14:1 |
ხოლო იყო პასქაჲ იგი, რომელ არს ვენებაჲ, და უცომოებაჲ, შემდგომად ორისა დღისა. და ეძიებდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი იესუს, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს იგი და მოკლეს. |
14:2 |
ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, ნუუკუე შფოთი იქმნეს ერისაჲ. |
14:3 |
და ვითარცა იყო იესუ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა და ინაჴით-ჯდა იგი, მოვიდა დედაკაცი და აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ, მრავალ-სასყიდლისაჲ, და შემუსრა ალაბასტრი იგი და დაასხა თავსა მისსა. |
14:4 |
იყვნეს ვინმე, რომელნი დრტჳნვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲსათჳს იქმნა წარწყმედაჲ ნელსაცხებლისაჲ ამის? |
14:5 |
რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად უფროჲს სამასისა დრაჰკნისა და მიცემად გლახაკთა და ჰრისხვიდეს მას. |
14:6 |
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ მაგას, რაჲსა შრომასა შეამთხუევთ? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემ თანა. |
14:7 |
რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან. უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც კეთილის-ყოფად მათა, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ. |
14:8 |
რომელი აქუნდა, ყო, უსწრო ნელსაცხებელითა ცხებად ჴორცთა ჩემთა დასაფლველად ჩემდა. |
14:9 |
ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, და რომელიცა-ესე ქმნა, ითქუმოდის საჴსენებელად მაგისა. |
14:10 |
და იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, წარვიდა მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ, რაჲთა მისცეს იგი მათ. |
14:11 |
ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მისგან, განიხარეს და აღუთქუეს მას მიცემად ვეცხლი. და ეძიებდა, ვითარმცა ჟამსა მარჯუესა მისცა იგი მათ. |
14:12 |
და პირველსა მას დღესა უცომოებისასა, ოდეს პასექსა მას დაჰკლვიდეს, ჰრქუეს იესუს მოწაფეთა მისთა: სადა გნებავს, წარვიდეთ და მოგიმზადოთ შენ, რაჲთა სჭამო ვნებაჲ ესე? |
14:13 |
და წარავლინნა ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად, და შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნითა წყალი ზე ედგას, და შეუდეგით მას, ვიდრეცა შევიდეს. |
14:14 |
და არქუთ სახლისა უფალსა მას, ვითარმედ: მოძღუარი იტყჳს: სადა არს სავანე, სადა-იგი პასექი მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო? |
14:15 |
და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დიდი დაგებული და მომზადებული; მუნ მზა-მიყავთ ჩუენ. |
14:16 |
და გამოვიდეს მოწაფენი მისნი და მოვიდეს ქალაქად და პოვეს ეგრეთ, ვითარცა ჰრქუა მათ იესუ, და მოჰმზადეს ვნებაჲ იგი. |
14:17 |
და ვითარცა მწუხრი იყო, მოვიდა ათორმეტთა მათ თანა. |
14:18 |
და ვითარ ინაჴით-სხდეს და ჭამდეს, ჰრქუა იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე, რომელი ჭამს ჩემ თანა. |
14:19 |
ხოლო მათ იწყეს მწუხარებად და სიტყუად მისა თითოეულმან: ნუუკუე მე ვარ? და სხუამან თქჳს: ნუუკუე მე ვარ? |
14:20 |
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ერთმან ათორმეტთაგანმან, რომელმან შთამოყოს პინაკსა ამას ჴელი ჩემ თანა, იგი მიმცემს მე. |
14:21 |
ძე სამე კაცისაჲ წარვალს, ვითარცა წერილ არს მისთჳს, ხოლო ვაჲ არს მის კაცისა, რომლისაგან ძე კაცისაჲ მიეცემის; უკეთეს იყო მისა, უკუეთუმცა არა შობილ იყო კაცი იგი. |
14:22 |
და ჭამდეს რაჲ იგინი, მოიღო იესუ პური, აკურთხა, განტეხა და მისცა მათ და ჰრქუა: მიიღეთ და ჭამეთ, რამეთუ ესე არს ჴორცი ჩემი. |
14:23 |
და მოიღო სასუმელი, ჰმადლობდა და მისცა მათ, და სუეს მისგან ყოველთა. |
14:24 |
და ჰრქუა მათ: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა შჯულისაჲ, მრავალთათჳს დათხეული. |
14:25 |
ხოლო ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არღარა ვსუა ნაყოფისა ამისგან ამის ვენაჴისა ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა ახალი სასუფეველსა ღმრთისასა. |
14:26 |
და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა. |
14:27 |
და ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ღამესა ამას, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი. |
14:28 |
არამედ შემდგომად აღდგომისა ჩემისა წარგიძღუე თქუენ გალილეად. |
14:29 |
ხოლო პეტრე ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაჰბრკოლდენ, არამედ მე არასადა დავბრკოლდე. |
14:30 |
ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, ვითარმედ: შენ დღეს ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა მეორედ ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე. |
14:31 |
ხოლო პეტრე უმეტესღა უფროჲს იტყოდა: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი იტყოდეს. |
14:32 |
და მოვიდეს დაბასა, რომლისაჲ სახელი გეთსამანიაჲ. და ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: დასხედით აქა, ვიდრემდე ვილოცო. |
14:33 |
და წარიყვანნა პეტრე და იაკობ და იოვანე მის თანა, იწყო დასულებად და ურვად. |
14:34 |
და ჰრქუა მათ: მწუხარე არს სული ჩემი, ვიდრე სიკუდილადმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით. |
14:35 |
და წარვიდა მცირედ და დავარდა ქუეყანასა და ილოცვიდა: უკუეთუ შესაძლებელ არს, რაჲთა თანა-წარჰჴდეს ჟამი იგი მისგან. |
14:36 |
და იტყოდა: აბბა მამაო, ყოველივე შესაძლებელ არს შენ მიერ თანა-წარსლვად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო არა რაჲ-იგი მე მნებავს, არამედ რაჲცა შენ გნებავს. |
14:37 |
და მოვიდა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: სიმონ, გძინავსა? და ვერ უძლე ჟამ ერთ მღჳძარებად ჩემ თანა? |
14:38 |
იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა. სული გულს-მოდგინე არს, ხოლო ჴორცნი უძლურ. |
14:39 |
და კუალად წარვიდა და ილოცვიდა და იგივე სიტყუაჲ თქუა. |
14:40 |
და მოიქცა კუალად და პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყვნეს თუალნი მათნი დამძიმებულ, და არარაჲ იცოდეს, რაჲმცა მიუგეს მას. |
14:41 |
და მოვიდა მესამედ და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ. მოიწია დასასრული, და მოვიდა ჟამი. აჰა ესერა მიეცემის ძე კაცისაჲ ჴელთა ცოდვილთასა. |
14:42 |
აღდეგით და წარვიდეთ ამიერ. აჰა ესერა მიმცემელი ჩემი მოახლებუდ არს. |
14:43 |
და მეყსეულად, ვიდრე იგი იტყოდაღა, მოვიდა იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, და მის თანა ერი მრავალი მახჳლებითა და წათებითა მღდელთ-მოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა. |
14:44 |
ხოლო მიეცა მათა სასწაული მიმცემელსა მას მისსა და ჰრქუა მათ: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი და წარიყვანეთ კრძალულად. |
14:45 |
და მეყსეულად მოვიდა და მოუჴდა მას და ჰრქუა: რაბი! რაბი! და ამბორს-უყო მას. |
14:46 |
ხოლო მათ დაასხნეს მას ზედა ჴელნი და შეიპყრეს იგი. |
14:47 |
და ერთმან ვინმე წინაშე მდგომელმან იჴადა მახჳლი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა მას ყური მისი. |
14:48 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით თქუენ მახჳლებითა და წათებითა შეპყრობად ჩემთა. |
14:49 |
დღითი-დღე თქუენ თანა ვიყავ ტაძარსა შინა, გასწავებდ, და არა შემიპყართ მე; არამედ რაჲთა აღესრულნენ წიგნნი. |
14:50 |
მაშინ მოწაფეთა მისთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს. |
14:51 |
და ერთი ვინმე ჭაბუკი მისდევდა მას და შეემოსა არდაგი შიშულივ. ხოლო სხუათა მათ ჭაბუკთა შეიპყრეს იგი. |
14:52 |
და მან დაუტევა არდაგი და ივლტოდა მათგან შიშუელი. |
14:53 |
და მიიყვანეს იესუ კაიაფაჲს მღდელთ-მოძღურისა. და შეკრბეს ყოველნი მღდელთ-მოძღუარნი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი. |
14:54 |
ხოლო პეტრე შორით მისდევდა მას, ვიდრე შინა ეზოდმდე მღდელთ-მოძღურისა, და დაჯდა იგი მსახურთა თანა და ტფებოდა წინაშე ნათელსა ცეცხლისასა. |
14:55 |
ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და ყოველი კრებული ეძიებდეს იესუჲსთჳს მოწამეთა, რაჲთა მოკლან იგი, და არა ჰპოებდეს. |
14:56 |
რამეთუ მრავალნი ცრუსა წამებდეს მისთჳს, და სწორ არა იყვნეს წამებანი მათნი. |
14:57 |
და სხუანი ვინმე აღდგეს და ცრუსა წამებდეს მისთჳს და იტყოდეს, |
14:58 |
ვითარმედ: ჩუენ გუესმა მაგისგან სიტყუაჲ, ვითარმედ: მე დავარღჳო ტაძარი ესე ჴელით-ქმნული და მესამესა დღესა აღვაშენო სხუაჲ, ჴელით-უქმნელი. |
14:59 |
და არცა ესრეთ ერთ იყვნეს წამებანი მათნი. |
14:60 |
და აღდგა მღდელთ-მოძღუარი იგი შორის და ჰკითხა იესუს და ჰრქუა: არარას მიუგება, რასა-ესე შეგწამებენ შენ? |
14:61 |
ხოლო იესუ დუმნა და არარაჲ მიუგო მათ. და მერმე ჰკითხვიდა მას მეორედ მღდელთ-მოძღუარი იგი და ეტყოდა: შენ ხარა ქრისტე, ძე კურთხეულისაჲ? |
14:62 |
ხოლო იესუ მიუგო მას, ვითარმედ: მე ვარ. და ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მარჯუენით მჯდომარე ძლიერებათა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა. |
14:63 |
ხოლო მღდელთ-მოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი? |
14:64 |
გესმა ყოველთა გმობაჲ მაგისგან. ვითარ გნებავს თქუენ? მაშინ ყოველთა დასაჯეს იგი თანა-მდებად სიკუდილისა. |
14:65 |
და იწყეს ვიეთმე ნერწყუვად მისა და დაბურვად პირსა მისსა და ჴურთითა ცემად მისა და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ? და მსახურთა მათ მოიყვანეს იგი ყურიმლის ცემად. |
14:66 |
და იყო რაჲ პეტრე ეზოსა მას შინა, მოვიდა ერთი მჴევალთაგანი მღდელთ-მოძღურისათაჲ. |
14:67 |
და ვითარცა იხილა იგი, ტფებოდა რაჲ, მიჰხედა მას და ჰრქუა: შენცა იყავ იესუჲს თანა ნაზარეველისა. |
14:68 |
ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: არა ვიცი და არცა უწყი, რასა-ეგე იტყჳ შენ. და გამოვიდა პეტრე გარეშესა მას ეზოსა, და ქათამმან ჴმა-ყო. |
14:69 |
და კუალად იხილა იგი მჴევალმან მან და იწყო სიტყუად წინაშე მდგომარეთა მათ, ვითარმედ: ესეცა მათგანივე არს. |
14:70 |
ხოლო მან კუალად უვარ-ყო. და შემდგომად მცირედისა ჟამისა წინაშე მდგომელნი იგი ეტყოდეს პეტრეს: ჭეშმარიტად მათგანი ხარ და რამეთუ გალილეველ ხარ, სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს. |
14:71 |
ხოლო პეტრე იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი ესე, რომელსა იტყჳთ. |
14:72 |
და მეყსეულად მეორედ ქათამმან იყივლა, და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: პირველ ქათმისა ჴმობადმდე მეორედ სამ-გზის უვარ-მყო მე. და იწყო ტირილად. |