წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა | ||
47:1 | გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რათმე ნავითა, პირმხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა; მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა, ხელგანპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა. |
[1328] |
47:2 | მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა, ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა. სულთქვნა, რა ნახა ყვავილი მან, უნახავმან ხანისა. |
[1329] |
47:3 | აგრგვინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა; ვარდთა აკოცა ბაგითა, მით ვარდისავე დარითა; უბრძანა: „გიჭვრეტ თვალითა, გულტკბილად შემხედვარითა, მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენ თანა საუბარითა“. |
[1330] |
47:4 | რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი. ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი, უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი; სადაცა ნახნის, დახოცნის ლომ-ვეფხნი მოშამბნარენი. |
[1331] |
47:5 | ქვაბნი გამოჩნდეს, ეამა, იცნა, თქვა: „იგი კლდენია, სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია; ღირს ვარმცა, ვნახო პირისპირ, უამბო, რაცა მსმენია, არ მოსრულ იყოს, რაღა ვქმნა, ცუდ ჩემი განავლენია! |
[1332] |
47:6 | თუ მოსრულა, უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა, მინდორს სადმე წავიდოდა, მხეცისაებრ ველთა ვლიდა; სჯობს, თუ შამბ-შამბ წავიარო“, – იგონებდა, იხედვიდა, ესე თქვა და მიუქცია, მინდორთაკენ წამოვიდა. |
[1333] |
47:7 | მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა, მართ სახელდებით უყივის ხმითა მით სახარულითა. ცოტაი წავლო, გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა: შამბისა პირსა ტარიელ დგა ხრმლითა მომახულითა. |
[1334] |
47:8 | ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა; შამბისა პირსა ქვეითი დგა, ცხენი არა ხლებოდა; ყივილი ავთანდილისა ესმოდა, ეოცებოდა, შეხედნა, იცნა, გაიქცა, მისკენ მირბოდა, ხლტებოდა. |
[1335] |
47:9 | ხრმალი გასტყორცა ტარიელ, მიმართა მისსა ძმობილსა. ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა. მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელგარდაჭდობილსა, ხმა შაქრისფერად გაუხდა ვარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა. |
[1336] |
47:10 | ტარიელ მოთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი, მჭევრები: – სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები, ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს, ნაკადი ბევრები, – „რათგან შენ გნახე, რა მგამა, პატიჟი მჭირდეს მე რვები!“ |
[1337] |
47:11 | ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა; გაღიმდის, ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა; ეტყოდა: „ვცანო ამბავი, შენ რომე გეამებოდა, აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის ჭნებოდა“. |
[1338] |
47:12 | ტარიელ უთხრა“ „ჰე, ძმაო, კმარის, დღეს რაცა მლხენია, ყოველი ჩემი სალხინო მინახავს, – ნახვა შენია; სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია; კაცმანმცა სოფელს ვით პოვა, რაცა რა საქმე ზენია!“ |
[1339] |
47:13 | რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დასწყნარდა, მის ამბვისა დაყოვნება ვეღარ გასძლო, აუჩქარდა, გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა. რა ტარიელ ნახა, იცნა, გამოუღო, შემოვარდა. |
[1340] |
47:14 | წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გა-ცა-შალა მან, პირსა დაიდვა, დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან, სულნი გაექცეს, მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან. მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ, ვერცა სალამან. |
[1341] |
47:15 | ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვემდებარესა, შეჰფრინდა, შველად მიმართა მას, ტკბილად მოუბარესა, ვერა ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლნადებარესა; მისთა ნიშანთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა. |
[1342] |
47:16 | ავთანდილ დაჯდა ტირილად, ტირს ხმითა შვენიერითა, ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ-ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერითა; გახეთქა ლალი გათლილი ანდამატისა კვერითა, მუნით წყარონი გამოხდეს, ძოწსა ვამსგავსენ ფერითა. |
[1343] |
47:17 | პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა: „რაცა ვქმენო, არ უქნია არცა შმაგსა, არცა რეტსა; წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა! ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტისმეტსა. |
[1344] |
47:18 | მე მოვკალ ჩემი მოყვარე; რა მმართებს გაწბილებულსა? თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დასმით გაგონებულსა! ცრუ კაცი კარგად ვერა იქს საქმესა გაძნელებულსა, თქმულა: «სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!» |
[1345] |
47:19 | უცნობოქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად. ავთანდილ ადგა, გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად, მან პოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად, მკერდსა დაასხა, გა-ვე-ხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად. |
[1346] |
47:20 | ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა; ტარიელ შეკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა, თვალნი აახვნა, მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა. ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა, მზისაგან შუქნაკრთომისა. |
[1347] |
47:21 | ზამთარი ვარდსა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან, ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა ჩივიან, მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ყივიან, – სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე სტკივიან. |
[1348] |
47:22 | აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია, ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა მართ ვითა ხელია, მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია. იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია! |
[1349] |
47:23 | ტარიელ ნახა ნაწერი კვლაცა მკლველისა მისისა, იკითხავს, თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა; დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა. ავთანდილ ადგა, დაუწყო თხრობა სიტყვისა მქისისა. |
[1350] |
47:24 | იტყვის, თუ: „ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად, აწ რადღა გვმართებს ტირილი? ხამს, დავსხდეთ ქმნად ღიმილისად; ადეგ, წავიდეთ საძებრად მის მზისა წახდომილისად! ადრე მიგიყვან, მიყვანა არს შენგან მონდომილი სად. |
[1351] |
47:25 | ვითა გვმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ, მერმე შევსხდეთ, გავემართნეთ, ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ, ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგით დავიყარნეთ, უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ“. |
[1352] |
47:26 | მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს, აღარა ბნდებოდა. შეხედნის, თვალნი ამართნის, შავ-თეთრი ელვა ჰკრთებოდა, მართ ვითა ლალსა მზისაგან, მას ფერი ეზარდებოდა; ვინ ღირსა, თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა! |
[1353] |
47:27 | ავთანდილს მადლი უბრძანა, ქმნა უყო საუბარისა: „მე შენი ქება ვითა ვთქვა, ბრძენთაგან საქებარისა! ვითა ზემთისა წყარომან, მორწყე ყვავილი ბარისა, დამწყვიდე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა. |
[1354] |
47:28 | მე ვერა გიყო, ნაცვალსა ღმერთი გარდიხდის ციერი, ზეგარდმოთ მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემმაგიერი!“ შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი; აწ გა-ვე-აძღო სოფელმან ასმათ, ადრითგან მშიერი. |
[1355] |
47:29 | ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის, არბარგოსანი. შეხედნა, იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი, – ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი, – მაშინვე იცნა, ავარდა მოშლილი, პერანგოსანი. |
[1356] |
47:30 | აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისლვა მოტირალისა, აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა. ზარაღებული ავარდა, ცნობა უც ვითა მთრვალისა, არ იცის სმენა ამბვისა ჯერთ მისგან სასურვალისა. |
[1357] |
47:31 | მათ რა ნახეს, შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით: „ჰე, ასმათო, მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით; ვპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გვწადდა, იგი ვქმენით, აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით!“ |
[1358] |
47:32 | ავთანდილ ცხენსა გარდაჰხდა ასმათის მოსახვეველად; მან მიჰყო ხელი ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხეველად, ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქვეველად: „რა სცანო, რა ჰქმენ, მიამბე, ვტირ შენი მოაჯე ველად“. |
[1359] |
47:33 | ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა, ალვისა შტოდამჭნარისა, მთვარისა ფერმიხდილისა; უთხრა, თუ: „ნახე ნაწერი მის პატიჟგარდახდილისა; მზე მოგვეახლა, მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა“. |
[1360] |
47:34 | ასმათ რა ნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა, გაჰკვირდა, ზარმან აიღო, ათრთოლებს, ვითა ხელობა, ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა; იტყვის: „რა ვნახე, რა მესმის, არსმცა ამისი მრთელობა?!“ |
[1361] |
47:35 | ავთანდილ უთხრა: „ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია; ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია, მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია, ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!“ |
[1362] |
47:36 | ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა; ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა; ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა. კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუმცა კაცი შეიგებდა. |
[1363] |
47:37 | ღმერთსა მისცეს დიდი მადლი, თქვეს: „გვიყოო, რაცა სჯობდა“. „აწყა ვცანით, უარესსა პირი თქვენი არ გაბრჭობდა“, ინდოთ მეფე მხიარული ხელგანპყრობით ამას ხმობდა. ქვაბს შევიდეს მხიარულნი, ასმათ რასმე მასპინძლობდა. |
[1364] |
47:38 | ტარიელ ეტყვის: „ავთანდილ, ისმინე სიტყვა ასები, გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბვედ ნუ გენასები: მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ, დავხოცე დევთა დასები, მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირნაფასები. |
[1365] |
47:39 | მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მნდომია; მოდი და გავხსნათ, შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რა ზომია“. ეამა, ადგეს ორნივე, არცა ქვე ასმათ მჯდომია, დალეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედა ომია. |
[1366] |
47:40 | პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლა უნახავი თვალისა, მუნ იდვა რიყე თვალისა, ხელწმიდად განათალისა, ჩნდის მარგალიტი, ოდენი ბურთისა საბურთალისა; ვინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა! |
[1367] |
47:41 | იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი. პოვეს ერთი ზარადხანა, აბჯრისათვის სახლად ქმნილი; მუნ აბჯარი ყოვლიფერი ასრე იდვა, ვითა მწნილი, შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდული, არგახსნილი. |
[1368] |
47:42 | ზედა ეწერა: „აქა ძეს აბჯარი საკვირველიო, ჯაჭვ-მუზარადი ალმასი, ხრმალი ბასრისა მჭრელიო; თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, იყოს დღე იგი ძნელიო! უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკლველიო“. |
[1369] |
47:43 | კიდობანი გახსნეს, პოვეს მუნ აბჯარი სამი ტანი, რასაცა ვინ შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი: ჯაჭვი, ხრმალი, მუზარადი, საბარკული მათი გვანი, – ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს ვითა ლუსკუმანი. |
[1370] |
47:44 | თითომან თითო ჩაიცვეს, თავის-თავ გამოსცდიდიან, ჯაჭვ-მუზარადსა აბჯარი მართ ვერა ვერ მოჰკიდიან; ხრმალი რკინასა მოჰკრიან, ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან, მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, შევატყვე, არ გაჰყიდიან. |
[1371] |
47:45 | თქვეს: „ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა; ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა“. აიღეს იგი აბჯარი თავის-თავისა ქედითა, თითო მათ, ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა. |
[1372] |
47:46 | ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები; გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები. ავთანდილ თქვა: „ამას იქით დავამაგრო ხრმალსა ნები, ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს, არ დავდგები“. |
[1373] |