ამბვის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა | ||
20:1 | ესე კაცნი გამეგზავნნეს‚ გონებასა გავეშმაგე. რომე მისი ვერა მეცნა‚ ამას უფრო დავედაგე. მას ზღუდესა გარდავადეგ‚ მინდორთაკე რომე ვაგე‚ მესმა საქმე საშინელი‚ თუცა თავი ვერ წავაგე. |
[568] |
20:2 | გამოჩნდეს ორნი ქვეითნი‚ მე მივეგებე წინარე‚ ქალი ჰყვა ერთსა მონასა: «ვცანმცა‚ თუ მოღმა ვინ არე». თავგაგლეჯილი ასმათი‚ პირსა სისხლჩამომდინარე! აღარ მიყივლა ღიმილით‚ არცაღა გამიცინა-რე. |
[569] |
20:3 | იგი ვნახე‚ დავებნიე‚ გონებანი გამიშმაგნა; შორით უხმე: «რაშიგან ვართ‚ ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა?» მან საბრალოდ შემომტირნა‚ ძლივ სიტყვანი გამოაგნა‚ მითხრა: «ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა». |
[570] |
20:4 | ახლოს მივე‚ კვლაცა ვჰკითხე: «რაშიგან ვართ? თქვი მართალი!» კვლა საბრალოდ ამიტირდა‚ კვლა მოედვა ამით ალი‚ დიდხან სიტყვა ვერა მითხრა‚ მისთა ჭირთა ნაათალი‚ მკერდსა წითლად უღებვიდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი. |
[571] |
20:5 | მერმე მითხრა: «მოგახსენებ‚ ესე რადმცა დაგიმალე? მაგრა ვითა გაგახარნე‚ შენცა აგრე შემიწყალე: ნუ მაცოცხლებ‚ ნუ დამარჩენ‚ შემიხვეწე‚ შემიბრალე‚ დამხსენ ჩემსა საწუთროსა‚ ღმერთსა შენსა მიავალე!» |
[572] |
20:6 | მიამბო: «ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა‚ მეფესა ესმა‚ აიჭრა‚ მართ მისგან გასატკივარდა‚ შენ დაგიზახნა‚ «მიხმეთო»‚ – ხმამაღლად გახმამყივარდა; მოგნახეს‚ შინა ვერ გპოვეს‚ მით მეფე გამოჩივარდა. |
[573] |
20:7 | ჰკადრეს : «აქა აღარ არის‚ კარნი სადმე გაუვლიან». მეფე ბრძანებს: «ვიცი‚ ვიცი‚ მეტად კარგად შემიგნიან: მას უყვარდა ქალი ჩემი‚ სისხლნი ველთა მოუღვრიან‚ რა ნახიან ერთმანერთი‚ არშეხედვა ვერ დათმიან. |
[574] |
20:8 | აწ‚ თავმან ჩემმან‚ მას მოვჰკლავ‚ ჩემად დად ვინცა მადესა! მე ღმრთისა უთხარ‚ დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა! მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს‚ რა უქადესა? თუ დავარჩინო‚ ღმერთი ვგმო‚ მისად პატიჟად მზად ესა!» |
[575] |
20:9 | მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის‚ და თუ ფიცის‚ არ გატეხის‚ მასვე წამსა დაამტკიცის. «ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა‚ ვინცა იცის‚ მან უამბო დავარ ქაჯსა‚ ვინ გრძნებითა ცაცა იცის. |
[576] |
20:10 | დავარს‚ დასა მეფისასა‚ უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან: «თავი ფიცა ძმამან შენმან‚ არ დაგარჩენს‚ იცის ერმან». მან აგრე თქვა: «უბრალო ვარ‚ იცის ღმერთმან სახიერმან! ვისგან მოვკვდე‚ ვისთვის მოვკვდე‚ მიიხვედროს იგი ვერ მან». |
[577] |
20:11 | პატრონი ჩემი აგრევე იყო‚ წამოხვე შენ ოდეს; შენეულნივე რიდენი ებურნეს‚ ტურფად შვენოდეს. დავარ მოსთქმიდა სიტყვათა‚ რომელნი არა მსმენოდეს: «ბოზო‚ შენ ბოზო‚ რად მომკალ? ვეჭვ‚ შენცა არა გლხენოდეს! |
[578] |
20:12 | როსკიპო‚ ბოზო დიაცო‚ საქმრო რად მოაკლვევინე‚ ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე? არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი‚ რა გიყავ‚ რა გაქნევინე? აწ‚ ღმერთსა უნდეს‚ ვერ მიხვდე‚ ვის ესე დააშლევინე!» |
[579] |
20:13 | ხელი მიჰყო‚ წამოზიდნა‚ თმანი გრძელნი დაუფუშნა‚ დაალება‚ დაალურჯა‚ მედგრად პირნი მოიქუშნა. მან პასუხი ვერა გასცა‚ ოდენ სულთქვნა‚ ოდენ უშნა‚ ქალმან შავმან ვერა არგო‚ ვერცა წყლულნი დაუშუშნა. |
[580] |
20:14 | რა დავარ გაძღა ცემითა‚ მისითა დალურჯებითა‚ წამოდგეს ორნი მონანი პირითა მით ქაჯებითა‚ მათ კიდობანი მოჰქონდა‚ ეუბნეს არ აჯებითა‚ მას შიგან ჩასვეს იგი მზე‚ ჰგავს‚ იქმნა დარაჯებითა. |
[581] |
20:15 | მან უთხრა: «წადით‚ დაკარგეთ მუნ‚ სადა ზღვისა ჭიპია; წმიდისა წყლისა ვერ ნახოს მყინვარე‚ ვერცა ლიპია»; მათ გაეხარნეს‚ ხმამაღლად იყივლეს: «იპი‚ იპია». ესე ვნახე და არ მოვკვე‚ არა მგავს არცა სიპია. |
[582] |
20:16 | ზღვითკე გაარნეს სარკმელნი; მაშინვე გაუჩინარდა. დავარ თქვა: «მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს‚ ვინ არ და-! ვირე მომკლვიდეს‚ მოვკვდები‚ სიცოცხლე გასაწყინარდა». დანა დაიცა‚ მო-ცა-კვდა‚ დაეცა‚ გასისხლმდინარდა. |
[583] |
20:17 | რად არ მიკვირვებ ცოცხალსა მე‚ ლახვარდაუსობელსა! აწ იგი მიყავ‚ რა მმართებს ამისსა მახარობელსა! ზენაარ‚ დამხსენ სიცოცხლე სულთადგმადაუთმობელსა!» საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა‚ დაუშრობელსა. |
[584] |
20:18 | მე უთხარ: «დაო‚ რად მოგკლა‚ ანუ რა შენი ბრალია? – რამცა ვქმენ ნაცვლად‚ თვით რომე მისი ჩემ ზედა ვალია! – აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ‚ სად კლდე და წყალია». სრულად გავქვავდი‚ შემექმნა გული მართ ვითა სალია. |
[585] |
20:19 | მეტმან ზარმან გამაშმაგა‚ მომიკიდა ცხრო და თრთოლა; გულსა უთხარ: «ნუ მოჰკვდები‚ არას გარგებს ცუდი წოლა‚ გიჯობს გაჭრა ძებნად მისად‚ გავარდნა და ველთა რბოლა. აჰა ჟამი‚ ვისცა გინდა ჩემი თანაწამოყოლა!» |
[586] |
20:20 | შევე‚ ფიცხლად შევეკაზმე‚ ცხენსა შევჯე შეკაზმული; ას სამოცი კარგი მოყმე‚ ჩემსა თანა ხანდაზმული‚ წამომყვა და წამოვედით კართა გარე დარაზმული‚ ზღვის პირს მივე‚ ნავი დამხვდა‚ მენავემან მნახა ზმული. |
[587] |
20:21 | ნავსა შევჯე‚ ზღვასა შევე‚ ზღვასა შიგან გავალაგდი‚ არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი; მოველოდი‚ არა მესმა‚ შმაგი უფრო გა-ვე-ვშმაგდი‚ რომე სრულად მომიძულვა‚ ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი. |
[588] |
20:22 | რომე დავყავ წელიწადი‚ თვე თორმეტი გამეოცა‚ მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა; თანამყოლი ყველაკაი ამომიწყდა‚ დამეხოცა‚ ვთქვი‚ თუ: «ღმერთსა ვერას ვჰკადრებ‚ რაცა სწადდეს‚ აგრე ვყოცა». |
[589] |
20:23 | ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა‚ მით გამოვე ზღვისა პირსა‚ გული სრულად გამიმხეცდა‚ არ უსმენდი არც ვაზირსა; ყველაკაი დამეფანტა‚ დარჩომოდა რაცა ჭირსა. კაცსა ღმერთი არ გასწირავს ასრე‚ მისგან განაწირსა! |
[590] |
20:24 | ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი‚ ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემაგონანი. მისნი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი‚ ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი“. |
[591] |