ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა | ||
27:1 | დაჯდა წერად ანდერძისა‚ საბრალოსა საუბრისად: „ჰე‚ მეფეო‚ გავიპარვი ძებნად ჩემგან საძებრისად; ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცხლთა მომდებრისად; შემინდვე და წამატანე მოწყალება ღმრთაებრისად. |
[792] |
27:2 | ვიცი‚ ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა. კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა! მე სიტყვასა ერთსა გკადრებ‚ პლატონისგან სწავლა-თქმულსა: «სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა‚ მერმე სულსა». |
[793] |
27:3 | რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა‚ მე რად გავწირო მოყვარე‚ ძმა უმტკიცესი ძმობისა?! არა ვიქ‚ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა! მით ვისწავლებით‚ მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა. |
[794] |
27:4 | წაგიკითხავს‚ სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ? ვით იტყვიან‚ ვით აქებენ? ცან‚ ცნობანი მიაფერენ. «სიყვარული აღგვამაღლებს»‚ ვით ეჟვანნი‚ ამას ჟღერენ. შენ არ ჯერ ხარ‚ უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ! |
[795] |
27:5 | ვინ დამბადა‚ შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად; ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად‚ ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს‚ ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად‚ იგი გაჰხდის წამისყოფით ერთსა ასად‚ ასსა ერთად. |
[796] |
27:6 | რაცა ღმერთსა არა სწადდეს‚ არა საქმე არ იქმნების. მზისა შუქთა ვერმჭვრეტელი ია ხმების‚ ვარდი ჭნების; თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხოდ რადმე ეშვდინების; მე ვით გავსძლო უმისობა‚ ან სიცოცხლე ვით მეთნების! |
[797] |
27:7 | რაზომცა სწყრები‚ შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა. ძალი არ მქონდა ტყვექმნილსა მე მაგისისა თნებისა; აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა‚ სადა გინდ ვიყო‚ რა მგამა‚ ყოფამცა მქონდა ნებისა! |
[798] |
27:8 | არას გარგებს სიმძიმილი‚ უსარგებლო ცრემლთა დენა; არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა; წესი არის მამაცისა მოჭირვება‚ ჭირთა თმენა‚ არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა. |
[799] |
27:9 | რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად‚ გარდამხდეს და შემოვიქცე‚ აღარ დამრჩეს გული ავლად; თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლამრავლად; მას რა ვარგო‚ დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად. |
[800] |
27:10 | მეფეო‚ ესე თათბირი‚ მომკალ‚ ვინ დამიწუნოსა! მეფეო‚ ნუთუ წასლვამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა‚ ვერ ვეცრუები‚ ვერ უზამ საქმესა საძაბუნოსა‚ პირისპირ მარცხვენს‚ ორნივე მივალთ მას საუკუნოსა. |
[801] |
27:11 | არდავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა; ვჰგმობ კაცსა აუგიანსა‚ ცრუსა და ღალატიანსა! ვერ ვეცრუები‚ ვერ უზამ მას ხელმწიფესა მზიანსა. რა უარეა მამაცსა სულდიდსა‚ წასლვაგვიანსა! |
[802] |
27:12 | რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა‚ შედრეკილ-შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა! კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა? სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა! |
[803] |
27:13 | ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო‚ ვერცა კლდოვანი; მისგან გასწორდეს ყოველი‚ სუსტი და ძალგულოვანი; ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი. სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი! |
[804] |
27:14 | მერმე ვიშიშვი‚ მეფეო‚ თქვენად კადრებად ამისად: სცთების და სცთების‚ სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად; მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად‚ თუ ვერა გნახე ცოცხალმან‚ სიცოცხლე გქონდეს ჟამისად. |
[805] |
27:15 | თუ საწუთრომან დამამხოს‚ ყოველთა დამამხობელმან‚ ღარიბი მოვკვდე ღარიბად‚ ვერ დამიტიროს მშობელმან‚ ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან‚ – მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე-მლმობელმან. |
[806] |
27:16 | მაქვს საქონელი ურიცხვი‚ ვერვისგან ანაწონები‚ მიეც გლახაკთა საჭურჭლე‚ ათავისუფლე მონები‚ შენ დაამდიდრე ყოველი‚ ობოლი‚ არას მქონები: მიღვწიან‚ მომიგონებენ‚ დამლიცვენ‚ მოვეგონები. |
[807] |
27:17 | რაცა თქვენთვის არ ვარგ იყოს საჭურჭლესა დასადებლად‚ მიეც ზოგი ხანაგათა‚ ზოგი ხიდთა ასაგებლად; ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად! შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად. |
[808] |
27:18 | ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის‚ ამად გვედრებ სულსა ჩემსა‚ წიგნი გკადრებს‚ არ გეთნევის‚ არას არგებს‚ ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის‚ შემინდვე და შემივედრე‚ მკვდარსა რაღა გარდმეხდევის! |
[809] |
27:19 | გვედრებ‚ მეფეო‚ შერმადინს‚ მონასა ჩემსა რჩეულსა‚ – ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა‚ – ნუგეშინისეც წყალობით‚ ჩემგან წყალობაჩვეულსა‚ ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა‚ სისხლითა ფრქვეულსა. |
[810] |
27:20 | გასრულდა ჩემი ანდერძი‚ ჩემგან ნაწერი ხელითა. აჰა‚ გამზრდელო‚ მოგშორდი‚ წავე გულითა ხელითა. ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი‚ ნუ ხართ მოსილნი ბნელითა‚ სუფევითმცა ხართ თავითა‚ მტერთაგან საკრძალველითა!“ |
[811] |
27:21 | მისცა ანდერძი შერმადინს‚ რა გაათავა წერითა‚ უთხრა: „ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა‚ შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა“. მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა. |
[812] |