26:1 |
ხოლო აღრიპა ჰქუა პავლეს: ბრძანებულ არს შენდა თავისა შენისათჳს სიტყუად. მაშინ პავლე განყო ჴელი, მიუგებდა და თქუა: |
26:2 |
ყოველთათჳს, რომელთა მაბრალებენ მე ჰურიანი, მეფე აღრიპა, შემირაცხიეს თავი ჩემი ნეტარად, რამეთუ შენ წინაშე მეგულების დღეს სიტყჳს-გებად უფროჲს-ღა. |
26:3 |
რამეთუ მეცნიერ ხარ შენ ყოველთა მათ ჩვეულებათა და ძიებათა ჰურიათასა. ამისთჳს გევედრები, სულგრძელებით ისმინე ჩემი. |
26:4 |
ცხორებაჲ უკუე ჩემი სიყრმითგან, პირველითგან ყოფილი ნათესავსა შორის ჩემსა იერუსალჱმს შინა, იციან ყოველთა ჰურიათა. |
26:5 |
წინაჲსწარვე მიცოდეს მე პირველითგან, უკუეთუ უნდეს წამების, რამეთუ ჭეშმარიტებისა მისებრ მსახურებისა სჯულისა ჩუენისა ვცხონდებოდე ფარისეველი. |
26:6 |
და აწ სასოებისათჳს მამათა ჩუენთა აღთქუმულისა, რომელი იყო ღმრთისა მიერ, ვდგა და განვიკითხვი, |
26:7 |
რომლისა მიმართ ათორმეტი ნათესავი ჩუენი განკრძალული დღე და ღამე ჰმსახურებს და ესავს მიწევნასა, რომლისა სასოებისათჳს ვიბრალები ჰურიათაგან, მეფე აღრიპა. |
26:8 |
რაჲ ურწმუნოებაჲ არს, განიკითხეთ-ღა თქუენ შორის, უკუეთუ ღმერთი მკუდართა აღადგინებს? |
26:9 |
მე უკუე მენება თავით ჩემით სახელისათჳს იესუ ნაზარეველისა მრავლისა ძჳრისა საქმედ, |
26:10 |
რომელი-იგი ვყავცა იერუსალჱმს შინა: და მრავალნი წმიდათაგანნი მე საპყრობილესა შევაყენენ, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მოვიღე მღდელთ მოძღუართაგან მოსრვად მათდა და მომეღო რიცხჳ. |
26:11 |
და ყოველთა შესაკრებელთა შორის მრავალ გზის ვსტანჯევდ მათ და ვაიძულებდ გმობად, უმეტესად-ღა ვბორგდ მათ ზედა და ვსდევნიდი ვიდრე გარემოთა ქალაქამდეცა. |
26:12 |
რომელთა შინა მივიდოდე მე დამასკედ ჴელმწიფებითა და ბრძანებითა მღდელთ მოძღუართაჲთა. |
26:13 |
შუა დღე გზასა ზედა ვიხილე, მეფეო, ზეცით გარდამო უბრწყინვალესი მზისაჲ, გამომიბრწყინდა მე ნათელი და ჩემ თანა მოგზაურთა მათ. |
26:14 |
და ვითარცა ჩუენ ყოველნი ქუეყანად დავცჳვენით, მესმა ჴმაჲ, რომელმან მრქუა მე ებრაელებრითა სიტყჳთა: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნვაჲ დეზისაჲ. |
26:15 |
და მე ვარქუ: შენ ვინ ხარ, უფალო? ხოლო მან მრქუა მე: მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი. |
26:16 |
არამედ აღდეგ და დადეგ ფერჴთა შენთა ზედა, რამეთუ ამისთჳს გეჩუენე შენ, რაჲთა დაგადგინო შენ მსახურად და მოწამედ, რომელი იხილე და რომელი გიჩუენო შენ, |
26:17 |
განრინებად შენდა ერისაგან და ნათესავთაგან, რომელთა მე მიგავლინო შენ, |
26:18 |
ახილვად თუალთა მათთა და მოქცევად ბნელისაგან ნათლად და ჴელმწიფებისაგან ეშმაკისა ღმრთისა მიმართ მიღებად მათდა მიტევებაჲ ცოდვათაჲ და ნაწილი განწმედილთა შორის სარწმუნოებითა ჩემდა მომართ. |
26:19 |
რომლისათჳს, მეფე აღრიპა, არა ვექმენ ურჩ ზეცისასა მას ჩუენებასა, |
26:20 |
არამედ რომელნი იყვნეს დამასკეს შინა პირველად და იერუსალჱმს შინა და ყოველსა სოფელსა ჰურიასტანისასა და წარმართთა მიუთხრობდ სინანულსა და მოქცევად ღმრთისა მიმართ და ღირსი სინანულისა საქმე ქმნად. |
26:21 |
ამისთჳს შემიპყრეს მე ჰურიათა ტაძარსა შინა და აზმნობდეს მოკლვად ჩემდა. |
26:22 |
შეწევნითა ღმრთისაჲთა, რომელსა ღირს ვიქმენ, ვიდრე აქა დღედმდე ვდგა და უწამებ მცირესა და დიდსა, არარას გარეშესა ვიტყჳ წინაწარმეტყუელთა თქუმულისასა, რომელსა ეგულებოდა ყოფად, და მოსესსა, |
26:23 |
ვითარმედ ვნებად იყო ქრისტესა და ვითარმედ პირველ მკუდართა აღდგომისა ნათლისა ეგულების მითხრობად ერთა და ნათესავთა. |
26:24 |
და ვითარ-იგი ამას ეტყოდა, ფესტოს დიდითა ჴმითა თქუა: ჰბორგი პავლე, რამეთუ მრავალნი წიგნნი შენნი სიცბილად მიგაქცევენ შენ. |
26:25 |
ხოლო პავლე ჰრქუა: არა ვბორგი, მჴნეო ფესტოს, არამედ ჭეშმარიტებისა და სიწმიდისა სიტყუათა ვიტყჳ. |
26:26 |
რამეთუ მეცნიერ არს ამისთჳს მეფე, რომლისა მიმართცა კადნიერად ვიტყჳ, რამეთუ დაფარვად მისა რაჲსამე ამათგანისა არა ვირწმუნო, რამეთუ არცა დაფარულსა ადგილსა ქმნილ არს ესე. |
26:27 |
გრწამს, მეფე აღრიპა, წინაწარმეტყუელთა? ვიცი, რამეთუ გრწამს. |
26:28 |
ხოლო აღრიპა ჰრქუა პავლეს: მცირედ-ღა და მარწმუნო მე ქრისტეანე ყოფად. |
26:29 |
ხოლო პავლე ჰრქუა მას: ვილოცავ ღმრთისა მიმართ მცირეთათჳსცა და მრავალთა, არა ხოლო თუ შენდა, არამედ ყოველთა, რომელთა ესმის ჩემი დღეს ყოფად ესრეთ, ვითარცა მე ვარ, თჳნიერ კრულებათა ამათ. |
26:30 |
და ვითარცა ესე თქუა მან, აღდგა მეფე და მთავარი და ბერენიკე და მათ თანა მსხდომარენი იგი, |
26:31 |
წარვიდეს და იტყოდეს ურთიერთას, ვითარმედ: არარას სასიკუდინესა გინა კრულებათა საქმესა იქმს კაცი ესე. |
26:32 |
ხოლო აღრიპა ჰრქუა ფესტოს: განტევებად ღირდა კაცი ესე, უკუეთუმცა არა ღაღად-ეყო კეისრისა. |