4:1 |
მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან. |
4:2 |
და იმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და მერმე შეემშია. |
4:3 |
მოუჴდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ. |
4:4 |
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა. |
4:5 |
მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმიდასა ქალაქსა და დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა |
4:6 |
და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს, და ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი. |
4:7 |
ჰრქუა მას იესუ: კუალად წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი. |
4:8 |
კუალად წარიყვანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაჲ მათი |
4:9 |
და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე. |
4:10 |
მაშინ ჰრქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე. |
4:11 |
მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას. |
4:12 |
ხოლო ესმა რაჲ იესუს, ვითარმედ იოვანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად. |
4:13 |
და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა და დაემკჳდრა კაპერნაუმს, საზღვართა ზაბულონისთა და ნეფთალემისთა, |
4:14 |
რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: |
4:15 |
ქუეყანაჲ ზაბულონისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი, გზაჲ ზღჳსაჲ წიაღ-იორდანესა, გალილეაჲ წარმართთაჲ. |
4:16 |
ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ. |
4:17 |
მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ. |
4:18 |
და იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ სათხევლითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე. |
4:19 |
და ჰრქუა მათ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. |
4:20 |
ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას. |
4:21 |
და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხუანი ორნი ძმანი: იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა, გან-რაჲ-აგდებდეს ბადეთა მათთა, და უწოდა მათ. |
4:22 |
ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაჲ მათი და მისდევდეს მას. |
4:23 |
და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის. |
4:24 |
და განითქუა ჰამბავი მისი ყოველსა ქუეყანასა ასურასტანისასა. და მოჰგურიდეს მას ყოველთა ბოროტად სნეულთა თითო-სახეთაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისად-ცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნა იგინი. |
4:25 |
და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და ჰურიასტანით და წიაღ-იორდანით. |