ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა | ||
48:1 | რა გათენდა, გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა, ნურადინის ქვეყანამდის შეისვიან მათ უკანა; მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა; ავთანდილ კმა ყოლაუზად, სხვამცა ვინღა წაიტანა! |
[1374] |
48:2 | იარეს და ზედა შეჰხდეს ნურადინის მეჯოგეთა; ჯოგი ნახეს, მოეწონა, ფრიდონისთვის ეაგეთა. მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის: „გაქნევ კარგთა სიშმაგეთა, მოდი, ფრიდონს ველაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა! |
[1375] |
48:3 | ჯოგი წაუღოთ, მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად, გამოემართვის საომრად, ველთა სისხლითა დაღებად, ანაზდათ გვიცნობს, გაკრთების, გულსა შელამის დაღებად, – ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შე-ვე-იქს ლაღებად“. |
[1376] |
48:4 | დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა. მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნა, ეკრა კვესებსა; უყივლეს: „ვინ ხართ, მოყმენო, ვინ იქთ საქმესა ზესებსა? ჯოგი მისია, ვინ მტერსა ჰკრავს ხრმალსა, არ აკვნესებსა“. |
[1377] |
48:5 | მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს. მეჯოგენი მიიზახდეს, ხმანი მათნი გაადიდნეს: „გვიშველეთო, გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს!“ ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს, არ დარიდნეს. |
[1378] |
48:6 | შეეკაზმა ფრიდონ, შეჯდა, შეკაზმული გამოვიდა. ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა. იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაზრვიდა; დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა. |
[1379] |
48:7 | რა ტარიელ ფრიდონ იცნა, თქვა: „ვნახეო, ვინცა მინა“. მუზარადი მოიხადა, გაიღიმნა, გაიცინა; ფრიდონს უთხრა: „რასა ლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა? პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა!“ |
[1380] |
48:8 | ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა, დავარდა და თაყვანისცა, – იგინიცა გარდაუხდეს, მოეხვივნეს, – აკოცისცა. ფრიდონ ღმერთსა ხელაპყრობით უსაზომო მადლი მისცა; დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა. |
[1381] |
48:9 | ფრიდონ უთხრა: „რასა სდეგით? მოგელოდი უწინარე, მე მზა ვარო, სამსახური თქვენი რამცა დავიზარე!“ ჰგვანდა, თუმცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი, ერთი მთვარე, ერთმანერთი დააშვენეს, გაემართნეს, იქცეს გარე. |
[1382] |
48:10 | ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე, ტურფად გებულსა. ტარიელ დაჯდა საჯდომსა ოქსინოგარდაგებულსა; ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმადშეფიცებულსა; მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა. |
[1383] |
48:11 | უთხრეს: „ჯერთ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია, მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სამე გვისხენ სხვანია“. მან დასდვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია: „ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია“. |
[1384] |
48:12 | გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა; აბანოს ბანნა, აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა, დამოსნა ტურფა-ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა, თვალ-მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა. |
[1385] |
48:13 | უთხრა: თუ: „ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა, ჰგავს, მომწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა, ვითა ხელისა, მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა, წავლა სჯობს გზისა გრძელისა, თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა. |
[1386] |
48:14 | დიდთა რას ვაქნევთ ლაშქართა? კარგნი გვინდან და ცოტანი; სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი; ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ხრმალთა კოტანი, მას ადრე ვჰპოვებთ, ვისიცა მოგვკლავს ალვისა, მო-, ტანი. |
[1387] |
48:15 | ქაჯეთს ერთხელ კვლაც ყოფილ ვარ, ნახავთ, თქვენცა გემაგრების; ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერა მოადგების; თუ იდუმალ არ შეუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების, მით ლაშქარი არად გვინდა, რაზმი მალვით ვერ მოგვყვების“. |
[1388] |
48:16 | იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა. მუნ დააგდეს ქალი ასმათ, ფრიდონ მისცემს საჩუქარსა. თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს, გმირთა დარსა. ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა, პირველ შენაზარსა. |
[1389] |
48:17 | ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა; ფრიდონ გზა იცის, იარეს დღისით და ღამით რებულთა. ფრიდონ თქვა: „ვახლავთ არეთა ჩვენ, ქაჯეთს მიახლებულთა, აქათგან ღამით ვლა გვინდა მით არას გამჟღავნებულთა“. |
[1390] |
48:18 | ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ზმიდიან: რა გაუთენდის, დადგიან და ღამით ფიცხლა ვლიდიან; მივიდეს, აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან, გარე კლდე იყო, გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან. |
[1391] |
48:19 | ყოვლგნით მგრგვალი, შეუვალი, არსით იყო ყოლა პირი. სამთა კართა ცხრა ათასი ზედა სცვიდა მოყმე გმირი, შუა ციხე ამართული, კლდე კეკლუცი, არ დუხჭირი, გვირაბითა შესავალი, ახვრეტილი, ვითა სტვირი. |
[1392] |
48:20 | გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია. მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთვარე დგას მუნ ნათელია; თქვეს: „ვითათბიროთ, ვითა ვქმნათ, აწ გამორჩევა ძნელია; ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია“. |
[1393] |