ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა | ||
2:1 | იყო არაბეთს როსტევან‚ მეფე ღმრთისაგან სვიანი‚ მაღალი‚ უხვი‚ მდაბალი‚ ლაშქარმრავალი‚ ყმიანი‚ მოსამართლე და მოწყალე‚ მორჭმული‚ განგებიანი‚ თვით მეომარი უებრო‚ კვლა მოუბარი წყლიანი. |
[33] |
2:2 | სხვა ძე არ ესვა მეფესა‚ მართ ოდენ მარტოდ ასული‚ სოფლისა მნათი მნათობი‚ მზისაცა დასთა დასული; მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული‚ გონება და სული‚ ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული. |
[34] |
2:3 | მისი სახელი – თინათინ‚ არს ესე საცოდნარია! რა გაიზარდა‚ გაივსო‚ მზე მისგან საწუნარია. მეფემან უხმნა ვაზირნი‚ თვით ზის ლაღი და წყნარია‚ გვერდსა დაისხნა‚ დაუწყო მათ ამო საუბნარია. |
[35] |
2:4 | უბრძანა: „გკითხავ საქმესა‚ ერთგან სასაუბნაროსა: რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს‚ დაამჭნაროსა‚ იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა; მზე ჩაგვისვენდა‚ ბნელსა ვსჭვრეტთ‚ ღამესა ჩვენ უმთვაროსა. |
[36] |
2:5 | მე გარდასრულ ვარ‚ სიბერე მჭირს‚ ჭირთა უფრო ძნელია‚ დღეს არა‚ ხვალე მოვკვდები‚ სოფელი ასრე მქმნელია; რაღაა იგი სინათლე‚ რასაცა ახლავს ბნელია?! ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ‚ ვისგან მზე საწუნელია!“ |
[37] |
2:6 | ვაზირთა ჰკადრეს: „მეფეო‚ რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობა? ვარდი თუ გახმეს‚ ეგრეცა გვმართებს აზომცა ჯერობა: მისივე მეტობს ყოველსა სული და ტურფაფერობა. მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა?! |
[38] |
2:7 | მაგას ნუ ჰბრძანებთ‚ მეფეო‚ ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია‚ თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია; ხმდა განაღამცა საქმნელად‚ რაცა თქვენ გულსა გლმობია: სჯობს და მას მიეც მეფობა‚ ვისგან მზე შენაფლობია! |
[39] |
2:8 | თუცა ქალია‚ ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია; არ გათნევთ‚ იცის მეფობა‚ უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია; შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია. ლეკვი ლომისა სწორია‚ ძუ იყოს‚ თუნდა ხვადია“. |
[40] |
2:9 | ავთანდილ იყო სპასპეტი‚ ძე ამირსპასალარისა‚ საროსა მჯობი ნაზარდი‚ მსგავსი მზისა და მთვარისა‚ ჯერთ უწვერული‚ სადარო ბროლ-მინად საცნობარისა; მას თინათინის შვენება ჰკლვიდის‚ წამწამთა ჯარისა. |
[41] |
2:10 | გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად; რა მოშორდის‚ ვერმჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერნაკლულად; ნახის‚ ცეცხლი გაუახლდის‚ წყლული გახდის უფრო წყლულად. საბრალოა‚ სიყვარული კაცსა შეიქს გულმოკლულად! |
[42] |
2:11 | რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა‚ ავთანდილს მიხვდა სიამე‚ ვსება სჭირს მის სოქალისა; თქვა: „ზედა-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა‚ ნუთუ ვით ვპოვო წამალი მე ჩემი‚ ფერგამქრქალისა!“ |
[43] |
2:12 | არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან: „თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე‚ მისმან მშობელმან; მან გაანათლნეს ყოველნი‚ ვით მზემან მანათობელმან. მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან‚ შემამკობელმან!“ |
[44] |
2:13 | მოვიდეს სრულნი არაბნი‚ ჯარი გამრავლდა ხასისა: ავთანდილ პირმზე‚ სპასპეტი ლაშქრისა ბევრათასისა‚ ვაზირი სოგრატ‚ მოახლე მეფისა დასთა დასისა; მათ რომე დადგეს საჯდომი‚ თქვეს: „უთქმელია ფასისა!“ |
[45] |
2:14 | თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა‚ დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა‚ მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა. ქალი მზეებრ სჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზემხედველითა. |
[46] |
2:15 | უკუდგეს და თაყვანისსცეს მეფემან და მისთა სპათა‚ დალოცეს და მეფედ დასვეს‚ ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა‚ ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა. ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს‚ ხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა. |
[47] |
2:16 | მამისა ტახტსა საჯდომლად თავი არ ეღირსებოდა‚ ამად ტირს‚ ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა; მეფე სწვრთის: „მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა‚ ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა“. |
[48] |
2:17 | უბრძანა: „ნუ სტირ‚ ასულო‚ ისმინე ჩემი თხრობილი: დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს‚ ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი‚ აქათგან ესე სამეფო შენია მართ მონდობილი. ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა‚ იყავ წყნარი და ცნობილი! |
[49] |
2:18 | ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების‚ დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების! უხვი ახსნილსა დააბამს‚ იგი თვით ების‚ ვინ ების. უხვად გასცემდი‚ ზღვათაცა შესდის და გაედინების. |
[50] |
2:19 | მეფეთა შიგან სიუხვე‚ ვით ედემს ალვა‚ რგულია; უხვსა მორჩილობს ყოველი‚ იგიცა‚ ვინ ორგულია; სმა-ჭამა – დიდად შესარგი‚ დება რა სავარგულია?! რასაცა გასცემ‚ შენია‚ რაც არა‚ დაკარგულია!“ |
[51] |
2:20 | ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა‚ ყურსა უპყრობდა‚ ისმენდა‚ წვრთასა არ მოიწყინებდა; მეფე სმასა და მღერასა იქს‚ მეტად მოილხინებდა; თინათინ მზესა სწუნობდა‚ მაგრა მზე თინათინებდა. |
[52] |
2:21 | მოიხმო მისი გამზრდელი‚ ერთგული‚ ნაერთგულევი‚ უბრძანა: „ჩემი საჭურჭლე‚ შენგან დანაბეჭდულევი‚ მომართვი ჩემი ყველაი‚ ჩემი ნაუფლისწულევი!“ მოართვეს‚ გასცა უზომო‚ უანგარიშო‚ ულევი. |
[53] |
2:22 | მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა‚ რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა. მერმე ბრძანა: „ვიქ საქმესა‚ მამისაგან სწავლებულსა‚ ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს საჭურჭლესა დადებულსა!“ |
[54] |
2:23 | უბრძანა: „წადით‚ გახსენით‚ რაცა სად საჭურჭლენია! ამილახორო‚ მოასხი რემა‚ ჯოგი და ცხენია!“ მოიღეს‚ გასცა უზომო‚ სიუხვე არ მოსწყენია. ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი‚ მართ ვითა მეკობრენია. |
[55] |
2:24 | ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა‚ ვითა ნათურქალსა‚ მას ტაიჭსა არაბულსა‚ ქვენაბამსა‚ ნასუქალსა‚ რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა‚ ზეცით ნაბუქალსა; არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა. |
[56] |
2:25 | დღე ერთ გარდახდა პურობა‚ სმა-ჭამა იყო‚ ხილობა‚ ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა. მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა. „ნეტარ‚ რა უმძიმს‚ რა სჭირსო?“ – შექმნეს ამისი ცილობა. |
[57] |
2:26 | თავსა ზის პირმზე ავთანდილ‚ მჭვრეტთაგან მოსანდომია‚ სპათა სპასპეტი‚ ჩაუქი‚ ვითა ვეფხი და ლომია; ვაზირი ბერი სოგრატი თვით მას თანავე მჯდომია. თქვეს‚ თუ: „რა უმძიმს მეფესა‚ ანუ რად ფერი ჰკრთომია?“ |
[58] |
2:27 | თქვეს‚ თუ: „მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა‚ თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა“. ავთანდილ თქვა: „სოგრატ‚ ვჰკითხოთ‚ გვითხრას‚ ვინმცა შეგვეცილა? ვჰკადროთ რამე სალაღობო‚ რასათვისმცა გაგვაწბილა?“ |
[59] |
2:28 | ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა‚ თითო აივსეს ჭიქები‚ მივლენ ქცევითა წყნარითა‚ წინა მიუსხდეს მუხლმოყრით‚ პირითა მოცინარითა. ვაზირი ლაღობს ენითა‚ წყლიანად მოუბნარითა: |
[60] |
2:29 | „დაგიღრეჯია‚ მეფეო‚ აღარ გიცინის პირიო. მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო‚ ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარხშირიო; ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?“ |
[61] |
2:30 | რა მეფემან მოისმინა‚ გაცინებით შემოხედნა‚ გაუკვირდა: ვით მკადრაო‚ ან სიტყვანი ვით გაბედნა?! „კარგა ჰქმენო‚ – დაუმადლა‚ ბრძანებანი უიმედნა‚ – ჩემი ზრახვა სიძუნწისა‚ ტყუვის‚ ვინცა დაიყბედნა! |
[62] |
2:31 | ეგე არ მიმძიმს‚ ვაზირო‚ ესეა‚ რომე მწყენია: სიბერე მახლავს‚ დავლიენ სიყმაწვილისა დღენია; კაცი არ არის‚ სითგანცა საბრძანებელი ჩვენია‚ რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია. |
[63] |
2:32 | ერთაი მიზის ასული‚ ნაზარდი სათუთობითა; ღმერთმან არ მომცა ყმაშვილი‚ – ვარ საწუთროსა გმობითა‚ – ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად‚ ანუცა მობურთლობითა; ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა“. |
[64] |
2:33 | ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა‚ თავმოდრეკით გაიღიმნა‚ გაცინება დაუშვენდა‚ თეთრთა კბილთა გამომკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა. მეფე ჰკითხავს: „რას იცინი‚ ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა?“ |
[65] |
2:34 | კვლა უბრძანა: „თავსა ჩემსა‚ რას იცინი‚ რა დამგმეო?“ ყმამან ჰკადრა: „მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო‚ რაცა გკადრო‚ არ გეწყინოს‚ არ გარისხდე‚ არ გასწყრეო‚ არ გამხადო კადნიერად‚ არ ამიკლო ამაზეო“. |
[66] |
2:35 | უბრძანა: „რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!“ ფიცა მზე თინათინისა‚ მის მზისა მოწუნარისა. ავთანდილ იტყვის: „დავიწყო კადრება საუბნარისა: ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა‚ თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა. |
[67] |
2:36 | მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენ წინა მშვილდოსანია; ნაძლევი დავდვათ‚ მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე სპანია; მოასპარეზედ ვინ მგავსო? – ცუდნიღა უკუთქმანია. გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!“ |
[68] |
2:37 | მეფე ლაღი და წყლიანი გამხიარულდა მეტადრე‚ სიცილით უთხრა ავთანდილს: „შვილად გზრდი‚ მით შემეკადრე; იცი‚ არ გიწყენ‚ გაზრდილო‚ მით შემომიხვე ზედადრე: თუ არ გასწბილდე‚ მაჯობო‚ ბედი გეყოფის ბედადრე. |
[69] |
2:38 | „მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისსა დაცილებასა. ბრძანე‚ ვისროლოთ‚ ნუ იქო შედრეკილობა-კლებასა. კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენ თანა ხლებასა‚ მერმე გამოჩნდეს მოედანს‚ ვისძი უთხრობდენ ქებასა!“ |
[70] |
2:39 | ავთანდილცა დამორჩილდა‚ საუბარი გარდასწყვიდეს‚ იცინოდეს‚ ყმაწვილობდეს‚ საყვარლად და კარგად ზმიდეს‚ ნაძლევიცა გააჩინეს‚ ამა პირსა დაასკვნიდეს: „ვინცა იყოს უარესი‚ თავშიშველი სამ დღე ვლიდეს!“ |
[71] |
2:40 | მონადირეთა უბრძანა: „მინდორნი მოიარენით‚ დასცევით ჯოგი ნადირთა‚ თავნი ამისთვის არენით!“ ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: „მოდით და მოიჯარენით!“ გაყარეს სმა და ნადიმი; მუნ ამოდ გავიხარენით. |
[72] |
2:41 | დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი‚ ძოწეულითა მოსილი‚ პირად ბროლბალახშოსანი‚ პიროქრო რიდე ეხვია‚ შვენოდა ქარქაშოსანი‚ მეფესა გასლვად აწვევდა‚ მოდგა თეთრტაიჭოსანი. |
[73] |
2:42 | შეეკაზმა მეფე‚ შეჯდა‚ ნადირობას გამოვიდეს; მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს‚ ალყად გარე შემოჰკრვიდეს‚ ზეიმი და ზარი იყო‚ სპანი ველთა დაჰფარვიდეს; ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს. |
[74] |
2:43 | უბრძანა: „მონა თორმეტი მოდით‚ ჩვენ თანა ვლიდითა‚ მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით‚ ისარსა მოგვართმიდითა‚ ნაკრავსა შეადარებდით‚ ნასროლსა დასთვალვიდითა!“ დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა. |
[75] |
2:44 | მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშმიუწდომელი: ირემი‚ თხა და კანჯარი‚ ქურციკი მაღლად მხლტომელი. მას პატრონ-ყმანი გაუხდეს‚ ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი! აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი! |
[76] |
2:45 | ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს. მიჰხოცდეს და მიესროდეს‚ მინდორს სისხლსა მიასხმიდეს‚ რა ისარი დაელივის‚ მონანიყე მიართმიდეს. მხეცნი‚ მათგან დაკოდილნი‚ წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს. |
[77] |
2:46 | იგი ველი გაირბინეს‚ ჯოგი წინა შემოისხეს‚ დახოცეს და ამოსწყვიდეს‚ ცათა ღმერთი შეარისხეს‚ ველნი წითლად შეეღებნეს‚ ნადირთაგან სისხლი ისხეს. ავთანდილის შემხედველთა: „ჰგავსო ალვას‚ ედემის ხეს“. |
[78] |
2:47 | იგი მინდორი დალიეს‚ მართ მათგან განარბენია‚ მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა ტყენია. ნადირნი ტყესა შეესწრნეს‚ სადა ვერა რბის ცხენია. იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს‚ რაზომცა მხნენია. |
[79] |
2:48 | ერთმანერთსა‚ თუ: „მე გჯობო“‚ სიცილით ეუბნებოდეს‚ ამხანაგობდეს‚ ლაღობდეს‚ იქით და აქათ დგებოდეს. მერმე მოვიდეს მონანი‚ რომელნი უკან ჰყვებოდეს‚ უბრძანეს: „თქვითო მართალი‚ ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს!“ |
[80] |
2:49 | მონათა ჰკადრეს: „მართალსა გკადრებთ და ნუ გემცთარებით; მეფეო‚ ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისად დარებით‚ აწვეცა დაგვხოც‚ ვერა ჰგავ‚ – ვერათ ვერ მოგეხმარებით‚ – ვისგან ნაკრავნი გვინახვან მხეცნი ვერ წაღმა წარებით. |
[81] |
2:50 | ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია‚ მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია: არ დასცთომია ერთიცა‚ რაც ოდენ შეუტყორცია‚ თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი გაგვიხოცია“. |
[82] |
2:51 | მეფესა ესე ამბავი უჩს ვითა მღერა ნარდისა‚ უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა‚ აქვს მიჯნურობა ამისი‚ ვითა ბულბულსა ვარდისა‚ სიცილით ლაღობს‚ მიეცა გულით ამოსლვა დარდისა. |
[83] |
2:52 | იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა. ლაშქართა შექმნეს მოდენა‚ მოდგეს უფროსნი ბზეთასა. ახლოს უთქს მონა თორმეტი‚ უმხნესი სხვათა მხნეთასა. თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა. |
[84] |