5:1 |
ამისა შემდგომად იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ. |
5:2 |
და არს იერუსალჱმს ცხოვართა საბანელსა მას ტბაჲ, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ ბეთეზდა, და ხუთ სტოვა იყო. |
5:3 |
ამას შინა ისხა სიმრავლე უძლურთაჲ, ბრმები, მკელობლები, განჴმელები, რომელნი მოელიედ წყლისა მის აღმრღუევასა. |
5:4 |
რამეთუ ანგელოზი წლითი წლად გარდამოვიდოდა საბანელსა მას და აღამრღჳის წყალი იგი; და რომელიცა პირველ შთავიდის აღმრღუევასა მას წყლისასა, განიკურნის, რომლითაცა შეპყრობილ არნ სნეულებითა. |
5:5 |
იყო ვინმე მუნ კაცი, რომელსა ოც და ათრვამეტი წელი დაეყო უძლურებასა შინა. |
5:6 |
ესე იხილა იესუ მდებარე და გულისჴმა-ყო, რამეთუ მრავალი წელი აქუს უძლურებასა შინა. ჰრქუა მას იესუ: გნებავსა, რაჲთა განიკურნო? |
5:7 |
მიუგო უძლურმან მან და ჰრქუა: უფალო, კაცი არა მაქუს, რაჲთა, რაჟამს წყალი ესე აღიმრღუეს, და შთა-მცა-მაგდო საბანელსა ამას. ვიდრე მე მოვიდოდი, სხუაჲ უწინარეს ჩემსა შთავიდის და განიკურნის. |
5:8 |
ჰრქუა მას იესუ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე! |
5:9 |
და მეყსეულად განცოცხლდა კაცი იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და წარვიდა. ხოლო იყო შაბათი დღე იგი. |
5:10 |
ეტყოდეს მას ჰურიანი იგი: შაბათი არს, და არა ჯერ-არს შენდა აღებად ცხედარი შენი. |
5:11 |
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან-იგი განმკურნა მე, მან მჰრქუა: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე! |
5:12 |
ჰკითხვიდეს უკუე მას ჰურიანი იგი და ჰრქუეს: ვინ არს კაცი იგი, რომელმან გრქუა შენ: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე? |
5:13 |
ხოლო განკურნებულმან მან არა უწყოდა, ვინ არს, რამეთუ იესუ მიეფარა, რამეთუ ერი იყო ადგილსა მას. |
5:14 |
ამისსა შემდგომად პოვა იგი იესუ ტაძარსა მას შინა და ჰრქუა მას: აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ. |
5:15 |
წარვიდა კაცი იგი და უთხრა ჰურიათა მათ, ვითარმედ: იესუ არს, რომელმან განმკურნა მე. |
5:16 |
და ამისთჳს სდევნიდეს ჰურიანი იგი იესუს და ენება მოკლვაჲ მისი, რამეთუ ამას იქმოდა შაბათთა შინა. |
5:17 |
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ. |
5:18 |
ამისთჳს უფროჲს ხოლო ეძიებდეს ჰურიანი იგი მოკლვად იესუს, რამეთუ არა ხოლო თუ შაბათსა დაჰჴსნიდა, არამედ ღმერთსაცა მამად თჳსა იტყოდა და თავსა თჳსსა სწორ-ჰყოფდა ღმრთისა. |
5:19 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა ჴელ-ეწიფების ძესა კაცისასა საქმედ თავით თჳსით არცა ერთი რაჲ, უკუეთუ არა იხილოს რაჲმე მამისაგან საქმე, რამეთუ რავდენსა-იგი მამაჲ იქმს, მას ძე ეგრეთვე მსგავსად იქმს. |
5:20 |
რამეთუ მამასა უყუარს ძე და ყოველსავე უჩუენებს მას, რაოდენსაცა იგი იქმს, და უფროჲსიცა ამისა უჩუენოს მას საქმე, რაჲთა თქუენ გიკჳრდეს. |
5:21 |
რამეთუ ვითარცა-იგი მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძე, რომელთაჲ ჰნებავს, აცხოვნებს. |
5:22 |
არცაღა მამაჲ სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა, |
5:23 |
რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა, რამეთუ რომელმან არა პატივ-სცეს ძესა, მან არა პატივ-სცა მამასა, რომელმან მოავლინა იგი. |
5:24 |
ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხორებად. |
5:25 |
ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი; და რომელთა ისმინნენ, ცხონდენ. |
5:26 |
რამეთუ ვითარცა-იგი მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეცა ძესა მოსცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა. |
5:27 |
და ჴელმწიფებაჲ მოსცა მას სასჯელისაცა ყოფად, რამეთუ ძე კაცისაჲ არს. |
5:28 |
ნუ გიკჳრნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ჴმისა მისისაჲ. |
5:29 |
და გამოვიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა. |
5:30 |
არა ჴელ-მეწიფების მე საქმედ თავით თჳსით არარაჲ, არამედ ვითარცა მესმის, ვსჯი, და სასჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისა მამისასა. |
5:31 |
უკუეთუ მე ვწამებდე თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ. |
5:32 |
სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და უწყი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, რომელსა წამებს ჩემთჳს. |
5:33 |
თქუენ მიავლინეთ იოვანესა, და წამა ჭეშმარიტი. |
5:34 |
ხოლო მე წამებაჲ კაცისაგან არა მოვიღო, არამედ ამას ვიტყჳ, რაჲთა თქუენ სცხონდეთ. |
5:35 |
იგი იყო სანთელი აღნთებული და საჩინოჲ, ხოლო თქუენ ინებეთ ჟამ ერთ სიხარული ნათელსა მისსა. |
5:36 |
ხოლო მე მაქუს წამებაჲ უფროჲს იოვანესსა, რამეთუ საქმენი, რომელნი მომცნა მე მამამან, რაჲთა აღვასრულნე იგინი, ესევე საქმენი წამებენ ჩემთჳს, რომელთა მე ვიქმ, რამეთუ მამამან მომავლინა მე. |
5:37 |
და რომელმან მომავლინა მე, მამამან, მან წამა ჩემთჳს. თქუენ არცა ჴმაჲ მისი გესმა სადამე, არცა ხატი მისი იხილეთ. |
5:38 |
და სიტყუაჲ მისი არა არს თქუენ თანა დადგრომილ, რამეთუ რომელი-იგი მოავლინა ღმერთმან, ესე თქუენ არა გრწამს. |
5:39 |
გამოიძიებდით წიგნთა, რამეთუ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ გაქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მათ შინა; და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთჳს. |
5:40 |
და თქუენ არა გნებავს მოსლვად ჩემდა, რაჲთა ცხორებაჲ გაქუნდეს. |
5:41 |
დიდებაჲ კაცთაგან არა მოვიღო. |
5:42 |
არამედ გიცნი თქუენ, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ არა გაქუს თავთა შინა თქუენთა. |
5:43 |
მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ. |
5:44 |
ვითარ უკუე ჴელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ. |
5:45 |
ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მე შეგასმინნე თქუენ მამასა ჩემსა; არს შემასმენელი თქუენი მოსე, რომელსა თქუენ ესავთ. |
5:46 |
უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა, რამეთუ მან ჩემთჳს დაწერა. |
5:47 |
უკუეთუ მისთა წიგნთაჲ არა გრწამს, ჩემთა სიტყუათაჲ ვითარ-მე გრწმენეს? |