წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა | ||
44:1 | პირმზე სწერს: „აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო! მისგან ტყვექმნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ხედაო? მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო, აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო. |
[1285] |
44:2 | შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები, აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები: ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯერ ათასი გმირები, ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები! |
[1286] |
44:3 | სხვად ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე: ქაჯთა მეფე არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე, მაგრა სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფე-რე, რასა ჰქვიან ძებნა ჩემი? არ ეგების, დაიჯერე! |
[1287] |
44:4 | ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა, ცუდმაშვრალია, იჭირვის, იწვის, ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებ ალია, მაგრა მას ვნატრი, უნახავს მზე, ამად არდამზრალია, უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვაჲმე, რა დიდი ბრალია! |
[1288] |
44:5 | შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე, ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე; გეხვეწები, საყვარელსა შემახვეწე, შემაბრალე, ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე, შე-ცა-სთვალე! |
[1289] |
44:6 | მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა: მას მკვდარსა ვნახავ, მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა. ვერას ვინ მარგებს, დასტურად ვიცი, არ რამე ჭორითა, არ დაგმორჩილდეს, დამქოლე შავისა ქვისა ყორითა! |
[1290] |
44:7 | გეთქვა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია, მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია; ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია, თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია“. |
[1291] |