26:1 |
და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა თჳნიერ მის სიყმილისა, რომელ-იგი იყო ჟამთა აბრაჰამისთა. და მივიდა ისაკ აბიმელექისა, მეფისა ფილისტიმელთასა, გერარდ. |
26:2 |
ეჩუენა მას უფალი და ჰრქუა: ნუ შთახუალ ეგჳპტედ. არამედ დაემკჳდრე ქუეყანასა მას, რომლისა მე გრქუა შენ. |
26:3 |
და მწირობდ მუნ შინა და ვიყო მე შენ თანა და გაკურთხო შენ, და რამეთუ შენ და ნათესავსა შენსა მივსცე ესე ყოველი და დავამტკიცო ფიცი იგი, რომელ ვეფუცე აბრაჰამს, მამასა შენსა. |
26:4 |
და განვამრავლო ნათესავი შენი ვითარცა ვარსკულავნი ცისანი, და მიგცე შენ და ნათესავსა შენსა ყოველი ესე ქუეყანაჲ. და იკურთხეოდიან ნათესავისა შენისა მიმართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი. |
26:5 |
ამისთჳს რამეთუ ერჩდა აბრაჰამ ჴმასა ჩემსა, რამეთუ დაიმარხა მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი ჩემნი და სჯულნი ჩემნი. |
26:6 |
და დაეშენა ისაკ გერარეთს. |
26:7 |
ჰკითხეს კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა, და თქუა: დაჲ ჩემი არს. რამეთუ შეეშინა თქუმად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე-მცა მოკლეს იგი კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა, რამეთუ შუენიერ იყო იგი პირითა. |
26:8 |
და იყო იგი მუნ მრავალ ჟამ. და შთახედა აბიმელექ მეფემან გერარელთამან სარკუმლით და იხილა ისაკ, იმღერდა რებეკაჲს თანა, ცოლისა თჳსისა. |
26:9 |
მოუწოდა აბიმელექ ისაკს და ჰრქუა: ცოლი სამე შენი არს. რაჲსათჳს სთქუ, დაჲ ჩემი არს? ჰრქუა მას ისაკ: ვთქუ, ნუუკუემცა მოვჰკუედ მაგის ძლით. |
26:10 |
ჰრქუა მას აბიმელექ: რაჲ ესე მიყავ ჩუენ? მცირედღა და წარ-მცა- იტაცა ვინმე იგი ნათესავისა ჩუენისაგანმან ცოლი შენი და მო-მცა-ჰჴადე ჩუენ ზედა უმეცრებაჲ. და უბრძანა აბიმელექ ყოველსა ერსა თჳსსა |
26:11 |
და ჰრქუა: ყოველი, რომელი შეეხოს კაცსა მას და ცოლსა მისსა, სიკუდილისა თანა-მდებ იყოს. |
26:12 |
სთესა ისაკ მას წელსა და იყო ას ასეული ქრთილისაჲ. აკურთხა იგი უფალმან. |
26:13 |
და ამაღლდა კაცი იგი და ვიდოდა და უფროჲს იქმნებოდა, ვიდრემდე დიდ იქმნა ფრიად. |
26:14 |
და იყო მისი სამწყსოჲ ცხოვართაჲ და მროწლე ზროხათაჲ და ქუეყანისა საქმე ფრიად. ეშურებოდეს მას ფილისტიმელნი იგი. |
26:15 |
და ყოველივე ჯურღმულები, რომელი თხარეს მონათა მამისა მისისათა, დაყვეს იგი ფილისტიმელთა და აღავსეს მიწითა. |
26:16 |
ჰრქუა აბიმელექ ისაკს: განვედ ჩუენგან, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა იქმენ ფრიად. |
26:17 |
და წარვიდა ისაკ და დაივანა ჴევსა მას გერარისასა და დაეშენა მუნ. |
26:18 |
და მერმე მო-ვე-თხარა ისაკ ჯურღმულები იგი წყალისა, რომელ თხარეს მონათა აბრაჰამ მამისა მისისათა და დაყუეს იგი ფილისტიმელთა მათ შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა აბრაჰამისა და დასდვა მათ სახელები, რაჲცა-იგი დაედვა აბრაჰამს, მამასა მისსა. |
26:19 |
და თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმული ჴევსა მას გერარისასა და პოვეს მუნ ჯურღმული წლისა ცხოველისაჲ. |
26:20 |
და ჰლალვიდეს მწყემსნი იგი გერარელთანი მწყემსთა მათ ისაკისთა და იტყოდეს, ვითარმედ: მათი არს წყალი იგი. და უწოდა სახელი ჯურღმულსა მას "ვნებაჲ", რამეთუ ავნეს მას. |
26:21 |
წარმოვიდა მიერ ისაკ და თხარა ჯურღმული სხუაჲ. და ესჯოდეს მას იგინი მისთჳსცა და დასდვა მას სახელი "მტერობაჲ". |
26:22 |
და წარვიდა იგი მიერ-ცა და თხარა ჯურღმული სხუაჲ და არა ჰლალვიდეს მისთჳს და დასდვა მას სახელი "ფართოებაჲ" და თქუა: რამეთუ განგჳფართა ჩუენ უფალმან აწ და აღგუაორძინა ჩუენ ქვეყანასა ზედა. |
26:23 |
აღმოვიდა მიერ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა. |
26:24 |
და ეჩუენა მას უფალი ღამესა მას და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი მამისა შენისა აბრაჰამისი. ნუ გეშინინ, რამეთუ მე შენ თანა ვარ. და გაკურთხო შენ და განვამრავლო ნათესავი შენი აბრაჰამისთჳს, მამისა შენისა. |
26:25 |
და აღაშენა მუნ საკურთხეველი და ხადა სახელი უფლისა და აღმართა მუნ კარავი თჳსი. თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმული ჴევსა მას გერარონისასა. |
26:26 |
და აბიმელექ მოვიდა გერარონით და ოქოზათ, ეზოჲსმოძღუარი მისი, და ფიქოლ, ერისთავი ძლიერებისა მისისაჲ. |
26:27 |
და ჰრქუა მათ ისაკ: რაჲსათჳს მოხუედით ჩემდა, რამეთუ თქუენ მომიძულეთ მე? და გამომავლინეთ თქუენგან. |
26:28 |
ხოლო მათ ჰრქუეს: ხილვით ვიხილეთ, უფალი, რამეთუ შენ თანა არს, და ვთქუთ: იყავნ ფიცი შორის შენსა და ჩუენსა და აღვთქუათ შენ თანა აღთქუმაჲ. |
26:29 |
რათა არა ჰყო ბოროტი ჩუენდა მომართ, ვითარცა-იგი ჩუენ არა მოგიძაგეთ შენ, ვითარცა-იგი გიყავთ ჩუენ კეთილად და წარმოგავლინეთ მშჳდობით. და აწ შენ კურთხეულ ხარ უფლისა მიერ. |
26:30 |
და უმზადა ისაკ სერი. ჭამეს და სუეს. |
26:31 |
და აღდგეს განთიად და ეფუცა კაცი მოყუასსა თჳსსა. და წარგზავნა იგინი ისაკ და წარვიდეს მისგან ცოცხლებით. |
26:32 |
და მათ დღეთა ოდენ მოვიდეს მონანი ისაკისნი და უთხრეს ჯურღმულისა მისთჳს, რომელ თხარეს, და ჰრქუეს: არა ვპოვეთ წყალი. |
26:33 |
და ფიცისა მისთჳს უწოდა ქალაქსა მას "ჯურღმული ფიცისა", ვიდრე დღეინდელად დღემდე. |
26:34 |
იყო ესავ ორმეოცის წლის და მოიყუანა ცოლი იუდინა, ასული ბეჰრისი ქეტელისა, და ბასემათ, ასული ელონისი ეველისაჲ. |
26:35 |
და იყვნეს მჴდომ ისაკისა და რებეკასა. |