წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა | ||
34:1 | ვაჲ, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა! ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა! სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა?! მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა. |
[953] |
34:2 | ავთანდილ მისი გაყრილი ტირს, მისწვთომია ხმა ცამდის, იტყვის, თუ: „ღვარი სისხლისა კვლაცა მდენია, კვლაცა მდის; აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა და-ც-ამდის. კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის“. |
[954] |
34:3 | ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს სისხლითა მუნ ნატირითა; ვერ დაივსებდა სახმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა; კვლა თინათინის გონება ავსებს უფრორე ჭირითა; ბაგეთათ ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა. |
[955] |
34:4 | ვარდი ჭნებოდა, ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა; ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა; გამაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდა; იტყვის, თუ: „ბნელი რას მიკვირს, რათგან დამაგდე, მზეო, და-!“ |
[956] |
34:5 | მზესა ეტყვის: „მზეო, გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად, შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქვენ ანათობთ მთად და ბარად; ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭვრეტ არდამცთარად, მაგრა ჩემი რად დააგდე გული ცივად, გაუმთბარად? |
[957] |
34:6 | თუ ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს, მე, გლახ, ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს? მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ იტკივნებს; წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს ანუ გაამსივნებს“. |
[958] |
34:7 | მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა: „აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა, ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა, მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა! |
[959] |
34:8 | მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა, გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა, შემომყარე კაეშნისა ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა, მას უთხარ, თუ: «ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა». |
[960] |
34:9 | ჰე, მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა, ბრჭესა ღმრთულსა, მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა; ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა! მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა? |
[961] |
34:10 | მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა, შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა, მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა! რაგვარ გასრულ ვარ, შენ იცი, გული აღარას ლხენით-ა. |
[962] |
34:11 | მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა, ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა; შენ დააშვებენ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა, ვისმე ჩემებრსა დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა. |
[963] |
34:12 | ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა: მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა; დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა, კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა, წვრილსა ვითა თმასა. |
[964] |
34:13 | მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები, მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები; მას უამბვენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს, ანუ რაგვარ ვბნდები, მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები. |
[965] |
34:14 | აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან: მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან, მთვარე, ასპიროზ, მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან, მას გააგონნენ, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან“. |
[966] |
34:15 | აწ გულსა ეტყვის: „ვითამცა გდის, ცრემლი არ გაგხმობია, რას გარგებს მოკლვა თავისა? ეშმა ძმად თურე გძმობია; მეც ვიცი, ჩემსა ხელმქნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია, მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია! |
[967] |
34:16 | თუ დავრჩეო, ესე მიჯობს, – სიცოცხლისა იტყვის თუსა, – ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა“. მიიმღერის ხმასა ტკბილსა, არ დასწყვედდის ცრემლთა რუსა, მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა. |
[968] |
34:17 | რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან, მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან, ისმენდიან, გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან; იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან. |
[969] |