წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი | ||
18:1 | მიუწერე: «მზეო‚ შუქი შენი‚ შენგან მონაფენი‚ გულსა მეცა‚ გამიცუდდეს სიჩაუქე-სიალფენი; ხელმან შენნი გავიცადენ სინატიფე-სიტურფენი‚ სულთა ნაცვლად სამსახურნი რამცა ვითა გიმუქფენი?! |
[504] |
18:2 | მაშინ‚ ოდეს დამარჩინე‚ სულთა სრულად არ გამყარე‚ აწცა ჩემთვის ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე; სამხრე შენი მომივიდა‚ შემოვიბი მკლავსა გარე‚ რომე მართებს სიხარული‚ ეგზომიმცა რა ვიხარე?! |
[505] |
18:3 | განაღამცა ვიწინაშე‚ აჰა რიდე‚ რომე მთხოვე; ყაბაჩაცა ასეთივე‚ ამისებრი ვერა ვპოვე; დაბნედილსა ნუ დამაგდებ‚ მიშველე რა‚ მარგე‚ მოვე; სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!» |
[506] |
18:4 | ქალი ადგა‚ გამეყარა. დავწევ‚ ამოდ დამეძინა‚ მაგრა შევკრთი‚ საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა; გამეღვიძა‚ აღარა მყვა‚ სულდგმულობა მომეწყინა‚ ღამე ასრე გავათენე‚ მისი ხმაცა არ მესმინა. |
[507] |
18:5 | დილასა ადრე სრას მიხმეს‚ დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა; ავდეგ‚ ვცნა მათი ამბავი‚ წასლვა ვქმენ მითვე წამითა; ვნახე‚ ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა; რა მივე‚ მითხრეს დაჯდომა‚ წინაშე დავჯე სკამითა. |
[508] |
18:6 | გვიბრძანეს‚ თუ: «ღმერთმან ასრე დაგვაბერნა‚ და-ცა-გვლია; ჟამი გვახლავს სიბერისა‚ სიყმაწვილე გარდგვივლია; ყმა არ მოგვცა‚ ქალი გვივის‚ ვისგან შუქი არ გვაკლია‚ ყმისა არსმა არა გვგავა‚ ამად ზედა წაგვითვლია. |
[509] |
18:7 | აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა სად მოვნახოთ‚ რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი‚ სახედ ჩვენად გამოვსახოთ‚ სამეფოსა ვაპატრონოთ‚ სახელმწიფო შევანახოთ‚ არ ამოვსწყდეთ‚ მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ». |
[510] |
18:8 | ვთქვით: «თქვენი ძისა არასმა გულსა ვით მიეფარების‚ მაგრა კმა ჩვენად იმედად‚ ვინ მზესა დაედარების; ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ‚ მას დიდად გაეხარების‚ სხვამცა რა გკადრეთ! თვით იცით‚ მაგას რა მოეგვარების». |
[511] |
18:9 | დავიწყეთ რჩევა საქმისა‚ გული მიც‚ თუცა მელია; ვთქვი: «ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის‚ არსათქმელია!» მეფემან ბრძანა: «ხვარაზმშა‚ ხელმწიფე ხვარაზმელია‚ თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ‚ მისებრი არრომელია». |
[512] |
18:10 | რომე პირველვე დაესკვნა‚ მათ ესე შეეტყვებოდა; ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს‚ სიტყვაცა აგრე სწბებოდა. ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბვად არ ეგებოდა‚ ოდენ დავმიწდი‚ დავნაცრდი‚ გული მი და მო კრთებოდა. |
[513] |
18:11 | დედოფალმან თქვა: «ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი‚ მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი!» შეცილებამცა ვინ ჰკადრა‚ რათგან თვით იყო მნდომელი! მოწმობა დავრთე‚ დაესკვნა დღე ჩემი სულთამხდომელი. |
[514] |
18:12 | გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოელი; შესთვალეს: «გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი: არს ერთი ქალი საძეო‚ არ კიდეგასათხოელი‚ თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ‚ სხვასა ნუღარას მოელი». |
[515] |
18:13 | კაცი მოვიდა‚ აევსო ჯუბაჩითა და რიდითა‚ გახარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა; ებრძანა: «მოგვხვდა ღმრთისაგან‚ ჩვენ რომე ვინატრიდითა! თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვხდიდითა!» |
[516] |
18:14 | კვლა გაგზავნნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად‚ დავედრეს‚ თუ: «ნუ აყოვნებთ‚ მოდით ჩვენად ნაბრძანებად». მე მაშვრალი‚ ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად‚ გულსა სევდა შემეყარა‚ ვიწყე ჭირთა მოპოვნებად. |
[517] |
18:15 | მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად. ასმათის მონა შემოდგა‚ მე ვჯე ლაღი და ჯანი სად‚ წიგნი მომართვა‚ ეწერა: «ვინ სჩან ალვისა ტანისად‚ ადრე მოდიო‚ გიბრძანებს‚ დაუყოვნებლად ხანისად». |
[518] |
18:16 | შევჯე‚ წავე‚ ბაღჩას მივე. ვითა სცნობდე ლხინთა ზომით! ბაღჩა შევვლე‚ კოშკი დამხვდა‚ ასმათ ვნახე ძირსა დგომით; ვნახე‚ ვსჭვრეტდი ნატირებად‚ ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით‚ დამიმძიმდა‚ არა ვჰკითხე‚ ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით. |
[519] |
18:17 | იგი ვნახე დაღრეჯილი‚ ესე მეტად დამიმძიმდა. ვითა წინას შემომცინის‚ აღარ ეგრე გამიღიმდა. ყოლა სიტყვა არ მომიგო‚ ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა‚ ამით უფრო დამაწყლულა‚ არა წყლულთა მიაქიმდა. |
[520] |
18:18 | ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა‚ შინა კოშკად შემიყვანა‚ ფარდაგსაცა ამიზიდნა. შევე‚ ვნახე იგი მთვარე; ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა‚ გულსა შუქნი შემომადგნა‚ მაგრა გული არ დამიდნა. |
[521] |
18:19 | იყო არნათლად ნათელი‚ ფარდაგსა შემომდგომელი; ებურა მოშლით პიროქრო‚ მე მივეც რიდე რომელი; მითვე მწვანითა‚ უებრო‚ მიწოლით ტახტსა მჯდომელი‚ ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი‚ ელვათა მკრთომელი. |
[522] |
18:20 | ქვე წვა‚ ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული‚ არცა მზე ჰგვანდა‚ არც მთვარე‚ ხე ალვა‚ ედემს ხებული; ასმათმან დამსვა შორსგვარად გულსა მე ლახვარხებული; მერმე წამოჯდა წარბშერჭმით‚ გამწყრალი‚ გარისხებული. |
[523] |
18:21 | მიბრძანა: «მიკვირს‚ რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა‚ გამწირავი და მუხთალი‚ შენ‚ გამტეხელი ფიცისა?! მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა‚ მი-‚ ცისა!» ვჰკადრე: «რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა?» |
[524] |
18:22 | ვთქვი: «პასუხსა ვერას გკადრებ‚ თუ არა ვსცნობ მე მართალსა: რა შეგცოდე‚ რა მიქნია უცნობოსა‚ ფერნამკრთალსა?» კვლაცა მითხრა: «რას გეუბნო მტყუანსა და შენ მუხთალსა? დიაცურად რად მოვღორდი? მე დაუწვავ ამით ალსა. |
[525] |
18:23 | შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?! შენ ჯდომილ ხარ სავაზიროდ‚ შენი რთულა ამას ნება‚ შენ გასტეხე ფიცი ჩემი‚ სიმტკიცე და იგი მცნება‚ ღმერთმან ქმნა და დაგირჩინა ცუდად შენი ხელოვნება! |
[526] |
18:24 | გახსოვს‚ ოდეს ჰაჲჰაჲზმიდი‚ ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს‚ მკურნალნი და დასტაქარნი წამალსაყე მოგიტანდეს? მამაცისა სიცრუესა‚ ნეტარ‚ სხვანი რამცა ჰგვანდეს! რათგან დამთმე‚ მეცა დაგთმობ‚ ვინძი უფრო დაზიანდეს! |
[527] |
18:25 | ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა‚ ეგრეც მე მაქვს პატრონობა‚ უგზოს ვლიდენ‚ თუნდა გზეთსა! ეგე აგრე არ იქმნების‚ წა‚ მომცთარ ხარ მოსაცეთსა‚ აზრნი შენნი შენვე გგვანან‚ მტყუანსა და შენ აგეთსა! |
[528] |
18:26 | ცოცხალ ვიყო‚ შენ ინდოეთს‚ ღმერთო‚ ხანი ვერა დაჰყო! თუ ეცადო დაყოფასა‚ ხორცთა შენთა სული გაჰყო! სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო‚ ცათამდისცა ხელი აჰყო!»“ ესე სიტყვა დაასრულა‚ ყმა ატირდა‚ სულთქვნა‚ აჰყო. |
[529] |
18:27 | თქვა: „რა მესმა ესე მისგან‚ მეიმედა მეტისმეტად‚ კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად. აწ დავკარგე ; რად არ გიკვირს‚ რად ცოცხალ ვარ‚ რად ვარ რეტად? ვაჲ‚ სოფელო უხანოო‚ რად ზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად?! |
[530] |
18:28 | შევხედენ‚ ვნახე სასთუნალ მუსაფი გაშლით მდებარე‚ ავდეგ‚ ავიღე‚ ღმრთისა და მერმე მე მათი მქებარე‚ ვჰკადრე‚ თუ: «მზეო‚ დაგიწვავ‚ ჩემიცა დაწვი მზე ბარე! რათგან არ მომკალ‚ პასუხი ერთაი გკადრო მე ბარე. |
[531] |
18:29 | რომე გკადრებ‚ ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია‚ ცამცა მრისხავს‚ მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია! თუ მაღირსებ გაკითხვასა‚ ავი არა არ მიქნია». მან მიბრძანა: «რაცა იცი‚ თქვიო»‚ თავი დამიქნია. |
[532] |
18:30 | კვლაცა ვჰკადრე: «მე თუ‚ მზეო‚ შენთვის ფიცი გამეტეხოს‚ ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს! ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს‚ ტანი მეხოს‚ მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე‚ რა ლახვარი გულსა მეხოს? |
[533] |
18:31 | მე მეფეთა დარბაზს მიხმეს‚ შექმნეს დიდი ვაზირობა. მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა. დამეშალა‚ ვერ დავშლიდი‚ დამრჩებოდა უმეცრობა; თავსა უთხარ: «მიემოწმე‚ ჟამად გიჯობს გულმაგრობა». |
[534] |
18:32 | მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე‚ რათგან იგი ვერ მიმხვდარა! არ იცის‚ რომ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა? ტარიელ არს მემამულე‚ სხვასა მართებს არად არა; ვის მოიყვანს‚ არა ვიცი‚ ანუ იგი ვინ მომცდარა? |
[535] |
18:33 | ვთქვი: «ამითა ვეღარას ვიქ‚ ღონე სხვა რა მოვიგვარო»; თავსა უთხარ: «ნუ მოგიცავ‚ გონებაო მრავალგვარო!» მედვა გული მხეცისაებრ‚ ათასჯერცა მინდორს ვარო‚ ვისმცა მივეც თავი შენი‚ შენვე რადმე არ წამგვარო?!» |
[536] |
18:34 | სულთა ვჰყიდდი გულისათვის‚ კოშკი ამად გამებაზრა; იგი წვიმა და-რე-ნელდა‚ რომე პირველ ვარდი აზრა; ვნახე‚ ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა. მიბრძანა‚ თუ: «ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა?! |
[537] |
18:35 | არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა‚ ორგულობასა‚ უარის ქმნასა ღმრთისასა‚ ამისთვის – არმადლობასა; იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა! მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ‚ სჯობს ყოვლსა სიძესძლობასა». |
[538] |
18:36 | მოლმობიერდა‚ მომიტკბა გამწყრალი‚ გამქისებული‚ ანუ მზე იყო ქვეყანად‚ ან მთვარე პირგავსებული; ახლოს დამისვა‚ მაღირსა აქამდის არღირსებული; მეუბნებოდა‚ დამივსო ცეცხლი ამითა გზებული. |
[539] |
18:37 | მიბრძანა‚ თუ: «გონიერი ხამს არასდროს არ აჩქარდეს‚ რაცა სჯობდეს‚ მოაგვაროს‚ საწუთროსა დაუწყნარდეს; თუ სასიძო არ მოუშვა‚ ვაჲ თუ მეფე გაგიმწარდეს‚ შენ და იგი წაიკიდნეთ‚ ინდოეთი გარდაქარდეს! |
[540] |
18:38 | კვლა თუ სიძე შემოუშვა‚ მე შემირთოს‚ იყოს ასდენ‚ ერთმანერთსა გავეყარნეთ‚ ძოწეულნი გაგვიფლასდენ‚ მათ მორჭმულთა მოივლინონ‚ ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ‚ ესე ამბვად არ ეგების‚ რომე სპარსნი გაგვიხასდენ». |
[541] |
18:39 | მე ვჰკადრე: «ღმერთმან აშოროს მის ყმისა შენი ქმარობა! რა შემოვიდენ ინდოეთს‚ შევიგნა მათი მარობა‚ უჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა: ასრე დავხოცნე‚ შეეძლოს აღარას არ სახმარობა!» |
[542] |
18:40 | მიბრძანა‚ თუ: «ხამს დიაცი დიაცურად‚ საქმედედლად‚ დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ‚ ვერ ვიქმნები შუა კედლად: რა მოვიდეს‚ სიძე მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად! ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. |
[543] |
18:41 | ასრე ქმენ‚ ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო‚ მიპარვით მოკალ სასიძო‚ ლაშქართა ნუ მოირთაო‚ მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც‚ ზროხათა‚ ვითა ვირთაო‚ – დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო? |
[544] |
18:42 | იგი რა მოჰკლა‚ ეუბნე პატრონსა‚ ჩემსა მამასა‚ ჰკადრე‚ თუ: «სპარსთა ვერა ვიქ ინდოეთისა ჭამასა‚ ჩემია მკვიდრი მამული‚ არ მივსცემ არცა დრამასა‚ არ დამეხსნები‚ გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!» |
[545] |
18:43 | ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული‚ ნუცა ნდომა‚ ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა; ქმნას მეფემან ყელმოტეხით შემოხვეწა‚ შემოკვდომა‚ ხელთა მოგცემს თავსა ჩემსა‚ შეგვფერობდეს ერთგან სხდომა». |
[546] |
18:44 | ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა‚ ჩემთა მტერთა დავაცადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა; მერმე ავდეგ წამოსავლად‚ მან დამიწყო ქვე-ქვე წვევა‚ მწადდა‚ მაგრა ვერ შევმართე შეჭიდება‚ შემოხვევა. |
[547] |
18:45 | ხანი დავყავ‚ გავეყარე‚ მაგრა გავხე ვითა ხელი. ასმათ წინა ჩამომიძღვა‚ ჩამდიოდა ცრემლი ცხელი. ჭირი ბევრჯელ ვიათასე‚ ლხინი ჩემი ვაერთხელი‚ მერმე წასლვა არა მწადდა‚ ამად მივალ არფიცხელი“. |
[548] |