ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა‚ პირველ რომ გამიჯნურდა | ||
9:1 | კვლა დაიწყო თქმა ამბვისა მან‚ რა ხანი მოიტირა: „დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით‚ გვენადირა; მიბრძანა‚ თუ: «ქალი ვნახოთ!» – ხელი ხელსა დამიჭირა. მის ჟამისა მხსენებელი მე სულდგმული არ გიკვირა?! |
[341] |
9:2 | მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა‚ გამოუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა; მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა. ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა! |
[342] |
9:3 | ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა: მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა; მრავლად იყო სარაჯები ვარდისწყლისა აბანოსა. კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა. |
[343] |
9:4 | ვიცოდი‚ სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა‚ მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა; ვერას ვხედევდი‚ ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა. ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა. |
[344] |
9:5 | ასმათ ფარდაგსა აზიდნა‚ გარე ვდეგ მოფარდაგულსა; ქალსა შევხედენ‚ ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა. მოვიდა‚ მივსცენ დურაჯნი‚ მთხოვა ცეცხლითა დაგულსა. ვაჲმე‚ მას აქათ სახმილსა დაუწვავ ნიადაგულსა! |
[345] |
9:6 | აწ წახდეს იგი ნათელნი‚ მზისაცა მოწუნარენი!“ მისი ვერ გასძლო ხსენება‚ დაბნდა და სულთქვნა მწარენი; ყმა და ასმათი ტიროდეს‚ ხმას სცემდეს იგი არენი‚ ჭმუნვით თქვეს: „მკლავნი ცუდ ქმნილან‚ ვაჲ‚ გმირთა მემუქარენი!“ |
[346] |
9:7 | ასმათმან წყალი დაასხა‚ ცნობად მოვიდა ტარია‚ დიდხან ვერა თქვა‚ სევდამან გული შეუპყრა‚ დარია; დაჯდა და მწარედ სულთითქვნა‚ ცრემლი მიწასა გარია‚ თქვა: „ჩემგან მისი ხსენება‚ ვაჲმე‚ რა დიდი ზარია! |
[347] |
9:8 | მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან‚ იშვებენ‚ მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან; ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა‚ რომელნი ეურჩებიან. ისმენდი ჩემთა ამბავთა‚ თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან! |
[348] |
9:9 | დურაჯნი მივსცენ‚ გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა‚ დავეცი‚ დავბნდი‚ წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა‚ რა სულად მოვე‚ შემესმა ხმა ტირილისა და ვისა: გარემომრტყმოდეს ჯალაბნი‚ ვითა ჩამსხდომნი ნავისა. |
[349] |
9:10 | შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა‚ ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა‚ პირსა იხოკდეს ხელითა‚ ღაწვისა გამპობელითა. მუყრნი მოასხნეს‚ სენითა მთქვეს გამაბელზებელითა. |
[350] |
9:11 | მე რა მნახა თვალახმული‚ მეფე ყელსა მომეხვია‚ ცრემლით მითხრა: «შვილო‚ შვილო‚ ცოცხალ ხარღა? სიტყვა თქვია!» მე პასუხი ვერა გავეც‚ ვითა შმაგი შევკრთი დია‚ კვლა დავეცი დაბნედილი‚ გულსა სისხლი გარდმეთხია. |
[351] |
9:12 | სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარეშემომცვიდიან; მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი‚ ყოველნი იკითხვიდიან; მტერდაცემული ვეგონე‚ არ ვიცი‚ რას ჩმახვიდიან. სამ დღემდის ვიყავ უსულოდ‚ ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან. |
[352] |
9:13 | აქიმნიცა იკვირვებდეს: «ესე სენი რაგვარია? სამკურნალო არა სჭირს რა‚ სევდა რამე შემოჰყრია». ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი‚ სიტყვა მცთარი წამერია. დედოფალი‚ ზღვასა შეიქს‚ მას რომ ცრემლი დაუღვრია. |
[353] |
9:14 | სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი‚ არცა მკვდარი; მერმე ცნობა მომივიდა‚ მივხვდი რასმე მიუმხვდარი; ვთქვი‚ თუ: «ჰაჲჰაჲ‚ რაშიგან ვარ მე სიცოცხლეგარდამხდარი!» თმობა ვსთხოვე შემოქმედსა‚ ვჰკადრე სიტყვა სამუდარი. |
[354] |
9:15 | ვთქვი‚ თუ: «ღმერთო‚ ნუ გამწირავ‚ აჯა ჩემი შეისმინე‚ მომეც ძალი დათმობისა‚ ცოტად ვითა აღმადგინე‚ აქა ყოფა გამამჟღავნებს‚ სახლსა ჩემსა მიმაწვინე!» მანვე ქმნა და მო-რე-ვჯობდი‚ გული წყლული გავარკინე. |
[355] |
9:16 | ზე წამოვჯე. მეფისასა კაცი დია მოვიდოდა‚ ახარებდეს: «წამოჯდაო»‚ დედოფალი გამორბოდა; მეფე მორბის თავშიშველი‚ არ იცოდა‚ რას იქმოდა‚ იგი ღმერთსა ადიდებდა‚ სხვა ყველაი უჩუმოდა. |
[356] |
9:17 | იქით და აქათ მომისხდეს‚ მახვრიტეს სახვრეტელია; მე მოვახსენე: «პატრონო‚ გული აწ უფრო მრთელია; ცხენსა შეჯდომა მწადიან‚ ვნახნე წყალნი და ველია». ცხენი მომგვარეს‚ შე-ცა-ვჯე‚ მეფე ჩემ თანა მვლელია. |
[357] |
9:18 | გამოვედით‚ მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა; ჩემსა მივე‚ დავაბრუნვე‚ მეფე მომყვა სახლთა ძირსა. შინა მოვე‚ უარ გავხე‚ სხვა დამერთო ჭირი ჭირსა; ვთქვი‚ თუ: «მოვკვდე‚ ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა!» |
[358] |
9:19 | ზაფრანისფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან‚ გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან. საწოლის მეკრე შემოდგა‚ მოლარე გაიყვანა მან; ვთქვი‚ თუ: «რა იცის ამბავი‚ ნეტარ‚ ან იმან‚ ან ამან?» |
[359] |
9:20 | «მონააო ასმათისი». – «რა იცისო‚ – ვარქვი‚ – ჰკითხე!» შემოვიდა‚ სააშიკო წიგნი მომცა‚ წავიკითხე; გამიკვირდა‚ სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე? მისგან ეჭვი არა მქონდა‚ სევდად მაწვა გულსა მით ხე. |
[360] |
9:21 | მე გამიკვირდა: «სით უყვარ‚ ანუ ვით მკადრებს თხრობასა? მიუყოლობა არ ვარგა‚ დამწამებს უზრახობასა‚ ჩემგან იმედსა გარდასწყვედს‚ მერმე დამიწყებს გმობასა». დავწერე‚ რაცა პასუხად მართებდა აშიკობასა. |
[361] |
9:22 | დღენი გამოხდეს‚ მე გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა‚ ვეღარ უჭვრეტდი ლაშქართა‚ მინდორს თამაშად მავალთა; დარბაზს ვერ მივე; მკურნალთა დაიწყეს მოსლვა მრავალთა‚ მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა. |
[362] |
9:23 | მათ ვერა მარგეს‚ მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა‚ სხვამან ვერავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა; სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა. გავიხსენ ფარვად პატიჟთა‚ არვისგან საეჭველისა. |
[363] |
9:24 | ხელგახსნილი‚ სევდიანი‚ საწოლს ვიყავ თავისწინა; ჩემი მონა შემოვიდა‚ შევხედენ‚ თუ თქვას: «რა მინა». – «მონააო ასმათისი»‚ შემოყვანა უთხარ შინა. გულსა შინა დაუზრახე: «რა მპოვაო‚ ანუ ვინ-ა?!» |
[364] |
9:25 | მონამან წიგნი მომართვა‚ მე წავიკითხე ნებასა; წიგნსა შევატყვე‚ ლამოდა შეყრისა მოსწრაფებასა; პასუხად გავეც: «ჟამია‚ მართალ ხარ გაკვირვებასა; მოვალ‚ თუ მიხმობ‚ მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა». |
[365] |
9:26 | გულსა ვარქვი‚ თუ: «ლახვარნი ეგრე ვით დაგაღონებენ? ამირბარი ვარ‚ ხელმწიფე‚ სრულად ინდონი მმონებენ; აზრად შეიქმან‚ საქმესა ათასჯერ შეაწონებენ‚ თუ შეიგებენ‚ მე მათთა არეთა არ მარონებენ». |
[366] |
9:27 | კაცი მოვიდა მეფისა: «სწადსო ამბვისა სმინება». მოყვანა უთხარ; ებრძანა: «ქმნაცა სისხლისა დინება?» მე ვჰკადრე: «ხელი გავიხსენ‚ დამიწყო მოჯობინება‚ წინაშე მოვალ‚ ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება». |
[367] |
9:28 | დარბაზს მივე‚ მეფე ბრძანებს: «ამის მეტსა ნუ იქ‚ აბა!» ცხენსა შემსვა უკაპარჭო‚ წელთა არა არ შემაბა‚ შეჯდა‚ ქორნი მოუტივნა‚ დურაჯები დაინაბა‚ მშვილდოსანნი გასაგანნა‚ იტყოდიან: «შაბაშ‚ შაბა!» |
[368] |
9:29 | შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი; მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულდაღებულნი; მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი‚ ღარიბად ქებულნი. აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი. |
[369] |
9:30 | ვეცდებოდი‚ არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად; ვიგონებდი‚ ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად; ჩემნი სწორნი წავიტანენ‚ ჩემსა დავჯე‚ მთქვიან ალვად‚ შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად. |
[370] |
9:31 | მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი: «ქალი ვინმე იკითხავსო: «ინახვისმცა ამირბარი?» ზეწარითა მოუბურავს პირი‚ ბრძენთა საქებარი». ვარქვი: «საწოლს წაიყვანე‚ ჩემგან არის ნახმობარი». |
[371] |
9:32 | ავდეგ‚ მსხდომნი ნადიმობად აემზადნეს ასაყრელად; შართი უთხარ: «ნუ ასდგებით‚ მოვალ ხანსა დაუზმელად»; გამოვე და საწოლს შევე‚ მონა მოდგა კარსა მცველად. გული მივეც თმობაქმნათა აუგისა საკრძალველად. |
[372] |
9:33 | კარსა შევდეგ‚ ქალი წინა მომეგება‚ თაყვანისმცა; მითხრა: «მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს‚ ვინცა ღირსმც-ა!» გამიკვირდა‚ მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა? ვთქვი: «არ იცის მიჯნურობა; თუმც იცოდა‚ წყნარად ზისმცა». |
[373] |
9:34 | შევე‚ დავჯე ტახტსა ზედა‚ ქალი მოდგა ნოხთა პირსა‚ ჩემსა ახლოს დასაჯდომლად თავი მისი არ აღირსა; ვარქვი: «მანდა რად ზი შენ‚ თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?» მან პასუხი არა მითხრა‚ ჩემთვის ჰგვანდა სიტყვაძვირსა. |
[374] |
9:35 | მითხრა: «დღე ეგე სირცხვილად‚ მედების გულსა ალობა: გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა‚ მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა. ამას თუ ღირს ვარ‚ ვერ ვიტყვი‚ მაკლია ღმრთისა წყალობა». |
[375] |
9:36 | ადგა‚ მითხრა: «თქვენს კრძალვასა ჩემთვის ცნობა უბნევია; ნუ მეჭვ‚ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია‚ ეზომ დიდსა შემართებად გულსა მისსა უთნევია; ამა წიგნმან გაგაგონოს‚ ჩემთვის ვისცა უქნევია“. |
[376] |