წიგნი ხატაელთა მეფისა‚ ტარიელის წინაშე მოწერილი | ||
13:1 | ხატაეთს მყოფნი მოვიდეს‚ მათგან მოსლვისა დრონია‚ სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია: «არც რამე ჩვენ ვართ ჯაბანნი‚ არც ციხეუმაგრონია‚ ვინ არის თქვენი ხელმწიფე‚ ჩვენ ზედა რა პატრონია?!» |
[401] |
13:2 | მოეწერა: «რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა. გამიკვირდა‚ რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა! რაგვარა თუ მანდა გეხმე‚ ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა? ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენმიერსა!» |
[402] |
13:3 | უბრძანე წვევა ლაშქართა‚ გავგზავნე მარზაპანია. იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია‚ შორით და ახლოთ ყველანი მართ ჩემკენ მონასხპანია‚ ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი‚ კლდე‚ კაპანია. |
[403] |
13:4 | ფიცხლა მოვიდეს‚ არ ექმნა მათ შინა ხანდაზმულობა; აღლუმი ვნახე‚ მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა‚ სიჩაუქე და სიკეთე‚ კეკლუცად დარაზმულობა‚ ტაიჭთა მათთა სიმალე‚ აბჯრისა ხვარაზმულობა. |
[404] |
13:5 | ავმართე დროშა მეფისა ალმითა წითელ-შავითა‚ დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა‚ თავსა ვტიროდი‚ ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა: «მზე თუ არ ვნახო‚ არ ვიცი‚ ვიარო ვითა და ვითა!» |
[405] |
13:6 | შინა მოვე‚ დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა‚ თვალთა‚ ვითა საგუბარი‚ ცხელი ცრემლი გარდმომჩქეფდა. «ბედი ჩემი უბედური‚ – ვთქვი‚ თუ‚ – ჯერთცა ვერ გამეფდა! ხელმან ვარდი რად იხელთა‚ რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა?» |
[406] |
13:7 | მონა შემოდგა‚ მივეცი საქმესა გაკვირვებულსა; ასმათის წიგნი მომართვა მე‚ მეტად შეჭირვებულსა‚ ეწერა: «გიხმობს შენი მზე შენ‚ მისთვის მოსურვებულსა‚ მოდი‚ სჯობს მანდა ტირილსა‚ საქმესა ბედით-ვებულსა». |
[407] |
13:8 | ვითა მართებდა‚ ეგზომი რამცა ვით გავიხარეო! შეღამდა‚ წავე‚ ბაღისა მე კარი შევიარეო; სად ასმათ პირველ მენახა‚ მუნვე ჩნდა მდგომიარეო‚ სიცილით მითხრა: «წამოვლე‚ მოგელის ლომსა მთვარეო». |
[408] |
13:9 | შემავლო სახლი ნაგები კეკლუცად ბანისბანითა; გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქმონავანითა‚ ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა‚ საკრძალავი და ღარიბი‚ უცხო პირითა‚ ტანითა. |
[409] |
13:10 | შევე‚ წავდეგ ნოხთა პირსა‚ მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად‚ გულსა ბნელი გამინათლდა‚ ზედა ლხინი ადგა სვეტად. მას ბალიში შემოეგდო‚ მზისა შუქსა სჯობდა მეტად‚ ჩემგან პირსა იფარვიდა‚ აიხედნის წამის ჭვრეტად. |
[410] |
13:11 | უბრძანა‚ თუ: «მოახსენე‚ ასმათ‚ დაჯდეს‚ ამირბარსა!» მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა. დავჯე‚ მივეც გულსა ლხინი‚ საწუთროსა დამგმობარსა; მიკვირს‚ სულნი რადღა მიდგან‚ ვიტყვი მისგან ნაუბარსა! |
[411] |
13:12 | მიბრძანა: «ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა‚ მზემან გაყრითა დაგაჭნე‚ ვითა ყვავილი ბარისა: დაგსჯიდა დენა ცრემლისა‚ ნარგისთა ნაგუბარისა‚ მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა. |
[412] |
13:13 | თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა‚ მაგრა მეტად უარეა არათქმა და ჭირთა მალვა: მე თუ ზეპირ მიცინია‚ ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა; ძოღან ქალი გამოვგზავნე‚ ვქმენ მართლისა შემოთვალვა. |
[413] |
13:14 | ერთმანერთისა‚ მას აქათ‚ რაცა ორთავე ვიცითა‚ აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა; ამას შესჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა. გეცრუო‚ ღმერთმან მიწა მქმნას‚ ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა! |
[414] |
13:15 | წა‚ შეები ხატაელთა‚ ილაშქრე და ინაპირე; ღმერთმან ქმნას და გაგიმარჯვდეს‚ მორჭმულმანცა ჩემ კერძ ირე! მაგრა რა ვქმნა‚ კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე? გული მომეც გაუყრელად‚ ჩემი შენთვის დაიჭირე!» |
[415] |
13:16 | მოვახსენე: «არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად‚ მაგრა რათგან დამარჩინე‚ არ გამოსჩნდი ჩემად მკლველად‚ შენ სინათლედ თვალთა ჩემთა‚ მიჩნდე მზეებრ სანახველად‚ აწ შევება ხატაელთა‚ მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად. |
[416] |
13:17 | აწ რასაცა მე მაღირსებ‚ ხორციელი არა ღირსა; მოწყალება იჩქითია ღმრთისა‚ ამად არა მკვირსა; შენთა შუქთა შემომადგამ‚ ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა‚ შენი ვიყო‚ სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა». |
[417] |
13:18 | ზედა წიგნსა საფიცარსა შევჰფიცე და შემომფიცა‚ მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა: «უშენოსა მოწონება ვისიმცაო გულსა მიცა‚ ღმერთი მომკლავს‚ ამას იქით თავსა ვეტყვი‚ ამას ვსწვრთიცა». |
[418] |
13:19 | დავყავ ხანი მას წინაშე‚ ერთმანერთსა ვეუბნენით‚ ვჭამეთ ამო ხილი რამე‚ სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით‚ მერმე ავდეგ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით. მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით. |
[419] |
13:20 | მეძნელებოდა სიშორე მისი‚ ბროლ-ბალახშ-მინისა. მე გამიახლდა სოფელი‚ მქონდა სიმრავლე ლხინისა; ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა‚ აწ მიკვირს‚ მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა!“ |
[420] |