აქა ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან | ||
19:1 | მოვიდა კაცი: «სასიძო მოვაო»‚ მოსლვა გვახარა‚ მაგრა თუ ღმერთი რას უზამს‚ არა იცოდა‚ გლახ‚ არა; მეფესა მიხვდა სიამე‚ არ სიტყვა ივაგლახა რა‚ მიბრძანა‚ ახლოს მიმისვა‚ «მოდიო»‚ თავი დახარა. |
[549] |
19:2 | მიბრძანა: «ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია. გარდავიხადოთ ქორწილი‚ ხამს ვითა დასა‚ სრულია; კაცნი გავგზავნნეთ‚ მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია‚ უხვად გავსცემდეთ‚ ვავსებდეთ‚ სიძუნწე უმეცრულია». |
[550] |
19:3 | მე გავგზავნენ ყოვლგან კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი; სასიძოცა მოგვივიდა‚ იყვნეს ხანსა არდამზმელნი; შიგნით ჩვენნი გაეგებნეს‚ გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი; მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი. |
[551] |
19:4 | მეფემან ბრძანა: «მოკაზმეთ კარვითა მოედანია‚ გამოისვენოს სიძემან‚ დაყოს ცოტაი ხანია; მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია‚ შენ აქა ნახე‚ კმარიან აქა ნახვისა კმანია». |
[552] |
19:5 | მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა. მოვიდა სიძე‚ გარდახდა‚ დღე‚ ჰგვანდა‚ არს აღვსებისა‚ შეიქმნა გასლვა შიგანთა‚ ჯარია მუნ ხასებისა‚ დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად‚ დას-დასებისა. |
[553] |
19:6 | მე დავშვერ‚ ვითა წესია საურავგარდახდილისა; შინა წამოვე‚ მაშვრალსა ქმნა მომნდომოდა ძილისა; მონა მოვიდა‚ მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა: «ადრე მოდიო‚ გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა». |
[554] |
19:7 | ცხენისაგან არ გარდავხე‚ წავე ფიცხლად‚ დავმორჩილდი; ქალი დამხვდა ნატირები‚ ვჰკითხე: «ცრემლსა რასა მილდი?» მითხრა: «შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი? გაუწყვედლად ვით გამართლო‚ რაგვარადმცა გავვაქილდი?!» |
[555] |
19:8 | შევედით‚ ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბშერჭმით მჯდომარე; მზე ვეღარას იქს მის მეტსა‚ მას გაენათლა რომ არე‚ წავდეგ‚ მიბრძანა: «რასა სდგა? დღე მიგიჩს წინ საომარე! ანუ გამწირე‚ მიტყუე და კვლაცა მოიმცთომარე!» |
[556] |
19:9 | მე მეწყინა‚ აღარა ვთქვი‚ ფიცხლად გარე შემოვბრუნდი. უკუვჰყივლე: «აწ გამოჩნდეს‚ არ მინდოდეს‚ ვისცა უნდი! ქალი ომსა რაგვარ მაწვევს‚ აგრე ვითა დავძაბუნდი!» შინა მოვე‚ მოკლვა მისი დავაპირე‚ არ დავყმუნდი. |
[557] |
19:10 | ასსა უბრძანე მონასა: «საომრად დაემზადენით!» შევსხედით‚ გავვლეთ ქალაქი‚ არავის გავეცხადენით. კარავსა შევე‚ იგი ყმა ვითა წვა‚ ზარმაც თქმად ენით‚ უსისხლოდ მოვკალ იგი‚ გლახ‚ თუცა ხმდა სისხლთა დადენით. |
[558] |
19:11 | კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ‚ ჩავაკარაბაკე‚ ყმასა ფერხთა მოვეკიდე‚ თავი სვეტსა შეუტაკე. წინამწოლთა დაიზახნეს‚ გლოვა მიხვდა საარაკე; ცხენსა შევჯე‚ წამო-ცა-ვე; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე. |
[559] |
19:12 | ხმა დამივარდა‚ შეიქმნა ზახილი მოსაწევარი; წამოვე‚ წევნა დამიწყეს‚ დავხოცე ჩემი მდევარი. ქალაქი მქონდა მაგარი‚ მტერთაგან მოურევარი‚ მუნ შიგან შევე მშვიდობით: «ამოდ იგივე მე ვარი!» |
[560] |
19:13 | კაცნი გავგზავნენ‚ ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა: «აქა მომართეთ‚ ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა!» არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა‚ ჩემი რა ცნიან‚ სცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა. |
[561] |
19:14 | ცისკრად ავდეგ‚ შევეკაზმე; რა გათენდა ღამე დილად‚ ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად; ებრძანა‚ თუ: «ღმერთმან იცის‚ გამეზარდე ვითა შვილად‚ ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად? |
[562] |
19:15 | ხვარაზშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე? თუ ჩემი ქალი გინდოდა‚ რად არა შემაგებინე? მე‚ ბერსა შენსა გამზრდელსა‚ სიცოცხლე მაარმებინე‚ დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!» |
[563] |
19:16 | მე შეუთვალე: «მეფეო‚ ვარ უმაგრესი რვალისა‚ თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა? მაგრა‚ თვით იცით‚ ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა‚ მე‚ თქვენმან მზემან‚ მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა! |
[564] |
19:17 | იცით‚ ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია‚ – ერთიღა მე ვარ მემკვიდრე‚ – ყველაი თქვენ მოგხდომია: ამოსწყდა მათი ყველაი‚ მამული თქვენ დაგრჩომია; დღესამდის ტახტი უჩემოდ არავის არ მონდომია. |
[565] |
19:18 | ვერ გათნევ‚ თქვენმან კეთილმან‚ აწ ეგე არმართალია: ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი‚ გიზის ერთაი ქალია‚ ხვარაზმშა დასვა ხელმწიფედ‚ დამრჩების რა ნაცვალია? სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს‚ მე მერტყას ჩემი ხრმალია?! |
[566] |
19:19 | შენი ქალი არად მინდა‚ გაათხოვე‚ გამარიდე! ინდოეთი ჩემი არის‚ არვის მივსცემ ჩემგან კიდე. ვინცა ჩემსა დამეცილოს‚ მისით მასცა ამოვფხვრიდე‚ სხვას მეშველსა გარეგანსა‚ მომკალ‚ ვისცა ვინატრიდე!»“ |
[567] |