ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა | ||
58:1 | დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა თითო ხელი დაუჭირა, ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა, მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვითკირა, გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა. |
[1640] |
58:2 | დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიხადა, დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა, ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა, ბრძანა: „ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგვებადა“. |
[1641] |
58:3 | ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი ტარიელ და ცოლი მისი ერთმანერთსა შეჰფერობდეს, ქალი ყმისა შესატყვისი; გონება და ანუ ენა გამოსთქმიდა მათმცა ვისი! რამცა ჰგვანდა ხორციელი სოფელს შვილი ადამისი! |
[1642] |
58:4 | ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი – შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი. მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი; ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხელი. |
[1643] |
58:5 | თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს, ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს; მისცეს კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს; „ესეაო მეფე ჩვენი“, – იზახდეს და ამას ხმობდეს. |
[1644] |
58:6 | ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს; – ზედა დასხდეს ხელმწიფურად, – დიდებანი უდიადნეს; ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რა დაბადნეს! ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს. |
[1645] |
58:7 | სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს; ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს. მათ ოთხთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს, გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს. |
[1646] |
58:8 | დედოფალმან ეგრე ბრძანა: „ობოლ-ქვრივნი მოასხენით, ყველაკაი დაამდიდრეთ, საბოძვრითა აავსენით!“ – თვით უბოძა უსაზომო, რომ არ ითქმის ყოლა ენით, – „ულოცეთო დღეგრძელობა, ესე ღმერთსა შევედრენით!“ |
[1647] |
58:9 | ტარიელ თქვა: „დედოფალო, გკადრებ ერთსა მოსახსენსა: შეიწყალე რამაზ მეფე, მიავალე ღმერთსა შენსა; ვნახე, მეტად შემებრალნეს, შეუშინდა ხრმალსა ჩვენსა. ღმერთი ალხენს მოცთომილსა მონანულსა, ცრემლნადენსა“. |
[1648] |
58:10 | დედოფალმან ლმობიერად, „შეუნდობო“, ესე ბრძანა; მოიყვანა რამაზ მეფე, ხელმწიფეთა ათაყვანა, – ყოვლით კერძო მომღერალთა ხმები გაეთანისთანა, – ჭირთა, მათგან გარდახდილთა, ესე ლხინი შეაგვანა. |
[1649] |
58:11 | ოქრო, თვალი, მარგალიტი, შვენიერი სანახავად, ყოვლგნით იდვის ვითა გორი, მოდის ველთა მოსარწყავად; ვისცა სწადდის, ალაფობდის, წაიღებდის უკითხავად, მანდატურნი არვის სცვიდეს, ბოლოს ვინ ჯდის ანუ თავად. |
[1650] |
58:12 | ავთანდილ და ფრიდონისთა სპათა ეტყვის მეფე დიდი: „სტუმარნი ხართ, შოებისა სირცხვილი და ნუ გაქვს რიდი!“ თითოს კაცსა თითო ჯორი მარგალიტი ანაკიდი, ესე მისცა, საბოძვარსა სხვას ყველასა ვერ დავსთვლიდი. |
[1651] |
58:13 | ავთანდილ და ფრიდონისთვის საბოძვარსა ვინ დასთვალავს! ვერ გამოსთქვამს სიმრავლესა ენა, ამად თავსა კრძალავს! რაცა იდვა, უკეთესსა დედოფალი არ დამალავს. მათ უხმობდა მხსნელად მათად, ტკბილად უჭვრეტს, არა ლალავს. |
[1652] |
58:14 | სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან: „თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი“, – მართ ამას მოიტყოდიან, ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან, სადარბაზებლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან. |
[1653] |
58:15 | ტარიელ რამაზ მეფესა უბოძა საბოძვარია, უბრძანა: „ხარკსა მოგვცემდი, მართ ვითა შენი გვარია!“ მან თაყვანისსცა, პირისა ქვე მდაბლად დამდებარია, წავიდა მისი მლოცველი, არ ომთა მომკვეხარია. |
[1654] |
58:16 | ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკდომილსა: „რაცა შენ ჰქმენ, არ უქნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა; აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, ერთსა წილსა, ზედა დაგსვამ, შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა. |
[1655] |
58:17 | ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე; მუნიდაღმა გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე!“ ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: „შენგანაო ჩემი ღონე, მონებისა უკეთესი რამც ვიშოვე, რამც ვიქონე?“ |
[1656] |
58:18 | ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია; თამაშობდიან, უსახო მიუდიოდის ძღვენია, რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია! მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია. |
[1657] |
58:19 | ტარიელ ცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა; უბრძანებდა: „გული შენი განაღამცა მომემდურვა, აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა, მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ესე დამიშურვა!“ |
[1658] |
58:20 | კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: „წავიდეო სახლსა ჩემსა, ზედა-ზედა დავსტკებნიდე დარბაზსა და ამა თემსა, სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა, თქვენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა“. |
[1659] |
58:21 | მასცა უბოძა ფარმანი: „წა, სახლი მოიარეო, მე ნუ გამწირავ, მეახლე, ადრე მობრუნდი გარეო“. ავთანდილს უთხრა: „უშენოდ რამცა ვით გავიხარეო? რათგან ისწრაფვი, ნუ გაგვა, მიგელის ლომსა მთვარეო!“ |
[1660] |
58:22 | როსტანისთვის წაატანა ძღვნად ტურფები ჯუბაჩები, კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები: „ჩემ მაგიერ მიუტანე, წადი, ნურას მეურჩები“. ავთანდილ თქვა: „არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები!“ |
[1661] |
58:23 | ქალმან ქალსა გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე, რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე! ერთი თვალი, – წამღებელმან ვერა თქვას, თუ: „ცუდად ვზიდე“, – ღამე მზეებრ გაანათლის, ჩნდის, სადაცა შეხედვიდე. |
[1662] |
58:24 | ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა; იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეცხლისა ალამა; სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა; ავთანდილ იტყვის: „მომკლაო სოფლისა მე სამსალამა“. |
[1663] |
58:25 | ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი; გზამან გაყარნა, წავიდეს თავის-თავ ანატირენი; კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი; ავთანდილ მიხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი. |
[1664] |
58:26 | გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან; ნახა მზე მისი, მირიდა მისთა სურვილთა წყენამან; მის თანა ტახტსა და-ვე-ჯდა, ალხინა მჭვრეტთა ლხენამან, გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან. |
[1665] |
58:27 | მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს, ერთმანერთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს, ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა და-ვე-წყლულდეს, მოიმატნეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს. |
[1666] |
58:28 | ფრიდონცა ესვა მოყვარედ, მათ წინა მიიყვანიან; ერთმანერთისა მეშველთა მებრძოლნი იმაჯანიან: მათთა ურჩთა და შემკადრთა მიწები ააკვანიან, ორგულთა მკლავნი შემუსრნეს, ერთგულნი აგულვანიან. |
[1667] |
58:29 | ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს, ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს, ავთა მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერა სწოვდეს, შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთგან სძოვდეს. |
[1668] |