვასა არ დაშლიდა,
7510 არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედა რთვიდა;
7511 ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა,
7512 თანა წაჰყვა, განაღამცა მათ თანავე გზასა ვლიდა.
7513 სამთაგანვე ქვაბსა მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა
7514
7515 ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს:
7516 ღმერთი კარგსა მოავლინებს, არ, ბოროტსა არ დაბადებს,
7517 ავსა წამ ერთ შეამოკლებს, კარგსა ხანგრძლად გააკვლადებს,
7518 თავსა მისსა უკეთესსა უზადოჰყოფს, არ აზადებს.
7519
7520 ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი, იგი მზენი,
7521 თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი,
7522 ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი, დანათხზენი,
7523 მუნ ბალახშსა ამშვენებდეს სინატიფე-სინაზესი.
7524
7525 იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს;
7526 მინადირობდეს, ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს;
7527 სადაცა დახვდის ქვეყანა, მჭვრეტელთა მოალხინებდეს,
7528 მოეგებნიან, სძღვნობდიან, აქებდეს, არ აგინებდეს.
7529
7530 მას ჰგვანდეს, თუმცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა;
7531 იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა, ბრძნად მოუბარეთა,
7532 შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაცმიუმხვდარეთა;
7533 სად ყოფილ იყო ტარიელ, მიხვდეს მის კლდისა არეთა.
7534
7535 ტარიელ ბრძანა: „მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა;
7536 მუნ მივალ, სადა ყოფილ ვარ, მჭირდა სადამდის ხელობა;
7537 მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა,
7538 მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა“.
7539
7540 მივიდეს, შიგან გარდახდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა.
7541 ასმათს უც ხორცი ირმისა, იქს მასპინძლობა-კვეთასა.
7542 ამხანაგობდეს, ლაღობდეს წასლვასა მათ საქმეთასა,
7543 ღმერთსა მადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა.
7544
7545 მოიარეს ქვაბოვანი, თამაშობდეს მხიარულნი,
7546 პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი,
7547 ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი;
7548 არ იტყვიან, არა გვაქვსო, იგ ამისთვის გულნაკლულნი.
7549
7550 უბოძა ტურფა მრავალი მათ-მათი შესადარები,
7551 კვლა ფრიდონისნი აავსნა, სპა ჰყვა თუ სპასალარები.
7552 აივსო კაცი ყველაი, მაშინ მათ თანა ნარები,
7553 მაგრა ძეს რომე საჭურჭლე, ჰგვანდა – კაცდაუკარები.
7554
7555 ფრიდონს უთხრა: „ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიხდების,
7556 მაგრა თქმულა: «კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების»;
7557 აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების,
7558 შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე, ვითა გხვდების“.
7559
7560 ფრიდონ მდაბლად თაყვანისსცა, ჰკადრა მადლი მეტისმეტი:
7561 „მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი?
7562 მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი?
7563 ჩემი ლხინი მუნამდისა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!“
7564
7565 ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად,
7566 სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად;
7567 აწ მუნითცა გაემართნეს არაბეთით წავლად გზისად,
7568 ავთანდილ-ა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად.
7569
7570 მიხვდეს არაბთა საზღვარსა, რა ვლეს მრავალი ხანები.
7571 დახვდა სოფლები, ციხები ხშირ-ხშირად, თანისთანები,
7572 მუნ შიგან მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები,
7573 ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები.
7574
7575 ავთანდილ იცნეს, გაისმა ხმა მათგან სიხარულისა;
7576 დაიწყეს ყოვლგნით ლაშქართა ქმნა მათკენ სიარულისა,
7577 თაყვანისსცემდა სიმრავლე სპისა პირმხიარულისა;
7578 ქალი ნახიან: „შვენება, – თქვიან, – არს მზისა სრულისა“.
7579
7580 ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა,
7581 შესთვალა: „გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა;
7582 მე მოვალ, მეფე ინდოთა, დარბაზსა თქვენსა სეფესა,
7583 გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭვნელსა, მოუკრეფესა.
7584
7585 მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა,
7586 ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტევება ცხენისა;
7587 მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა,
7588 დავხოცე მონა მრავალი, მსახური სრისა თქვენისა.
7589
7590 აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია,
7591 შემინდოთ, რაცა შეგცოდე, ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია.
7592 ძღვენი არა მაქვს, მმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია,
7593 ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია“.
7594
7595 რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა,
7596 ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა;
7597 თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა,
7598 ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა.
7599
7600 ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა სიცილი თქართქარებისა.
7601 ლაშქარნი რბოდეს მი და მო, ქმნა სწადდა მათკენ რებისა.
7602 დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა,
7603 შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავფიცხელ-გულმაგრებისა.
7604
7605 მეფე შეჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი.
7606 ვისცა ესმის, მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი.
7607 ყველაკაი ღმერთსა მადლობს, გაამაღლნეს მათნი ხმანი,
7608 თქვეს: „ბოროტსა უმყოფოო, კეთილნია შენთვის მზანი!“
7609
7610 რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ-მოსაგებავთა,
7611 ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა:
7612 „აგერა ხედავ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა?
7613 ამად მედების სახმილი, გულსა ეცხელა, ებავთა.
7614
7615 ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა.
7616 იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა,
7617 ჩემად არაკად სულდგმული კაცი არ გაწბილებულა,
7618 რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, ფრიდონ თქვენდავე ხლებულა“.
7619
7620 ტარიელ უთხრა: „კარგსა იქ შენ პატრონისა კრძალვასა.
7621 აწ დადეგ, იქი ნუ მოხვალ, იქმცა უჩემოდ ხალვასა.
7622 მე მივალ, უთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა,
7623 ვეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა“.
7624
7625 მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი,
7626 ნესტან-დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭვრეტთა მზარავი,
7627 მისთა წამწამთა ნიავი ქრის, ვითა ქარი არავი,
7628 წავიდა მეფე ინდოთა მისრული, მიუპარავი.
7629
7630 ფრიდონ წაჰყვა, განაღამცა გავლეს ველი დიდსა ხანსა,
7631 ცნა მეფემან, ტარიელ-ა, მარტო მოვა, მოხრის ტანსა,
7632 გარდახდა და თაყვანისსცა მას უკადრსა, ლომებრ ჯანსა,
7633 სდებს პატივსა ინდოთ მეფეს, მართ მამისა შესაგვანსა.
7634
7635 ტარიელცა თაყვანისსცა, მივა კოცნად, სასალამოდ;
7636 მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ,
7637 გაკვირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ:
7638 „შენ მზე ხარო, შენი გაყრა არის დღისა შესაღამოდ“.
7639
7640 გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა-სიტურფესა,
7641 პირსა უჭვრეტს გაკვირვებით, უქებს მკლავთა სიალფესა;
7642 კვლა ფრიდონცა უსალამა, თაყვანისსცა მან მეფესა,
7643 მას მეფესა, ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა.
7644
7645 მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების, დაეღონების.
7646 ტარიელ ეტყვის: „მეფეო, აწ გული შენ გემონების;
7647 მიკვირს, თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების!
7648 რათგან ავთანდილ შენია, სხვა რად ვინ მოგეწონების?
7649
7650 ნუ გიკვირს მისი ვერნახვა და დაყოვნება ხანისა!
7651 მოდი და დავსხდეთ, მეფეო, ამოა კორდი მწვანისა,
7652 გკადრო მიზეზი მისისა თქვენ წინა ვერმოტანისა,
7653 ვიაჯი რასმე, აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა“.
7654
7655 დასხდეს მეფენი, მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა.
7656 ტარიელს პირსა ციმციმი ათქს უნათლესი ბაზმისა;
7657 ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა ყოფა-ქცევისა და ზმისა;
7658 დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა ბრძნად ნაკაზმისა:
7659
7660 „მეფეო, თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად,
7661 მაგრა მოსრული თქვენ წინა ვარ შემომხვეწლად, მქენებლად;
7662 თვით იგი იაჯს, რომელი ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად,
7663 ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად.
7664
7665 აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწნით და შემუდარებით:
7666 ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დარებით,
7667 დაჰვიწყდეს, რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით;
7668 არ გაწყენ, გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით.
7669
7670 თქვენთა უყვარს ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა,
7671 მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერნამკრთალსა;
7672 მუხლმოყრილი გეაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა,
7673 რომე მისცეთ ქალი თქვენი მკლავმაგარსა, გულფიქალსა.
7674
7675 ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა, არცა გრძელსა“.
7676 ამოიღო ხელმანდილი, მოინასკვა იგი ყელსა,
7677 ადგა, მუხლნი დაუყარნა, ეაჯების ვითა მზრდელსა.
7678 გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბვისა მომსმენელსა.
7679
7680 რა ტარიელ მუხლმოყრილი ნახა, მეფე შეუზარდა,
7681 შორს უკუდგა, თაყვანისსცა, ქვე მიწამდის დაუვარდა,
7682 მოახსენა: „ხელმწიფეო, ლხინი ყოვლი გამიქარდა,
7683 თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა.
7684
7685 ვით ეგების, რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს,
7686 ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკლავად და ტყვედცა გინდეს;
7687 გებრძანამცა სახლით თქვენით, ცრემლი არცა მაშინ მდინდეს;
7688 სხვა მისებრი ვერა პოვოს, ცათამდისცა გა-ცა-ფრინდეს!
7689
7690 მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვპოვებ ვერა;
7691 თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა;
7692 ვარდი ახლად იფურჭვნების, მე ყვავილი დამებერა,
7693 რადმცა ვჰკადრე შეცილება, რასცა ოდენ იგი ჯერა!
7694
7695 თუ შეგერთო ერთი მონა, თქვენთვის არცა მაშინ მშურდა.
7696 ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვინ მოგმდურდა!
7697 თუ ავთანდილ არ მიყვარდა, ასრე მისთვის რად მომსურდა?
7698 დია ღმერთო, წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა“.
7699
7700 რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა,
7701 დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედა დაეფინა.
7702 კვლა მეფემან თაყვანისსცა, წამო-რე-ვლო, წადგა წინა,
7703 ერთმანერთი მოიმადლეს, მართ ერთსაცა არ ეწყინა.
7704
7705 ფრიდონ შეჯდა, ავთანდილის მახარობლად გაექანა,
7706 ესდენ დიდი სიხარული გაეხარნეს მასცა განა!
7707 წავიდა და წამოუძღვა, მოიყვანა, მოჰყვა თანა,
7708 მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა.
7709
7710 მეფე ადგა, მოეგება, ყმა გარდახდა, რა მივიდა;
7711 ხელთა ჰქონდა ხელმანდილი, პირსა მითა იფარვიდა.
7712 მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდთა ზრვიდა,
7713 მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაჰფარვიდა?!
7714
7715 მეფე კოცნასა ლამობდა, აღარა ცრემლნი სდენიან;
7716 ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენიან;
7717 უბრძანა: „ადეგ, ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან;
7718 რათგან მერჩიო, ნუ მერცხვი, გაე, რასაღა გრცხვენიან!“
7719
7720 მოეხვია, გარდუკოცნა მან პირისა არემარე:
7721 „დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არ ემარე,
7722 ვინ გიშერი დააჯოგა წარბ-წამწმისა, არემა-რე.
7723 გვალე, შეგყრი, ლომო, მზესა, თავი მისკენ არე, მარე!“
7724
7725 მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა,
7726 ახლოს უზის, ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა;
7727 იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიხვდა, ვითა ღირსა.
7728 მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა.
7729
7730 ყმა მეფესა მოახსენებს: „მიკვირს, სხვასა რად რას ჰბრძანებ!
7731 რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ?
7732 მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ,
7733 შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ“.
7734
7735 ტარიელსცა მოახსენა; შესხდეს, ქალსა მიეგებნეს,
7736 მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს,
7737 მიხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს, რაცა ძებნეს,
7738 ხელი ჰხადეს ხრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს.
7739
7740 მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან.
7741 დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან;
7742 გამოეგება, აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან,
7743 დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერმიხვდომილმან.
7744
7745 ეტყვის, „მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო!
7746 შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო,
7747 მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო!
7748 თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო!“
7749
7750 გაჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა;
7751 ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა;
7752 მისგან დამწვარნი მისცნიან გულნი ჭვრეტითა ლხენასა,
7753 სითცა გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა.
7754
7755 შინა წავიდეს ყოველნი, შესხდეს თავისა დარებად,
7756 ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად,
7757 არ მიიხვდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად,
7758 ადრე მივიდეს მეფისა სახლად საყოფად, არებად.
7759
7760 შევიდეს, ნახეს თინათინ, მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა,
7761 სკიპტროსან-გვირგვინოსანსა შვენოსა ცმა პორფირისა;
7762 მისრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა;
7763 შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მსგავსი გმირისა.
7764
7765 ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლდა უსალამეს,
7766 მოეგებნეს, აკოცეს და საუბარი დააამეს,
7767 იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს,
7768 ბროლ-ბალახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.
7769
7770 თინათინ ზედააწვივნა ტახტსა მეფეთა ზეთასა,
7771 ტარიელ უთხრა: „შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა,
7772 დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა,
7773 მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ, მზესა მზეთასა“.
7774
7775 ორთავე ხელი მოჰკიდეს და დასვეს ტახტსა თავისსა,
7776 გვერდსა დაუსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა;
7777 უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა,
7778 ნუ ეჭვ მიჯნურთა მათებრთა ნუცა თუ რამინს და ვისსა.
7779
7780 ქალსა შესწბა, გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა,
7781 ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე- და გამო- გულმან კრთომა.
7782 მეფე ეტყვის: „შვილო, ჩემგან გაქვს სირცხვილი თუ რა ზომა,
7783 ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არწახდომა.
7784
7785 აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა,
7786 სვესვიანობა, დიდობა, კვლა ჭირთა გარდუხდელობა!
7787 ცამცა ნუ შეგცვლის, მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა!
7788 თქვენით ხელითა მეღისროს მიწათა შემომყრელობა!“
7789
7790 მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება:
7791 „ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღმრთისა ნება,
7792 დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე – სიბერე ვითა სნება,
7793 ჩემად სწორად მსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება!“
7794
7795 ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს, მდაბლად ეთაყვანნეს,
7796 მოახსენეს: „მიწად ვექმნნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანნეს,
7797 მორჩილქმნილნი დაგვადიდნეს, ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს,
7798 მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, გულნი ჩვენნი აგულვანნეს“.
7799
7800 ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა თავსა დება;
7801 ქალსა ეტყვის: „შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება,
7802 ქმარი შენი ძმაა ჩემი, მწადს ეგრევე თქვენი დება,
7803 ორგულთა და შემცილეთა თქვენთა მე ვქმნა გაფლიდება“.
7804 ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან
7805
7806 მას დღე ავთანდილ პატრონად ზის და ხელმწიფე ზენია,
7807 მას თანა მჯდომსა ტარიელს შვენიან სინაზენია;
7808 ნესტანჯარ ახლავს თინათინს, მჭვრეტელთა ამაზრზენია,
7809 ჰგავს, თუ ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ოთხნი მზენია.
7810
7811 დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა,
7812 ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი მხავსისა,
7813 შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამსგავსისა;
7814 მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა მზისა მსგავსისა.
7815
7816 იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები,
7817 კვლა უცხოფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო-უცხო სიქები.
7818 მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები,
7819 მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი: „ნუ აეხსნები, იქ ები!“
7820
7821 მუტრიბნი მოდგეს, ყოველგნით ისმოდის ხმა წინწილისა;
7822 შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბალახშისა თლილისა;
7823 მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის, მსგავსი მილისა,
7824 ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა.
7825
7826 არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი;
7827 მოდიოდა მარგალიტი მოფანტული, მონაყარი;
7828 გაბედითდა წასაღებად ატლასი და ოქრო მყარი,
7829 სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი.
7830
7831 ხვალისა მეფე არაბთა კვლა პურობს, არ ღაფალია;
7832 ტარიელს უთხრა: „შენი მზე საჭვრეტლად სატურფალია.
7833 მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია;
7834 ხამს, ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია.
7835
7836 აწ, მეფეო, არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად“.
7837 სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად.
7838 ქვემოთ დასხნა ავთანდილ და მისი ცოლი მათად სწორად.
7839 პირველ ძღვენი ტარიასთვის მოიღიან, იდვის გორად.
7840
7841 არაბთა მეფე მასპინძლობს, იქს ოდენ არიფობასა,
7842 ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ მათ, არ იხმობს ხელმწიფობასა,
7843 გასცემს და უქებს ყველაი უხვობა-იეფობასა,
7844 ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩვეულა ვით მეფობასა.
7845
7846 მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა,
7847 სიყვარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა;
7848 რომე სძღვნა, არა ეგების თქმა არცა ნაათალისა, –
7849 თითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა.
7850
7851 კვლა უძღვნა ძღვენი ორთავე, მსგავსი მათისა ბედისა,
7852 ათასი თვალი, ნაშობი რომანულისა დედისა,
7853 კვლა მარგალიტი ათასი, მართ ვითა კვერცხი ტრედისა,
7854 ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მსგავსი ქედისა.
7855
7856 ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავშედგმული,
7857 ცხრა ტაიჭი, ძვირფასისა უნაგირთა შეკაზმული.
7858 ინდოთ მეფე თაყვანისსცემს ლაღი, ბრძენი, არ მახმული,
7859 მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინოსმული.
7860
7861 რას ვაგრძელებდე? გარდახდეს დღენი ერთისა თვისანი.
7862 თამაშობდიან, არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი.
7863 ტარიელს სძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი,
7864 მათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ მართ ვითა მზისანი.
7865
7866 ტარიელ ჰგვანდა ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოველად,
7867 ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად,
7868 შესთვალა: „შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად,
7869 მტერთა აქვს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად.
7870
7871 უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან.
7872 ვეჭვ, მოგცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან;
7873 წავიდე, ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან,
7874 ადრე კვლა გნახნე მორჭმულნი, ინებოს ღმრთისა ნებამან“.
7875
7876 როსტევანს ეთქვა: „მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა?
7877 რაცა გიჯობდეს, იქმოდით, გასჭვრეტდით, გაიცდიდითა,
7878 ავთანდილ თანა წამოგყვეს, წადით ლაშქრითა დიდითა,
7879 თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით, და-ცა-სჭრიდითა.
7880
7881 ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები.
7882 მან უთხრა: „გაე, ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები,
7883 ახალშეყრილსა მთვარესა, მზეო, ვით მოეშორები?“
7884 ავთანდილ უთხრა: „მაგითა შენგან არ მოვიღორები.
7885
7886 არ, დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახავად!
7887 „ცოლი უყვარსო, გამწირა“, – იყო ამისად მსახავად;
7888 მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მევაგლახავად?
7889 კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ, ავად!“
7890
7891 ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთა ფრქვევასა;
7892 უბრძანა: „ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა;
7893 რათგან გწადიან, წამომყევნ, დამწამებ ნურას თნევასა“.
7894 ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მის თანა წვევასა.
7895
7896 შეყარნა სპანი არაბეთს, – აღარა ხანსა ზმულია, –
7897 კაცი ოთხმოცი ათასი, ყველაი დაკაზმულია.
7898 კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია.
7899 არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნაღველჭმულია.
7900
7901 ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე, დობილნი,
7902 ერთმანერთისა დადფიცნი, სიტყვისა გამონდობილნი,
7903 მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელითა გარდაჭდობილნი,
7904 ტიროდეს; მათთა მჭვრეტელთა გულნიცა ესხნეს წდობილნი.
7905
7906 მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანაშეესწოროსა,
7907 ორნივე სწორად ნათობენ, მოშორდეს, მოეშოროსა;
7908 არა თუ იგი მოშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა,
7909 მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან, ხამს, თავი იქედგოროსა.
7910
7911 მათადვე სახედ, რომელსა ესენი დაუბადიან,
7912 იგივე გაჰყრის, სიშორე არა თუ ნებით სწადიან,
7913 ვარდსა სწებვენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩადიან.
7914 მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან.
7915
7916 ნესტან-დარეჯან თქვა: „ნეტამც ყოლა არ შეგმეცნებოდი,
7917 მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავჭნებოდი.
7918 ამბავსა სცნევდი, მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი,
7919 ვითა მე შენთვის დამწვარ ვარ, აგრევ შენ ჩემთვის სდნებოდი“.
7920
7921 თინათინ უთხრა: „ჰე, მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო,
7922 რადმცა გაგწირე, თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო!
7923 ღმრთისაგან დღეთა თხოვნისა ნაცვლად სიკვდილი ვინებო,
7924 აგრემცა მივი, რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო!“
7925
7926 კვლა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი;
7927 ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი;
7928 იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი.
7929 რომე მწადდეს, ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი.
7930
7931 როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების,
7932 ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების,
7933 ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების;
7934 ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების.
7935
7936 ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით;
7937 იტყვის, თუ: „თქვენი სიახლე მიჩს აქამდისცა ოცებით;
7938 რათგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გაასოცებით,
7939 შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით.
7940
7941 ტარიელ შეჯდა, მეფისა გამყრელი, გამომსალამე;
7942 სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე:
7943 „მზე შენ გელისო საომრად და თავი შენ მას ალამე“.
7944 უბრძანა: „თქვენთვის მტირალსა ყოლა რად მიჩნდეს სალა მე!“
7945
7946 გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა,
7947 ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა,
7948 კაცი ოთხმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა,
7949 მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.
7950
7951 სამ თვე ვლეს, – ღმერთმან მათებრი სხვა ნურა ნუ დაჰბადოსა!
7952 მოეგებნიან, მტერობა ვერავინ დაიქადოსა!
7953 მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდილადოსა,
7954 ვითა მართებდა, პურობდეს, ღვინოსა სმიდეს, არ დოსა.
7955 ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა
7956
7957 ქედსა ზედა გარდამოდგა მეტად დიდი ქარავანი,
7958 კაცები და სახედრები ერთობ იყო შაოსანი;
7959 გარეშემო მოეკვეცნეს უკანამო დალალანი;
7960 მეფე ბრძანებს: „მოასხითო, ჩვენ დავყოვნოთ აქა ხანი“.
7961
7962 მოასხნეს იგი ვაჭარნი და მათი უხუცესია;
7963 უბრძანეს: „ვინ ხართ, შავითა რად ტანი შეგიგლესია?“
7964 მათ მოახსენეს: „სით მოვალთ, მუნ ასრე დანაწესია,
7965 ინდოეთს მისრით მოსრულთა გვივლია გზა უგრძესია“.
7966
7967 გაეხარნეს მათ ვაჭართა ინდოეთით მომავლობა,
7968 მაგრა თავი უმეცარყვეს, არა მისცეს ყოლა გრძნობა;
7969 უცხოურად ეუბნების, მათ ვერა ქმნეს მათი ცნობა.
7970 არ ესმოდა ინდოური, არაბულად ყვეს უბნობა.
7971
7972 უბრძანეს: „გვითხართ, ვაჭარნო, ამბავი ინდოეთისა!“
7973 მათ ჰკადრეს: „ზეცით მოსრულა ინდოეთს რისხვა ზეცისა;
7974 დიდსა და წვრილსა ყველასა ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა,
7975 მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს ვითა შეთისა“.
7976
7977 თვით მათვე მათსა ამბავსა უამბობს, არის წყლიანი:
7978 „ფარსადან, მეფე ინდოთა, იყო ხელმწიფე სვიანი,
7979 მას ესვა ქალი მნათობი, მზისაცა უფრო მზიანი,
7980 კბილმარგალიტი, ტანალვა, ღაწვბალახშ-ყორანთმიანი.
7981
7982 მას ქალსა და ამირბარსა ერთმანერთი შეუყვარდა.
7983 ამირბარმან სიძე მოკლა, ხმა მეფესა დაუვარდა;
7984 იგი ქალი პატარაი მამიდასა გაეზარდა,
7985 ბუქთა მისგან მონაქროლთა ინდოეთი გარდაქარდა.
7986
7987 მამიდაი ქაჯი იყო, გრძნეულობა იცის კარგა,
7988 მით შემართა საშინელი, მზე ხმელეთსა დაუკარგა;
7989 თვითცა მოკვდა უბედური, მართ საცოცხლოდ არად ვარგა;
7990 იგი ქალი დაიკარგა, ალვა მორჩი სხვაგან დარგა.
7991
7992 ცნა ამირბარმან, წავიდა ლომი მის მზისა მძებნელად,
7993 იგიცა წახდა, ინდოეთს, გახდა მთვარე და მზე ბნელად;
7994 ორნივე წახდეს, პოვნაღა მათი არს აწ საგებნელად;
7995 მეფემან ბრძანა: „ჰე, ღმერთო, რად ცეცხლსა მომიდებ ნელად“.
7996
7997 მეფე გაშმაგდა მათისა უღონოქმნილი ძებნისა;
7998 ვად შეიცვალა ინდოეთს ხმა ქოს-წინწილთა, ებნისა;
7999 ცოტასა ხანსა გა-ვე-სძლო დება სახმილთა გზნებისა;
8000 აწ თვითცა მოკვდა, შეექმნა ბოლო სრვისა და ტკებნისა“.
8001
8002 რა ვაჭარმან ესე სიტყვა თქვა, საქმენი გააკვლადნა,
8003 ქალმან დიდნი დაიკივლნა, ფიცხლა თავსა მოიხადნა;
8004 ტარიელცა დაიზახნა, დაფარულნი გააცხადნა;
8005 ნარგისთაგან ნაწვიმარი ღვარი ადგა, თოვლი გადნა.
8006
8007 მომკალ, ქალსა თავშიშველსა თუ მზე ვითა ეურჩოსა!
8008 სული ვარდსა დავამსგავსე, თავმოხდილი — ყაყაჩოსა;
8009 თუ ბრძენიცა მაქებარი მისი იხმობს ვირებრ „ჩოსა“,
8010 ჰგავს, თუ ტყუბი მარგალიტი ზის ბროლისა ხარხაჩოსა.
8011
8012 ქალი საბრალოდ მამასა სტირს, ბულბულისა მსგავსია,
8013 თმა გაიგლიჯა, გაყარა, ღაწვი ცრემლითა ავსია,
8014 ვარდი შექმნილა ზაფრანად, ლალი მართ ვითა ხავსია,
8015 მზესა ღრუბელი ეფარვის, ამად ნათელი დავსია.
8016
8017 იხოჭს და იგლეჯს ზახილით, ტირს სიტყვახაფი უარე;
8018 სისხლი და წყალი თვალთაგან სდის ცრემლი გარე უარე;
8019 „მოვკვეო შენთვის, მამაო, შვილი ყოველთა უარე,
8020 ვერა გმსახურა ასულმან, ვერცა რა შეგაგუა-რე.
8021
8022 ჩემთვის ბნელქმნილო მამაო, ნათელო თვალთა ჩემთაო,
8023 ჩემთა რა გაცნევს ამბავთა, გულისა მონაცემთაო!
8024 მზეო, რადღა გაქვს სინათლე, რადღა ანათობ თემთაო?
8025 რად არ დაიქეც, ქვეყანავ, რადღა მართიხარ ზე, მთაო?“
8026
8027 ტარიელ მოსთქვამს: „გამზრდელო, ჰაჲჰაჲ, რა საქმე მსმენია!
8028 მიკვირს, თუ მზეღა რად ნათობს, რად არა დაუჩენია?!
8029 მზე მოჰკვე ყოვლთა სულდგმულთა, სოფელი აღარ შენია,
8030 ღმერთსა მიმადლე, შემინდვე, რაცა შენ ჩემგან გწყენია“.
8031
8032 მაშინ გახდეს ყველაკანი მტირალად და ცრემლთა მღვრელად;
8033 დიდი ხანი მოიტირეს თავის-თავის გაუყრელად;
8034 ავთანდილ და ფრიდონ ტირან გულსადაგად, არ თუ ჭრელად;
8035 მაგრა ექმნნეს სულის მღებლად, კათალიკოს-მაწყვერელად.
8036
8037 ზე ადგეს და მოახსენეს: „ჰე, მნათობნო, ცისა მზენო,
8038 დათმეთ, გული დაიწყნარეთ, ქენით, რაცა მოგახსენო;
8039 იგი ღმერთმან გაამაღლა, ვითა ორბი, მისნო ფრთენო,
8040 აქა ყოფნა არა გვმართებს, არცაღა გვცალს გლოვად ჩვენო“.
8041
8042 მადლი უბრძანეს, აწვივნეს, ქვე დასხდეს ზე ადგომილნი;
8043 მუნვე დგეს იგი ვაჭარნი, პირსა ფერჰაერკრთომილნი,
8044 გაკვირვებულნი საბრალოდ, მართ ვერას ვერ მიხვდომილნი;
8045 უბრძანეს: „ძმანო, რას გიკვირს, ჩვენ იგი ვართ წახდომილნი“.
8046
8047 კვლა უბრძანებდეს: „გვიამბეთ ამბავი დანარჩომია!“
8048 მათ მოახსენეს: „პატრონო, ინდოეთს დიდი ომია,
8049 მოსრულა ხატათ ლაშქარი, ქალაქსა შემოსდგომია,
8050 რამაზ არს ვინმე ხელმწიფე, მათად პატრონად მჯდომია.
8051
8052 ჯერთ დედოფალი ცოცხალა, მკვდართაგან უფრო მკვდარია,
8053 იბრძვის ლაშქარი ინდოთა, თუც იმედგარდამწყდარია;
8054 გარეთ ციხენი წაუხმან, ყველაი გარდამხდარია.
8055 მზენო, თქვენ შუქნი მიჰფინეთ, ჰაჲჰაჲ, რა ავი დარია!
8056
8057 მუნა მყოფსა ყველაკასა შეეკერა, ჩვენცა, შავი;
8058 რამაზს წინა გამოვედით, მისრულად ვთქვით ჩვენი თავი;
8059 მეფე ჩვენი დიდი არის, მათ ეწადა მისი ზავი,
8060 გამოგვიშვნა: «წაედითო», არა გვიყო ყოლა ავი“.
8061
8062 რა ტარიელს ესე ესმა, მეტად ფიცხლად აიყარა,
8063 ეჯი, სამ დღე წასავალი, ერთსა დღესა წაიარა;
8064 დროშა მისი აიმართა, წინა არა მოიფარა;
8065 აწ ნახეთ, თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა!
8066 ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება
8067
8068 ინდოეთს ზედა წაადგა, მუნ მთა და დიდი ქედია;
8069 აჩნდა ლაშქარი უსახო, ესაკვირველა, ედია.
8070 ტარიელ ბრძანა: „მოყმენო, აწ თქვენგან რა იმედია?
8071 ადრე მოვიცლი, ჩემ თანა ღმერთი და ჩემი ბედია!
8072
8073 იმა ლაშქართა უნახვან კვლა ხრმალთა ჩემთა კვეთანი;
8074 ერთხელ შემებნეს, დავხოცენ, შევქნენ აბჯართა ფეთანი“.
8075 ავთანდილ ჰკადრა: „რად უნდა თქმანი სიტყვათა მძლეთანი?
8076 მართ ვითა მტვერთა წავიხვამთ, მიხვდენ ფერხითა ცვეთანი“.
8077
8078 დაეკაზმნეს საომრად, გაამაყდეს, გაჩაუქდეს,
8079 ცხენთა შესხდეს უკეთესთა, სახედარნი ასუბუქდეს,
8080 ერთმანერთსა აჯობინეს, მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს,
8081 იგი ქედი ჩაიქროლეს, ბუქისაცა უფრო ბუქდეს.
8082
8083 წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედაგარდეკიდეს;
8084 ტარიასთა გააქცივნეს, მიეწივნეს, ჩამოჰყრიდეს,
8085 მოაგებნეს მხარდაკრულნი, მათ წინაშე მოასხმიდეს,
8086 აიზიდნეს; „ვისნი ხართო?“ – ჰკითხეს, ხანსა და-რე-ზმიდეს.
8087
8088 მათ მოახსენეს: „მეფეო, ჩვენ – ცუდად დაღორებულნი,
8089 რამაზის ხელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი“.
8090 უბრძანა: „წადით, რეგვენნო, თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი.
8091 აცნობეთ თქვენსა პატრონსა: „მოვლენ გულითა ქებულნი“.
8092
8093 უთხარით: «ბრძანებს ტარიელ, მეფე ლაღი და ჯანია,
8094 იგი ხელმწიფე მაღალი, მებრძოლთა მემაჯანია;
8095 ჩემსა ამბავსა გაცნევენ შენნივე დარაჯანია,
8096 შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა, ცუდნიღა დაღრეჯანია!
8097
8098 დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო!
8099 ინდოეთსა ვით მოადეგ, შმაგთაგანცა უფრო შმაგო?
8100 აჰა, მოვედ იგი ცეცხლი, რომე წმიდად ამოგდაგო,
8101 ხრმალი ჩემი მოლესული შენსა ზედა დავაბლაგო.
8102
8103 აწ დაემზადე, მოპარვა მე თქვენი არა მწადიან;
8104 შემები, რაზმი გარდმაწყევ, წინასვე გამიცხადიან;
8105 პირბოზო, ჩემი მორევნა რა დიდი დაგიქადიან?
8106 მე ჩაბალახად გახმარნე, რაცა გიმუზარადიან»“.
8107
8108 დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს,
8109 რამაზს ჰკადრეს ყველაკაი, დამალვასა ვერა სთმობდეს:
8110 „მოვიდაო ინდოთ მეფე, ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს,
8111 ვინცა ვითა გარდეხვეწოს, იგი ერთი ორთა სჯობდეს!“
8112
8113 ინდოთა დროშა ტარიელს აქვს და ალამი უბია,
8114 დროშა არაბთა მეფისა მისსა თანავე ჰყუდია;
8115 არაბთა იცის ყველამან, მათი აბჯარი შუბია;
8116 ფრიდონ – მზე მოყმე, რომელმან შექმნა სისხლისა გუბია.
8117
8118 ცოტაი წავლეს, გამოჩნდეს ხუთასნი ცხენოსანანი;
8119 შეტევებასა ლამობდეს ყმანი არაბთათანანი;
8120 ტარიელ გაწყრა: „ნუ იქთო“, მისცნა საქმისა ნანანი;
8121 მოვიდეს, აჩნდეს უაბჯროდ, ჰქონდეს არცა თუ დანანი.
8122
8123 ცხენის ფერხთა მოეხვია, მუხლმოყრილი შეეხვეწა,
8124 მოახსენა: „შემიბრალე, მისსა ძალსა, ვინცა გხვეწა;
8125 უმართლე ხარ, ნუ მაცოცხლებ და წამიღონ მკვდარი მე, წა-!
8126 გული თქვენი სასაკუთრო ბედმან ასრე დამილეწა.
8127
8128 დაიკარგენით, წაჰხედით თქვენ, წელნი მეათენია,
8129 გახდეს მფრინველნი უმეფოდ, არწივსა მოსტყდეს ფრთენია;
8130 ამად შევმართენ საქმენი მათნი საკამათენია,
8131 ადრე გამიტყდა სოფელი, მართ ვითა კაბათენია“.
8132
8133 შინა წავიდეს, გარდახდეს, ეს თურმე არ ლაყაბია;
8134 რამაზ ჰყავს ორთა დედათა, ყელსა მანდილი აბია;
8135 შეშინებული საბრალოდ დუღდა, მართ ვითა ქვაბია:
8136 „შეგცოდე, მომკალ მე ხოლე, რამცა ვინ მიასაბია.
8137
8138 ვიაჯი, მომკალ მე ხოლე, ყველაი ჩემი ბრალია;
8139 მერმე ვაზირი ხუთასი მყავს, აქათ წაუვალია,
8140 თავები დასჭერ, ადინე სისხლი, მართ ვითა წყალია,
8141 სპა უბრალოა, ნუ დაჰხოც, ამად ვტირ გულმხურვალია“.
8142
8143 ყოვლთა მისცეს ზენაარი, მიუყარნეს მუხლი წინა:
8144 „ნუ დაგვხოცო, მისსა ძალსა, ვინცა აგრე დაგარჩინა!“
8145 ტარიელ დგას დაყმუნვებით, რამაზ წინა მოეფინა.
8146 ღმერთი ალხენს მონანულსა, არ შეუნდობს კაცი ვინა!
8147
8148 კაცი ცრემლითა შეინდობს, თუ ცოდვა მას თანაც არსა.
8149 ვით ნინეველნი, ისხმიდეს თავსა მტვერსა და ნაცარსა,
8150 ამით დაეხსნნეს რისხვასა, ზეცი მოსრულსა, ნაცარსა.
8151 წაღმავე წაგრეხს სოფელი კვლა მისგან უკუნაცარსა.
8152
8153 ბრძენმან ვინმე მოსწავლემან საკითხავნი ესე ჰპოვნე;
8154 „ესეაო მამაცისა მეტისმეტი სიგულოვნე,
8155 ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოჰკლავ, დაიყოვნე“,
8156 გინდეს სრული მამაცობა, ესე სიტყვა დაიხსოვნე.
8157
8158 ტარიელ მოტკბა, ღმრთისავე მსგავსად იგ წარმართულია;
8159 „აღარ დაგხოცო“, უბრძანა, – ძლეული შიშმან თუ ლია, –
8160 წაღმავე წაგრეხს საქმესა, რაცა უკუღმა სთულია:
8161 „ნაქმარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია“.
8162
8163 თაყვანისსცეს და დალოცეს, ყოვლთა ხმა ერთად იერეს,
8164 ღმერთსა შევედრეს ზახილით, სვე მათი გააძლიერეს,
8165 თავები დაჰხსნეს სიკვდილსა, სიცოცხლე ამისმიერეს.
8166 ტარიას ხრმალნი ვერ გაძღეს, ჯერთ ხორცი მოიმშიერეს.
8167
8168 ტარიას ჭვრეტად მოსრული მუშთარი ახლოს მჭვრეტია;
8169 რისხვისა ცეცხლი ტარიელს სიტკბოთა დაუშრეტია;
8170 მოვიდეს, ნახეს; რამაზის ლაშქარი ძლივღა ეტია,
8171 ინდოეთს ზეცით სინათლე ჩადგა, მართ ვითა სვეტია.
8172
8173 ერთი კაცი მათ ლაშქართა მახარობლად მიუვიდა:
8174 „არ დაგხოცსო, შეგიწყალნა“, – ყველაკაი დალოცვიდა;
8175 ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს, ზოგი ამას მოზრახვიდა:
8176 „მოვიდაო იგი მოყმე, რომე ერთი ბევრსა სრვიდა“.
8177
8178 მოეგებნიან ტარიელს, შორიშორ უსალამიან;
8179 შიგანთა დროშა ინდოთა მათად ცნეს, აალამიან.
8180 ვერ გამოენდვნეს ინდონი, თქვეს, თუ: „ღალატსა ლამიან“.
8181 არ მოელოდეს ტარიელს, მით ცრემლი დაილამიან.
8182
8183 ტარიელ მიდგა, უყივლა: „მე მოველ, მეფე თქვენიო,
8184 თანა მყავს ჩემი მნათობი, პირი ელვათა მფენიო,
8185 ჩვენ მოგვცა მაღლით მაღალმან წყალობა მისი ზენიო,
8186 გამოდით, თქვენი სიშორე არს ჩვენგან მოუთმენიო“.
8187
8188 მაშინღა იცნეს ტარიელ, მათგან მი და მო სრბანია,
8189 სრულად მჭვრეტლითა აივსო ზღუდე და ბანისბანია;
8190 ხმამაღლად ხმობდეს, იძახდეს: „მოგვშორდეს სალმობანია,
8191 აქამდის რისხვა მაღალმან, აწ მოგვცნა წყალობანია“.
8192
8193 კარნი გაახვნეს, გამოჩნდეს, მოიხვნეს მათ კლიტენია;
8194 ერთობ ფლასითა მოსილნი მათ მზეთა მზეთ მჭვრეტენია;
8195 ტირან ორნივე ქალ-ყმანი, ვარდისა ბაღსა ტენია,
8196 ზახილით თავსა იგლეჯენ, ყორნის ფრთა ბროლსა სტენია.
8197
8198 ვითა გამზრდელსა მართებდა, გაზრდილი ეგრეც ხელია;
8199 რომე სდის ცრემლი თვალთაგან, კვლა ცეცხლთა უფრო ცხელია;
8200 თავსა იგლეჯს და იზახის, ტირს მეტად გულფიცხელია,
8201 გიშრისა ტევრსა მოჰფოცხდა ბროლისა საფოცხელია.
8202
8203 რა ნახა ხასნი, ვაზირნი ფლასითა დამოსილნია,
8204 კვლა დაიზახნა ტარიელ უფროსნი დანაკივლნია;
8205 სისხლი და ცრემლი თვალთაგან სდის და მიწყობით მილნია.
8206 მოვიდეს, ყელსა მოეჭდვნეს, ვითა ძმანი და შვილნია.
8207
8208 დიდებულნი მოეხვივნეს, მოუზრუნვეს მათ ცოლ-ქმართა;
8209 ქალი დაბნდა, მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა,
8210 ვარდსა შტონი ჩამოსცვივდეს, ზე ვერავინ წამომართა,
8211 მუნა კაცთა ვერ ვხედევდი გაცინებით მოღიმართა.
8212
8213 დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად,
8214 უბრძანებდა: „რად ვინ სტირთო? – ესე ჰქონდა წყრომა-ზრახვად, –
8215 ღმერთმან რისხვა მოაქცია წყალობისა გამოსახვად,
8216 გვმართებს, რომე მადლი მივსცეთ, აღარა გვცალს გლოვა-ახვად“.
8217
8218 ტარიელ ზედამოიჭდვნა მხურვალთა ცრემლთა მდენელმან,
8219 იტყვის, თუ: „ცეცხლი დამევსო ცხელი, აწ დამწვა მე ნელმან;
8220 დადუმდი, სული დაიღე ჩემგან ამისმან მსმენელმან;
8221 თქვენი სიცოცხლე მალხინა, ღმერთმან, ობოლთა მლხენელმან“.
8222
8223 ქალმან დედასა შესტირნა: ჰაჲჰაჲ, რაღა ვქმნა, დედაო!
8224 შესამოსლითა დაგაგდე, აწ შაოსანსა გხედაო,
8225 მამამან ტახტი დასცალა, აღარ ზის მაღლა ზედაო!“
8226 დედამან ცრემლნი მოჰხოცნა, ეტყვის: „დადუმდი, ბედაო!“
8227
8228 გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები,
8229 ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა, გახდა ალვისა მთხელები,
8230 ნესტანჯარს ეტყვის: „რადღა ვთქვათ სიტყვები, ბედით-ხელები?
8231 ჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძი ათასი, არ ერთხელები“.
8232
8233 რა გარდახდა მცირე ხანი, ჟამი იქმნა გარდასრულად,
8234 დიდებულნი ეთაყვანნეს, ერთობილნი ადგეს სრულად;
8235 იგი მზენი მიეგებნეს, მოეხვივნეს გულისგულად,
8236 აკოცეს და მოიკითხეს თავის-თავის, თვითეულად.
8237
8238 ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება;
8239 ტარიელ თქვა: „დედოფალო, გჭირს ამათი არმეცნება,
8240 ესენია მხსნელნი ჩვენნი, აწ არა გვცალს გრძლად უბნება;
8241 ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება“.
8242
8243 ადგეს და ქალაქს შევიდეს, თვით გარდახდეს სრასა მათსა;
8244 ერთსა ბრძანებს დედოფალი, მართ სიტყვასა ვითამ ათსა:
8245 „ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი, ვერ დაგვცემენ ყოლ შამათსა,
8246 ამად შევიქ სიხარულსა, მართ გულისა საკამათსა“.
8247
8248 უბრძანა: „გლოვა გახსენით, ქოს-წინწილასა ჰკარითო,
8249 დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო;
8250 ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო,
8251 იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო“.
8252 ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა
8253
8254 დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა თითო ხელი დაუჭირა,
8255 ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა,
8256 მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვითკირა,
8257 გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა.
8258
8259 დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიხადა,
8260 დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა,
8261 ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა,
8262 ბრძანა: „ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგვებადა“.
8263
8264 ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი ტარიელ და ცოლი მისი
8265 ერთმანერთსა შეჰფერობდეს, ქალი ყმისა შესატყვისი;
8266 გონება და ანუ ენა გამოსთქმიდა მათმცა ვისი!
8267 რამცა ჰგვანდა ხორციელი სოფელს შვილი ადამისი!
8268
8269 ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი –
8270 შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი.
8271 მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი;
8272 ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხელი.
8273
8274 თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს,
8275 ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს;
8276 მისცეს კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს;
8277 „ესეაო მეფე ჩვენი“, – იზახდეს და ამას ხმობდეს.
8278
8279 ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს; –
8280 ზედა დასხდეს ხელმწიფურად, – დიდებანი უდიადნეს;
8281 ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რა დაბადნეს!
8282 ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.
8283
8284 სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს;
8285 ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს.
8286 მათ ოთხთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს,
8287 გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.
8288
8289 დედოფალმან ეგრე ბრძანა: „ობოლ-ქვრივნი მოასხენით,
8290 ყველაკაი დაამდიდრეთ, საბოძვრითა აავსენით!“ –
8291 თვით უბოძა უსაზომო, რომ არ ითქმის ყოლა ენით, –
8292 „ულოცეთო დღეგრძელობა, ესე ღმერთსა შევედრენით!“
8293
8294 ტარიელ თქვა: „დედოფალო, გკადრებ ერთსა მოსახსენსა:
8295 შეიწყალე რამაზ მეფე, მიავალე ღმერთსა შენსა;
8296 ვნახე, მეტად შემებრალნეს, შეუშინდა ხრმალსა ჩვენსა.
8297 ღმერთი ალხენს მოცთომილსა მონანულსა, ცრემლნადენსა“.
8298
8299 დედოფალმან ლმობიერად, „შეუნდობო“, ესე ბრძანა;
8300 მოიყვანა რამაზ მეფე, ხელმწიფეთა ათაყვანა, –
8301 ყოვლით კერძო მომღერალთა ხმები გაეთანისთანა, –
8302 ჭირთა, მათგან გარდახდილთა, ესე ლხინი შეაგვანა.
8303
8304 ოქრო, თვალი, მარგალიტი, შვენიერი სანახავად,
8305 ყოვლგნით იდვის ვითა გორი, მოდის ველთა მოსარწყავად;
8306 ვისცა სწადდის, ალაფობდის, წაიღებდის უკითხავად,
8307 მანდატურნი არვის სცვიდეს, ბოლოს ვინ ჯდის ანუ თავად.
8308
8309 ავთანდილ და ფრიდონისთა სპათა ეტყვის მეფე დიდი:
8310 „სტუმარნი ხართ, შოებისა სირცხვილი და ნუ გაქვს რიდი!“
8311 თითოს კაცსა თითო ჯორი მარგალიტი ანაკიდი,
8312 ესე მისცა, საბოძვარსა სხვას ყველასა ვერ დავსთვლიდი.
8313
8314 ავთანდილ და ფრიდონისთვის საბოძვარსა ვინ დასთვალავს!
8315 ვერ გამოსთქვამს სიმრავლესა ენა, ამად თავსა კრძალავს!
8316 რაცა იდვა, უკეთესსა დედოფალი არ დამალავს.
8317 მათ უხმობდა მხსნელად მათად, ტკბილად უჭვრეტს, არა ლალავს.
8318
8319 სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან:
8320 „თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი“, – მართ ამას მოიტყოდიან,
8321 ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან,
8322 სადარბაზებლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.
8323
8324 ტარიელ რამაზ მეფესა უბოძა საბოძვარია,
8325 უბრძანა: „ხარკსა მოგვცემდი, მართ ვითა შენი გვარია!“
8326 მან თაყვანისსცა, პირისა ქვე მდაბლად დამდებარია,
8327 წავიდა მისი მლოცველი, არ ომთა მომკვეხარია.
8328
8329 ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკდომილსა:
8330 „რაცა შენ ჰქმენ, არ უქნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა;
8331 აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, ერთსა წილსა,
8332 ზედა დაგსვამ, შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.
8333
8334 ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე;
8335 მუნიდაღმა გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე!“
8336 ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: „შენგანაო ჩემი ღონე,
8337 მონებისა უკეთესი რამც ვიშოვე, რამც ვიქონე?“
8338
8339 ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია;
8340 თამაშობდიან, უსახო მიუდიოდის ძღვენია,
8341 რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია!
8342 მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.
8343
8344 ტარიელ ცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა;
8345 უბრძანებდა: „გული შენი განაღამცა მომემდურვა,
8346 აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა,
8347 მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ესე დამიშურვა!“
8348
8349 კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: „წავიდეო სახლსა ჩემსა,
8350 ზედა-ზედა დავსტკებნიდე დარბაზსა და ამა თემსა,
8351 სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა,
8352 თქვენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა“.
8353
8354 მასცა უბოძა ფარმანი: „წა, სახლი მოიარეო,
8355 მე ნუ გამწირავ, მეახლე, ადრე მობრუნდი გარეო“.
8356 ავთანდილს უთხრა: „უშენოდ რამცა ვით გავიხარეო?
8357 რათგან ისწრაფვი, ნუ გაგვა, მიგელის ლომსა მთვარეო!“
8358
8359 როსტანისთვის წაატანა ძღვნად ტურფები ჯუბაჩები,
8360 კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები:
8361 „ჩემ მაგიერ მიუტანე, წადი, ნურას მეურჩები“.
8362 ავთანდილ თქვა: „არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები!“
8363
8364 ქალმან ქალსა გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე,
8365 რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე!
8366 ერთი თვალი, – წამღებელმან ვერა თქვას, თუ: „ცუდად ვზიდე“, –
8367 ღამე მზეებრ გაანათლის, ჩნდის, სადაცა შეხედვიდე.
8368
8369 ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა;
8370 იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეცხლისა ალამა;
8371 სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა;
8372 ავთანდილ იტყვის: „მომკლაო სოფლისა მე სამსალამა“.
8373
8374 ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი;
8375 გზამან გაყარნა, წავიდეს თავის-თავ ანატირენი;
8376 კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი;
8377 ავთანდილ მიხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.
8378
8379 გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან;
8380 ნახა მზე მისი, მირიდა მისთა სურვილთა წყენამან;
8381 მის თანა ტახტსა და-ვე-ჯდა, ალხინა მჭვრეტთა ლხენამან,
8382 გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.
8383
8384 მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს,
8385 ერთმანერთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს,
8386 ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა და-ვე-წყლულდეს,
8387 მოიმატნეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.
8388
8389 ფრიდონცა ესვა მოყვარედ, მათ წინა მიიყვანიან;
8390 ერთმანერთისა მეშველთა მებრძოლნი იმაჯანიან:
8391 მათთა ურჩთა და შემკადრთა მიწები ააკვანიან,
8392 ორგულთა მკლავნი შემუსრნეს, ერთგულნი აგულვანიან.
8393
8394 ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,
8395 ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს,
8396 ავთა მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერა სწოვდეს,
8397 შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთგან სძოვდეს.
8398 დასასრული
8399
8400 გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა.
8401 გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა!
8402 ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა.
8403 ვსწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა დამისა.
8404
8405 ქართველთა ღმრთისა, დავითის ვის მზე მსახურებს სარებლად,
8406 ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად,
8407 ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად,
8408 ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად.
8409
8410 დავითის ქნანი ვითა ვთქვნე სიჩალხე-სიხაფეთანი!
8411 ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი,
8412 პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი,
8413 ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.
8414
8415 ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი,
8416 წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი!
8417 რასა ვინ ეძებთ, რას აქნევთ? ბედია მაყივნებელი,
8418 ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.
8419
8420 ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხომელსა,
8421 აბდულ-მესია – შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა,
8422 დილარგეთ – სარგის თმოგველსა, მას ენადაუშრომელსა,
8423 ტარიელ – მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლშეუშრომელსა.
8424