არაკი ავთანდილისა‚ ასმათს რომ უბრძანა | ||
6:1 | ყმამან უთხრა: „ეგე საქმე ამას ჰგავსო‚ არა სხვასა: ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა‚ უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა‚ ზედ მიადგა‚ ჩაჰყიოდა‚ ტირს‚ იზახის ვაგლახ-ვასა. |
[255] |
6:2 | ეგრე უთხრა: «ამხანაგო‚ იყავ მანდა‚ მომიცდიდე‚ წავალ თოკთა მოსახმელად‚ მწადსო‚ თუმცა ამოგზიდე». მას ქვეშეთსა გაეცინნეს‚ გაუკვირდა მეტად კიდე‚ შემოჰყივლა: «არ გელოდე‚ სად გაგექცე‚ სად წავიდე?» |
[256] |
6:3 | აწ‚ დაო‚ შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა‚ რასაცა მიზამ‚ შენ იცი‚ შენ ხარ წამალი ხელისა‚ სხვად უღონოა უშენოდ ჩემი აპყრობა ხელისა‚ თვარა ვისმც ექმნა გვარლითა შეკრვა თავისა მრთელისა!“ |
[257] |
6:4 | ქალმან უთხრა: „მომეწონა‚ ყმაო‚ შენი ნაუბარი. ხარ უცილოდ კარგი ვინმე‚ მოყმე‚ ბრძენთა საქებარი; ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი‚ რაცა გითხრა‚ მომისმინე‚ გიპოვნია საძებარი. |
[258] |
6:5 | იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვნების; თვით თუ არ გითხრობს‚ არ ითქმის‚ არვისგან დაიხსოვნების; მოილოდინე‚ მოვიდეს‚ რაზომცა დაგეყოვნების‚ დადუმდი‚ ვარდსა ნუ აზრობ‚ ცრემლითა ნუ ითოვნების! |
[259] |
6:6 | გითხრა‚ თუ ცოდნა გწადიან მისისა შენ სახელისა: ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა; მე ასმათ მქვიან‚ რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა‚ სულთქმა სულთქმისა ბევრისა‚ მაშა თუ არ ერთხელისა. |
[260] |
6:7 | ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა: ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა‚ მემაჯანსა‚ ვჭამ‚ გლახ‚ მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა‚ აწვე მოვა‚ არა ვიცი‚ თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა. |
[261] |
6:8 | ამას გვედრებ‚ მოიცადო‚ თავი სხვაგან არსად არო; რა მოვიდეს‚ შევეხვეწო‚ ნუთუ ვით რა მოვაგვარო‚ ერთმანერთსა შეგამეცნნე‚ თავი შენი შევაყვარო‚ თვით გიამბოს საქმე მისი‚ საყვარელსა გაახარო“. |
[262] |
6:9 | ქალსა ყმამან მოუსმინა‚ დამორჩილდა‚ დართო ნება. ამას ზედა მოიხედნეს‚ ხევით ესმა ჩხაპუნება; მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს‚ შუქთა მოვანება‚ უკურიდნეს‚ აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება. |
[263] |
6:10 | ქალმან უთხრა: „ყმაო‚ ღმერთმან მოგცა ჟამად‚ რაცა გინა‚ მაგრა თავი უჩინოქმენ‚ დამალული იყავ შინა; იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ-ა; ნუთუ ვით რა მოვაგვარო‚ შენი ნახვა არ ეწყინა“. |
[264] |
6:11 | ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან მალვითა მალითა. იგი ყმა ცხენსა გარდახდა‚ შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა; ატირდეს მაღლად ცრემლითა‚ ზღვათაცა შესამალითა‚ ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა. |
[265] |
6:12 | ამარტისფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან. დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან; შეჰხსნა‚ შეიღო აბჯარი‚ ცხენიცა შეიყვანა მან; დადუმდეს‚ ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან. |
[266] |
6:13 | ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა‚ ტყვე‚ სარკმლით ნააზატები. მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები; მას ზედა დაჯდა იგი ყმა‚ სულთქვამს ჭირმონამატები‚ სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები. |
[267] |
6:14 | მან ქალმან ხელყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა‚ ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა‚ შეუქნელისა; მიუპყრა‚ ერთი ახლიჩა‚ – ქმნაა საქმისა ძნელისა‚ – ძალი არ ჰქონდა‚ დაუწყო გამოყრა უცოხნელისა. |
[268] |
6:15 | ცოტად მიწვა‚ მიიძინა‚ თუცა ყოლა ვერა მეტი; შეკრთა‚ დიდნი დაიზახნა‚ წამოვარდა ვითა რეტი‚ იზახდის და წამ-წამ იკრის გულსა ლოდი‚ თავსა კეტი. ცალკერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენაჭვრეტი. |
[269] |
6:16 | „რად დაჰბრუნდი? – მოახსენა‚ – მითხარ‚ რაცა წაგეკიდა!“ მან უბრძანა: „მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა‚ ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი‚ ბარგი მძიმედ აეკიდა‚ იგი მინდორს ნადირობდა‚ დაეფანჩა მარეკი‚ და-. |
[270] |
6:17 | სევდად მეცა კაცთა ნახვა‚ ცეცხლი უფრო გავიალე‚ არ მივეო ახლოს შეყრად‚ თავი ჩემი შევიწყალე‚ მათგან მწყრალი შემოვბრუნდი‚ ტყესა შიგან დავიმალე“. თქვა: „ნუთუმცა უკუმრიდა‚ რა გათენდეს‚ წავალ ხვალე“. |
[271] |
6:18 | ქალსა ცრემლი გადმოსცვივდა ასნაკეცი‚ ბევრისბევრად; მოახსენა: „მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად‚ არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად; მას მაგითა ვერას არგებ‚ დღეთა შენთა ცუდად ლევ რად? |
[272] |
6:19 | ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია‚ ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია‚ გეახლოს და არ გაშმაგდე‚ თუცა ჭირი არ გაკლია. შენ მოჰკვდე და იგი წახდეს‚ ესე შენთვის რა მადლია?“ |
[273] |
6:20 | უბრძანა: „დაო‚ ეგეა მსგავსი შენისა გულისა‚ მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა! ვის ძალუც პოვნა კაცისა‚ თვით სოფლად არმოსრულისა? ჩემი ლხინია სიკვდილი‚ გაყრა ხორცთა და სულისა. |
[274] |
6:21 | ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა რაცა კაცი რად დაჰბადა‚ სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა! ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი‚ ანუ ვინმცა შეეცადა? შენგან კიდე ხორციელი‚ დაო‚ მივის არასადა“. |
[275] |
6:22 | ქალმან ჰკადრა: „არ გამიწყრე‚ ვიშიშვი და ვიაჯ დია; რათგან ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია‚ ვერ დავმალავ‚ უკეთესი რაცა საქმე გამიცდია. არა ვარგა უსაზომო‚ თავი ზომსა გარდგიხდია. |
[276] |
6:23 | მისი მძებნელი იყომცა ჭკუითა მეტისმეტითა; შენ კაცთა ნაცვლად ნადირთა ახლავ ცნობითა რეტითა; სჯობს‚ ერთი კაცი იახლო‚ ილხენდე მისით ჭვრეტითა. ვით იადონი არ მოჰკვდე ბულბულოს თესლთა კვნეტითა“. |
[277] |
6:24 | ყმამან უთხრა: „რას მენუკევ‚ არა ვიცი‚ გამიცხადე! კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე! ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა‚ მემცა რას ვეცადე! განაღამცა გავნადირდი‚ თავი ასრე გავიხადე“. |
[278] |
6:25 | ქალმან კვლა ჰკადრა: „გაგსაჯე მეტითა შეგონებითა‚ მაგრა თუ კაცი მოგგვარო‚ მოგყვეს თავისა ნებითა‚ იგი გეახლოს‚ ილხენდე მისითა შემეცნებითა‚ ფიცე‚ არ მოჰკლა‚ არ იყო, არ, სავნებლისა ვნებითა!“ |
[279] |