23:1 |
მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა |
23:2 |
და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. |
23:3 |
ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან. |
23:4 |
რამეთუ შეკრიან ტჳრთი მძიმე და ძნიად სატჳრთავი და დასდვიან მჴართა ზედა კაცთასა, ხოლო მათ თითითაცა მათითა არა უნებნ შეძრვად იგი. |
23:5 |
და ყოველსა საქმესა მათსა იქმან საჩვენებელად კაცთა; განივრცნიან საცონი მათნი და განიდიდნიან ფესუნი სამოსელთა მათთანი. |
23:6 |
უყუარს ზემოჯდომაჲ სერსა ზედა და პირველდაჯდომაჲ შესაკრებელსა შორის |
23:7 |
და მოკითხვაჲ უბანთა ზედა, და რაჲთა ხადოდიან კაცნი: რაბი, რაბი! |
23:8 |
ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი – ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ. |
23:9 |
და მამით ნუვის ხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაჲ თქუენი, რომელ არს ცათა შინა. |
23:10 |
ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი – ქრისტე. |
23:11 |
ხოლო უდიდესი თქუენი იყავნ თქუენდა მსახურ. |
23:12 |
ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს. |
23:13 |
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცევდით. ამისთჳს მიიღოთ უმეტესი სასჯელი. |
23:14 |
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ დაჰჴშავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა; თქუენ შე-არა-ხუალთ და შემავალთა უტევებთ არა შესლვად. |
23:15 |
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმოხუალთ ზღუასა ზედა და ჴმელსა, რაჲთა ჰყოთ ერთი ვინმე მწირ; და რაჟამს არნ, ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიისა ორ წილ თქუენსა. |
23:16 |
ვაჲ თქუენდა, წინამძღუარნო ბრმანო, რომელთა სთქუთ, ვითარმედ: რომელმან ფუცოს ტაძარსა ამას, არარაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცოს ოქროსა მას ტაძრისასა, ჯერ-არს. |
23:17 |
ცოფნო და ბრმანო, რომელი უფროჲს არს: ოქროჲ ანუ ტაძარი, რომელი განსწმედს ოქროსა მას? |
23:18 |
და სთქუათ: რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, არარაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცოს შესაწირავსა მას, რომელ არს საკურთხეველსა ზედა, ჯერ-არს. |
23:19 |
ცოფნო და ბრმანო, რომელი უდიდეს არს: შესაწირავი ანუ საკურთხეველი, რომელი განსწმედს შესაწირავსა მას? |
23:20 |
რამეთუ რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, ფუცავს მას და ყოველსა, რომელი არს მას ზედა. |
23:21 |
და რომელმან ფუცოს ტაძარსა, ფუცავს მას და რომელი დამკჳდრებულ არს მას შინა. |
23:22 |
და რომელმან ფუცოს ცასა, ფუცავს საყდარსა ღმრთისასა და რომელი ზის მას ზედა. |
23:23 |
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა და ცერეცოჲსასა და ძირაკისასა და დაგიტევებიეს უმძიმესი შჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ. ესე ჯერ-იყო საქმედ და იგი არა დატევებად. |
23:24 |
წინამძღუარნო ბრმანო, რომელი დასწურავთ ბურნაკსა, ხოლო აქლემსა შთანსთქამთ! |
23:25 |
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ განსწმედთ გარეშესა სასუმელისასა და პაროფსიდისასა, ხოლო შინაგან სავსე არიან ნატაცებითა და არაწმიდებითა. |
23:26 |
ფარისეველო ბრმაო, განწმიდე პირველად შინაგანი იგი სასუმელისაჲ და პაროფსიდისაჲ, რაჲთა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდა. |
23:27 |
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა. |
23:28 |
ეგრეცა თქუენ გარეშე სჩანთ წინაშე კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უსჯულოებითა. |
23:29 |
ვაჲ თქუენდა მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინაწარმეტყუელთასა და შეამკობთ სამარებსა მართალთასა, |
23:30 |
და იტყჳთ: უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩეუნთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაწარმეტყუელთასა. |
23:31 |
ვინაჲცა ეწამებით თავთა თჳსთა, რამეთუ ნაშობნი ხართ მკლველთა წინაწარმეტყუელთანი. |
23:32 |
და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ. |
23:33 |
გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ სასჯელსა მას გეჰენიისასა? |
23:34 |
ამისთჳს აჰა ესერა მე მოვავლინნე თქუენდა წინაწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყვიდნეთ, და მათგანნი მოსწყვიდნეთ და ჯუარს-აცუნეთ, და მათგანნი სტანჯეთ შესაკრებელთა შორის თქუენთა და სდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად, |
23:35 |
რაჲთა მოიწიოს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელ მართლისაჲთ, ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარუქისა, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა. |
23:36 |
ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა. |
23:37 |
იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა, რაოდენ-გზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა სახედ შეიკრიბნის მფრინველმან მართეუნი თჳსნი ქუეშე ფრთეთა თჳსთა, და არა ინებეთ! |
23:38 |
აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად. |
23:39 |
რამეთუ გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა. |