წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა | ||
12:1 | გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემმაგიერი; მივსწერე: «მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი! მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი‚ ვინცა ურჩექმნას‚ იქმნების თავისა არმადლიერი. |
[388] |
12:2 | ჩვენნო ძმანო და პატრონნო‚ თქვენგან არ გავიმწარებით; ესე რა ნახოთ ბრძანება‚ აქამცა მოიარებით! თქვენ თუ არ მოხვალთ‚ ჩვენ მოვალთ‚ ზედა არ მოგეპარებით. სჯობს‚ რომე გვნახნეთ‚ თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით!» |
[389] |
12:3 | კაცნი გავგზავნენ‚ მე გულსა უფრო მომეცა ლხინები‚ დარბაზს ვიშვებდი‚ დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები; მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის‚ რაცა ვინები‚ აწ ხელმქმნა‚ რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები. |
[390] |
12:4 | პირველ გაჭრისა პირება‚ მერმე დაწყნარდეს ცნობანი; ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემ წინა ნადიმობანი‚ მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი; ზოგჯერ შემცვიან სევდათა‚ ვთქვნი საწუთროსა გმობანი. |
[391] |
12:5 | დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული‚ ვჯე და მასვე ვიგონებდი‚ არ მიეცა თვალთა რული; წიგნი მქონდა საიმედო‚ ამად ვიყავ მხიარული; კარის მცველმან მონა უხმო‚ უთხრა საქმე დაფარული. |
[392] |
12:6 | – «მონააო ასმათისი»‚ საწოლს უთხარ შემოყვანა. მოეწერა: «გიბრძანებსო»‚ ვისი მესვა გულსა დანა. ლხინმან ბნელი გამინათლა‚ ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა. წავე‚ მონა წავიტანე‚ რამცა უთხარ ამისთანა! |
[393] |
12:7 | ბაღჩა შევვლე‚ არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბნარი; ქალი წინა მომეგება მხიარული‚ მოცინარი‚ მითხრა: «ვაშად ამოგიღე‚ არ გასვია გულსა ნარი‚ მოდი‚ ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი!» |
[394] |
12:8 | ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა‚ სადა დგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა; შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვამკრთალითა‚ მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა. |
[395] |
12:9 | დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა‚ ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამცა რა შინაურსა; ასმათს უხმო‚ მოიუბნეს‚ ქალი მოდგა‚ მითხრა ყურსა: «აწ წადიო‚ ვერას გითხრობს»‚ მე კვლა მიმცა ალმან მურსა. |
[396] |
12:10 | ასმათ გამომყვა‚ წამოვე‚ ფარდაგი გამოვიარე‚ ვთქვი: «საწუთროო‚ ვის წეღან გული დარმანთა მიარე‚ მაშინ მოგეცა იმედი‚ ლხინი რად გამიზიარე?» გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტია-რე! |
[397] |
12:11 | ასმათ ლხინსა მიქადებდა‚ ჩავიარეთ შიგან ბაღი; მითხრა: «ეგრე წასლვისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი‚ სიმძიმილის ერდო დახაშ‚ სიხარულის კარი აღი! სირცხვილი აქვს საუბრისა‚ მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი». |
[398] |
12:12 | მე უთხარ: «დაო‚ შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა; ზენაარ‚ სულთა ნუ გამყრი‚ ამბვითა შრეტდი ამ ალსა‚ ჩემ თანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა! თუ რას სცნობ ჩემთვის‚ არა ვეჭვ მე შენგან‚ არ‚ დანამალსა». |
[399] |
12:13 | შევჯე‚ წამოვე‚ მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა; საწოლს შემოვე‚ ხელქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა‚ ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა; ღამე მერჩია‚ მეწადა არგათენება დილისა“. |
[400] |