ძიება

ვერსიები
ვერსია:
კოდი:
თავი:  

« 2008 წ. გამოცემა »
2008 წ. გამოცემა - თავი 1
2008 წ. გამოცემა - თავი 2
2008 წ. გამოცემა - თავი 3
2008 წ. გამოცემა - თავი 4
2008 წ. გამოცემა - თავი 5
2008 წ. გამოცემა - თავი 6
2008 წ. გამოცემა - თავი 7
2008 წ. გამოცემა - თავი 8
2008 წ. გამოცემა - თავი 9
2008 წ. გამოცემა - თავი 10
2008 წ. გამოცემა - თავი 11
2008 წ. გამოცემა - თავი 12
2008 წ. გამოცემა - თავი 13
2008 წ. გამოცემა - თავი 14
2008 წ. გამოცემა - თავი 15
2008 წ. გამოცემა - თავი 16
2008 წ. გამოცემა - თავი 17
2008 წ. გამოცემა - თავი 18
2008 წ. გამოცემა - თავი 19
2008 წ. გამოცემა - თავი 20
2008 წ. გამოცემა - თავი 21
2008 წ. გამოცემა - თავი 22
2008 წ. გამოცემა - თავი 23
2008 წ. გამოცემა - თავი 24
2008 წ. გამოცემა - თავი 25
2008 წ. გამოცემა - თავი 26
2008 წ. გამოცემა - თავი 27
2008 წ. გამოცემა - თავი 28
2008 წ. გამოცემა - თავი 29
2008 წ. გამოცემა - თავი 30
2008 წ. გამოცემა - თავი 31
2008 წ. გამოცემა - თავი 32
2008 წ. გამოცემა - თავი 33
2008 წ. გამოცემა - თავი 34
2008 წ. გამოცემა - თავი 35
2008 წ. გამოცემა - თავი 36
2008 წ. გამოცემა - თავი 37
2008 წ. გამოცემა - თავი 38
2008 წ. გამოცემა - თავი 39
2008 წ. გამოცემა - თავი 40
2008 წ. გამოცემა - თავი 41
2008 წ. გამოცემა - თავი 42
2008 წ. გამოცემა - თავი 43
2008 წ. გამოცემა - თავი 44
2008 წ. გამოცემა - თავი 45
2008 წ. გამოცემა - თავი 46
2008 წ. გამოცემა - თავი 47
2008 წ. გამოცემა - თავი 48
2008 წ. გამოცემა - თავი 49
2008 წ. გამოცემა - თავი 50
2008 წ. გამოცემა - თავი 51
2008 წ. გამოცემა - თავი 52
2008 წ. გამოცემა - თავი 53
2008 წ. გამოცემა - თავი 54
2008 წ. გამოცემა - თავი 55
2008 წ. გამოცემა - თავი 56
2008 წ. გამოცემა - თავი 57
2008 წ. გამოცემა - თავი 58
2008 წ. გამოცემა - თავი 59

« 2008 წ. გამოცემა 25 [VTA - xx] »

დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი

25:1 ვაზირმან ცნა‚ გაეგება: „ჩემსა მზეა ამოსრული‚
ამას თურე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული!“
მიეგება‚ თაყვანისსცა‚ ჰკადრა სრულსა ქება სრული.
ხამს სტუმარი სასურველი‚ მასპინძელი – მხიარული.
[731]
25:2 ყმა გარდასვა მასპინძელმან‚ არ ღაფალმან‚ ავმან‚ უქმან;
ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან.
ყმამან სახლი გაანათლა‚ ვით სამყარო მზისა შუქმან;
თქვეს: „სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან“.
[732]
25:3 დაჯდა‚ მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს‚
მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს‚
სულთქმა ბევრი აათასეს‚ აღარა თუ აერთხელეს.
გაყრა ბრძანეს‚ გაიყარნეს‚ ჯალაბობა გაათხელეს.
[733]
25:4 რა ჯალაბი გაიყარა‚ ყმა ვაზირსა ეუბნების‚
ეტყვის: „შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების;
რაცა გწადდეს საურავი‚ მეფე იქს და შენ გეთნების‚
გააგონენ ჭირნი ჩემნი‚ მკურნე‚ რაცა მეკურნების!
[734]
25:5 მის ყმისა ცეცხლი მედების‚ წვა მჭირს მისისა მწველისა;
მკლავს სურვილი და ვერნახვა ჩემისა სასურველისა;
მას ჩემთვის სულნი არ შურდეს‚ შეზღვა ხამს შეუზღველისა;
ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა‚ უშურველისა.
[735]
25:6 მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა‚
მუნვე დარჩა‚ დათმობაცა მას თანავე დაება‚ და-;
რათგან დასწვავს მოახლეთა‚ ღმერთსა მზედცა დაებადა!
მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა.
[736]
25:7 ოდეს წამოვე‚ შევჰფიცე ფიცითა საშინელითა:
«კვლა მოვალ‚ გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა;
შენსა მე ვეძებ ნათელსა‚ შენ ხარ გულითა ბნელითა»;
ჟამია ჩემგან წასლვისა‚ მით მწვავს ცეცხლითა ნელითა.
[737]
25:8 ყოველსავე მართლად გითხრობ‚ არ სიტყვასა საკვეხელსა.
მიმელის და ვერ მისრულ ვარ‚ ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა;
ვერ გაუტეხ ზენაარსა‚ ვერ გავსწირავ ხელი ხელსა‚
რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა‚ ფიცთა გამტეხელსა!
[738]
25:9 რაცა გითხრა‚ ჩემ მაგიერ როსტანს ჰკადრე‚ მიედ სრასა;
თავმან მისმან‚ – ფიცით გეტყვი შენ‚ ვაზირსა‚ ოსტასრასა‚ –
არ შემიპყრობს‚ არ დავდგები‚ თუ შემიპყრობს‚ მაქნევს რასა?
მიშველე რა‚ გული ცეცხლმან არ დამიჭრას‚ არცა სრასა!
[739]
25:10 ჰკადრე: «ვინ გაქოს ყოველმან პირმან არმეუზრახემან!
ვითა ვიშიშვი‚ გაცნობოს ღმერთმან‚ ნათელთა სახემან!
მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა‚ ალვისა სახემან‚
გული წამსავე წამიღო‚ – ვერათ ვერ შევინახე‚ – მან.
[740]
25:11 აწ‚ მეფეო‚ უმისობა ჩემგან ყოლა არ ეგების;
გული მას აქვს‚ უგულოსა აქა ხელი რა მეხდების?
თუ რას ვარგებ‚ პირველ ხვალმე თვით სახელი თქვენ მოგხვდების;
ვერას ვარგებ‚ გულსა დავსდებ‚ ჩემი ფიცი არ გატყდების.
[741]
25:12 წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს‚ არ დაჭმუნდეს;
თავსა ჩემსა გაგებული იქმნას‚ რაცა ღმერთსა უნდეს;
მანვე ქმნას და გამიმარჯვდეს‚ თქვენი თქვენკე და-ვე-ბრუნდეს.
არ მოვბრუნდე‚ თქვენმცა სუფევთ‚ მტერი თქვენი დაძაბუნდეს!»“
[742]
25:13 კვლა პირმზე ეტყვის ვაზირსა: „მე სიტყვა შევამცირეო‚
წა‚ ესე ჰკადრე მეფესა‚ შე-ვინ-ვიდოდეს ვირეო;
მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო‚
ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო“.
[743]
25:14 ვაზირმან უთხრა სიცილით: „ქრთამი შენ გქონდეს შენია!
შენგან კმა ჩემად წყალობად‚ რომე გზა გაგიჩენია.
მაგას რა ვჰკადრებ მეფესა‚ რაცა აწ თქვენგან მსმენია‚
ვიცი‚ უცილოდ ამავსებს‚ შოება არსაწყენია.
[744]
25:15 თავმან მისმან‚ მუნვე მომკლავს‚ ვეჭვ‚ წამიცა არ წამაროს!
შენი ოქრო შენვე დაგრჩეს‚ მე‚ გლახ‚ მიწა მესამაროს;
მომკალ‚ კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს!
არ ითქმის და ვერცა ვიტყვი‚ რა გინდა ვინ მისაგმაროს.
[745]
25:16 გზა არ წავა თავსა წინა‚ სიცოცხლე‚ გლახ‚ ვით გათნიო?
ამიკლებს და ანუ მომკლავს: «ეგე სიტყვა ვითა სთქვიო?!
რად არ მუნვე გაიგონე‚ რად ხარ შმაგი აგეთიო?!»
სჯობს სიკვდილი აკლებასა‚ ამას თავსა აწვე ვსწვრთიო.
[746]
25:17 თუ მეფეცა გაგიშვებდეს‚ თვით ლაშქარნი რად მოღორდენ?
რად გაგიშვან‚ რად დაღორდენ‚ ანუ მზესა რად მოშორდენ?
შენ წახვიდე‚ მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ‚ გაგვისწორდენ.
ეგე ასრე არ იქმნების‚ ვითა ჩიტნი არ გაქორდენ“.
[747]
25:18 ყმა ატირდა‚ ცრემლით უთხრა: „ხამს‚ თუ დანა გულსა ვიცი;
ჰე‚ ვაზირო‚ შეგეტყვების‚ სიყვარული არ თურ იცი;
ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი?
თუ გინახავს‚ უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?!
[748]
25:19 მზე დაბრუნდა‚ არა ვიცი‚ მზესა რა ცა დააბრუნვებს!
აწ უშველოთ‚ გვიჯობს‚ იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს‚
ჩემი ჩემებრ არვინ იცის‚ რა მამწარებს‚ რა მატკბუნვებს;
ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.
[749]
25:20 მეფე ანუ მისნი სპანი‚ ნეტარ‚ ხელსა რასა მხდიან!
აწ ვითამცა უცნობოსა გაუწყვედლად ცრემლნი მდიან.
სჯობს‚ წავიდე‚ არ გავტეხნე‚ კაცსა ფიცნი გამოსცდიან;
ჭირნი‚ მისგან უნახავნი‚ დია‚ ვისმე გარდუხდიან?
[750]
25:21 აწ‚ ვაზირო‚ მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს?
რკინა‚ ჩემი მონაცვალე‚ ხამს‚ გაცვილდეს‚ არ გატინდეს;
ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა‚ ჯეონიცა თვალთათ მდინდეს‚
მომეხმარე‚ ნუთუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს.
[751]
25:22 არ გამიშვებს‚ გავიპარვი‚ წავალ მათგან შეუგებლად;
ვითა მნუკევს‚ ეგრე დავრთო გული ცეცხლთა მოსადებლად.
ვიცი‚ ჩემთვის არას გიზამს‚ თუ არ უნდი გასაძებლად;
თქვი‚ რა გინდა წაგეკიდოს‚ თავი დადევ საწამებლად!“
[752]
25:23 ვაზირმან თქვა: „შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების‚
ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა‚ სოფელიცა გაქარდების;
ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა‚ ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.
ვიტყვი‚ მოვკვდე‚ არა მგამა‚ ჩემი მზეცა თქვენ მოგხვდების!“
[753]
25:24 რა ვაზირმან ესე უთხრა‚ ადგა‚ დარბაზს გაემართა.
მეფე დახვდა შეკაზმული‚ პირი მზეებრ ეწაღმართა.
შეუშინდა‚ საწყენლისა მოხსენება ვერ შემართა‚
დაყრით დადგა‚ იგონებდა არ საქმეთა საომართა.
[754]
25:25 მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით‚ დაყმუნვებული‚
უბრძანა: „რა გჭირს‚ რა იცი‚ რად მოხვე შეჭირვებული?“
მან ჰკადრა: „არა ვიციო‚ მართ ვარ თავისა ვებული‚
მართალ ხართ‚ მომკლათ‚ რა გესმას ამბავი გაკვირვებული.
[755]
25:26 ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა მატს და არცა სდიდობს;
მეშინიან‚ თუცა შიშსა მოციქული არ დარიდობს.
აწ ავთანდილ გეთხოვების‚ მოაჯეობს‚ არ წამკიდობს‚
უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს“.
[756]
25:27 რაცა იცოდა‚ ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა‚
კვლა მოახსენა: „რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა‚
თუ რაგვარ მყოფი მინახავს‚ თუ რაგვარ ცრემლთა დენითა!
მართალ ხართ‚ თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა“.
[757]
25:28 რა მეფემან მოისმინა‚ გაგულისდა‚ გაავცნობდა‚
ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა‚ შემხედველთა შეაშთობდა;
შეუზახნა: „რა სთქვი‚ შმაგო‚ მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა!
ავსა კაცსა ურჩევნია‚ ავსამცა რას ადრე სცნობდა!
[758]
25:29 ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ადრად.
მაგის მეტი რა ვინ მიყოს‚ თუ არ მომკლას მუხთლად‚ ღადრად!
შმაგო‚ ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად!
აგრე შმაგი არ ვაზირად‚ არა ვარგ ხარ არცა სხვად რად!
[759]
25:30 ხამსცა კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დახედნეს‚
ოდენ სიტყვა უმეცრული უმეცრულად დაიყბედნეს?!
მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს!
შენ თუ მოგკლა‚ სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს!“
[760]
25:31 კვლა უბრძანა: „თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი‚
თავმან ჩემმან‚ თავსა მოგკვეთ‚ არად უნდა ამას ცილი!
წა‚ უკუდეგ‚ ავი‚ შმაგი‚ უმეცარი‚ შლეგი‚ წბილი!
შაბაშ სიტყვა‚ შაბაშ კაცი‚ შაბაშ საქმე‚ მისგან ქმნილი!“
[761]
25:32 დადრკა‚ სკამნი შემოსტყორცნა‚ ჰკრნა კედელსა‚ შეალეწნა;
დააცთუნნა‚ მაგრა მისთვის აალმასნა‚ არ აძეწნა:
„ვით მიამბე წასლვა მისი‚ ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!“
ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა.
[762]
25:33 ვაზირმან‚ გლახ‚ გამორიდნა‚ მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს‚
გამოძრწა და გამომელდა‚ გულსა წყლულსა მოიმტკივნებს;
შეის ხასობს‚ გაის ქუშობს‚ ენა ასრე მოაყივნებს‚
მტერი მტერსა ვერას ავნებს‚ რომე კაცი თავსა ივნებს.
[763]
25:34 თქვა: „ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს?
რად მოვღორდი‚ რად დავბნელდი‚ ნეტარ‚ ვინღა გამითენოს!
ვინცა კაცმან კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს‚
ჩემნი დღენი მასმცა ადგან‚ რაძი ვითა გაისვენოს!“
[764]
25:35 ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა;
ავთანდილს უთხრა დაღრეჯით‚ პირითა გამქუშავითა:
„მადლი რა გკადრო‚ აწ თქვენგან გავხასდი მე მაშა ვითა‚
ვაჲ‚ კარგი თავი უებრო დავკარგე დავაშავითა!“
[765]
25:36 ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს‚ თუცა ცრემლსა არ იწურვებს:
– მიკვირს‚ რად სცალს წყლიანობად‚ რად არ გულსა შეიურვებს! –
„ვინ არ მისცემს ქადებულსა‚ მოურავსა მოიმდურვებს‚
თქმულა: «ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს».
[766]
25:37 ვით გამხადა‚ რა მიბრძანა‚ არ ეგების ჩემგან თხრობა:
რა სიავე‚ რა სირეგვნე‚ რა შლუობა‚ რა შმაგობა!
მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ‚ აღარა მიც თავსა ცნობა;
ესე მიკვირს‚ რად არ მომკლა‚ მისცა თურე ღმერთმან თმობა.
[767]
25:38 მეცა ვიცოდი‚ რაცა ვქმენ‚ ცთომით არ წამკიდებია;
ვიაზრე‚ გამიწყრებოდა‚ ჭმუნვა მით გამდიდებია;
განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია!
შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩს‚ ჭირი არ გამცუდებია“.
[768]
25:39 ყმამან უთხრა: „შენი წყრომა მეცა განა დამიმძიმდა‚
მაგრა ქრთამი რადღა გმართებს? – გაიცინნა‚ გა-ცა-ღიმდა‚ –
შენ ადიმი გაგიმეშდა‚ არ თუ მეში გიადიმდა.
რა აქიმი დასნეულდეს‚ მისთვის ვინმცა გააქიმდა!“
[769]
25:40 მოახსენა კვლა ვაზირმან: „მე რა გინდა წამეკიდოს‚
მოიწყრომებს‚ შე-ცა-მინდობს‚ ნუთუ გული გაიწმიდოს;
შენ რასა იქ‚ ესე მითხარ‚ ჩემი ჭმუნვა გაიდიდოს!
ხამსცა‚ კაცმან სასიკვდილოდ თავსა არა არ დარიდოს!“
[770]
25:41 ყმამან უთხრა: „აღარწასლვა არ ეგების ჩემგან აროს.
იადონი მაშინ მოკვდეს‚ ოდეს ვარდმან იდამჭნაროს.
ხამს‚ უძებნოს ცვარი წყლისა‚ მისთვის თავი ყოვლგან აროს‚
ვერ უპოვოს‚ რა ქმნას‚ ანუ გული რითა დაიწყნაროს!
[771]
25:42 უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ ჯდომასა‚ ვერცა წოლასა‚
მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ‚ მათ თანა რბოლასა;
ასრე გასრულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა?
სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.
[772]
25:43 მოვახსენებ ერთხელ კვლაცა‚ აწ რაზომცა მეფე წყრების‚
ნუთუ გაბრჭოს‚ გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების;
არ გამიშვებს‚ გავიპარვი‚ რა იმედი გარდმიწყდების‚
მე თუ მოვკვდე‚ ჩემი კერძი სოფელიცა გარდიფხვრების!“
[773]
25:44 მოიუბნეს. ვაზირმან ქმნნა ჭამა-სმანი მათნი ფერნი‚
უმასპინძლა‚ ძღვენნი უძღვნნა შვენიერსა შვენიერნი‚
მისნი მყოლნი ა-ვე-ავსნა‚ მოყმენი და თუნდა ბერნი.
გაიყარნეს‚ ყმა წავიდა‚ სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.
[774]
25:45 შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან‚
სამასი თავი სტავრა-ატლასი უხვმან‚ ნიადაგ მიუმცთარომან‚
სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი ფერად არ მათმან საუარომან.
კაცი გაგზავნა ვაზირისასა‚ ესე ყველაი მისთვის არო მან.
[775]
25:46 შესთვალა‚ თუ: „რაცა გმართებს‚ ვით მოგცე და ვით გაქონო‚
ვალთა შენთა გარდსახდელად რა ნაცვალი მოვიგონო?
თუღა დავრჩე‚ შენთვის მოვკვდე‚ თავი ჩემი დაგამონო‚
სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო‚ შეგიწონო“.
[776]
25:47 მე ვითა ვთქვა უებრობა‚ სიკეთე და ქება მისი!
კაცი იყო საქმისაცა შესაფერი‚ შესატყვისი;
ასრე უნდა მოხმარება‚ გავიდოდეს ვისცა ვისი.
ოდეს კაცსა დაეჭიროს‚ მაშინ უნდა ძმა და თვისი.
[777]
© 2014, გია შერვაშიძე