ავთანდილისაგან ფრიდონისას მისლვა, ტარიელს რომ გაეყარა | ||
35:1 | ყმა მტირალი სამოცდათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა; შორით ნახა, მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა; მოიცადნა, ჰკითხა: „ვინ ხართ, თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა, ეს სამეფო ვისი არის, ან მორჩილობს ვისსა ხმასა?“ |
[970] |
35:2 | მათ მოახსენეს: „ტურფაო სახით და ანაგებითა, გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა; აქამდის ზღვარი თურქთაა, მოზღვრე ფრიდონის ზღვრებითა; ჩვენცა ვისნი ვართ, გიამბობთ, თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა. |
[971] |
35:3 | ნურადინ-ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა, მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხლტომი ცხენისა; ვნება არავის არ ძალუც მის მზისა ოდნად მშვენისა, იგია ჩვენი პატრონი, მსგავსი ცით შუქთა მფენისა“. |
[972] |
35:4 | ყმამან უთხრა: „ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე; მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ, თუ სით წავიდე, რა ვიარო, ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე?“ მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს გზამდის კიდე. |
[973] |
35:5 | მოახსენეს: „ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი, მუნ დაგხვდების მეფე ჩვენი მშვილდფიცხელი, მახვილხრმალი; აქადაღმა ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო, ფერად ლალი; ვაჲ, რად დაგვწვენ, უცხოსუცხო რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი!“ |
[974] |
35:6 | ყმამან უთხრა: „მიკვირს, ძმანო, რად ხართ ჩემთვის გულმოკლულნი, ანუ ეგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერნაკლულნი! თქვენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვსხედით, არ საპყრულნი! ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი“. |
[975] |
35:7 | იგი წავიდეს; დაბრუნდა ყმა გზასა თავისწინასა, ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გული – რკინასა; მიაცორვებს და მიუბნობს, მოსთქვამს მისსავე ლხინასა, ნარგისნი ქუხან, ცრემლსა სწვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა. |
[976] |
35:8 | ვინცა გზას ნახნის, უცხონი, მსახურებდიან, ჰყმობდიან, მოეხვივნიან საჭვრეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან, ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან, გზის ყოლაუზი მისციან, ჰკითხის რა, უამბობდიან. |
[977] |
35:9 | მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა; მინდორს ნახა სპა, ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა, ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა, ისრიან და იზახიან, მხეცსა სჭრიან ვითა მჭელსა. |
[978] |
35:10 | კაცი ემთხვია; მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა, უბრძანა: „ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა?“ მან უთხრა: „ფრიდონ ხელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა, იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ-შამბნარისა“. |
[979] |
35:11 | მათ ლაშქართაკენ წავიდა მით უსახოთა ქცევითა, გამხიარულდა; შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა! მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა, ნახვა მჭვრეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს რხევითა. |
[980] |
35:12 | მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა; ყმამან ცხენი შეუტევა, გაამაყდა, არ შეშინდა, შესტყორცა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა. გარდახდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შეჯდა, არ აქშინდა. |
[981] |
35:13 | იგი რა ნახეს, მესროლნი სროლასა მოეშლებოდეს, ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს, ბნდებოდეს, იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს, ვერცა ჰკადრებდეს, „ვინ ხარო“, ვერცა რას ეუბნებოდეს. |
[982] |
35:14 | მინდორსა შუა გორი დგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა; ღირსი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ხლებოდა; მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყვებოდა. ფრიდონს უკვირდა, „რა ქმნესო“, მისთა სპათათვის წყრებოდა. |
[983] |
35:15 | ფრიდონ მონა გამოგზავნა: „წა, ნახენო ისი სპანი, რა ქმნეს, ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი?“ მონა ფიცხლა მოეგება, ნახა სარო მორჩი – ტანი, დადგა, თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი. |
[984] |
35:16 | ავთანდილ ცნა, თუ: „ისია მოამბვედ ჩემად რებული“. უთხრა: „არქვი შენს პატრონსა ეს ჩემი დავედრებული: ვარ უცხო ვინმე ღარიბი, საყოფთა მოშორვებული, ძმადფიცი ტარიელისი, თქვენს წინა მომგზავრებული“. |
[985] |
35:17 | მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამვბისა მისისად, უთხრა: „მზე ვნახე მოსრული, ჩანს მანათობლად დღისისად; ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად; «ვარო ძმა ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად». |
[986] |
35:18 | რა „ტარიელ“ მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა, თვალთათ ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა, მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა; შეიყარნეს, ერთმანერთი მათგან იქო, არ გაუქდა. |
[987] |
35:19 | ფიცხლა იგი ქედი ჩავლო, ჩაეგება ფრიდონ წინა; რა შეხედნა, მან ესე თქვა: „თუ არ მზეო, ისი ვინ-ა?“ მას მეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა; ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქვევინა. |
[988] |
35:20 | მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდონ; თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ; რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ, მომკალ, ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა, ანუ ყიდონ. |
[989] |
35:21 | ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა ვით, ვინ, ეგებიან! მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტნი არ მიხვდებიან; მზე უჩინოიქს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან, დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან. |
[990] |
35:22 | ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა. დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სვრასა; ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქით-აქათ იქმან ჯრასა, თქვეს: „ასეთი ხორციელი შეუქმნია, ნეტარ, რასა?“ |
[991] |
35:23 | ყმა ფრიდონს ეტყვის: „ისწრაფვი, ვიცი, ამბვისა თხრობასა, გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, ვინათგან ლამი ცნობასა, ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა, იგი ძმად მიხმობს, ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა. |
[992] |
35:24 | მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით, დიდი სპასპეტი, სახელად მიხმობენ ავთანდილობით, ძე დიდებულთა დიდგვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით, საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით. |
[993] |
35:25 | დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა; მინდორს ვნახეთ ტარიელი, ცრემლთა ღვრიდა, ველთა რწყვიდა, გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა, ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა. |
[994] |
35:26 | მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და წყრებოდა; მან უჭირველად დახოცნა, ომი არ მისჭირდებოდა, ზოგსა მხარ-თეძო დალეწა და ზოგსა სული ჰხდებოდა; მუნღა ცნეს, ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა. |
[995] |
35:27 | მათ სპათაგან ვერშეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა, თვით შესხდეს და შეუტევეს ამაყთა და არას მკრთალთა. რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა, ცხენსა მისცნა სადევენი, დაგვეკარგა წინა თვალთა. |
[996] |
35:28 | ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა. მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა. მე ვეღარ გავსძლე მისისა ამბვისა არდასტურობა, გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლი და მურობა. |
[997] |
35:29 | იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი. მათ მასწავლეს, ხატაელნი ვნახენ მისგან დაკოდილი; ვპოვე ვარდი მოყვითანე, შუქმკრალი და ფერმიხდილი, შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი. |
[998] |
35:30 | ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გამესისხლებია; მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია; მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არახალ-არახლებია, ვაჲ მართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ხლებია. |
[999] |
35:31 | ქალი მარტო ქვაბსა შიგან ზის მტირალი, ცრემლნაწთომი; ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი, მიართვამს და აგრე არჩენს იგი ერთგან ვერდამდგომი, მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი. |
[1000] |
35:32 | მე, უცხოს, უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა, მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა. რა ჭირნი დასთმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა, ჰკლავს სურვილი და ვერჭვრეტა მისისა დამმარხველისა. |
[1001] |
35:33 | ვითა მთვარე დაუდგომლად იარების, არ დადგების; მასვე ცხენსა შენეულსა ზის, აროდეს გარდახდების; არას ნახავს პირმეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების. ვაჲ მე, მისსა მგონებელსა, ვაჲ მას, ვინცა მისთვის კვდების! |
[1002] |
35:34 | მის ყმისა ცეცხლი მედების, დამწვა ცეცხლითა ცხელითა, შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა; მომინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა; შევიქეც, ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა. |
[1003] |
35:35 | დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა. დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იზახიან მუნ ვასა; გამოვიპარე, დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა, აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქ იქით-აქათ ბრუნვასა. |
[1004] |
35:36 | შენი მან მითხრა ამბავი, მისგან ძმობისა შენისა, აწ მიპოვნიხარ უებრო შენ, საქებელი ენისა; გამომირჩიე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა, მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერმჭვრეტთა ამაზრზენისა“. |
[1005] |
35:37 | აწ ფრიდონ იწვის სიტყვითა, მის ყმისა ნაუბარითა; ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა, გულამოსკვნილნი გულითა ტირან ვერდამთმობარითა, მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა რწყვენ ტევრთა საგუბარითა. |
[1006] |
35:38 | ლაშქართა შიგან შეიქმნა ხმა ტირილისა დიდისა, ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა რიდისა. ფრიდონ ტირს, მოსთქვამს ხმამაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა: „უხანობა და სიცრუე, ვაჲ, საწუთროსა ფლიდისა!“ |
[1007] |
35:39 | ფრიდონ მოსთქვამს: „რა შეგასხათ, ვერსაქებო, ვერსათქმელო! ხმელთა მზეო, სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამხმელო, მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო, სულთა მდგმელო, ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო! |
[1008] |
35:40 | რა მოგეშორვე, მას აქათ სიცოცხლე მომძულვებია; თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მომსურვებია; შენ უჩემობა ლხინად გიჩს, მე დია მიმჭირვებია, ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია!“ |
[1009] |
35:41 | ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა; სული დაიღეს, დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა. ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა აერფერითა, მელნისა ტბათა მიჯარვით ჰბურავს გიშრისა ჭერითა. |
[1010] |
35:42 | ქალაქს შევიდეს, მუნ დახვდა სრა მოკაზმული სრულითა, სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა; მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა! შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულწასრულითა. |
[1011] |
35:43 | შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა, არ ხალვათი: იქით-აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი; თვით ორნივე ერთგან დასხდეს; ვითა ვინ თქვას ქება მათი! ბროლ-ბალახშსა აშვენებდა ზოგან მინა, ზოგან სათი. |
[1012] |
35:44 | დასხდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა, უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მზახალი მზახალსა, მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა, ახალ-ახალსა, მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა, გლახ, ალსა. |
[1013] |
35:45 | მას დღე სვეს, ჭამეს, გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა. გათენდა, ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა, შესამოსელი შემოსეს დრაჰკნისა ბევრათასისა, შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა. |
[1014] |
35:46 | ყმამან დაყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნას ვერა სთმობდა, ფრიდონს თანა ნადირობას გავიდის და თამაშობდა, სწორად ჰხოცდა შორს და ახლოს, თუ რას ხელსა მიაპყრობდა, მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა. |
[1015] |
35:47 | ყმა ფრიდონს ეტყვის: „გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები: მე შენი გაყრა სიკვდილად მიჩს და მით თავსა ვევნები, მაგრა არა მცალს დღეკრულსა, ცეცხლი მწვავს მოუთმენები, გზა გრძელი, საქმე სასწრაფო მიც, დია დავეყენები. |
[1016] |
35:48 | მართალა, შენი გამყრელი თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა, დღეს წაუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა; დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქს, თავსა სწვრთიდესა; სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა“. |
[1017] |
35:49 | ფრიდონ უთხრა: „დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის; ვიცი, რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის; წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს, შენი მტერი დაემხობის, მაგრა თქვი, თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის! |
[1018] |
35:50 | ამას გკადრებ, არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი; თანა ყმათა წამოგატან, იმსახურენ, იახლენი, აბჯარი და საგებელი, ერთი ჯორი, ერთი ცხენი. არ წაიტან, გაირჯები ღაწვი ვარდი, ცრემლთა მდენი“. |
[1019] |
35:51 | მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა, სრული აბჯარი საკაცო ქაფითა, საბარკულითა, სამოცი ლიტრა წითელი აწონით არნაკლულითა, ერთი ტაიჭი უებრო მით უნაგრითა სრულითა. |
[1020] |
35:52 | ერთსა ჯორსა წვივმაგარსა საგებელი აუკიდა; წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მასთანავე გამოვიდა. აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი, სწვიდა, მოსთქვამს: „თუმცა მზე გვეახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა“. |
[1021] |
35:53 | ზარი მის ყმისა წასლვისა გახდა, მიეცნეს წუხილსა, მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა თუ ხილსა; ხმა ზახილისა მათისა ჰგვანდა აერთა ქუხილსა. იტყოდეს: „მზესა მოვშორდით, მო, თვალნი მივსცნეთ წუხილსა!“ |
[1022] |
35:54 | ქალაქი გავლეს, მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა, მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა, მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა, ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა: |
[1023] |
35:55 | „აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა, კბილთეთრი, ბაგებალახში, სახედავითა შავითა; ცხენი გავქუსლე, გავაგე წაგვრა ხრმლითა და მკლავითა, შორს მნახეს, ადრე გამექცეს, ნავი მფრინველი ჩნდა ვითა“. |
[1024] |
35:56 | მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი, აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი, გაიყარნეს გაუყრელნი ძმადფიცნი და ვითა ძმანი, ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, შემხედველთა მკლველი ტანი. |
[1025] |