68:1 |
დასასრულსა, ცვალებადთათჳს ფსალმუნი, დავითისი |
68:2 |
მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი სულად ჩემდამდე. დავინთქ მე უყსა უფსკრულისასა, და არა არს დათმენა; |
68:3 |
მოვედ მე სიღრმესა ზღჳსასა და მოქცევამან დამნთქა მე. |
68:4 |
დავშუერი მე ღაღადებითა, და დამჴდა ჴმაჲ ჩემი; მოაკლდა თუალთა ჩემთა სასოებითა ღმრთისა მიმართ ჩემისა. |
68:5 |
განმრავლდეს უფროს თმათა თავისა ჩემისათა მოძულენი ჩემნი ცუდად; განძლიერდეს მდევარნი ჩემნი, მტერნი ჩემნი სიცრუით და რაჲ-იგი არა მეტაცა, მაშინ მიუზღევდ. |
68:6 |
ღმერთო, შენ უწყი უგნურებაჲ ჩემი, და შეცოდებანი ჩემნი შენგან არა დაეფარნეს. |
68:7 |
ნუ ჰრცხუენებინ ჩემდამო, რომელთა დაგითმინონ შენ, უფალო, უფალო ძალთაო; ნუცა კდემებინ ჩუენ ძლით, რომელნი გეძიებენ შენ, ღმერთო ისრაჱლისაო. |
68:8 |
რამეთუ შენთჳს დავითმინე ყუედრებაჲ, და დაფარა სირცხჳლმან პირი ჩემი. |
68:9 |
უცხო ვექმენ მე ძმათა ჩემთა და სტუმარ - ძეთა დედისა ჩემისათა. |
68:10 |
რამეთუ შურმან ხალხისა შენისამან შემჭამა მე, და ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა. |
68:11 |
და დავიფარე მარხვითა სული ჩემი, და იქმნა იგი ჩემდა საყუედრელ. |
68:12 |
ვყავ სამოსლად ჩემდა ძაძა და ვექმენი მე მათ იგავ. |
68:13 |
ჩემთჳს ზრახვიდეს, რომელნი სხდეს ბჭეთა და ჩემდამო გალობდეს, რომელნი სუმიდეს ღჳნოსა. |
68:14 |
ხოლო მე ვილოცევდ შენდამი, უფალო; ჟამსა შეწყნარებისასა, ღმერთო, სიმრავლითა მოწყალებისა შენისათა შეისმინე ჩემი ჭეშმარიტებითა მაცხოვარებისა შენისათა. |
68:15 |
მიჴსენ მე თიჴისაგან, რათა არა დავინთქა; განვერი მე მოძულეთა ჩემთაგან და სიღრმეთაგან წყალთასა. |
68:16 |
ნუ დამნთქამნ მე მორევი წყალთა, ნუცა შთამნთქამნ მე უფსკრული, ნუცა შეიყოფნ ჩემ ზედა ჯურღმული პირსა მისსა. |
68:17 |
ისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ ტკბილ არს წყალობაჲ შენი; მრავლითა მოწყალებითა შენითა მოიხილე ჩემ ზედა. |
68:18 |
ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა მონისა შენისაგან, რამეთუ მჭირს მე, მსთუად შეგესემინ ჩემი. |
68:19 |
მოხედენ სულსა ჩემსა და განარინე იგი და მტერთა ჩემთაგან მიჴსენ მე. |
68:20 |
რამეთუ შენ უწყი ყუედრებაჲ ჩემი და სირცხჳლი ჩემი და კდემაჲ ჩემი; |
68:21 |
შენ წინაშე არიან ყოველნი მაჭირვებელნი ჩემნი. ყუედრებაჲ დაითმინა სულმან ჩემმან და გლახაკობა; და ველოდე მე თანამჭუვარსა, და არა იყო; და ნუგეშინისმცემელსა, და არა ვპოე. |
68:22 |
და მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი. |
68:23 |
იქმენინ ტაბლა მათი მათ წინაშე საბრჴე და მისაგებელ და საცთურ. |
68:24 |
დაუბნელდენ თუალნი მათნი, რათა არა ხედვიდენ, და ზურგი მათი მარადის შედრიკე. |
68:25 |
მიჰფინე მათ ზედა რისხვა შენი, და გულისწყრომა რისხვისა შენისა ეწიენ მათ. |
68:26 |
იყავნ სამკჳდრებელი მათი ოჴერ, და საყოფელთა მათთა ნუ იყოფინ მკჳდრი; |
68:27 |
რამეთუ, რომელი შენ დაეც, მათ დევნეს იგი და სალმობასა წყლულთა ჩემთასა შესძინეს. |
68:28 |
შესძინე უსჯულოებაჲ უსჯულოებასა მათსა ზედა, და ნუ შევლენედ იგინი სიმართლესა შენსა; |
68:29 |
აიჴოცნედ იგინი წიგნისა მისგან ცხოველთასა და მართალთა თანა ნუ დაიწერებიედ. |
68:30 |
გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, მაცხოვარებაჲ შენი შემეწიენ მე. |
68:31 |
ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა; |
68:32 |
და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროჲს ჴბოსა მის ჩჩჳლისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი. |
68:33 |
იხილონ გლახაკთა და იხარებდენ; გამოიძიეთ ღმერთი და ცხონდეს სული თქუენი. |
68:34 |
რამეთუ ესმა დავრდომილთა უფალსა და პყრობილნი მისნი არა შეურაცხ-ყვნა. |
68:35 |
აქებდით მას ცანი და ქუეყანა, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ ვალს მას შინა. |
68:36 |
რამეთუ ღმერთმან იჴსნეს სიონი, და აღეშენნენ ქალაქნი ჰურიასტანისანი, და დაეშენნენ მუნ და დაიმკჳდრონ იგი; |
68:37 |
და ნათესავმან მონათა შენთამან დაიპყრას იგი; და რომელთა უყუარს სახელი შენი, დაიმკჳდრონ მას შინა. |