ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება | ||
57:1 | ინდოეთს ზედა წაადგა, მუნ მთა და დიდი ქედია; აჩნდა ლაშქარი უსახო, ესაკვირველა, ედია. ტარიელ ბრძანა: „მოყმენო, აწ თქვენგან რა იმედია? ადრე მოვიცლი, ჩემ თანა ღმერთი და ჩემი ბედია! |
[1603] |
57:2 | იმა ლაშქართა უნახვან კვლა ხრმალთა ჩემთა კვეთანი; ერთხელ შემებნეს, დავხოცენ, შევქნენ აბჯართა ფეთანი“. ავთანდილ ჰკადრა: „რად უნდა თქმანი სიტყვათა მძლეთანი? მართ ვითა მტვერთა წავიხვამთ, მიხვდენ ფერხითა ცვეთანი“. |
[1604] |
57:3 | დაეკაზმნეს საომრად, გაამაყდეს, გაჩაუქდეს, ცხენთა შესხდეს უკეთესთა, სახედარნი ასუბუქდეს, ერთმანერთსა აჯობინეს, მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს, იგი ქედი ჩაიქროლეს, ბუქისაცა უფრო ბუქდეს. |
[1605] |
57:4 | წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედაგარდეკიდეს; ტარიასთა გააქცივნეს, მიეწივნეს, ჩამოჰყრიდეს, მოაგებნეს მხარდაკრულნი, მათ წინაშე მოასხმიდეს, აიზიდნეს; „ვისნი ხართო?“ – ჰკითხეს, ხანსა და-რე-ზმიდეს. |
[1606] |
57:5 | მათ მოახსენეს: „მეფეო, ჩვენ – ცუდად დაღორებულნი, რამაზის ხელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი“. უბრძანა: „წადით, რეგვენნო, თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი. აცნობეთ თქვენსა პატრონსა: „მოვლენ გულითა ქებულნი“. |
[1607] |
57:6 | უთხარით: «ბრძანებს ტარიელ, მეფე ლაღი და ჯანია, იგი ხელმწიფე მაღალი, მებრძოლთა მემაჯანია; ჩემსა ამბავსა გაცნევენ შენნივე დარაჯანია, შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა, ცუდნიღა დაღრეჯანია! |
[1608] |
57:7 | დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო! ინდოეთსა ვით მოადეგ, შმაგთაგანცა უფრო შმაგო? აჰა, მოვედ იგი ცეცხლი, რომე წმიდად ამოგდაგო, ხრმალი ჩემი მოლესული შენსა ზედა დავაბლაგო. |
[1609] |
57:8 | აწ დაემზადე, მოპარვა მე თქვენი არა მწადიან; შემები, რაზმი გარდმაწყევ, წინასვე გამიცხადიან; პირბოზო, ჩემი მორევნა რა დიდი დაგიქადიან? მე ჩაბალახად გახმარნე, რაცა გიმუზარადიან»“. |
[1610] |
57:9 | დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს, რამაზს ჰკადრეს ყველაკაი, დამალვასა ვერა სთმობდეს: „მოვიდაო ინდოთ მეფე, ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს, ვინცა ვითა გარდეხვეწოს, იგი ერთი ორთა სჯობდეს!“ |
[1611] |
57:10 | ინდოთა დროშა ტარიელს აქვს და ალამი უბია, დროშა არაბთა მეფისა მისსა თანავე ჰყუდია; არაბთა იცის ყველამან, მათი აბჯარი შუბია; ფრიდონ – მზე მოყმე, რომელმან შექმნა სისხლისა გუბია. |
[1612] |
57:11 | ცოტაი წავლეს, გამოჩნდეს ხუთასნი ცხენოსანანი; შეტევებასა ლამობდეს ყმანი არაბთათანანი; ტარიელ გაწყრა: „ნუ იქთო“, მისცნა საქმისა ნანანი; მოვიდეს, აჩნდეს უაბჯროდ, ჰქონდეს არცა თუ დანანი. |
[1613] |
57:12 | ცხენის ფერხთა მოეხვია, მუხლმოყრილი შეეხვეწა, მოახსენა: „შემიბრალე, მისსა ძალსა, ვინცა გხვეწა; უმართლე ხარ, ნუ მაცოცხლებ და წამიღონ მკვდარი მე, წა-! გული თქვენი სასაკუთრო ბედმან ასრე დამილეწა. |
[1614] |
57:13 | დაიკარგენით, წაჰხედით თქვენ, წელნი მეათენია, გახდეს მფრინველნი უმეფოდ, არწივსა მოსტყდეს ფრთენია; ამად შევმართენ საქმენი მათნი საკამათენია, ადრე გამიტყდა სოფელი, მართ ვითა კაბათენია“. |
[1615] |
57:14 | შინა წავიდეს, გარდახდეს, ეს თურმე არ ლაყაბია; რამაზ ჰყავს ორთა დედათა, ყელსა მანდილი აბია; შეშინებული საბრალოდ დუღდა, მართ ვითა ქვაბია: „შეგცოდე, მომკალ მე ხოლე, რამცა ვინ მიასაბია. |
[1616] |
57:15 | ვიაჯი, მომკალ მე ხოლე, ყველაი ჩემი ბრალია; მერმე ვაზირი ხუთასი მყავს, აქათ წაუვალია, თავები დასჭერ, ადინე სისხლი, მართ ვითა წყალია, სპა უბრალოა, ნუ დაჰხოც, ამად ვტირ გულმხურვალია“. |
[1617] |
57:16 | ყოვლთა მისცეს ზენაარი, მიუყარნეს მუხლი წინა: „ნუ დაგვხოცო, მისსა ძალსა, ვინცა აგრე დაგარჩინა!“ ტარიელ დგას დაყმუნვებით, რამაზ წინა მოეფინა. ღმერთი ალხენს მონანულსა, არ შეუნდობს კაცი ვინა! |
[1618] |
57:17 | კაცი ცრემლითა შეინდობს, თუ ცოდვა მას თანაც არსა. ვით ნინეველნი, ისხმიდეს თავსა მტვერსა და ნაცარსა, ამით დაეხსნნეს რისხვასა, ზეცი მოსრულსა, ნაცარსა. წაღმავე წაგრეხს სოფელი კვლა მისგან უკუნაცარსა. |
[1619] |
57:18 | ბრძენმან ვინმე მოსწავლემან საკითხავნი ესე ჰპოვნე; „ესეაო მამაცისა მეტისმეტი სიგულოვნე, ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოჰკლავ, დაიყოვნე“, გინდეს სრული მამაცობა, ესე სიტყვა დაიხსოვნე. |
[1620] |
57:19 | ტარიელ მოტკბა, ღმრთისავე მსგავსად იგ წარმართულია; „აღარ დაგხოცო“, უბრძანა, – ძლეული შიშმან თუ ლია, – წაღმავე წაგრეხს საქმესა, რაცა უკუღმა სთულია: „ნაქმარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია“. |
[1621] |
57:20 | თაყვანისსცეს და დალოცეს, ყოვლთა ხმა ერთად იერეს, ღმერთსა შევედრეს ზახილით, სვე მათი გააძლიერეს, თავები დაჰხსნეს სიკვდილსა, სიცოცხლე ამისმიერეს. ტარიას ხრმალნი ვერ გაძღეს, ჯერთ ხორცი მოიმშიერეს. |
[1622] |
57:21 | ტარიას ჭვრეტად მოსრული მუშთარი ახლოს მჭვრეტია; რისხვისა ცეცხლი ტარიელს სიტკბოთა დაუშრეტია; მოვიდეს, ნახეს; რამაზის ლაშქარი ძლივღა ეტია, ინდოეთს ზეცით სინათლე ჩადგა, მართ ვითა სვეტია. |
[1623] |
57:22 | ერთი კაცი მათ ლაშქართა მახარობლად მიუვიდა: „არ დაგხოცსო, შეგიწყალნა“, – ყველაკაი დალოცვიდა; ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს, ზოგი ამას მოზრახვიდა: „მოვიდაო იგი მოყმე, რომე ერთი ბევრსა სრვიდა“. |
[1624] |
57:23 | მოეგებნიან ტარიელს, შორიშორ უსალამიან; შიგანთა დროშა ინდოთა მათად ცნეს, აალამიან. ვერ გამოენდვნეს ინდონი, თქვეს, თუ: „ღალატსა ლამიან“. არ მოელოდეს ტარიელს, მით ცრემლი დაილამიან. |
[1625] |
57:24 | ტარიელ მიდგა, უყივლა: „მე მოველ, მეფე თქვენიო, თანა მყავს ჩემი მნათობი, პირი ელვათა მფენიო, ჩვენ მოგვცა მაღლით მაღალმან წყალობა მისი ზენიო, გამოდით, თქვენი სიშორე არს ჩვენგან მოუთმენიო“. |
[1626] |
57:25 | მაშინღა იცნეს ტარიელ, მათგან მი და მო სრბანია, სრულად მჭვრეტლითა აივსო ზღუდე და ბანისბანია; ხმამაღლად ხმობდეს, იძახდეს: „მოგვშორდეს სალმობანია, აქამდის რისხვა მაღალმან, აწ მოგვცნა წყალობანია“. |
[1627] |
57:26 | კარნი გაახვნეს, გამოჩნდეს, მოიხვნეს მათ კლიტენია; ერთობ ფლასითა მოსილნი მათ მზეთა მზეთ მჭვრეტენია; ტირან ორნივე ქალ-ყმანი, ვარდისა ბაღსა ტენია, ზახილით თავსა იგლეჯენ, ყორნის ფრთა ბროლსა სტენია. |
[1628] |
57:27 | ვითა გამზრდელსა მართებდა, გაზრდილი ეგრეც ხელია; რომე სდის ცრემლი თვალთაგან, კვლა ცეცხლთა უფრო ცხელია; თავსა იგლეჯს და იზახის, ტირს მეტად გულფიცხელია, გიშრისა ტევრსა მოჰფოცხდა ბროლისა საფოცხელია. |
[1629] |
57:28 | რა ნახა ხასნი, ვაზირნი ფლასითა დამოსილნია, კვლა დაიზახნა ტარიელ უფროსნი დანაკივლნია; სისხლი და ცრემლი თვალთაგან სდის და მიწყობით მილნია. მოვიდეს, ყელსა მოეჭდვნეს, ვითა ძმანი და შვილნია. |
[1630] |
57:29 | დიდებულნი მოეხვივნეს, მოუზრუნვეს მათ ცოლ-ქმართა; ქალი დაბნდა, მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა, ვარდსა შტონი ჩამოსცვივდეს, ზე ვერავინ წამომართა, მუნა კაცთა ვერ ვხედევდი გაცინებით მოღიმართა. |
[1631] |
57:30 | დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად, უბრძანებდა: „რად ვინ სტირთო? - ესე ჰქონდა წყრომა-ზრახვად, - ღმერთმან რისხვა მოაქცია წყალობისა გამოსახვად, გვმართებს, რომე მადლი მივსცეთ, აღარა გვცალს გლოვა-ახვად“. |
[1632] |
57:31 | ტარიელ ზედამოიჭდვნა მხურვალთა ცრემლთა მდენელმან, იტყვის, თუ: „ცეცხლი დამევსო ცხელი, აწ დამწვა მე ნელმან; დადუმდი, სული დაიღე ჩემგან ამისმან მსმენელმან; თქვენი სიცოცხლე მალხინა, ღმერთმან, ობოლთა მლხენელმან“. |
[1633] |
57:32 | ქალმან დედასა შესტირნა: ჰაჲჰაჲ, რაღა ვქმნა, დედაო! შესამოსლითა დაგაგდე, აწ შაოსანსა გხედაო, მამამან ტახტი დასცალა, აღარ ზის მაღლა ზედაო!“ დედამან ცრემლნი მოჰხოცნა, ეტყვის: „დადუმდი, ბედაო!“ |
[1634] |
57:33 | გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები, ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა, გახდა ალვისა მთხელები, ნესტანჯარს ეტყვის: „რადღა ვთქვათ სიტყვები, ბედით-ხელები? ჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძი ათასი, არ ერთხელები“. |
[1635] |
57:34 | რა გარდახდა მცირე ხანი, ჟამი იქმნა გარდასრულად, დიდებულნი ეთაყვანნეს, ერთობილნი ადგეს სრულად; იგი მზენი მიეგებნეს, მოეხვივნეს გულისგულად, აკოცეს და მოიკითხეს თავის-თავის, თვითეულად. |
[1636] |
57:35 | ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება; ტარიელ თქვა: „დედოფალო, გჭირს ამათი არმეცნება, ესენია მხსნელნი ჩვენნი, აწ არა გვცალს გრძლად უბნება; ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება“. |
[1637] |
57:36 | ადგეს და ქალაქს შევიდეს, თვით გარდახდეს სრასა მათსა; ერთსა ბრძანებს დედოფალი, მართ სიტყვასა ვითამ ათსა: „ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი, ვერ დაგვცემენ ყოლ შამათსა, ამად შევიქ სიხარულსა, მართ გულისა საკამათსა“. |
[1638] |
57:37 | უბრძანა: „გლოვა გახსენით, ქოს-წინწილასა ჰკარითო, დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო; ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო, იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო“. |
[1639] |