ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა | ||
3:1 | ნახეს‚ უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა‚ შავი ცხენი სადევითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა‚ ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა. ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა‚ გულსა მდუღრად ანატირსა. |
[85] |
3:2 | მას ტანსა კაბა ემოსა, გარეთმა ვეფხის ტყავისა‚ ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა‚ ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა; ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა. |
[86] |
3:3 | მეფემან ბრძანა: „ვინ არის უცხო პირად და ტანადო?“ უბრძანა ერთსა მონასა: „წადი ფიცხლად და ჯანადო‚ «გიბრძანებს‚ – უთხარ‚ – ვერა გცნობ ჩემთა ლაშქართა თანადო‚ ვინცა ხარ‚ მოდი წინაშე შენ ჩვენგან მონაყვანადო!»“ |
[87] |
3:4 | წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულმდუღარისად‚ თავჩამოგდებით მტირლისა‚ არ ჭვრეტით მოლიზღარისად‚ – მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა‚ ჰგია გიშრისა ღარი სად‚ – ახლოს მივიდა‚ მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად. |
[88] |
3:5 | ვერა ჰკადრა საუბარი‚ მონა მეტად შეუზარდა‚ დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით‚ თუცა გული უმაგარდა; მოახსენა: „გიბრძანებსო“‚ ახლოს მიდგა‚ დაუწყნარდა. იგი ტირს და არა ესმის მისგან‚ გაუუმეცარდა. |
[89] |
3:6 | მის მონისა არა ესმა სიტყვა‚ არცა ნაუბარი‚ მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი‚ უცხოდ რამე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი‚ ცრემლსა სისხლი ერეოდა‚ გასდის‚ ვითა ნაგუბარი. |
[90] |
3:7 | სხვაგან ქნის მისი გონება მისმან თავისა წონამან. ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან. არცა დააგდო ტირილი‚ არცა რა გაიგონა მან‚ არცა გახლიჩნა ბაგენი‚ თავი – ვარდისა კონამან. |
[91] |
3:8 | რა პასუხი არა გასცა‚ მონა გარე შემობრუნდა‚ როსტანს ჰკადრა: „შემიტყვია‚ იმას თქვენი არა უნდა; თვალნი მზეებრ გამირეტნა‚ გული მეტად შემიძრწუნდა‚ ვერ ვასმინე საუბარი‚ მით დავყოვნე ხანი მუნ‚ და-“. |
[92] |
3:9 | მეფე გაჰკვირდა‚ გა-ცა-წყრა‚ გული უც მისთვის მწყრომარე‚ გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე‚ უბრძანა: „ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე‚ მიდით და აქა მომგვარეთ‚ ვინ არის იქი მჯდომარე!“ |
[93] |
3:10 | მონანი მიდგეს‚ მივიდეს‚ გახდა აბჯრისა ჩხარია; მაშინღა შეკრთა იგი ყმა‚ ტირს‚ მეტად გულმდუღარია‚ თვალნი მოარნა ყოველგნით‚ ნახა ლაშქრისა ჯარია‚ ერთხელ ესე თქვა: „ვაჲ მეო“‚ სხვად არას მოუბარია. |
[94] |
3:11 | თვალთა ხელი უკუივლო‚ ცხელნი ცრემლნი მოიწურნა‚ ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა‚ მკლავნი გაიმამაცურნა‚ ცხენსა შეჯდა‚ – მონათამცა საუბარნი რად იყურნა! – სხვასა მხარსა გაემართა‚ მათი ჭირი არ განკურნა. |
[95] |
3:12 | მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად. მან‚ გლახ‚ იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად: ჰკრა ერთმანერთსა‚ დახოცნა თავსა ხელაუპყრობელად‚ ზოგსა გარდაჰკრის მათრახი ქვე მკრდამდის გასაპობელად. |
[96] |
3:13 | მეფე გაწყრა‚ გაგულისდა‚ ლაშქარნიცა შეუზახნა; მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტა‚ არცა ნახნა‚ რაზომნიცა მიეწივნეს‚ ყველა მკვდართა დაასახნა‚ კაცი კაცსა შემოსტყორცა‚ როსტან ამად ივაგლახნა. |
[97] |
3:14 | შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად. იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად‚ ტაიჭი მიუქს მერანსა‚ მიეფინების მზე ველად‚ შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანამდეველად. |
[98] |
3:15 | რა ცნა‚ მეფე მოვიდაო‚ ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა‚ მასვე წამსა დაიკარგა‚ არ უნახავს თვალსა ჩვენსა‚ ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა; ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა. |
[99] |
3:16 | კვალი ძებნეს და უკვირდა ვერპოვნა ნაკვალევისა‚ აგრე კვალწმიდად წახდომა კაცისა‚ ვითა დევისა; ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს‚ სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა. მეფემან ბრძანა: „ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა“. |
[100] |
3:17 | ბრძანა: „ღმერთსა მოეწყინა აქამდისი ჩემი შვება‚ ამად მიყო სიმწარითა სიამისა დანავღლება‚ სიკვდილამდის დამაწყლულა‚ ვერვის ძალუც განკურნება. მასვე მადლი! ესე იყო წადილი და მისი ნება“. |
[101] |
3:18 | ესე თქვა და შემობრუნდა‚ დაღრეჯილი წამოვიდა‚ არცაღა ჰკრა ასპარეზსა‚ ვამი ვამსა მოურთვიდა; ყველაკაი მოიშალა‚ სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა; ზოგთა თქვეს‚ თუ: „მართალია“‚ ზოგი‚ ღმერთო‚ უზრახვიდა. |
[102] |
3:19 | მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი‚ დაღრეჯილი; მისგან კიდე არვინ შეჰყვა‚ ავთანდილ უჩს ვითა შვილი. ყველაკაი გაიყარა‚ ჯალაბი ჩანს არდაჯრილი. გაბედითდა სიხარული‚ ჩაღანა და ჩანგი ტკბილი. |
[103] |
3:20 | თინათინს ესმა ეგეთი მამისა დაღრეჯილობა; ადგა და კარსა მივიდა‚ ჰქონდა მზისაცა ცილობა‚ მოლარე იხმო‚ უბრძანა: „ძილია თუ ღვიძილობა?“ მან მოახსენა: „დაღრეჯით ზის‚ სჭირსო ფერშეცვლილობა. |
[104] |
3:21 | ერთიღა ახლავს ავთანდილ‚ წინაშე უზის სკამითა; უცხო ყმა ვინმე უნახავს‚ ასრე დაღრეჯით ამით-ა“. თინათინ ბრძანა: „აწ წავალ‚ შესლვა არ ჩემგან ჟამით-ა‚ მიკითხოს‚ ჰკადრე: იყო-თქო აქა ერთითა წამითა“. |
[105] |
3:22 | ხანი გამოხდა‚ იკითხა: „ნეტარ‚ რასა იქს ქალიო‚ ჩემი ლხინი და ჯავარი‚ ჩემი სოფლისა წყალიო?“ მოლარე ჰკადრებს: „მოვიდა აწყაღა ფერნამკრთალიო‚ დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო“. |
[106] |
3:23 | უბრძანა‚ თუ: „წადი‚ უხმე! უმისობა ვით გავსძლეო? მოახსენე: «რად დაჰბრუნდი შენ‚ მამისა სიცოცხლეო? მოდი‚ ჭმუნვა გამიქარვე‚ გულსა წყლულსა მეწამლეო‚ გითხრა ჩემი სამიზეზო‚ მე თუ ლხინთა რად დავლეო»“. |
[107] |
3:24 | თინათინ ადგა‚ მივიდა‚ მიჰყვა მამისა ნებასა‚ უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა‚ მამამან გვერდსა დაისვა‚ აკოცებს ნება-ნებასა‚ უბრძანა: „მახლავ რად არა‚ რად მელი მოყვანებასა?“ |
[108] |
3:25 | ქალმან ჰკადრა: „ხელმწიფეო‚ დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს‚ ვინმცა გნახა კადნიერად‚ რაზომ გინდა ამაყობდეს! თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს! კაცმან საქმე მოიგვაროს‚ ვეჭვ‚ ჭმუნვასა ესე სჯობდეს“. |
[109] |
3:26 | უბრძანა: „შვილო‚ რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია‚ შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია‚ მომქარვებელი სევდისა‚ მართ ვითა მუფარახია. ვეჭვ‚ რა სცნა‚ შენცა მამართლო‚ ჩემი სულთქმა და ახია. |
[110] |
3:27 | უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე‚ მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ხმელთა კიდე. რა უმძიმდა‚ არ ვიცოდი‚ ან ტიროდა ვისთვის კიდე; ჩემად ნახვად არ მოვიდა‚ გავგულისდი‚ წავეკიდე. |
[111] |
3:28 | მე რა მნახა‚ ცხენსა შეჯდა‚ თვალთა ცრემლნი მოიხოცნა‚ შესაპყრობლად შეუზახენ‚ სპანი სრულად დამიხოცნა‚ ვითა ეშმა დამეკარგა‚ არ კაცურად გარდამკოცნა‚ ჯერთცა ესე არა ვიცი‚ ცხადი იყო‚ თუ მეოცნა. |
[112] |
3:29 | აწ ესე მიკვირს‚ რა იყო‚ ანუ რა ვნახე და რული! მან დამიხოცა ლაშქარი‚ ადინა სისხლი ღვარული. კაცთა ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული?! უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული. |
[113] |
3:30 | ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს‚ დამავიწყდეს‚ რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს. ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს‚ ვეღარავინ მინეტარნეს‚ სადამდისცა დღენი მესხნენ‚ ვეღარამან გამახარნეს!“ |
[114] |
3:31 | ქალმან ჰკადრა: „მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა: ჰე‚ მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა‚ ანუ ბედსა? რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა? ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა? |
[115] |
3:32 | მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ‚ მეფეთა ზედა მფლობელი‚ შორს არის თქვენი საზღვარი‚ ბრძანებამიუთხრობელი. გაგზავნე კაცი ყოველგან‚ მისთა ამბავთა მცნობელი‚ ადრე სცნობ‚ არის იგი ყმა შობილი‚ თუ უშობელი. |
[116] |
3:33 | თუ ყოფილა იგი მოყმე ხორციელი‚ ხმელთა მვლელად‚ მას ნახვიდა სხვაცა ვინმე‚ გამოჩნდების მასწავლელად. თუ არ ეშმა გჩვენებია ლხინთა შენთა შემცვლელ-მშლელად; სევდისაგან მოიცალე‚ რად შექმნილ ხარ მოუცლელად?“ |
[117] |
3:34 | როსტანს სიტყვა ასულისა მოეწონა‚ ეკეთაცა; პირი ხელით დაუჭირა‚ გარდაკოცნა კვლა და კვლაცა; უბრძანა‚ თუ: „დაგმორჩილდე‚ რაცა მითხრა‚ აგრე ვქმნაცა; იგივეა მხსნელი ჩემი‚ ვინცა მიწა გამაკაცა“. |
[118] |
3:35 | მოასხნეს კაცნი‚ გაგზავნნეს ოთხთავე ცისა კიდეთა‚ უბრძანეს: „წადით‚ პატიჟთა თავიმცა რად დარიდეთა? მონახეთ‚ ძებნეთ იგი ყმა‚ სხვად ნურად მოიცლიდეთა‚ მისწერეთ წიგნი‚ სადაცა ვერ მისწვდეთ‚ ვერ მიხვიდეთა“. |
[119] |
3:36 | კაცნი წავიდეს‚ იარეს მართ ერთი წელიწადია‚ მონახეს‚ ძებნეს იგი ყმა‚ იკითხეს კვლა და კვლა დია‚ ვერცა თუ ნახეს ნახული ღმრთისაგან დანაბადია‚ ცუდად მაშვრალნი მოვიდეს‚ მათსავე გულსა ზადია. |
[120] |
3:37 | მონათა ჰკადრეს: „მეფეო‚ ჩვენ ხმელნი მოვიარენით‚ მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა‚ მით ვერა გავიხარენით‚ მისსა მნახავსა სულდგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით‚ ჩვენ ვერა გარგეთ‚ საქმენი სხვანი რა მოიგვარენით!“ |
[121] |
3:38 | მეფე ბრძანებს: „მართალ იყო ასული და ჩემი ძეო‚ ვნახე რამე ეშმაკისა სიცუდე და სიბილწეო‚ ჩემად მტერად წამოსრული‚ გარდმოჭრილი ზეცით ზეო. გამიშვია შეჭირვება‚ არა მგამა ყოლა მეო“. |
[122] |
3:39 | ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა; მგოსანი და მუშაითი უხმეს‚ პოვეს რაცა სადა; დია გასცა საბოძვარი‚ ყველა დარბაზს შემოხადა; მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაჰბადა! |
[123] |
3:40 | ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს‚ ეცვა ოდენ მართ პერანგი‚ იმღერდა და იხარებდა‚ წინა ედგა ერთი ჩანგი. შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი‚ მოახსენა: „გიბრძანებსო ტანი ალვა‚ პირი მანგი“. |
[124] |
3:41 | ავთანდილს მიხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა‚ ადგა და კაბა ჩაიცვა‚ მჯობი ყოვლისა ჭრელისა; უხარის შეყრა ვარდისა‚ არ ერთგან შეუყრელისა. ამოა ჭვრეტა ტურფისა‚ სიახლე საყვარელისა! |
[125] |
3:42 | ავთანდილ ლაღი‚ უკადრი მივა‚ არვისგან რცხვენოდა‚ მას ნახავს‚ ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა; იგი უებრო ქუშად ჯდა‚ ელვისა მსგავსად შვენოდა; მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა. |
[126] |
3:43 | გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი‚ ებურნეს მოშლით რიდენი‚ ფასისა თქმად საჭირონი‚ შვენოდეს შავნი წამწამნი‚ გულისა გასაგმირონი‚ მას თეთრსა ყელსა ეკიდნეს გრძლად თმანი არუხშირონი. |
[127] |
3:44 | დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა‚ ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად‚ ცნობითა მშვიდითა. მონამან სელნი დაუდგნა‚ დაჯდა კრძალვით და რიდითა. პირისპირ პირსა უჭვრეტდა‚ სავსე ლხინითა დიდითა. |
[128] |
3:45 | ქალმან უბრძანა: „ზარი მლევს მე ამისისა თხრობისა; მწადდა არათქმა‚ რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა‚ მაგრა იცია მიზეზი შენისა აქა ხმობისა‚ რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიხდილი ცნობისა?“ |
[129] |
3:46 | ყმამან ჰკადრა: „საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების? მზესა მთვარე შეეყაროს‚ დაილევის‚ და-ცა-ჭნების; აზრად არად აღარა მცალს‚ თავი ჩემი მეგონების‚ თქვენვე ბრძანეთ‚ რაცა გიმძიმს‚ ანუ რაცა გეკურნების“. |
[130] |
3:47 | ქალმან უთხრა საუბარი კეკლუცსიტყვად‚ არ დუხჭირად; იტყვის: „თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად‚ მიკვირს‚ მოგხვდა წამისყოფით საქმე შენგან საეჭვი რად‚ მაგრა გითხრა პირველ ხვალმე‚ სენი მე მჭირს რაცა ჭირად. |
[131] |
3:48 | გახსოვს‚ ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა‚ ყმა გენახა უცხო ვინმე‚ რომე ცრემლი მოეხოცა? მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა‚ შენ გენუკევ მონახვასა‚ კიდით კიდე მოლახო ცა. |
[132] |
3:49 | აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია‚ მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია‚ ვიცი‚ რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია‚ შეუპყრიხარ სიყვარულსა‚ გული შენი დაუტყვია. |
[133] |
3:50 | ასრე გითხრა‚ სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად: პირველ‚ ყმა ხარ‚ ხორციელი არავინ გვყავს შენად სწორად‚ მერმე‚ ჩემი მიჯნური ხარ‚ დასტურია‚ არ ნაჭორად; წადი‚ იგი მოყმე ძებნე‚ ახლოს იყოს‚ თუნდა შორად! |
[134] |
3:51 | შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე; რომე დამხსნა შეჭირვება‚ ეშმა ბილწი ასაპყარე; გულსა გარე საიმედო ია მორგე‚ ვარდი ყარე; მერმე მოდი‚ ლომო‚ მზესა‚ შეგეყრები‚ შემეყარე! |
[135] |
3:52 | სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებნარი; ჰპოვო‚ მოდი გამარჯვებით‚ მხიარულად მოუბნარი; ვერა ჰპოვებ‚ დავიჯერებ‚ იყო თურე უჩინარი; კოკობი და უფურჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი. |
[136] |
3:53 | ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი‚ მზეცა მომხვდეს ხორციელი‚ ჩემთვის კაცად შენაქმარი‚ სრულად მოვსწყდე სამოთხესა‚ ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი‚ შენი მკლვიდეს სიყვარული‚ გულსა დანა ასაქმარი!“ |
[137] |
3:54 | მოახსენა ყმამან: „მზეო‚ ვინ გიშერი აწამწამე‚ სხვა პასუხი რამცა გკადრე‚ ანუ რამცა შევიწამე? მე სიკვდილსა მოველოდი‚ შენ სიცოცხლე გამიწამე‚ ვითა მონა‚ სამსახურად განაღამცა წავე‚ წა-‚ მე!“ |
[138] |
3:55 | კვლაცა ჰკადრა: „აჰა‚ მზეო‚ რათგან ღმერთმან მზედ დაგბადა‚ მით გმორჩილობს‚ ზეციერი მნათობია რაცა სადა; მე რომ თქვენგან მოვისმინენ წყალობანი‚ მედიადა. ვარდი ჩემი არ დაჭნების‚ შუქი შენი იეფად-ა“. |
[139] |
3:56 | კვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა‚ დააპირეს ესე პირი‚ გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვახშირი. გაადვილდა‚ აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი‚ თეთრთა კბილთა გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი. |
[140] |
3:57 | ერთგან დასხდეს‚ ილაღობეს‚ საუბარი ასად აგეს‚ ბროლ-ბალახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს; ყმა ეტყვის‚ თუ: „შენთა მჭვრეტთა თავი ხელი‚ ა‚ სად აგეს! ცეცხლთა‚ შენგან მოდებულთა‚ გული ჩემი ასადაგეს“. |
[141] |
3:58 | ყმა წავიდა‚ სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა‚ უკუღმავე იხედვიდა‚ თვალთა რეტად აყოლებდა. ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს‚ ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა‚ გული ჰქონდა გულისათვის‚ სიყვარულსა ავალებდა. |
[142] |
3:59 | თქვა: „მზეო‚ ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე‚ ბროლი და ლალი გასრულ ვარ ქარვისა უყვითლესადრე. მაშინ რაღა ვქმნა‚ ვერჭვრეტა რა მომხვდეს კვლა უგრძესადრე! ხამს მოყვრისათვის სიკვდილი‚ ესე მე დამიც წესადრე“. |
[143] |
3:60 | საწოლს დაწვა‚ ტირს‚ მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების‚ ვითა ვერხვი ქარისაგან‚ ირხევის და იკეცების; რა მილულნის‚ სიახლევე საყვარლისა ეოცების‚ შეკრთის‚ დიდნი დაიზახნის‚ მით პატიჟი ეოცების. |
[144] |
3:61 | მოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ‚ ცრემლსა ვითა მარგალიტსა სწვიმს ვარდისა დასანაზოდ. რა გათენდა‚ შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ‚ ცხენსა შეჯდა‚ გაემართა‚ დარბაზს მივა სადარბაზოდ. |
[145] |
3:62 | დარბაზს ეჯიბი შეგზავნა‚ მართ მისგან შენარონია‚ შესთვალა: „გკადრებ‚ მეფეო‚ მე ესე გამიგონია: ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია‚ აწ‚ თუ სჯობს‚ ესე ამბავი ცნან‚ რაცა გარემონია. |
[146] |
3:63 | მე წავიდე‚ მოვიარო‚ ვილაშქრო და ვინაპირო‚ თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო‚ მორჩილქმნილთა გავახარო‚ ურჩი ყოვლი ავატირო‚ ძღვენნი გკადრნე ზედა-ზედა‚ არ სალამი დავაძვირო“. |
[147] |
3:64 | მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა‚ ებრძანა: „ლომო‚ არა გჭირს შენ ომთა გამდრეკელობა‚ აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა. წა‚ მაგრა მომხვდეს‚ რაღა ვქმნა‚ თუ სიშორისა გრძელობა!“ |
[148] |
3:65 | ყმა შევიდა‚ თაყვანისსცა‚ მადლი რამე მოახსენა: „ხელმწიფეო‚ მიკვირს‚ ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა! აწ ნუთუ კვლა სიშორისა ღმერთმან ბნელი გამითენა‚ პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა!“ |
[149] |
3:66 | მეფე ყელსა მოეხვია‚ გარდაკოცნა ვითა შვილი; სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი‚ არ გაზრდილი! ყმა ადგა და წამოვიდა‚ მას დღე მათი ჩანს გაყრილი; როსტან მისთვის აატირა გონიერი გული‚ ლბილი. |
[150] |
3:67 | გამოემართა ავთანდილ‚ მოყმე მხნე‚ ლაღად მავალი. ოც დღე იარა‚ ღამეცა დღეს ზედაწართო მრავალი. იგია ლხინი სოფლისა‚ იგია ნივთი და ვალი. არ მისცილდების თინათინ მისი მას‚ ვისგან სწვავ ალი. |
[151] |
3:68 | რა მოვიდა‚ სიხარული შიგან გახდა სამეფოსა; მოეგებნეს დიდებულნი‚ ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა; იგი პირმზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა; მიხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა. |
[152] |
3:69 | ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა; გარე კლდე იყო‚ გიამბობ ზღუდესა უქვითკიროსა; ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა‚ გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა. |
[153] |
3:70 | უბრძანა: „აჰა‚ შერმადინ‚ ამად მე შენგან მრცხვენიან‚ ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან‚ გაგივლენიან‚ მაგრა არ იცი აქამდის‚ რანიცა ცრემლნი მდენიან! მე ვისგან მქონდეს პატიჟნი‚ აწ მასვე მოულხენიან. |
[154] |
3:71 | მე მოუკლავ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა‚ ცხელი ცრემლი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა‚ ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა‚ აწ მიბრძანა საიმედო‚ ამად მხედავ მხიარულსა. |
[155] |
3:72 | მიბრძანა: «მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა‚ მოხვიდე‚ სრულვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა‚ ქმარი არ მინდა უშენო‚ მომხვდეს ხისაცა რგულისა!» მომცა წამალი გულისა‚ აქამდის დადაგულისა. |
[156] |
3:73 | პირველ‚ ყმა ვარ‚ წასლვა მინდა პატრონისა სამსახურად‚ – ხამს მეფეთა ერთგულობა‚ ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად‚ – მერმე‚ ცეცხლი დაუვსია‚ აღარა მწვავს გულსა მურად. ხამს‚ თუ კაცი არ შეუდრკეს‚ ჭირს მიუხდეს მამაცურად. |
[157] |
3:74 | ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა‚ ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა: ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად‚ თავადად ჩემთა სპათასა‚ ამა საქმესა ვერა ვიქ მე განდობასა სხვათასა. |
[158] |
3:75 | ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი‚ ჰპატრონობდი‚ დარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი‚ წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ‚ უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი‚ აქა სადმე არყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი! |
[159] |
3:76 | ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე‚ აქათ სამ წელ მომიცადე‚ ხვაშიადი შემინახე‚ მე ნუთუმცა შემოვბრუნდი‚ ალვა ჩემი არ დაჭნა ხე‚ არ მოვბრუნდე‚ მომიგლოვე‚ მიტირე და მივაგლახე! |
[160] |
3:77 | მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია‚ აცნობე ჩემი სიკვდილი‚ – იყავ მართ ვითა მთრვალია‚ – მიხვდა-თქო საქმე‚ რომელი ყოვლთათვის გარდუვალია. გლახაკთა მიეც საჭურჭლე‚ ოქრო‚ ვერცხლი და რვალია! |
[161] |
3:78 | მაშინ უფრო მომეხმარე‚ ამისგანცა უფრო მხნედრე; ნუთუ ადრე დამივიწყო? მახსენებდი ზედა-ზედრე! მეტად კარგად დამიურვე‚ სული ჩემი შეივედრე‚ ზრდანი ჩემნი მოიგონენ‚ გული შენი მოიმდედრე!“ |
[162] |
3:79 | რა მონამან მოისმინა‚ გაუკვირდა‚ შეეზარა‚ თვალთათ, ვითა მარგალიტი ცხელი ცრემლი გარდმოყარა‚ მოახსენა: „უშენომან გულმან რამცა გაიხარა! ვიცი‚ რომე არ დასდგები‚ მაგას გიშლი ამად არა. |
[163] |
3:80 | «ჩემად ნაცვლად დაგაგდებო»‚ – ესე სიტყვა ვით მიბრძანე? რაგვარა ვქმნა პატრონობა‚ რამც გიფერე‚ რამც გიგვანე? შენ მარტოსა გიგონებდე‚ მემცა მიწა ვიაკვანე! სჯობს‚ ორნივე გავიპარნეთ‚ წამოგყვები‚ წამიტანე!“ |
[164] |
3:81 | ყმამან უთხრა: „მომისმინე‚ მართლად გითხრობ‚ არა ჭრელად: რა მიჯნური ველთა რბოდეს‚ მარტო უნდა გასაჭრელად; მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლო უვაჭრელად; კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად. |
[165] |
3:82 | ვისმცა უთხარ ხვაშიადი? შენგან კიდე არვინ ვარგა; უშენოსა პატრონობა ვის მივანდო‚ ვინ იქს კარგა? სანაპირო გაამაგრე‚ მტერმან ახლოს ვერ იბარგა! კვლა ნუთუმცა შემოვიქეც‚ ღმერთმან სრულად არ დამკარგა. |
[166] |
3:83 | განგებაა‚ სწორად მოჰკლავს‚ ერთი იყოს‚ თუნდა ასი; მარტოობა ვერას მიზამს‚ მცავს თუ ცისა ძალთა დასი; აქათ სამ წელ არ მოვიდე‚ მაშინ გმართებს გლოვა‚ ფლასი; წიგნსა მოგცემ‚ გმორჩილობდეს‚ ვინცა იყოს ჩემი ხასი“. |
[167] |