ძიება

ვერსიები
ვერსია:
კოდი:
თავი:  

« 2008 წ. გამოცემა »
2008 წ. გამოცემა - თავი 1
2008 წ. გამოცემა - თავი 2
2008 წ. გამოცემა - თავი 3
2008 წ. გამოცემა - თავი 4
2008 წ. გამოცემა - თავი 5
2008 წ. გამოცემა - თავი 6
2008 წ. გამოცემა - თავი 7
2008 წ. გამოცემა - თავი 8
2008 წ. გამოცემა - თავი 9
2008 წ. გამოცემა - თავი 10
2008 წ. გამოცემა - თავი 11
2008 წ. გამოცემა - თავი 12
2008 წ. გამოცემა - თავი 13
2008 წ. გამოცემა - თავი 14
2008 წ. გამოცემა - თავი 15
2008 წ. გამოცემა - თავი 16
2008 წ. გამოცემა - თავი 17
2008 წ. გამოცემა - თავი 18
2008 წ. გამოცემა - თავი 19
2008 წ. გამოცემა - თავი 20
2008 წ. გამოცემა - თავი 21
2008 წ. გამოცემა - თავი 22
2008 წ. გამოცემა - თავი 23
2008 წ. გამოცემა - თავი 24
2008 წ. გამოცემა - თავი 25
2008 წ. გამოცემა - თავი 26
2008 წ. გამოცემა - თავი 27
2008 წ. გამოცემა - თავი 28
2008 წ. გამოცემა - თავი 29
2008 წ. გამოცემა - თავი 30
2008 წ. გამოცემა - თავი 31
2008 წ. გამოცემა - თავი 32
2008 წ. გამოცემა - თავი 33
2008 წ. გამოცემა - თავი 34
2008 წ. გამოცემა - თავი 35
2008 წ. გამოცემა - თავი 36
2008 წ. გამოცემა - თავი 37
2008 წ. გამოცემა - თავი 38
2008 წ. გამოცემა - თავი 39
2008 წ. გამოცემა - თავი 40
2008 წ. გამოცემა - თავი 41
2008 წ. გამოცემა - თავი 42
2008 წ. გამოცემა - თავი 43
2008 წ. გამოცემა - თავი 44
2008 წ. გამოცემა - თავი 45
2008 წ. გამოცემა - თავი 46
2008 წ. გამოცემა - თავი 47
2008 წ. გამოცემა - თავი 48
2008 წ. გამოცემა - თავი 49
2008 წ. გამოცემა - თავი 50
2008 წ. გამოცემა - თავი 51
2008 წ. გამოცემა - თავი 52
2008 წ. გამოცემა - თავი 53
2008 წ. გამოცემა - თავი 54
2008 წ. გამოცემა - თავი 55
2008 წ. გამოცემა - თავი 56
2008 წ. გამოცემა - თავი 57
2008 წ. გამოცემა - თავი 58
2008 წ. გამოცემა - თავი 59

« 2008 წ. გამოცემა 41 [VTA - xx] »

აქა ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბვის მბობა

41:1 ამა ქალაქსა წესია, დღესა მას ნავროზობასა
არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;
ყველანი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა,
დიდსა შეიქმან მეფენი პურობა-დარბაზობასა.
[1122]
41:2 ჩვენ, დიდვაჭართა, ზედაგვაც დარბაზს მიღება ძღვენისა,
მათ საბოძვრისა ბოძება მართებს მსგავსისა ჩვენისა;
ათ დღემდის ისმის ყოველგნით ხმა წინწილისა, ებნისა,
მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.
[1123]
41:3 ქმარი ჩემი დიდვაჭართა წაუძღვების, უსენ, წინა,
მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწვეველი არად მინა;
დედოფალსა ძღვენსა უძღვნით, მდიდარი თუ გლახა ვინ-ა,
დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა.
[1124]
41:4 დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით;
ჩვენ მივართვით, მათ გვიბოძეს, ავავსენით, ავივსენით;
ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით,
კვლა დავსხედით გახარებად, უნებურნი არ ვიყვენით.
[1125]
41:5 ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გავე ჟამსა,
გავიტანე ხათუნები, – მათი ჭმევა ჩემგან ხამსა, –
მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ხმასა,
ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე-თმასა.
[1126]
41:6 იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი, ნატიფად გებულნი,
მაღალნი, ყოვლგნით მხედველნი, ზღვას ზედა წაკიდებულნი,
მუნ შევიტანენ ხათუნნი იგი, ჩემთანა ხლებულნი,
კვლა დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი.
[1127]
41:7 ვაჭრის ცოლთა მხიარულმან უმასპინძლე ამოდ, დურად;
სმასა ზედა უმიზეზოდ გავხე რამე უგემურად,
რა შემატყვეს, გაიყარა, სხდომილ იყო რაცა პურად,
მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომექცა გულსა მურად.
[1128]
41:8 უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქციე პირი გზასა,
ვიხედვიდი, ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა;
შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვიდა შიგან ზღვასა,
მფრინველად ვთქვი ანუ მხეცად, სხვას ვამსგავსე მემცა რასა!
[1129]
41:9 მაშორვიდა, ვერად ვიცან; მომეახლა, იყო ნავი;
ორთა კაცთა, ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი;
იქით-აქათ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი,
გამოვიდეს, გამიკვირდა იგი უცხო სანახავი.
[1130]
41:10 გამოზიდეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა,
მიიხედნეს, მოიხედნეს, ვინ გვიჭვრეტსო, სადა ვინ-ა,
ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა;
მე იდუმალ ვიხედვიდი, სულღებული ვიყავ შინა.
[1131]
41:11 მით ნავიდაღმა მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა,
აჰხადეს, ქალი გარდმოხდა უცხოთა რათმე ტანითა,
თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა,
მზესა სიტურფედ ეყოფის, იყოს მისითა გვანითა.
[1132]
41:12 რა მობრუნდა ქალი ჩემკენ, შემოადგეს სხივნი კლდესა,
ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ხმელთა ზესა;
დავიწუხენ თვალნი, ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა,
უკმოვიხაშ კარი, ჩემგან მათი ჭვრეტა ვერა ცნესა.
[1133]
41:13 მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი,
უჩვენე: «ხედავთ, ინდოთა ტყვედ ყვანან შუქნი რომელნი?
ჩაეპარენით, ჩაედით წყნარად, ნუ ჩქარად მხლტომელნი,
მოგყიდონ, ფასი მიეცით, რასაცა იყვნენ მნდომელნი.
[1134]
41:14 თუ არ მოგცენ, ნუღარ მისცემთ, წაჰგვარეთ და დახოცენით,
მოიყვანეთ ისი მთვარე, ქმენით კარგად, ეცადენით!»
ჩემნი ყმანი ზედადაღმა ჩაეპარნეს, ვითა ფრენით,
დაევაჭრნეს, არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით.
[1135]
41:15 მე სარკმელთა გარდავადეგ. რა შევიგენ, არ მოჰყიდეს,
შეუზახენ: «დახოცენით!», დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს;
იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა, სცვიდეს;
ჩავეგებე, გამოვჰგვარე, ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს.
[1136]
41:16 რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა!
ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა მართებს მზესა მზობა!
ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ქმნა ნახაზობა!
მე თუ დამწვავს, აჰა, მზა ვარ, აღარ უნდა ამას მზობა!“
[1137]
41:17 ესე სიტყვა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი;
ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი;
ერთმანერთი დაავიწყდა, მისთვის გახდეს ვითა ხელნი,
ღვარმან, ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი.
[1138]
41:18 მოიტირეს, ყმამან უთხრა: „ნუღარ გასწყვედ, გაასრულე!“
ფატმან იტყვის: „მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე,
გარდუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე,
ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე, გავესულე.
[1139]
41:19 ვჰკადრე: «მითხარ, ვინ ხარ, მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა?
იმა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ, პატრონი ცისა ხომთა?»
მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესეზომთა,
ასნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა, მისთა მონაწთომთა.
[1140]
41:20 რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა,
გულამოხვინჩვით ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა;
ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთათ მოსდის გიშრისა ღარითა;
მისი მჭვრეტელი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა.
[1141]
41:21 მითხრა: «შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა,
რას აქნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა!
ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა;
თუ რაცა მკითხო, ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა!»
[1142]
41:22 ვთქვი: «უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა:
მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა;
ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა.
რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა?»
[1143]
41:23 ავიყვანე იგი პირმზე, ნაქები და ვერ ვთქვი უქი;
სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი,
ჩამოვჰბურე მრავალკეცი სტავრა მძიმე, არსუბუქი;
ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი.
[1144]
41:24 მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირმზე ტანით ალვით,
მოუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით;
არვის უთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით,
ერთი ზანგი ვამსახურე; მე შევიდი, ვნახი ხალვით.
[1145]
41:25 ვით გიამბო საკვირველი მე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა.
დღე და ღამე გაუწვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა!
შევეხვეწი: «დადუმდიო», წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა.
აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაჲჰაჲ ჩემთვის, ვაგლახ მე, ვა!
[1146]
41:26 შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები,
შიგან სისხლისა მორევსა ეყრდნის გიშრისა შუბები,
მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები,
შუა ძოწსა და აყიყსა სჭვრის მარგალიტი ტყუბები.
[1147]
41:27 ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან,
თუმცა მეკითხა: «ვინ ხარ და ეგრე გასრული – რისაგან?»
მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან,
მას ხორციელი რა გასძლებს სხვა, კიდეგანი ქვისაგან!
[1148]
41:28 არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა,
მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა,
მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა,
ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა.
[1149]
41:29 სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა;
ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა,
მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა:
სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე – ნაჭედისა.
[1150]
41:30 მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი;
ვერ გავანდვე ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი;
ვთქვი: «თუ უთხრობ, ვიცი, დარბაზს გამამჟღავნებს ისი ფლიდი».
ესე მეყო საგონებლად, კვლა შევიდი, კვლა გავიდი.
[1151]
41:31 ვთქვი: «თუ არ უთხრა, რა უყო, ჩემგან რა მოეგვარების?
არცა რა ვიცი, რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების;
ქმარი რა მიგრძნობს, მო-ცა-მკლავს, ვეღარა მომეფარების;
ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების?!
[1152]
41:32 მე, გლახ, მარტომან რა უყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა!
მო და გავანდო, ნუ შევალ უსენის შეცოდებასა;
არ გამამჟღავნოს, ვაფიცო, თუ მომცემს იმედებასა,
სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქს ფიცისა გაცუდებასა».
[1153]
41:33 მივე მარტო, ქმარსა ჩემსა ველაღობე, ველაციცე,
მერმე უთხარ: «გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე,
არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე».
ფიცი ფიცა საშინელი: «თავიცაო კლდეთა ვიცე!
[1154]
41:34 რაცა მითხრა, სიკვდილამდის არვის უთხრა სულიერსა,
არა ბერსა, არა ყმასა, მოყვარესა, არცა მტერსა».
მერმე უთხარ ყველაკაი უსენს, კაცსა ლმობიერსა:
«მოდი, მომყევ აქა სადმე, მო, გიჩვენებ მზისა ფერსა».
[1155]
41:35 ადგა, ამყვა და წავედით, შევვლენით კარნი სრისანი.
უსენ გაჰკივრდა გა-ცა-კრთა, რა შუქნი ნახნა მზისანი;
თქვა: «რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია, ნეტა, რისანი?!
თუ ხორციელი არისმცა, თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი!»
[1156]
41:36 ვთქვი, თუ: «არცა რა მე ვიცი ამისი ხორციელობა,
რაცა არ გითხარ, მის მეტი არა მაქვს მეცნიერობა;
მე და შენ ვკითხოთ, ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა,
ნუთუ რა გვითხრას, ვეაჯნეთ, ქმნას დიდი ლმობიერობა».
[1157]
41:37 მივედით, გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა;
ვჰკადრეთ, თუ: «მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა,
გვითხარ, რა არის წამალი მთვარისა შუქნამკრთალისა?
რას შეუქმნიხრ ზაფრანად შენ, ფერად მსგავსი ლალისა?»
[1158]
41:38 რაცა ვჰკითხეთ, არა ვიცი, ესმა ანუ არ ისმენდა:
ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა;
გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შე-რა-შენდა;
მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რადმცა გაგვითენდა!
[1159]
41:39 ვერა დავჰყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა:
ვეფხი-ავაზა პირქუშად ზის, წყრომა ვერ უგრძენითა.
კვლაცა ვაწყინეთ, ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა,
«არა, ვიციო, მიმიშვით!», ეს ოდენ გვითხრა ენითა.
[1160]
41:40 დავსხედით და მას თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ,
რაცა გვეთქვა, შევინანეთ, სხვამცა რაღა შევიწამეთ!
ძლივ ვიაჯეთ დადუმება, დავადუმეთ, დავაამეთ,
ჩვენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.
[1161]
41:41 უსენ იტყვის: «ბევრათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს;
ესე ღაწვნი მზისად ხმანან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს!
უმართლეა, ვერმჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს,
მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღმერთმან იგი დამიხოცნეს!»
[1162]
41:42 მას უჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით, ახით.
შეყრა გვიჩნდის სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით.
ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით, იგი ვნახით,
გულნი ჩვენნი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით.
[1163]
41:43 რა გარდახდა ხანი რამე, გამოვიდეს ღამე-დღენი,
უსენ მითხრა: «არ მინახავს ძოღანდითგან მეფე ჩვენი.
მივაზირებ, წავალ, ვნახავ, უდარბაზო, უძღვნა ძღვენი».
მოვახსენე: «დია ღმერთო, ბრძანებაა ეგე თქვენი!»
[1164]
41:44 უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და თვალები.
დავვედრე: «დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთრვალები;
ამა ქალისა ამბავსა, მომკალ, თუ არ ეკრძალები».
კვლა შემომფიცა: «არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ხრმალები!»
[1165]
41:45 უსენ მივიდა, ხელმწიფე დახვდა ნადიმად მჯდომელი,
უსენ – არიფი მეფისა, მეფეცა – მისი მნდომელი,
წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი.
აწ ნახო მთრვალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, მსწრომელი.
[1166]
41:46 რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი,
კვლა შესვეს და კვლა აუვსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი.
დაავიწყდეს იგი ფიცნი, რა მუსაფნი, რა მაქანი!
მართლად თქმულა: «არა მართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი».
[1167]
41:47 უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა უსენს, მთრვალსა:
«დია მიკვირს, საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა,
მარგალიტსა დიდროვანსა, უმსგავსოსა ჰპოვებ ლალსა?
ვერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა ნაათალსა».
[1168]
41:48 თაყვანისსცა უსენ, ჰკადრა: «ჰე, მაღალო ხელმწიფეო,
ზეცით შუქთა მომფენელო, მარჩენელო არსთა, მზეო!
რაცა სხვა მაქვს, ვისი არის ოქრო, თუნდა საჭურჭლეო?
დედის მუცლით რა გამომყვა? მბოძებია თქვენგან მეო.
[1169]
41:49 ამას გკადრებ, თავმან თქვენმან, არა გმართებს მადლი ძღვნისა;
სხვა რამე მითქს საძღვნოდ თქვენად – შესართავი თქვენის ძისა,
მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდეს ნახოთ მსგავსი მზისა,
მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა».
[1170]
41:50 რას ვაგრძელებდე! გატეხა ფიცი, სიმტკიცე სჯულისა,
უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა.
მეფესა მეტად ეამა, მიეცა ლხინი გულისა,
უბრძანა დარბაზს მოყვანა, სრულქმნა უსენის თქმულისა.
[1171]
41:51 მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, მუნამდის არ მიკვნესია.
შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია,
თანა ჰყვა მონა სამოცი, ვით ხელმწიფეთა წესია,
მოვიდეს; მეტად გავჰკვირდი, ვთქვი: «რამე საქმე ზესია».
[1172]
41:52 მისალამეს, «ფატმან, – მითხრეს, – ბრძანებაა ღმრთისა სწორთა,
დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი, მსგავსი მზეთა ორთა,
აწ მოგვგვარე, წავიყვანოთ, ვლა არ გვინდა გზათა შორთა».
ესე მესმა, დამტყდეს ცანი, რისხვა ღმრთისა ეცა გორთა.
[1173]
41:53 მე გაკვირვებით კვლა ვჰკითხე: «რა ქალი გინდა, რომელი?»
მათ მითხრეს: «უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი».
არას მარგებდა, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი,
ავთრთოლდი, ავდეგ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი.
[1174]
41:54 შევე, ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლდასხმულად,
ვჰკადრე: «მზეო, ბედმან შავმან ვით მიმუხთლა, ხედავ, რულად!
ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ, იავარმყო, ამფხვრა სრულად,
შემასმინეს, მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულმოკლულად».
[1175]
41:55 მან მითხრა: «დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია!
ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქმნელია.
კარგი რა მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!
სხვადასხვა ჭირი ჩემ ზედა არ ახალია, ძველია».
[1176]
41:56 თვალთათ, ვითა მარგალიტი, გარდმოყარა ცრემლი ხშირი,
ადგა ასრე გულუშიშრად, ვეფხი იყო ანუ გმირი,
ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი.
მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი.
[1177]
41:57 შევე საჭურჭლეს, რომელსა ფასი არ დაედებოდა,
თვალ-მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა,
თითო და თითო თითოსა ქალაქსა ეფასებოდა,
მივე, მას წელთა შევარტყი, შავგული ვისთვის კვდებოდა.
[1178]
41:58 ვარქვი: «ჩემო, განღა სადმე გეხმარების ესეგვარი».
მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი, მზისა დარი.
ცნა მეფემან, მოეგება; ჰკრეს ტაბლაკსა, გახდა ზარი;
იგი მივა თავმოდრეკით წყნარი, არას მოუბარი.
[1179]
41:59 ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გახდა ზათქი და ზარები,
ვერ იჭირვიდეს სარანგნი, მუნ იყო არსიწყნარები;
იგი რა ნახა მეფემან, საროსა მსგავსი ნარები,
გაკრთომით უთხრა: «ჰე, მზეო, აქა ვით მოიგვარები?»
[1180]
41:60 ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნი შექმნნა თვალისა მფახველად;
მეფემან ბრძანა: «გამხადა ნახული მე უნახველად,
ღმრთისაგან კიდე ვინმც იყო კაცი ამისად მსახველად!
მართებს ამისსა მიჯნურსა, ხელი თუ რბოდეს, ახ, ველად!»
[1181]
41:61 გვერდსა დაისვა, ეუბნა ტკბილითა საუბარითა:
«მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრული ვისით გვარითა?»
მან არა გასცა პასუხი პირითა, მზისა დარითა;
თავმოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა.
[1182]
41:62 არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა,
სხვაგან იყო გული მისი, სხვასა რასმე იგონებდა;
ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა,
მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა!
[1183]
41:63 მეფე ბრძანებს: «რა შევიგნათ, გული ჩვენი რათ იხსნების?
ამა ორთა კიდეგანი აზრი არა არ იქმნების:
ან ვისიმე მიჯნურია, საყვარელი ეგონების,
მისგან კიდე არვისად სცალს, ვეღარცა ვის ეუბნების,
[1184]
41:64 ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,
არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედაზედი;
ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი,
სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი.
[1185]
41:65 ღმერთმან ქმნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული,
მე დავახვედრო ესე მზე და მისთვის დამზადებული;
მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვცნათ გაცხადებული,
მუნამდის მთვარე შუქკრთომით ჯდეს, მზისა მოშორვებული».
[1186]
41:66 ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა,
უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა;
მაშინ ლაშქარს წასრულ იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა,
მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა.
[1187]
41:67 მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა,
მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა,
დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა,
მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა.
[1188]
41:68 მეფემან ბრძანა: «მოკაზმეთ საწოლი უფლისწულისა!»
დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა;
ადგა თვით დიდი ხელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა,
მას ზედა დასვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა.
[1189]
41:69 უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისად;
ხელმწიფე დაჯდა ნადიმად, მსგავსად მათისა გვარისად;
უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისად.
სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად.
[1190]
41:70 გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქმნა მეტად გრძელი;
ქალი პირმზე ბედსა ეტყვის: «რა ბედი მიც ჩემი მკლველი!
სადაური სად მოსრულ ვარ, ვის მივხვდები ვისთვის ხელი,
რა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!»
[1191]
41:71 კვლაცა იტყვის: «ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა,
ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა!
სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?
რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!»
[1192]
41:72 ხადუმნი უხმნა, უბრძანა: «ისმინეთ, მოდით ცნობასა!
მოღორებულ ხართ, დამცთარ ხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა,
დამცთარა თქვენი პატრონი, ჩემსა თუ ლამის სძლობასა,
ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად, გლახ, იცემს, ნობასა.
[1193]
41:73 არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია;
მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, საროტანია!
სხვასა რას მნუკევთ საქმესა, ჩემნი საქმენი სხვანია!
თქვენ თანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია.
[1194]
41:74 უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა,
თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა;
ესე სჯობს: მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა,
მე გამაპარეთ, გამიშვით, თვარა დაიწყებთ ნანასა».
[1195]
41:75 შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი,
მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი, ერთობ ლალი;
მისცა, უთხრა: «გამომიღეთ, გეაჯები გულმხურვალი,
მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა მიავალეთ თქვენი ვალი».
[1196]
41:76 მონათა მიხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა,
დაჰვიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა,
გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა.
ნახეთ, თუ ოქრო რასა იქს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!
[1197]
41:77 ვაჲ, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა,
შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,
კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.
[1198]
41:78 რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი,
ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი,
სხვანი კარნი გამოარნეს, იჯრებოდა დარბაზს მსმელი.
დარჩა მთვარე გველისაგან, გავსებული, ჩაუნთქმელი.
[1199]
41:79 მონანიცა გარდიხვეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა.
ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა.
გავე, ვიცან, მოვეხვიე, გამიკვირდა მეცა განა!
შინა ყოლა არ შემომყვა: «რად მაწვეო!» – შემანანა.
[1200]
41:80 მიბრძანა: «თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა,
მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა!
ვეღარ დამმალავ, გამიშვი, ფიცხლა გამგზავნე ცხენითა,
სადამდის სცნობდეს ხელმწიფე, კაცთა მომწევდეს რბენითა».
[1201]
41:81 შევე ფიცხლად საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი,
შეუკაზმე, ზედა შევსვი მხიარული, არ მოკვნესი;
ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი.
წახდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკე, რაცა ვსთესი.
[1202]
41:82 დღე მიიყარა, ხმა გახდა, მოვიდა მისი მდევარი,
მოიცვეს შიგან ქალაქი, შეიქმნა მოსაწევარი;
მე მკითხეს, ვარქვი: «თუ ჰპოვოთ მუნ სახლსა, სადა მე ვარი,
მეფეთა ვიყო შემცოდე და მათი სისხლთა მზღვევარი!»
[1203]
41:83 მონახეს, ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი;
მას აქათ იგლოვს ხელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი.
დახედენ დარბაზის ერთა: შევლენ ისფრითა ღებულნი!
მზე მოგვეშორვა, მას აქათ ჩვენ ვართ სინათლეკლებულნი.
[1204]
41:84 მის მთვარისა სადაობა კვლა გიამბო, საქმე კვლაცი;
აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი:
მე, გლახ, ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი.
კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი.
[1205]
41:85 მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი,
ისი კაცი ჭაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი;
ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი,
ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი!
[1206]
41:86 ესე ამბავი მას თანა ვთქვი დიაცურად, ხელურად:
ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად.
გამჟღავნებასა მექადდა არმოყვარულად, მტერულად;
აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, იშ, თავი ვიხსენ მე რულად!
[1207]
41:87 დამექადის, რაზომჯერცა წავიკიდნით თავისწინა.
ოდეს მეხმე, არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა;
მოსრულ იყო, მოსლვა ეთქვა; შენცა მოხვე, შემეშინა,
ამად გკადრე: «ნუ მოხვალო», მოგაგებე მონა წინა.
[1208]
41:88 აღარ დაჰბრუნდით, მოხვედით, შუქნი თქვენ ჩემთვის არენით;
შეიყარენით ორნივე, ჩემ ზედა დაიჯარენით;
ამად შევშინდი, ღონენი ვეღარა მოვაგვარენით,
იმას, გლახ, ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა, არ ენით.
[1209]
41:89 თუმცა ისი არ მოგეკლა, მისრულ იყო დარბაზს ვითა,
შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა;
მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა,
შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა!
[1210]
41:90 მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს, – მადლსა გკადრებდე მე რასა, –
რომელმან დამხსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა!
აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა,
აღარ ვიშიშვი სიკვდილსა, ჰაჲჰაჲ, ჩავიჭერ ქვე რასა!“
[1211]
41:91 ავთანდილ უთხრა: „ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია:
მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგანც უფრო მტერია;
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.
ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.
[1212]
41:92 იგივე მითხარ, მას აქათ, ქალი გაჰგზავნე შენ ოდეს,
რაღაცა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს“.
კვლა იტყვის ფატმან ტირილით, კვლა თვალთა ცრემლი სდენოდეს:
„წახდესო შუქნი, რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს!“
[1213]
© 2014, გია შერვაშიძე