წასლვა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყ | ||
36:1 | ყმა მიმავალი მიუბნობს, მსგავსი მთვარისა სრულისა. არს თინათინის გონება მისად სალხენლად გულისა; იტყვის: „მოგშორდი, სიცრუე, ვაჲ, საწუთროსა კრულისა! შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა. |
[1026] |
36:2 | რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირსა სამსალებისა, რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა? არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა, შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა“. |
[1027] |
36:3 | ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა, წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა, დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა, ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა. |
[1028] |
36:4 | სადაცა ნახნის, ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი, ჰკითხის მის მზისა ამბავი; დღენი ვლნა გაასებულნი. ქედსა გარდადგა, აქლემნი აუჩნდეს ლარკიდებულნი. მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს, დაყმუნვებულნი. |
[1029] |
36:5 | მუნ ქარავანი ურიცხვი იდგა მის ზღვისა კიდესა. შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს, ვერცა ვლიდესა. ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა, ჰკითხა, თუ: „ვინ ხართ, ვაჭარნო?“ – მათ საუბარი ჰკიდესა. |
[1030] |
36:6 | უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი. მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი. ჰკადრეს: „მზეო, სიცოცხლე და შენ ამოჰხე ჩვენი მლხენი, ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი“. |
[1031] |
36:7 | გარდახდა. ჰკადრეს: „ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი, მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისმან მაჭარნი, ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გამონაჭარნი, საქონელსრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გვქონან ნაჭარნი. |
[1032] |
36:8 | ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე, უშველეთ, ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე; ვკითხეთ, თუ: «ვინ ხარ, ღარიბო, რასა საქმისა მდებარე?» გვითხრა: «თუ შეხვალთ, დაგხოცენ; კიდე ცოცხალ ვარ მე ბარე?!» |
[1033] |
36:9 | თქვა: «ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა, ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალფერითა, მუნ მეკობრეთა დაგვხოცნეს ძელ-სახნისისა წვერითა; ყველაი წახდა, არ ვიცი, აქა მოსრულ ვარ მე რითა!» |
[1034] |
36:10 | ლომო და მზეო, ესეა მიზეზი აქა დგომისა, დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი არსაზომისა; შევიდეთ, ვაჲ თუ დაგვხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა, ვერცა ვდგათ, ვერცა წასრულ ვართ, ღონე წაგვსლვია რჩომისა“. |
[1035] |
36:11 | ყმამან უთხრა: „ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცთების! რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცთების; მე მივინდობ სისხლთა თქვენთა, შემოვისხამ, და-ცა-მწვთების, ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების“. |
[1036] |
36:12 | მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა, თქვეს: „ყმა ვინმეა ჭაბუკი, არა ჩვენებრვე რიდითა, აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა“. შევიდეს, ჩასხდეს ხომალდსა, გამართეს ზღვისა კიდითა. |
[1037] |
36:13 | სიამოვნისა დარითა იარეს, არ სიძნელითა. მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა. გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა, მას ნავსა ნავთა სალეწლად სახნისი ჰგია ძელითა. |
[1038] |
36:14 | კიოდეს და მოდიოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა; შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა; ყმამან უთხრა: „ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა, ანუ დავჰხოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღეს-ა. |
[1039] |
36:15 | უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი; განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი; ვერ დამხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ძმანი. ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი. |
[1040] |
36:16 | თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი, შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი; მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი! მეკობრისა ნავისანი სისხლნი ნახნეთ მონაღვარნი“. |
[1041] |
36:17 | ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა. მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა; ნავისა თავსა გულითა წადგა შიშშეუვალითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხრმალითა. |
[1042] |
36:18 | კიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა, აძგერეს ძელი, რომელსა ზედა სახნისი ჰგებოდა; ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თურე კრთებოდა, კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, სხვით არათ არ მოსტყდებოდა. |
[1043] |
36:19 | ძელი მოსტყდა და ავთანდილ დარჩა ნავდაულეწელი; შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი; ვეღარ გარდესწრნეს, გარდუხლტა მტერთა მი და მო მლეწელი; არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი. |
[1044] |
36:20 | მათ ლაშქართა გულუშიშრად ასრე ჰხოცდა, ვითა თხასა; ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა; ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა; დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა. |
[1045] |
36:21 | გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა. ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: „ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!“ არ დახოცნა, დაიმონნა, დარჩომოდა რაცა წყლულსა. მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქს სიყვარულსა“. |
[1046] |
36:22 | კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი! არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი! დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი, ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი. |
[1047] |
36:23 | მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა, ნავი ნავსა შეატყუბა, ქარავანსა დაუზახნა. უსამ ნახა მხიარულმან, – გაეხარნეს, არ იახნა, ჰკადრა ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა. |
[1048] |
36:24 | ავთანდილის მაქებელთა ათასიმცა ენა ენდა, ვერცა მათ თქვან, ნაომრობა რაგვარ ტურფად დაუშვენდა; ქარავანმან იზრიალა, თქვეს: „უფალო, მადლი შენდა! მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა“. |
[1049] |
36:25 | მოეგებნეს, აკოცებდეს თავსა, პირსა, ფერხთა, ხელსა; ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა, – მისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა, – „შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა“. |
[1050] |
36:26 | ყმამან უთხრა: „მადლი ღმერთსა, შემოქმედსა, არსთა მხადსა, ვისგან ძალნი ზეციერნი გააგებენ აქა ქმნადსა, იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა; ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი ჯერა მოწევნადსა. |
[1051] |
36:27 | ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნია სისხლი თქვენი. მე, გლახ, რა ვარ? მიწა ცუდი; თავით ჩემით რამცა ვქმენი? აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულენ, რაცა ვთქვენი; ნავი სრულად საქონლითა მომიღია, ვითა ძღვენი“. |
[1052] |
36:28 | ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გამარჯვებოდეს, ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანახლებოდეს, მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს, შვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს. |
[1053] |
36:29 | იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს, არ ახვალეს, მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს! მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოცალეს; დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს. |
[1054] |
36:30 | ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა: „შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენ ვიცით ჩვენი ფრდილობა; რაცა გვაქვს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა, რასაცა მოგვცემ, გვიბოძე, გვიქნია აქა ყრილობა“. |
[1055] |
36:31 | ყმამან შესთვალა: „ჰე, ძმანო, წეღანცა მოგისმენია, ღმერთსა შეესმა, ნაკადი რაცა თქვენ თვალთა გდენია, მან დაგარჩინნა; მე რა ვარ? მე, გლახ, რა მომილხენია! რა გინდა მომცეთ, რას ვაქნევ? მე ვარ და ჩემი ცხენია! |
[1056] |
36:32 | მე თუმცა რაცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი, ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ-საგებელი; რას ვაქნევ თქვენსა რას გინდა? ოდენ ვარ თანამხლებელი; სხვაგან რამე მიც სხვა საქმე თავისა წასაგებელი. |
[1057] |
36:33 | აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი, რაცა ვის გინდა, წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი, ერთსა ვიაჯი, მააჯეთ სააჯო არსაკრძალავი: საქმე რამე მიც თქვენშიგა თავისა დასამალავი. |
[1058] |
36:34 | ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა, თვით თავადია ჩვენი-თქვა, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა. მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბაჩობასა; თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა!“ |
[1059] |
36:35 | ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია; მოვიდეს და თაყვანისსცეს, ჰკადრეს: „ჩვენი იმედია, რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯია, მას ვმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია“. |
[1060] |
36:36 | მუნით წავიდეს, იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან, მიხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან; შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან, მას მარგალიტსა მას ყმასა, კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან. |
[1061] |