აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა | ||
33:1 | იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს; რა ასმათმან დაინახა, განაღამცა გაეხარნეს! მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს, აკოცეს და ა-ცა-ტირდეს, კვლა ცნობანი ააჩქარნეს. |
[918] |
33:2 | ასმათ თქვა: „ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა, შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა; გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არსაქებელო სმენითა! დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!“ |
[919] |
33:3 | ტარიელ ეტყვის: „ჰე, დაო, მით ცრემლი აქა მდინია, საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია, ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია. ვაჲ შენი ბრალი, დავ, თვარა სიკვდილი ჩემი ლხინია! |
[920] |
33:4 | სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი? მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი! უწყალობა ჰკლავს, წყალი სდის, აროდეს არ გახმობილი! ვაჲ, წახდა ვარდი პობილი, ვაჲ, მარგალიტი წყობილი!“ |
[921] |
33:5 | ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი; იტყვის: ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი? შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი, გითხრამცა ვინ, რა მჭირს, ანუ რა ცეცხლი მწვავს, რაგვარ ცხელი! |
[922] |
33:6 | ვარდი ამას ვით იაზრებს: მზე მომშორდეს, არ დავჭნეო, ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო? გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო, ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო“. |
[923] |
33:7 | სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა; ასმათი შეჰყვა, შევიდა, ცეცხლი მათებრვე ჰგზებოდა, დაუგო ტყავი ვეფხისა, რომელ კვლა მიწყივ ჰგებოდა; ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა. |
[924] |
33:8 | წვადი შეიწვეს, შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა, მუნ უპურობა – პურობა, არ სიდიადე ჯამისა, მას შეეხვეწნეს: „ჭამეო“, ძალი არ ჰქონდა ჭამისა, გასცოხნის, ლუკმა გასტყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა. |
[925] |
33:9 | ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს! მან გაუგონოს, რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს, ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს. დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს. |
[926] |
33:10 | მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი, იგი გმირნი, იუბნეს და გააცხადნეს თავის-თავის მათნი ჭირნი. რა გათენდა, კვლა დაიწყეს საუბარნი სიტყვახშირნი; ერთმანერთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი. |
[927] |
33:11 | ტარიელ ეტყვის: „რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა? რაცა შენ ჩემთვის გიქნია, ღმერთი მზღველია ვალისა; კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა, არ დაივიწყე მოყვრობა მოყვრისა წამავალისა. |
[928] |
33:12 | აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ კვლა წვითა უცხელესითა; მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა, ვერ დამშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა. წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სით-ა. |
[929] |
33:13 | ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად, ვისცა გესმის გაიგონეთ, მით გაჭრილ ვარ ხელი ველად. რაცა მართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად, აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად“. |
[930] |
33:14 | ავთანდილ ეტყვის: „რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა? შენვე სთქვი, ეგე სიტყვაა კაცისა ბრძნად სწავლულისა?! ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება წყლულისა? იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა! |
[931] |
33:15 | ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით, აღარ შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქმნა ცრემლთა დადენით! სდევს ფათერაკი მიჯნურსა, გასჭვრიტეთ, გაიცადენით, თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს, მე სულნი ამომხადენით! |
[932] |
33:16 | ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს, რაცა ჭირია! ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია! ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია, რასცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, უწვრთელი ვირია. |
[933] |
33:17 | თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად; ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენ წინაშე წამოსავლად, მოვახსენე: «რათგან ჩემი შეუქმნია გული ავლად, არას ვარგებ, არ დავდგები, სხვა ვიუბნო რაღა მრავლად?» |
[934] |
33:18 | მან მიბრძანა: «მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად, შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად». მისით კითხვით წამოსრულ ვარ, არ მთრვალურად, არ მახმურად, აწ შევიქცე, რა უამბო, რად მოვეო ჯაბანხრდლურად? |
[935] |
33:19 | მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი: მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი; ვერას ვერა იქს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი. შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი! |
[936] |
33:20 | სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა, გწადდეს – გულითა ბრძენითა, გწადდეს – ცნობითა შმაგითა, მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა, ოდენ გამაგრდი, არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა. |
[937] |
33:21 | ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მსგეფსსა აქავ ქვაბსა მომნახევდი მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა; ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდიეფსა, ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითარცა ძაღლი ყეფსა. |
[938] |
33:22 | ამა დროსა გარდავსცილდე, აქავ ქვაბსა არ მოვიდე, ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვე კიდე; ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე, მაშინ გწადდეს – იხარებდი, გწადდეს – ჭმუნვა გაადიდე. |
[939] |
33:23 | აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი! მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი; არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი, არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი“. |
[940] |
33:24 | მან უბრძანა: „აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამეტადდეს, არ მომისმენ, რაზომიცა საუბარი მიდიადდეს; თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს, ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს. |
[941] |
33:25 | არ დაიჯერო, მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა; ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა; შენ რაცა გითქვამს, მაგას ვიქ, მრჯის რაზომ გინდა ხელობა, უშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა, არ დია დღეთა გრძელობა!“ |
[942] |
33:26 | საუბარი გარდასწყვიდეს, დააპირეს ესე პირი; ცხენსა შესხდეს, მოიარეს, თითო მოკლეს ველს ნადირი; შემოიქცეს, აატირეს გული, კვლაცა ანატირი, ხვალ გაყრისა გონებამან სხვა უმატა ჭირსა ჭირი. |
[943] |
33:27 | ლექსთა მკითხველო, შენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია! გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?! მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკლველია, ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე რაგვარ ძნელია! |
[944] |
33:28 | დილა გათენდა, შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს, ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს; სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს, მათ ლომთა, მიწყივ მხეცქმნილთა, თავნი მხეცთავე ალამნეს. |
[945] |
33:29 | ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი, ასმათ ტირს, მოსთქვამს: „ჰე, ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი! მზემან დაგწვნა და გაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი, ვაჲ, ჭირნი ჩემნი ეზომნი, ვაჲ, სიცოცხლისა თმენანი!“ |
[946] |
33:30 | მათ ყმათა, მუნით წასრულთა, იგი დღე ერთგან იარეს, ზღვის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს, არ გაიყარნეს მას ღამე, კვლა ცეცხლი გაიზიარეს, ერთმანერთისა შორს ყოფა იტირეს, იმგლოვიარეს. |
[947] |
33:31 | ტარიელს ეტყვის ავთანდილ, რუ გახმა ცრემლთა დენისა: „რად მოიშორვე შენ ფრიდონ, მომცემი მაგა ცხენისა? მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა, აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმადფიცისა შენისა“. |
[948] |
33:32 | ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა, მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა: „აღმოსავლითკენ წადიო, პირსა იარე ზღვისასა, თუ ნახო, ჩემი უამბვე, გკითხავს ამბავსა ძმისასა“. |
[949] |
33:33 | თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა, სვეს და ჭამეს, რაცა ჭამა შეჰფერობდა მათსა ჭირსა; მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა. ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა. |
[950] |
33:34 | ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვინეს; მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს, ვინცა მოისმინეს; თვალთათ, ვითა წყაროს თვალი, ცრემლი ველთა მოადინეს, დიდხან დგანან შეჭედილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს. |
[951] |
33:35 | გაიყარნეს ტირილით და პირსა ხოკით, თმათა გლეჯით, ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით; ვირე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით. იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მისით ღრეჯით. |
[952] |