ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან | ||
55:1 | მას დღე ავთანდილ პატრონად ზის და ხელმწიფე ზენია, მას თანა მჯდომსა ტარიელს შვენიან სინაზენია; ნესტანჯარ ახლავს თინათინს, მჭვრეტელთა ამაზრზენია, ჰგავს, თუ ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ოთხნი მზენია. |
[1551] |
55:2 | დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა, ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი მხავსისა, შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამსგავსისა; მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა მზისა მსგავსისა. |
[1552] |
55:3 | იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები, კვლა უცხოფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო-უცხო სიქები. მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები, მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი: „ნუ აეხსნები, იქ ები!“ |
[1553] |
55:4 | მუტრიბნი მოდგეს, ყოველგნით ისმოდის ხმა წინწილისა; შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბალახშისა თლილისა; მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის, მსგავსი მილისა, ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა. |
[1554] |
55:5 | არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი; მოდიოდა მარგალიტი მოფანტული, მონაყარი; გაბედითდა წასაღებად ატლასი და ოქრო მყარი, სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი. |
[1555] |
55:6 | ხვალისა მეფე არაბთა კვლა პურობს, არ ღაფალია; ტარიელს უთხრა: „შენი მზე საჭვრეტლად სატურფალია. მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია; ხამს, ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია. |
[1556] |
55:7 | აწ, მეფეო, არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად“. სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად. ქვემოთ დასხნა ავთანდილ და მისი ცოლი მათად სწორად. პირველ ძღვენი ტარიასთვის მოიღიან, იდვის გორად. |
[1557] |
55:8 | არაბთა მეფე მასპინძლობს, იქს ოდენ არიფობასა, ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ მათ, არ იხმობს ხელმწიფობასა, გასცემს და უქებს ყველაი უხვობა-იეფობასა, ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩვეულა ვით მეფობასა. |
[1558] |
55:9 | მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა, სიყვარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა; რომე სძღვნა, არა ეგების თქმა არცა ნაათალისა, – თითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა. |
[1559] |
55:10 | კვლა უძღვნა ძღვენი ორთავე, მსგავსი მათისა ბედისა, ათასი თვალი, ნაშობი რომანულისა დედისა, კვლა მარგალიტი ათასი, მართ ვითა კვერცხი ტრედისა, ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მსგავსი ქედისა. |
[1560] |
55:11 | ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავშედგმული, ცხრა ტაიჭი, ძვირფასისა უნაგირთა შეკაზმული. ინდოთ მეფე თაყვანისსცემს ლაღი, ბრძენი, არ მახმული, მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინოსმული. |
[1561] |
55:12 | რას ვაგრძელებდე? გარდახდეს დღენი ერთისა თვისანი. თამაშობდიან, არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი. ტარიელს სძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი, მათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ მართ ვითა მზისანი. |
[1562] |
55:13 | ტარიელ ჰგვანდა ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოველად, ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად, შესთვალა: „შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად, მტერთა აქვს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად. |
[1563] |
55:14 | უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან. ვეჭვ, მოგცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან; წავიდე, ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან, ადრე კვლა გნახნე მორჭმულნი, ინებოს ღმრთისა ნებამან“. |
[1564] |
55:15 | როსტევანს ეთქვა: „მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა? რაცა გიჯობდეს, იქმოდით, გასჭვრეტდით, გაიცდიდითა, ავთანდილ თანა წამოგყვეს, წადით ლაშქრითა დიდითა, თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით, და-ცა-სჭრიდითა. |
[1565] |
55:16 | ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები. მან უთხრა: „გაე, ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები, ახალშეყრილსა მთვარესა, მზეო, ვით მოეშორები?“ ავთანდილ უთხრა: „მაგითა შენგან არ მოვიღორები. |
[1566] |
55:17 | არ, დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახავად! „ცოლი უყვარსო, გამწირა“, – იყო ამისად მსახავად; მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მევაგლახავად? კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ, ავად!“ |
[1567] |
55:18 | ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთა ფრქვევასა; უბრძანა: „ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა; რათგან გწადიან, წამომყევნ, დამწამებ ნურას თნევასა“. ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მის თანა წვევასა. |
[1568] |
55:19 | შეყარნა სპანი არაბეთს, – აღარა ხანსა ზმულია, – კაცი ოთხმოცი ათასი, ყველაი დაკაზმულია. კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია. არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნაღველჭმულია. |
[1569] |
55:20 | ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე, დობილნი, ერთმანერთისა დადფიცნი, სიტყვისა გამონდობილნი, მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელითა გარდაჭდობილნი, ტიროდეს; მათთა მჭვრეტელთა გულნიცა ესხნეს წდობილნი. |
[1570] |
55:21 | მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანაშეესწოროსა, ორნივე სწორად ნათობენ, მოშორდეს, მოეშოროსა; არა თუ იგი მოშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა, მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან, ხამს, თავი იქედგოროსა. |
[1571] |
55:22 | მათადვე სახედ, რომელსა ესენი დაუბადიან, იგივე გაჰყრის, სიშორე არა თუ ნებით სწადიან, ვარდსა სწებვენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩადიან. მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან. |
[1572] |
55:23 | ნესტან-დარეჯან თქვა: „ნეტამც ყოლა არ შეგმეცნებოდი, მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავჭნებოდი. ამბავსა სცნევდი, მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი, ვითა მე შენთვის დამწვარ ვარ, აგრევ შენ ჩემთვის სდნებოდი“. |
[1573] |
55:24 | თინათინ უთხრა: „ჰე, მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო, რადმცა გაგწირე, თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო! ღმრთისაგან დღეთა თხოვნისა ნაცვლად სიკვდილი ვინებო, აგრემცა მივი, რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო!“ |
[1574] |
55:25 | კვლა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი; ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი; იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი. რომე მწადდეს, ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი. |
[1575] |
55:26 | როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების, ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების, ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების; ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების. |
[1576] |
55:27 | ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით; იტყვის, თუ: „თქვენი სიახლე მიჩს აქამდისცა ოცებით; რათგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გაასოცებით, შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით. |
[1577] |
55:28 | ტარიელ შეჯდა, მეფისა გამყრელი, გამომსალამე; სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე: „მზე შენ გელისო საომრად და თავი შენ მას ალამე“. უბრძანა: „თქვენთვის მტირალსა ყოლა რად მიჩნდეს სალა მე!“ |
[1578] |
55:29 | გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა, ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა, კაცი ოთხმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა, მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა. |
[1579] |
55:30 | სამ თვე ვლეს, – ღმერთმან მათებრი სხვა ნურა ნუ დაჰბადოსა! მოეგებნიან, მტერობა ვერავინ დაიქადოსა! მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდილადოსა, ვითა მართებდა, პურობდეს, ღვინოსა სმიდეს, არ დოსა. |
[1580] |