ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან | ||
53:1 | მათ ქალ-ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ-ძოწეული, წითელ-ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული: ავთანდილისთვის – ყვითელი და შავი ერთგან რეული: მოვიდეს, დასხდეს; მჭვრეტელი ვცან მათი სულდალეული. |
[1464] |
53:2 | მგოსანნი მოდგეს, ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა; ქორწილი ქმნეს და გამრავლდა ძღვნობა ლარისა ლბილისა, ფრიდონის, პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა; ნესტან-დარეჯანს უშვენის ღიმილი, ჩენა კბილისა. |
[1465] |
53:3 | მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არალქატისა: ცხრა მარგალიტი, სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა, კვლა ერთი თვალი, სამსგავსო მზისა შუქმონამატისა, მას წინა ღამით ძალედვის მხატვარსა ხატვა ხატისა. |
[1466] |
53:4 | კვლა უძღვნა თითო ფარღული, გარდასაყრელი ყელისა, მგრგვლად დათლილისა თვალისა, იაგუნდისა მრთელისა; კვლა მოაქვს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ხელისა, ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა. |
[1467] |
53:5 | იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა, ავთანდილს უძღვნა ყველაი არა სიტყვითა წბილითა, აივსო სახლი სტავრითა და ოქსინოთა ლბილითა. ტარიელ მადლი უბრძანა ლაღმან სიტყვითა ტკბილითა. |
[1468] |
53:6 | ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა; ყოვლთა დღეთა მიართმიდის უფასოსა ძღვენსა მზასა; დღე და ღამე არ გასწყვედდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა. აჰა, მიხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა. |
[1469] |
53:7 | ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე ერთ სიტყვები გულისა: „არს გული თქვენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა, არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა, მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა. |
[1470] |
53:8 | ავთავნილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება, აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება: შენ მიდი, ჰკითხე, რა უნდა, მან ქმნას ამისი ცხადება, ვითა დამივსო სახმილი, ეგრე მისიცა კმა დება. |
[1471] |
53:9 | უთხარ: „ძმაო, რა გარდიხდის, შენგან ჩემსა ჭირნახულსა! ღმერთი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა! თუ ვერა ვიქ საწადელსა შენსა, შენთვის გაზრახულსა, არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა, არცა ხულსა. |
[1472] |
53:10 | აწ მითხარ, ჩემგან რა გინდა, ანუ რათ მოგეხმარები? ვარჩევ, წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები; ტკბილი სიტყვითა გავმართოთ და ხრმლითა — საომარები. თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები“. |
[1473] |
53:11 | რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა, მას გაეცინნეს, გაღიმდა, შვენოდა მხიარულობა; თქვა, თუ: „მეშველი რად მინდა? მჭირს არავისგან წყლულობა! ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინნაკლულობა. |
[1474] |
53:12 | ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის მორჭმული ღმრთისა ნებითა, საკრძალავი და უკადრი, ლაღი, არვისგან ვნებითა, არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა; მას ზედა შველა რად მინდა, რად მეჭვ რასაცა თნებითა? |
[1475] |
53:13 | რა მოვა ჩემთვის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი, ღმერთი იწადებს, მომივლენ გულსა სახმილთა ლხენანი; მაშინღა მომხვდენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი; უმისჟამისოდ ცუდნია ჩემგან მი და მო რბენანი. |
[1476] |
53:14 | მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი, ჩემგან თხრობილი: „მადლი რად უნდა, მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი? ვარ მუცლითგანვე დედისათ თქვენად სამონოდ შობილი, ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი. |
[1477] |
53:15 | გებრძანა: «შეყრა მწადიან საყვარელისა შენისა». ეგე არს მსგავსი გულისა ლმობიერისა თქვენისა; მუნა მე ხრმალი არ მიკვეთს, არცა სივრცელე ენისა, მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა. |
[1478] |
53:16 | ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე: ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე, გვერდსავე გიჯდეს მნათობი, პირი ელვათა მკრთომარე, მებრძოლნი თქვენნი მოგესრნენ, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე. |
[1479] |
53:17 | რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი, მაშინღა მივალ არაბეთს, მომხვდენ მის მზისა ხლებანი; ოდესცა სწადდეს, დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი. სხვად თქვენგან არა არ მინდა, მძულან რასაცა თნებანი“. |
[1480] |
53:18 | რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი, მან ბრძანა: „მაგას არა ვიქ, ამას არ უნდა მისანი. ვითა მან პოვნა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი, ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ-გულნი ძმისანი! |
[1481] |
53:19 | მიდი, უთხარ ჩემ მაგიერ სიტყვა ჩემგან არნათნები: «მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები. ვეჭვ, მრავალი დამეხოცოს მონა, მისგან საყვარლები, ვითხოვ ხოლე შენდობასა, ეგეთიღა მოვბრუნდები». |
[1482] |
53:20 | ესე უთხარ: «ამის მეტსა მოციქულობ ნურას ნუო, ხვალე წასლვა არ დავშალო, არცა საქმე გავათუო; მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყვა გავაცრუო, ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო, შევაგუო»“. |
[1483] |
53:21 | უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა: „არ დადგებისო, ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა“. მას დაუმძიმდა, მოედვა კვლა გულსა კვამლალმულობა. ასრე ხამს რიდი მეფეთა, ყმათაგან მოკრძალულობა! |
[1484] |
53:22 | ავთანდილ მივა მუხლმოყრით ტარიას შესახვეწელად, ფერხთა ეხვევის, აკოცებს, აღარ შეხედავს ზე წელად, ეტყვის: „კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად, კვლა ნუ მიქ ერთგულობისა გამტეხლად, და-ცა-მლეწელად. |
[1485] |
53:23 | რასაცა ლამი, არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია, გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია! მე მისთვის ხელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერნამკრთალია! ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია! |
[1486] |
53:24 | ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს, ვაჲ თუ გაწყრეს, გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს, ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მომასურვებს, შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს“. |
[1487] |
53:25 | ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქნაფენამან, ხელი მოჰკიდა ავთანდილს, ამართა, ააყენა მან: „მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან, მაგრა სჯობს, შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან. |
[1488] |
53:26 | დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა, მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულმძიმობა, დიდობა; თუ მოყვარეა, გულისა ქმნას ჩემკენ მონაზიდობა, თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდისკიდობა. |
[1489] |
53:27 | მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა, არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა. რადმცა რა ვჰკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა! ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა. |
[1490] |
53:28 | ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით, რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით. რათგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით! დააშვენეთ ერთმანერთი, თავის-თავის ნუ დასჭნებით“. |
[1491] |
53:29 | რა ავთანდილ ტარიასგან ცნა, წასლვასა არ დაშლიდა, არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედა რთვიდა; ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა, თანა წაჰყვა, განაღამცა მათ თანავე გზასა ვლიდა. |
[1492] |