წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი | ||
43:1 | ფატმან სწერს: „აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო, შენთა შორს მყოფთა ყოველთა დამწველო, ამაზრზენაო, სიტყვამჭევრო და წყლიანო, ტურფაო, ლამაზენაო, ბროლო და ლალო – ოროვე კვლა ერთგან შენათხზენაო! |
[1271] |
43:2 | თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე, მე ეგრეცა ვცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე; შენთვის ხელქმნილსა ტარიელს ამბვითა მოალხენიე, ორნივე მიხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს, შენ იე. |
[1272] |
43:3 | მოსრულა შენად საძებრად მისი ძმადშეფიცებული, ავთანდილ, მოყმე არაბი, არაბეთს შიგან ქებული, სპასპეტი როსტან მეფისა, ვერვისგან დაწუნებული; შენ სწერდი შენსა ამბავსა, ლაღი, ბრძნად გაგონებული. |
[1273] |
43:4 | ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა, ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა? მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა: ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინა? |
[1274] |
43:5 | რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე, გაამჟღავნე; მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რა გაუგზავნე! შენი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა გაათავნე, ღმერთსა უნდეს, მოყვარენი შესაფერნი შეგაზავნე!“ |
[1275] |
43:6 | ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა: „ესე წიგნი მიართვიო ქალსა, მზისა დასაგვანსა!“ მან გრძნეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა, მასვე წამსა დაიკარგა, გარდაჰფრინდა ბანისბანსა. |
[1276] |
43:7 | წავიდა ვითა ისარი კაცისა მშვილდფიცხელისა. რა ქაჯეთს შეხდა, ქმნილ იყო ოდენ ბინდ-ბანდი ბნელისა. უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა, კართა მცველისა, მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა. |
[1277] |
43:8 | ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი, შევიდა ზანგი პირშავი, თმაგრძელი, ტანნაბდიანი; იგი მზე დაჰკრთა, ეგონა სამისო რამე ზიანი, შეცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდისფერად – იანი. |
[1278] |
43:9 | ქაჯმან უთხრა: „ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაჰბნდები? მე ვარ მონა ფატმანისა, თქვენს წინაშე ნამგზავრები; ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუილად გეუბნები, მზისა შუქნი მოიცადენ, ვარდო, ადრე ნუ დასჭნები!“ |
[1279] |
43:10 | პირმზე გაჰკვირდა ფატმანის ამბვითა საკვირველითა, ნუშნი გააპნა, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა. მას იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა; სულთქვამს, იკითხავს უსტარსა, ალტობს ცრემლითა ცხელითა. |
[1280] |
43:11 | მონასა ჰკითხა: „მიამბვე, ვინ არის ჩემი მძებნელი, ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედა მტკებნელი?“ მან მოახსენა: „ვიკადრებ, რასცა ოდენ ვარ მცებნელი, რა წამოსრულ ხარ, მას აქათ შენგან ჩვენია მზე ბნელი. |
[1281] |
43:12 | ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია; მას რომე ცრემლი სდენია, ზღვათაცა შენართევია; მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლა მიმირთმევია, ღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათ ტირილი არ დალევია. |
[1282] |
43:13 | აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა, მან უთხრა წვრილად ყველაი, თქვენ ხართ რათაცა ჭირითა. იგია შენი მძებნელი მკლავითა ვითა გმირითა; მე გამომგზავნეს, დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა“. |
[1283] |
43:14 | ქალმან უთხრა: „მემართლების, ყმაო, შენი ნაუბარი! ფატმან ჩემი რა იცოდა, ვიყავ ვისი წანაგვარი? უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი, მე მიუწერ, შენცა ჰკადრე, ვარ ვითაცა გულმდუღარი“. |
[1284] |