ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა | ||
29:1 | აწ ამბავი სხვა დავიწყო‚ – ყმასა წავჰყევ წამავალსა‚ – არ შეექმნა დარბაზობა მას დღე როსტანს გულგამწყრალსა; რა გათენდა‚ ქუში ადგა‚ ჰგავს‚ თუ ადენს პირით ალსა‚ ხმობა ბრძანა ვაზირისა‚ მიიყვანდეს შიშით მკრთალსა. |
[817] |
29:2 | რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული‚ როსტან უთხრა: „არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული. მაწყინე და გამარისხე‚ ვერ დავიღე დიდხან სული‚ აზომ რომე გაგათრიე შენ ვაზირი გულისგული. |
[818] |
29:3 | თუღა გახსოვს‚ რად უნდოდა‚ ისრე ავად რად გაგხადე? მართლად უთქვამს მეცნიერთა: «წყენააო ჭირთა ბადე»; ესეგვარსა ნუოდეს იქ‚ საქმე ხოლე გაიცადე‚ აწ მითხარ‚ თუ რას იტყოდი‚ თქვი და სიტყვა გააკვლადე!“ |
[819] |
29:4 | კვლა მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი‚ რა გაიგონა‚ შესთვალა პასუხი არნაგრძელევი: „შენ თუ უშმაგო მგონიხარ‚ ვარმცა ურია მე ლევი! კვლა მაგის მეტად ნუ მასმენ‚ თვარა მე სრულად გელევი!“ |
[820] |
29:5 | რა გამოვიდა‚ ვაზირმან ძებნა‚ ვერ პოვნა მინანი‚ მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი‚ ცრემლთა მდინანი. მან თქვა: „მე დარბაზს ვერ შევალ‚ მახსოვან დღენი წინანი‚ ვინცაღა ჰკადრებს‚ მან ჰკადროს‚ რაცა ვთქვი‚ მასცა ვინანი“. |
[821] |
29:6 | რა ვაზირი არ შევიდა‚ კვლა მეფემან კაცი გზავნის; კაცმან ცნის და გარეთ დადგის‚ წასლვა ვერვინ გაამჟღავნის; როსტანს ეჭვი შეუვიდა‚ ჭმუნვა ამით გაათავნის; თქვა: „უცილოდ გაიპარა‚ ვინ მარტომან ასთა ავნის“. |
[822] |
29:7 | თავდადრეკით იგონებდა‚ გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი‚ უში ქმნა და აიხედნა‚ უბრძანებდა მონას: „მიდი‚ მოვიდეს და აწ მიამბოს‚ შემოვიდეს იგი ფლიდი!“ რა ვაზირი შემობრუნდა‚ ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი. |
[823] |
29:8 | კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით‚ არმხიარულად; მეფემან ჰკითხა: „წასრულა მზე დაუდგომლად‚ მთვარულად?“ მან მოახსენა ყველაი‚ ვით წასრულიყო და რულად: „მზე აღარ მზეობს ჩვენ თანა‚ დარი არ დარობს დარულად!“ |
[824] |
29:9 | რა მეფემან მოისმინა‚ დაიზახნა მეტისმეტნი; პირსა ხოკით‚ წვერსა გლეჯით გააკვირვნა მისნი მჭვრეტნი‚ მოსთქვამს‚ იტყვის: „ვაჲ‚ გაზრდილო‚ ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი! სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი? |
[825] |
29:10 | თუ თავი შენი შენ გახლავს‚ ღარიბად არ იხსენები‚ მაგრა მე რა ვქმნა‚ გაზრდილო‚ აწ სახლად მმართებს სენები! გამაღარიბე‚ დამაგდე‚ გულსა‚ გლახ‚ ვისთვის ენები? შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები! |
[826] |
29:11 | ოდეს გნახავ მხიარულსა‚ ნადირობით შემოსრულსა‚ ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა‚ ტანსა მჭევრსა‚ ჯავარსრულსა‚ ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა‚ სასმენელად მე მას რულსა‚ აწ უშენოდ რა‚ გლახ‚ უყო საჯდომსა და სრასა სრულსა? |
[827] |
29:12 | ვიცი‚ არ მოგკლავს შიმშილი‚ რაზომცა დია ირები: შენ შენი მშვილდი დაგარჩენს‚ შენთა ისართა პირები‚ ნუთუ კვლა ღმეთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები‚ მაგრა‚ თუ მოვკვდე‚ გაზრდილო‚ ვისგანღა დავიტირები?“ |
[828] |
29:13 | ზარი გაისმა‚ შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა‚ დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა‚ იგლეჯს და იცემს ყველაი‚ ხმა ისმის თავსა ტკაცისა; თქვეს: „ბნელი გვმართებს დღეკრულთა‚ რათგან მზე მიგვიდრკა ცისა!“ |
[829] |
29:14 | რა მეფემან დიდებულნი ნახნა‚ სულთქმით შემოსტირნა‚ უთხრა: „ხედავთ‚ მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა! რა ვაწყინეთ‚ რა შევსცოდეთ‚ რად დაგვყარნა‚ რად გაგვწირნა! სპანი‚ მისგან დაჭირულნი‚ ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა?“ |
[830] |
29:15 | ყოვლნი ტიროდეს‚ მოსთქმიდეს‚ მერმე დაწყნარდეს გვიანად. მეფემან ბრძანა: „იკითხეთ‚ მარტოა ანუ ყმიანად?“ მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად‚ სირცხვილიანად‚ ანდერძი ჰკადრა‚ ატირდა‚ სიცოცხლე უჩნდა ზიანად. |
[831] |
29:16 | მოახსენა: „საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი‚ დგეს მონანი ნატირებნი‚ დაეგლიჯა თმა და წვერი‚ იგი მარტო გაპარულა‚ ყმა არ ახლავს‚ არცა ბერი; მე თუ მომკლათ‚ მემართლებით‚ სიცოცხლე მჭირს შეუფერი!“ |
[832] |
29:17 | რა ანდერძი წაიკითხეს‚ კვლა იტირეს დიდი ხანი; მერმე ბრძანა: „მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი‚ ვამლოცველნეთ დავრდომილნი‚ ობოლნი და ქვრივნი სხვანი‚ შევეწივნეთ‚ მშვიდობისა ნუთუ მისცნეს ღმერთმან გზანი!“ |
[833] |