წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნურო | ||
39:1 | დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი, მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი, მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი, შემარყეველი, უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი: |
[1085] |
39:2 | „ჰე, მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად, მით შეგქმნა მოშორვებულთა ჭირთა, არ ლხინთა მწადებლად, ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად, მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩს, დასაქადებლად. |
[1086] |
39:3 | შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან, ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არ შენ ზედა კრფებიან! შენი შვენება ყვავილთა აჭნობს, ჩემნიცა ჭნებიან, სრულად დამწვარ ვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან. |
[1087] |
39:4 | ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა, მაგრა რა ვირგო დღეკრულმან, სრულად გავჰყრივარ თმობასა! გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა, თუ რას მეწევი, მეწიე, თვარა მივჰხდები ცნობასა! |
[1088] |
39:5 | მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს, ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გაგვიდოდეს, მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს, სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს, ნეტარძი, ოდეს!“ |
[1089] |
39:6 | ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მისი. ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა ანუ თვისი; თქვა: „არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს, ვისსა ვისი, რომე მიმიჩს სამიჯნურო, რათ ვამსგავსო მე მას ისი!“ |
[1090] |
39:7 | თქვა: „ყვავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია! მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია. უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია. რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!“ |
[1091] |
39:8 | ესეგვარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა; მერმე იტყვის: „ჩემგან კიდე ჩემი შემწე არავინ-ა; რასათვისცა გამოჭრილ ვარ, მისი ძებნა რათგან მინა, რათაცა ვით ვჰპოვებ, მას ვიქ, გულმან სხვამცა რა ისმინა! |
[1092] |
39:9 | ისი დიაცი აქა ზის, კაცთა მნახავი მრავალთა, მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა, ყოველგნით მავალთა; მივჰყვე, მიამბობს ყველასა, რაზომცა ცეცხლი მწვავ ალთა, ნუთუ რა მარგოს, მე მისი გარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა“. |
[1093] |
39:10 | თქვა: „დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა, აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა; რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა, მიჯობს, მივჰყვე, განღა სადმე ვსცნობ საქმესა დამალულსა“. |
[1094] |
39:11 | კვლა იტყვის: „ვერვინ ვერას იქს, თუ ეტლი არ მოსთმინდების; მით, რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების; ბინდისგვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების; კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წამოდინდების!“ |
[1095] |