წიგნი ავთანდილისა ყმათა თანა | ||
4:1 | დაწერა‚ თუ: „ჩემნო ყმანო‚ გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო‚ ერთგულნო და მისანდონო‚ ამას ზედა გამოცდილნო‚ თქვენ‚ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო‚ ვითა ჩრდილნო‚ წიგნი ჩემი მოისმინეთ‚ ყოვლნო ერთგან შემოხდილნო! |
[168] |
4:2 | მიწაცა თქვენი ავთანდილ‚ ისმინეთ‚ გიწერ მე რასა: თვით ვიქ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა‚ ცოტასა ხანსა ვარჩიე გაჭრა სმასა და მღერასა‚ პურად და საჭმლად მივენდვე ჩემსა მშვილდსა და ცერასა. |
[169] |
4:3 | საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი‚ დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი; გემუდარები ამისთვის‚ ვარ თქვენი შემომხვეწელი‚ მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი. |
[170] |
4:4 | მე შერმადინ დამიგდია‚ ჩემად კერძად პატრონობდეს‚ სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს; ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს‚ ვარდს არ ზრვიდეს‚ არ აჭნობდეს‚ შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს. |
[171] |
4:5 | თქვენცა იცით‚ გამიზრდია ვითა ძმა და ვითა შვილი; ამას ასრე მორჩილობდით‚ არის ვითამც ავთანდილი‚ ბუკსა იკრას‚ აქნევინეთ ყოვლი საქმე‚ ჩემგან ქმნილი; მე თუ დრომდის არ მოვიდე‚ გლოვა გმართებს‚ არ სიცილი“. |
[172] |
4:6 | ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვანაზმა‚ წელთა ოქრო შემოირტყა‚ საღარიბოდ შეეკაზმა‚ ბრძანა: „მინდორს შევჯდებიო“‚ ლაშქარიცა დაერაზმა; მასვე წამსა წამოვიდა‚ შინა ხანი არა დაზმა. |
[173] |
4:7 | ბრძანა: „წადით ყველაკაი‚ აქა მემხრედ არვინ მინა“. მონებიცა მოიშორვა‚ თავი გაითავისწინა‚ მარტო გარე შემობრუნდა‚ შამბი შიგან გაირბინა. მიწყივ მისად საგონებლად მისი მკლველი თინათინ-ა. |
[174] |
4:8 | იგი ველი გაირბინა‚ ლაშქართაგან გაეკიდა; ვინმცა ნახა სულიერმან‚ ანუ ვინმცა წაეკიდა? ვის მახვილი ვერას ავნებს‚ მისი მკლველი გაეკიდა; მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად აეკიდა. |
[175] |
4:9 | რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს‚ იგი პირმზე ვეღარ პოვეს‚ პირი მათი იფერმკრთალეს‚ მათსა დიდსა სიხარულსა სიმძიმილი ანაცვალეს‚ ყოვლგან რბოდეს საძებარად‚ ვინცა იყო უცხენმალეს. |
[176] |
4:10 | შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები‚ უჩვენა იგი უსტარი‚ ამბავი მისი თქმულები. რა მოისმინეს‚ ყველაი დარჩა გულდანაწყლულები; თავსა იცემდეს‚ არ იყო გული უცრემლო‚ ულები. |
[177] |
4:11 | ყოვლთა ჰკადრეს: „თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა‚ უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა? განაღამცა გმორჩილობდით‚ თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!“ იგი მონა აპატრონეს‚ ყველაკამან თაყვანისცა. |
[178] |