დასაწყისი | ||
1:1 | რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა‚ ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა‚ ჩვენ‚ კაცთა‚ მოგვცა ქვეყანა‚ გვაქვს უთვალავი ფერითა‚ მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მისმიერითა. |
[1] |
1:2 | ჰე‚ ღმერთო ერთო‚ შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა‚ შენ დამიფარე‚ ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა‚ მომეც მიჯნურთა სურვილი‚ სიკვდიდმდე გასატანისა‚ ცოდვათა შესუბუქება‚ მუნ თანაწასატანისა. |
[2] |
1:3 | ვის შვენის‚ – ლომსა‚ – ხმარება შუბისა‚ ფარ-შიმშერისა‚ – მეფისა მზის თამარისა‚ ღაწვბალახშ-თმაგიშერისა‚ – მას‚ არა ვიცი‚ შევმართო შესხმა ხოტბისა შერისა?! მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს‚ მართ მიშერისა. |
[3] |
1:4 | თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლდათხეული‚ ვთქვენი ქებანი ვისნი მე არავად გამორჩეული. მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მინა რხეული‚ ვინცა ისმინოს‚ დაესვას ლახვარი გულსა ხეული. |
[4] |
1:5 | მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა‚ ქება წარბთა და წამწამთა‚ თმათა და ბაგე-კბილისა‚ ბროლ-ბალახშისა თლილისა‚ მის მიჯრით მიწყობილისა. გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვივისა ლბილისა. |
[5] |
1:6 | აწ ენა მინდა გამოთქმად‚ გული და ხელოვანება‚ – ძალი მომეც და შეწევნა, შენგნით მაქვს‚ მივსცე გონება; მით შევეწივნეთ ტარიელს‚ ტურფადცა უნდა ხსენება; მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება. |
[6] |
1:7 | მო‚ დავსხდეთ‚ ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობილი; მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი! დავჯე‚ რუსთველმან გავლექსე‚ მისთვის გულლახვარსობილი‚ აქამდის ამბვად ნათქვამი‚ აწ მარგალიტი წყობილი. |
[7] |
1:8 | მე‚ რუსთველი‚ ხელობითა ვიქ საქმესა ამადარი: ვის მორჩილობს ჯარი სპათა‚ მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი; დაუძლურდი‚ მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი‚ ანუ მომცეს განკურნება‚ ანუ მიწა მე სამარი. |
[8] |
1:9 | ესე ამბავი სპარსული‚ ქართულად ნათარგმანები‚ ვით მარგალიტი ობოლი‚ ხელისხელ საგოგმანები‚ ვპოვე და ლექსად გარდავთქვი‚ საქმე ვქმენ საჭოჭმანები‚ ჩემმან ხელმქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმა ნები. |
[9] |
1:10 | თვალთა‚ მისგან უნათლოთა‚ ენატრამცა ახლად ჩენა; აჰა‚ გული გამიჯნურდა‚ მიხვდომია ველთა რბენა! მიაჯეთ ვინ‚ ხორცთა დაწვა კმარის‚ მისცეს სულთა ლხენა. სამთა ფერთა საქებელთა ლამის‚ ლექსთა უნდა ლევნა. |
[10] |
1:11 | რაცა ვისცა ბედმან მისცეს‚ დასჯერდეს და მას უბნობდეს: მუშა მიწყივ მუშაკობდეს‚ მეომარი გულოვნობდეს; კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს‚ არცა ვისგან დაეწუნოს‚ არცა სხვასა უწუნობდეს. |
[11] |
1:12 | შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი‚ საღმრთო‚ საღმრთოდ გასაგონი‚ მსმენელთათვის დიდი მარგი‚ კვლა აქაცა ეამების‚ ვინცა ისმენს კაცი ვარგი; გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის‚ შაირია ამად კარგი. |
[12] |
1:13 | ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა‚ მობურთალსა – მოედანი‚ მართლად ცემა‚ მარჯვედ ქნევა‚ მართ აგრევე მელექსესა – ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა‚ რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა. |
[13] |
1:14 | მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა‚ რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა‚ დაუწყოს ლექსმან ძვირობა‚ არ შეამოკლოს ქართული‚ არა ქმნას სიტყვამცირობა‚ ხელმარჯვედ სცემდეს ჩოგანსა‚ იხმაროს დიდი გმირობა. |
[14] |
1:15 | მოშაირე არა ჰქვიან‚ თუ სადმე თქვას ერთი‚ ორი; თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი; განაღა თქვას ერთი‚ ორი‚ უმსგავსო და შორი-შორი‚ მაგრა იტყვის: „ჩემი სჯობსო“‚ უცილობლობს ვითა ჯორი. |
[15] |
1:16 | მეორე ლექსი‚ ცოტაი – ნაწილი მოშაირეთა‚ არ ძალუც სრულქმნა სიტყვათა‚ გულისა გასაგმირეთა‚ – ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა: დიდსა ვერ მოჰკლვენ‚ ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა. |
[16] |
1:17 | მესამე ლექსი კარგია სანადიმოდ‚ სამღერელად‚ სააშიკოდ‚ სალაღობოდ‚ ამხანაგთა სათრეველად; ჩვენ მათიცა გვეამების‚ რაცა ოდენ თქვან ნათელად. მოშაირე არა ჰქვიან‚ ვერას იტყვის ვინცა გრძელად. |
[17] |
1:18 | ხამს‚ მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს‚ ერთი უჩნდეს სამიჯნურო‚ ერთსა ვისმე აშიკობდეს‚ ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს‚ მას აქებდეს‚ მას ამკობდეს‚ – მისგან კიდე ნურა უნდა‚ – მისთვის ენამუსიკობდეს. |
[18] |
1:19 | ჩემი აწ ცანით ყველამან‚ მას ვაქებ‚ ვინცა მიქია; ესე მიჩს დიდად სახელად‚ არ თავი გამიქიქია! იგია ჩემი სიცოცხლე‚ უწყალო ვითა ჯიქია; მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს‚ მიქია. |
[19] |
1:20 | ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა‚ ძნელად სათქმელი‚ საჭირო გამოსაგები ენათა; იგია საქმე საზეო‚ მომცემი აღმაფრენათა; ვინცა ეცდების‚ თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა. |
[20] |
1:21 | მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან‚ ენა დაშვრების‚ მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან; ვთქვნე ხელობანი ქვენანი‚ რომელნი ხორცთა ხვდებიან; მართ მასვე ჰბაძვენ‚ თუ ოდენ არ სიძვენ‚ შორით ბნდებიან. |
[21] |
1:22 | მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა‚ მით რომე შმაგობს მისისა ვერმიხვდომისა წყენითა; ზოგსა აქვს საღმრთო სიახლე‚ დაშვრების აღმაფრენითა‚ კვლა ზოგთა ქვეუც ბუნება კეკლუცთა ზედა ფრფენითა. |
[22] |
1:23 | მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს‚ მართ ვითა მზეობა‚ სიბრძნე‚ სიუხვე‚ სიმდიდრე‚ სიყმე და მოცალეობა‚ ენა‚ გონება‚ დათმობა‚ მძლეთა მებრძოლთა მძლეობა. ვისცა ეს სრულად არა სჭირს‚ აკლია მიჯნურთ ზნეობა. |
[23] |
1:24 | მიჯნურობა არის ტურფა‚ საცოდნელად ძნელი გვარი; მიჯნურობა სხვა რამეა‚ არ სიძვისა დასადარი: იგი სხვაა‚ სიძვა სხვაა‚ შუა უზის დიდი ზღვარი‚ ნუვინ გარევთ ერთმანერთსა‚ გესმის ჩემი ნაუბარი? |
[24] |
1:25 | ხამს მიჯნური ხანიერი‚ არ მეძავი‚ ბილწი‚ მრუში‚ რა მოშორდეს მოყვარესა‚ გაამრავლოს სულთქმა‚ უში‚ გული ერთსა დააჯეროს‚ კუშტი მიხვდეს‚ თუნდა ქუში; მძულს უგულო სიყვარული‚ ხვევნა-კოცნა‚ მტლაში-მტლუში. |
[25] |
1:26 | მას ცოცხალი ნუ ელევის‚ რაცა პირველ შეუყვარდეს‚ ნუცა ლხინსა აუზვავდეს‚ ნუცა ჭირსა შეუზარდეს‚ მისთვის დასთმოს ყველაკაი‚ მისთვის ველთა გამოვარდეს‚ ნურა გავა‚ სოფელიცა მისი კერძი გარდაქარდეს. |
[26] |
1:27 | ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა: დღეს ერთი უნდეს‚ ხვალე სხვა‚ სთმობდეს გაყრისა თმობასა; ესე მღერასა ბედითსა ჰგავს‚ ვაჟთა ყმაწვილობასა. კარგი მიჯნური იგია‚ ვინ იქს სოფლისა თმობასა. |
[27] |
1:28 | არს პირველი მიჯნურობა არდაჩენა‚ ჭირთა მალვა‚ თავისწინა იგონებდეს‚ ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა, შორით ბნედა‚ შორით კვდომა‚ შორით დაგვა‚ შორით ალვა‚ დასთმოს წყრომა მოყვრისაგან‚ მისი ჰქონდეს შიში‚ კრძალვა. |
[28] |
1:29 | ხამს‚ თავისსა ხვაშიადსა არვის თანა ამჟღავნებდეს‚ არ ბედითად „ჰაჲჰაჲ“ზმიდეს‚ მოყვარესა აყივნებდეს‚ არსით აჩნდეს მიჯნურობა‚ არასადა იფერებდეს‚ მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს‚ მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს. |
[29] |
1:30 | მას უშმაგო ვით მიენდოს‚ ვინ მოყვარე გაამჩივნოს? ამის მეტი რამცა ირგო: მას ავნოს და თვითცა ივნოს. რათამეღა ასახელოს‚ რა სიტყვითა მოაყივნოს? რა გავა‚ თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს! |
[30] |
1:31 | მიკვირს‚ კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა: ვინცა უყვარს‚ რად აყივნებს მისთვის მკვდარსა‚ მისთვის წყლულსა?! თუ არ უყვარს‚ რად არა სძულს? რად აყივნებს‚ რაცა სძულსა?! ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა‚ გულსა. |
[31] |
1:32 | თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს‚ ტირილსა ემართლების; სიარული‚ მარტოობა შვენის‚ გაჭრად დაეთვლების; იგონებდეს‚ მისგან კიდე ნურად ოდეს მოეცლების; არ დააჩნდეს მიჯნურობა‚ სჯობს‚ თუ კაცთა ეახლების. |
[32] |