წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი | ||
11:1 | თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია. პასუხად ვსწერდი: «მთვარეო‚ შენმცა მზე ვით მოგერია? მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს‚ რაც არა შენი ფერია! სიზმრად მგონია‚ დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია». |
[382] |
11:2 | ასმათს უთხარ: «მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხვდები; ესე ჰკადრე: «რათგან‚ მზეო‚ ჩემთვის ნათლად აღმოხდები‚ აჰა‚ მკვდარი გამაცოცხლე‚ ამას იქით აღარ ვბნდები‚ რასაცაღა სამსახურსა‚ ვტყუვი‚ თუღა ვერიდები». |
[383] |
11:3 | ასმათ მითხრა: «მე მიბრძანა‚ ესე ვქმნათო‚ ესე სჯობდეს: ვინცა გნახოს‚ ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს‚ ჩემად ნახვად მოვიდოდეს‚ შენ ვითამცა გაშიკობდეს; და-ცა-მვედრა: «ამირბარსა უთხარ‚ ასრე ნამუსობდეს!» |
[384] |
11:4 | მეკეთა ესე თათბირი‚ სიბრძნე გულისა მისისა‚ მისი‚ მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა; მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა‚ ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა. |
[385] |
11:5 | ასმათს მოვართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა; მან მითხრა: «არა არ მინდა‚ ვარ გამაძღარი ამითა». ერთი აიღო ბეჭედი‚ მართ აწონილი დრამითა: «ესე კმა ნიშნად‚ სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა». |
[386] |
11:6 | ქალი ადგა‚ წამოვიდა‚ მე ლახვართა გულსა მრიდეს‚ ლხინმან ბნელი გამინათლა‚ დაშრტეს‚ ცეცხლნი რომე მწვიდეს; შევე‚ დავჯე ნადიმადვე‚ ჩემნი სწორნი სადა სმიდეს‚ მხიარულმან საბოძვარი გავეც‚ ზამი გაადიდეს“. |
[387] |