2:1 |
ალეფ. ვითარ დაალმურა რისხვითა მისითა უფალმან ასული სიონისაჲ, გარდამოაგდო ცით ქუეყანად დიდებულება ისრაილისაჲ და არ მოიჴსენა კუარცხლბეკი ფერჴთა მისთაჲ დღესა შინა რისხვისა მისისასა. |
2:2 |
ბეთ. დაანთქნა უფალმან არმრიდებელმან ყოველნი შუენიერნი იაკობისნი, დაამჴუნა გულისწყრომისა მიერ მისისა სიმაგრენი ასულისა იუდაჲსნი, აღაქუნა იგინი ქუეყანადმი, შეამწიკულა მეფე მისი და მთავარნი მისნი. |
2:3 |
გიმელ. შემუსრა გულისწყრომითა რისხვისა მისისათა ყოველი რქაჲ ისრაილისაჲ, გარემიიქცია უკუანა მარჯუენისა მისისა პირისაგან მტერისა, და აღაგზნა იაკობსა შორის ცეცხლი შემწველი, და შეჭამნა ყოველნი გარემოჲსნი მისნი. |
2:4 |
დალეთ. მოირთხა მშჳლდი მისი, ვითარცა მტერმან, განამტკიცა მარჯუენე მისი, ვითარცა წინააღმდგომმან, და მოსრნა ყოველნი გულისათქმელნი თვალთა ჩემთანი, კარავსა შინა ასულისა სიონისასა გარდაჰფინა, ვითარცა ცეცხლი, გულისწყრომაჲ. |
2:5 |
ჱე. იქმნა უფალი, ვითარცა მტერი, დაანთქა ისრაილი, დააქცია ყოველი ტაძრები მისი, განხრწნნა ყოველნი სიმაგრენი მისნი, და განამრავლა ასულისა იუდაჲს დამდაბლებული და დამდაბლებულაჲ. |
2:6 |
ვავ. აღფხურა ვითარცა ვენაჴი, კარავი თჳსი, განხრწნა დღესასწაული მისი; დაივიწყა უფალმან, რომელი ქმნა შორის სიონსა დღესასწაულისა შაბათთაჲსა, და განაძჳნა მკსინვარებითა რისხვისა მისისაჲთა - მეფე და მღდელი და მთავარი. |
2:7 |
ზაინ. განაშორა უფალმან საკურთხეველი თჳსი, განაბნია სიწმიდე თჳსი, შემუსრა ჴელითა მტერისაჲთა ზღუდე ტაძართა მისთაჲ, ჴმაჲ ბრძოლისა მოსცა სახლსა შინა უფლისასა, ვითარცა დღესა შინა დღესასწაულისასა. |
2:8 |
ეთ. იგულისსიტყუა უფალმან განხრწნაჲ ზღუდესა ასულისა სიონისასა. საზომიერად, და არ გარეაქცია ჴელი თჳსი დასათრგუნველობისაგან მისისა. და იგლოვა წინმოზღუდვილობამან, და ზღუდე ერთბამად მოუძლურდა. |
2:9 |
ტეთ. დაეკუეთნეს ქუეყანად ბჭენი მისნი, წარწყმიდნა და შემუსრნა მოქლონნი მისნი, მეფე მისი და მთავარი მისი წარმართთა შორის, და არა არს შჯული, და წინაწარმეტყუელთაცა მისთა არ პოვეს ხილვაჲ უფლისა მიერ. |
2:10 |
იოთ. დასხდეს ქუეყანად, დადუმნეს მოხუცებულნი ასულისა სიონისანი, აღიღეს მიწაჲ თავსა ზედა მათსა, მოირტყნეს ძაძანი, შთაიყვანნეს ქუეყანად წინამძღუარნი ქალწულისა ასულისა იერუსალიმისანი. |
2:11 |
ხაფ. მოაკლდეს ცრემლთა მიერ თვალნი ჩემნი, შეშფოთნა მუცელი ჩემი, დაითხია ქუეყანად დიდებაჲ ჩემი შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა, დაჴსნასა ჩჩჳლთა და მწოართასა უბნებსა შინა ქალაქისასა. |
2:12 |
ლამედ. დედათა მათთა ეტყოდეს: სადა იფქლი და ღჳნოჲ დაჴსნასა შინა მათსა, ვითარცა-რაჲ წყლულთა უბნებსა შორის ქალაქისასა, აღმობერვასა შინა სულთა მათთასა შორის წიაღთა დედათა მათთაჲსა. |
2:13 |
მემ. რაჲ გიწამო შენ, ანუ რასა გამსგავსო შენ, ასულო იერუსალიმისაო? ვინ გაცხოვნოს შენ, ანუ ვინ ნუგეშინის-გცეს შენ, ქალწულო სიონისაო! რამეთუ განდიდნა სასუმელი შემუსრვისა შენისაჲ, ვინ განგკურნოს შენ? |
2:14 |
ნონ. წინაწარმეტყუელთა შენთა იხილეს შენი ამაოებაჲ და უცნობელობა, და არა განაცხადეს უსამართლოება შენი მოსაქცეველად ტყუეობისა შენისა, და იხილნეს შენნი ნეშტნი ამაონი, და განგაგარეეს შენ. |
2:15 |
სარეხ. შეიტყუელნეს შენ ზედა ჴელნი ყოველთა თანაწარმავალთა გზისათა, დაისტჳნეს და შეხარეს თავი მათი ასულსა ზედა იერუსალიმისასა, უკუეთუ ესე არს ქალიქი თქუენი, გჳრგჳნი დიდებისაჲ, კეთილი შუენიერებაჲ, საშუები ყოვლისა ქუეყანისაჲ. |
2:16 |
აინ. აღაღეს შენ ზედა პირი მათი ყოველთა მტერთა შენთა, და ისტჳნეს და დაიღრჭინეს კბილნი მეტყუელთა: შთავნთქათ იგი, გარნა ესე არს დღე, რომელსა მოველოდეთ, ვპოეთ და ვიხილეთ იგი. |
2:17 |
ჳე. ქმნა უფალმან, რომელნი თქუნა და მოიგონნა, აღასრულნა სიტყუანი მისნი, რომელნი ამცნნა დღეთაგან პირველთა, დაამჴუა და არა ჰრიდა, და განიშუა შენ ზედა მტერმან, აღამაღლნა თავნი მაჭირვებელისა შენისანი. |
2:18 |
სადე. ღაღად-ყო გულმან მათმან უფლისა მიმართ, ზღუდემან ასულისა სიონისამან, დამოადინენ, ვითარცა ღუარნი, ცრემლნი დღე და ღამე. ნუ სცემ განფრთხობასა თავსა შენსა, ნუ დადუმდებიედ გუგანი თვალთა შენთანი. |
2:19 |
კოფ. აღდეგ, ჭრტინევდ ღამესა შინა დასაბამსა საჴმილავთა შენთასა, განჰფინე, ვითარცა წყალი, გული შენი წინაშე პირსა უფლისასა. აღიხუენ მისდამი ჴელნი შენნი სულებისათჳს ჩჩჳლთა შენთაჲსა შეყმედილთა სიყმილისა მიერ დასაბამსა ზედა ყოველთა გამოსლვათასა. |
2:20 |
რეს. იხილე, უფალო, და ზედმოიხილე ვისდად მომკუფხლე ესრეთ, უკეთუ ჭამონ დედათა ნაყოფი მუცლისა მათისა. მოკუფხლვა-ყო მზარაულმან, დაიკლნენ ჩჩჳლნი, მწოვნელნი ძუძუთა, უკეთუ მოჰკლავ სიწმიდესა შინა უფლისასა მღდელსა და წინასწარმეტყუელსა. |
2:21 |
სინ. დაიძინეს ქუეყანად გამოსავალთა ყრმამან და მოხუცებულმან. ქალწულნი ჩემნი და ჭაბუკნი ჩემნი წარვიდეს ტყუეობადმი. მოასრულენ დღესა შინა რისხვისა შენისასა, ამზარეულენ, არა ჰრიდენ. |
2:22 |
თავ. მოუწოდეს ვითარცა დღედ დღესასწაულისა. მსხემთა ჩემთა გარემოჲს, და არა იყო დღესა შინა რისხვისა უფლისასა განრინებული, და დატევებული განვზარდენ, და ვიპყრენ და განვამრავლენ, და მტერმან ჩემმან ყოველნი მოასრულნა. |