ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასლვა | ||
5:1 | ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი‚ ეზროს: საბრალოა‚ ოდეს ვარდი დაეთრთვილოს‚ და-ცა-ეზროს. ვის ბალახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს‚ იგი სადმე გაღარიბდეს‚ საყოფთაგან იაბეზროს. |
[179] |
5:2 | ავთანდილ იგი მინდორი ოთხახმით გარდაიარა‚ დააგდო ზღვარი არაბთა‚ სხვათ ზღვართა არე იარა‚ მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა; თქვა: „თუ მე მასმცა ვეახლე‚ აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა“. |
[180] |
5:3 | ახალმან ფიფქმან დათოვა‚ ვარდი დათრთვილა‚ დანასა; მოუნდის გულსა დაცემა‚ ზოგჯერ მიმართის დანასა; თქვის: „ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა‚ მოვშორდი ლხინსა ყველასა‚ ჩანგსა‚ ბარბითსა და ნასა!“ |
[181] |
5:4 | ვარდი‚ მის მზისა გაყრილი‚ უფრო და უფრო ჭნებოდა‚ გულსა უთხრის‚ თუ: „დათმეო“‚ ამად არ დია ბნდებოდა. უცხო-უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა‚ მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა‚ მათ თანაემოყვრებოდა. |
[182] |
5:5 | მუნ ეძებს‚ ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად; უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი – სადებლად თავისად; თქვის: „საყვარელო‚ მოგშორდი‚ გული შენ დაგრჩა‚ ვთქვა ვისად? შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად“. |
[183] |
5:6 | ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო‚ სრულად მოიარა‚ ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა არე არა‚ მაგრა იგი მის ამბვისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა. ამას შიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა. |
[184] |
5:7 | მიხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა‚ მეტად მქისსა‚ თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს‚ ვერას შვილსა ადამისსა‚ – იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა‚ – დღე და ღამე იგონებდის საყვარელსა მასვე მისსა. |
[185] |
5:8 | მას მიხვდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა‚ გამოჩნდა მუნით მინდორი‚ სავალი დღისა შვიდისა. მის მთისა ძირსა წყალი დის‚ არად სანდომი ხიდისა‚ ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა. |
[186] |
5:9 | ზედ წაადგა‚ შეექცევის‚ დროთა‚ დღეთა ანგარიშობს; თვენი ესხნეს ორანიღა‚ ამად სულთქვამს‚ არა იშობს; „ვაჲ თუ საქმე გამიმჟღავნდეს! – კვლა ამისთვის გულმოშიშობს‚ – ავსა კარგად ვერვინ შესცვლის‚ თავსა ახლად ვერვინ იშობს“. |
[187] |
5:10 | საგონებელი შეექმნა‚ დადგა საქმისა მრჩეველად‚ თქვა: „თუ დავბრუნდე‚ ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად? ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა‚ ვიყავ რად დღეთა მლეველად; მისი ვერა ვცნა ჭორადცა‚ ვარ ვისთა გზათა მკვლეველად? |
[188] |
5:11 | თუ არ დავბრუნდე‚ საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი‚ რომელსა ვეძებ‚ ვერა ვცნნე ამბავნი მე მისთანანი‚ დრო გარდაუწყდეს შერმადინს‚ მიხვდენ ღაწვისა ბანანი‚ მივიდეს‚ ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი‚ |
[189] |
5:12 | უამბოს ჩემი სიკვდილი‚ თვით ჩემგან დავედრებული‚ მათ შექმნან გლოვა-ტირილი‚ ქმნან საქმე გამწარებული‚ მერმე მივიდე ცოცხალი მე‚ სხვაგან სადმე რებული!“ ამას იგონებს ტირილით გონებაშეიწრებული. |
[190] |
5:13 | იტყვის: „ღმერთო‚ სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ? მე ეზომნი სიარულნი კიდე რად‚ გლახ‚ გამიცუდენ? გულით ჩემით სიხარულნი აჰფხვრენ‚ ჭირნი დააბუდენ; დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერაოდეს დავიყუდენ“. |
[191] |
5:14 | კვლაცა იტყვის: „დათმობა სჯობს“‚ და თავსავე ეუბნების: „დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები‚ გული ჩემი ნუ დადნების‚ უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ‚ ცრემლი ცუდად მედინების‚ განგებასა ვერვინ შესცვლის‚ არსაქმნელი არ იქმნების. |
[192] |
5:15 | ყოვლნი არსნი ცათქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან‚ მაგრა საქმე მის კაცისა ვერასადა შემიგნიან; უღონიოდ მართალ იყვნეს‚ რომელთაცა ქაჯად თქვიან. აწ ტირილი არას მარგებს‚ ცუდად ცრემლნი რასა მდიან?“ |
[193] |
5:16 | მთით ჩამოვიდა ავთანდილ‚ გავლნა წყალი და ტყენია‚ მინდორს აცორვებს ტაიჭსა‚ შეჟღრენით მონაწყენია. გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია‚ ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია. |
[194] |
5:17 | მობრუნვება დააპირა‚ სულთქვნა‚ მერმე ივაგლახა‚ მას მინდორსა დაემართა‚ გზა თვალითა გამოსახა; თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა‚ მხეცნი იყვნეს საშინელნი‚ მაგრა არა შეუზახა. |
[195] |
5:18 | თუცა მხეცქმნილი ავთანდილ გულამოსკვნით და კვნესით-ა‚ ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა‚ ისრითა მოკლა ნადირი‚ როსტომის მკლავუგრძესითა‚ შამბისა პირსა გარდახდა‚ ცეცხლი დააგზო კვესითა. |
[196] |
5:19 | ცხენსა მისცა საძოვარი‚ ვირე წვადი შეიწოდეს; ექვსნი რამე ცხენოსანნი‚ ნახა‚ მისკენ მოვიდოდეს; თქვა‚ თუ: „ჰგვანან მეკობრეთა‚ თვარა კარგი რამც იცოდეს! აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს“. |
[197] |
5:20 | ხელთა ჰქონდა ისარ-მშვილდი‚ მათკე მივა მხიარული. ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული‚ თავსა იყო დაკოდილი‚ შეებნიდა სისხლსა გული‚ ტიროდეს და იჭირვოდეს‚ ცოტა ედგა მას‚ გლახ‚ სული. |
[198] |
5:21 | უყივლა‚ თუ: „ძმანო‚ ვინ ხართ? მეკობრეთა დაგამსგავსენ!“ მათ მიუგეს: „დაგვიწყნარდი‚ გვიშველე რა‚ ცეცხლნი ავსენ‚ ვერა გვარგო‚ მოგვიმატენ‚ ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ‚ სატირელნი მოგვიტირენ‚ ღაწვნი შენცა დაიმხავსენ!“ |
[199] |
5:22 | ავთანდილ მიდგა‚ ეუბნა მათ კაცთა გულმდუღარეთა; მათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა: „ჩვენ ვართო ძმანი სამნივე‚ – მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა‚ – დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხატაეთს არემარეთა. |
[200] |
5:23 | კარგი გვესმა სანადირო‚ ნადირობას წამოვედით‚ გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი‚ წყლისა პირსა გარდავხედით‚ სანადირო მოგვეწონა‚ თვესა ერთსა არ წავედით‚ ვხოცდით მხეცსა უზომოსა მინდორით და მთით და ქედით. |
[201] |
5:24 | ჩვენ‚ სამთა ძმათა‚ ჩვენ თანა მესროლნი დავაწბილენით‚ მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით: «მე უკეთ მოვჰკლავ‚ მე გჯობო»‚ სიტყვანი ვავაქილენით‚ ვერ გავაჩინეთ მართალი‚ ვისარჩლეთ‚ ვითაკილენით. |
[202] |
5:25 | დღეს ავჰყარენით ლაშქარნი‚ სავსენი ირმის ტყავითა‚ ვთქვით: «გავაჩინოთ მართალი‚ ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა‚ თავსა ვეახლნეთ მარტონი‚ დავდგეთ მართ ოდენ თავითა‚ თვითდანახულსა მოვჰკლვიდეთ‚ ნუ ვისრით დამნახავითა!» |
[203] |
5:26 | ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია‚ ლაშქართა წასლვა უბრძანეთ‚ მით არას მოაზრენია‚ მოვინადირეთ მინდორი‚ ისი ტყენი და ღრენია‚ დავხოცეთ მხეცი‚ მფრინველი არცა ზე გარდაგვფრენია. |
[204] |
5:27 | ანაზდათ მოყმე გამოჩნდა კუშტი‚ პირგამქუშავია‚ ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა‚ – მერანი რამე შავია‚ – თავსა და ტანსა ემოსა გარეთმა ვეფხის ტყავია‚ ჯერთ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია. |
[205] |
5:28 | უჭვრიტეთ‚ მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით‚ ვთქვით‚ თუ: «მზეაო ქვეყანად‚ ნუ ვეუბნებით ცად ენით!» მისი მოგვინდა შეპყრობა‚ ვჰკადრეთ და შევეცადენით‚ ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ‚ ცრემლისაცა დენით. |
[206] |
5:29 | მე‚ უხუცესმან‚ უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით; ჩემმან შედეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით; ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა‚ უალლეთ ჩვენ ნებით‚ მივმართეთ‚ იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით. |
[207] |
5:30 | ბროლმან‚ ლალსა გარეულმან‚ ვარდნი თხელნი ანატიფნა‚ იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გააყიფნა: არ აგვიხვნა‚ არცა დაგვსხნა‚ ყოლა არად ამოგვკრიფნა‚ მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა! |
[208] |
5:31 | უმცროსსა ძმასა მივეცით‚ უფროსნი დავეზიდენით; ხელი მოჰკიდა‚ «დადეგო»‚ ესეცა ჰკადრა კიდ ენით; მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო‚ ჩვენ ამად დავერიდენით‚ თავსა გარდაჰკრა მათრახი‚ ვნახეთ სისხლისა კი დენით. |
[209] |
5:32 | მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა‚ ვითა მკვდარი უსულოქმნა‚ ვითა მიწა დაამიწა‚ მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა‚ მოაწიწა‚ თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი‚ კუშტი‚ ამაყი‚ წა-! |
[210] |
5:33 | აღარ დაბრუნდა‚ წავიდა წყნარად და აუჩქარებლად‚ აგერა მივა‚ ნახეო‚ იგი მზეებრ და მთვარებლად“. შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად‚ ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად. |
[211] |
5:34 | აჰა‚ მიხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არდათოვნა‚ რათგან ცუდად არ წაუხდა მას ეგზომი გარეთ ყოვნა. კაცსა მიხვდეს საწადელი‚ რას ეძებდეს‚ მისი პოვნა‚ მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა. |
[212] |
5:35 | უთხრა‚ თუ: „ძმანო‚ ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა‚ მე იმა ყმისა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა‚ აწ თქვენგან მივხვდი საქმესა ყოლა არსაადვილოსა‚ . ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქს თქვენსა დასაღრეჯილოსა! |
[213] |
5:36 | ვითა მე მივხვდი წადილსა‚ ჩემსა გულისა ნებასა‚ აგრემცა ღმერთი ნურას იქს ძმისა თქვენისა ვნებასა!“ უჩვენა მისი სადგომი: „მიდითო ნება-ნებასა‚ ჩრდილსა გარდასვით მაშვრალი‚ მიეცით მოსვენებასა!“ |
[214] |
5:37 | ესე უთხრა და წავიდა‚ ცხენი გაქუსლა დეზითა‚ ვითა გავაზი გაფრინდა‚ არგაშვებული ხეზითა‚ ან მთვარე‚ მზისა შემყრელი‚ მზე სინათლითა ზეზითა. დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა. |
[215] |
5:38 | მიეწურა‚ იგონებდა‚ ახლოს შეყრა ვითა აგოს: „საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს! ხამს‚ თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს‚ არსიწყნარე გონებისა მოიძულოს‚ მოიძაგოს. |
[216] |
5:39 | რათგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად‚ რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად‚ მივეწევი‚ შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად‚ ანუ მოვჰკლავ‚ ანუ მომკლავს‚ დაიმალვის მეტისმეტად“. |
[217] |
5:40 | ავთანდილ იტყვის: „ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი? რაცაღა არის‚ არ არის‚ თუმცა არ ედგნეს ბუდენი; სადაცა მივა‚ მივიდეს‚ რამცა მოვლიდეს ზღუდენი‚ მუნაღა ვძებნნე ღონენი ჩემნი არდასამრუდენი“. |
[218] |
5:41 | წინა-უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი‚ – დღისით და ღამით მაშვრალნი‚ არ საჭამადთა მჭამენი‚ – არსადა ხანი არ დაყვეს‚ ერთნი თვალისა წამენი. მათ თვალთათ ცრემლნი სდიოდეს‚ მინდორთა მოსალამენი. |
[219] |
5:42 | დღისით ვლეს და საღამოჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი‚ კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს‚ ძირსა – წყალი ჩანადენი‚ წყლისა პირსა‚ არ ითქმოდა‚ შამბი იყო თუ რასდენი‚ ხე დიდრონი‚ თვალუწდომი‚ მაღლა კლდემდის ანაყრდენი. |
[220] |
5:43 | მან ყმამან ქვაბსა მიმართა‚ გავლნა წყალი და ტყენია; ავთანდილ ცხენსა გარდახდა‚ მონახნა დიდნი ხენია; მას ზედა ჭვრეტად გავიდა‚ ძირსა დააბა ცხენია‚ მუნით უჭვრეტდა‚ იგი ყმა მივა ცრემლმინადენია. |
[221] |
5:44 | რა ტყენი გავლნა მან ყმამან‚ მოსილმან ვეფხის ტყავითა‚ ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა‚ ატირდა მაღლად ცრემლითა‚ ზღვათაცა შესართავითა‚ იგი ყმა ცხენსა გარდახდა‚ ყელსა მოეჭდო მკლავითა. |
[222] |
5:45 | იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა‚ ერთმანერთსა ეხვეოდეს – ყმა ქალსა და ქალი ყმასა; იზახდიან‚ მოსთქმიდიან‚ მოსცემდიან კლდენი ხმასა. ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა. |
[223] |
5:46 | სული დაიღო მან ქალმან‚ დასთმო გულისა წყლულობა‚ ქვაბს შეიყვანა ტაიჭი‚ მოჰხადა აკაზმულობა‚ მას ყმასა შეჰხსნა‚ შეიღო აბჯრისა წელმორტყმულობა; შინა შევიდეს‚ მას დღესა გარდახდა გამოსრულობა. |
[224] |
5:47 | ავთანდილს უკვირს‚ „ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?!“ გათენდა‚ ქალი გამოდგა‚ მოსილი მითვე ფერითა‚ შავსა აუდვა ლაგამი‚ სწმედდა რიდისა წვერითა‚ შეკაზმა‚ მოაქვს აბჯარი წყნარად‚ არ რამე ჩხერითა. |
[225] |
5:48 | მის მოყმისა წესი იყო‚ მეტსა თურე არა ეჯდა. ქალი ტირს და მკერდსა იცემს‚ თმისა ტევრსა გაიგლეჯდა; ერთმანერთსა მოეხვივნეს‚ აკოცა და ცხენსა შეჯდა; ქალი‚ აგრე დაღრეჯილი‚ კვლა უფრორე დაიღრეჯდა. |
[226] |
5:49 | ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე‚ კაცისა‚ ულვაშაშლილი‚ წვერგამო‚ „ნუთუ მზეაო‚ – თქვა‚ – ცისა!“ ეყნოსა სული ალვისა‚ ქართაგან მონატაცისა; ასრე უჩს მოკლვა ლომისა‚ მართ ვითა ლომსა – ვაცისა. |
[227] |
5:50 | მასვე გზასა წამოვიდა‚ რომე გუშინ შეეარა‚ შამბი გავლო‚ გაეშორა‚ თავი მინდორს გააგარა. ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით‚ მალვით ხესა მოეფარა‚ თქვა‚ თუ: „ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა. |
[228] |
5:51 | აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვაჯობინო? ქალი შევიპყრა‚ მის ყმისა ამბავი ვაამბობინო‚ ჩემიცა უთხრა ყველაი‚ მართალი გავაბრჭობინო‚ მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა‚ არცა მას დავასობინო“. |
[229] |
5:52 | ჩამოვიდა‚ ცხენი ახსნა‚ მისგან ხესა გამობმული‚ ზედა შეჯდა‚ გაემართა‚ ქვაბი დახვდა კარგახმული: მუნით ქალი გამოიჭრა გულმდუღარე‚ ცრემლდასხმული‚ ეგონა‚ თუ: დაბრუნდაო პირი ვარდი‚ ბროლბაკმული. |
[230] |
5:53 | ვერ იცნა‚ – სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა‚ – ფიცხლა გაიქცა‚ მიმართა ზახილით კლდესა და ხესა; ყმა გარდაიჭრა‚ დააბა‚ ვითა კაკაბი მახესა; ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთსახესა. |
[231] |
5:54 | მას ყმასა თავი არ მისცა‚ ჭვრეტადცა ებილწებოდა‚ ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ძრწებოდა‚ ტარიელს ვისმე უზახდა მწედ‚ თუცა არ ემწებოდა‚ ავთანდილ მუხლთა უყრიდა‚ თითითა ეხვეწებოდა. |
[232] |
5:55 | ეტყოდა. „სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ‚ ადამიანი! უფეროქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი‚ მისი რა მითხარ‚ ვინ არის ტანსარო‚ პირბაკმიანი‚ სხვად არას გიზამ‚ ნუ გეშის‚ ნუ ჰყივი აგრე ხმიანი“. |
[233] |
5:56 | ქალი ეტყოდა ტირილით‚ სარჩელი უგავს ბრჭობასა: „თუ არ შმაგი ხარ‚ დამეხსენ; შმაგი ხარ‚ მოდი ცნობასა! აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა; ცუდად ნუ სცთები‚ ნუ ელი მაგა ამბვისა მბობასა!“ |
[234] |
5:57 | კვლა ეტყვის: „ყმაო‚ რა გინდა‚ ანუ მენუკევ მე რასა? მაგა საქმესა ვერა იქს ვერცა კალამი წერასა. შენ ერთხელ იტყვი‚ «მითხარო»‚ მე ასჯერ გითხრობ «ვერასა». ვითა სიცილი ტირილსა‚ მიჯობს ვაგლახი მღერასა“. |
[235] |
5:58 | „ქალო‚ არ იცი‚ სით მოვალ‚ რა ჭირნი მომითმენიან‚ ოდითგან ვეძებ ამბავთა‚ ესე არვისგან მსმენიან; შენ მიპოვნიხარ‚ სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან‚ ვერ დაგეხსნები‚ მიამბე‚ ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!“ |
[236] |
5:59 | ქალმან უთხრა: „რას შეგესწარ‚ მე ვინ ვარ და ანუ შენო? მზე არ მახლავს‚ შეგეტყვების‚ თრთვილო‚ ასრე მით მაწყენო! გრძელი სიტყვა საწყინოა‚ ასრე მოკლედ მოგახსენო: ვერასათვის ვერ გიამბობ‚ რაცა გინდა‚ იგი ქმენო!“ |
[237] |
5:60 | კვლაცა ჰკითხა ზენარობით‚ მიუყარნა მუხლნი წინა‚ მაგრა ვერა ვერ დაჰყარა‚ მუდარობა მოეწყინა‚ პირსა ზედა გაგულისდა‚ თვალთა სისხლი მოედინა‚ ადგა‚ თმათა წამოზიდნა‚ ყელსა დანა დააბრჯინა. |
[238] |
5:61 | ეგრე უთხრა: „მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო‚ რაგვარა თუ ამატირო‚ ცრემლი ცუდად დამადინო? გიჯობს‚ მითხრა‚ ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო‚ თვარა‚ ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას‚ ვითა მოგაკვდინო!“ |
[239] |
5:62 | ქალმან უთხრა: „ეგე ღონე მოიგონე მეტად ავი: თუ არ მომკლავ‚ არ მოვკვდები‚ მრთელი ვარ და მოუკლავი. რად რა გითხრა‚ სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი? კვლა თუ მომკლავ‚ სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი“. |
[240] |
5:63 | კვლა ეტყვის: „ყმაო‚ რად მპოვე‚ ვინ მეუბნები მე‚ ვინო? ეგე ამბავი ცოცხალსა ნებითა ვერ მათქმევინო! მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო‚ ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო. |
[241] |
5:64 | ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჟად ნურად გგონია‚ მით რომე დამხსნი ტირილსა‚ შემშრების ცრემლთა ფონია; ჩალად მიჩს ყოვლი სოფელი‚ მისთვისვე შემიწონია; ვერ გიცნობ‚ ვინ ხარ‚ ვის გითხრნე სიტყვანი მისანდონია?“ |
[242] |
5:65 | ყმამან თქვა‚ თუ: „არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა‚ სხვასა რასმე მოგონება‚ სჯობს საქმისა გამორჩევა“. გაუშვა და ცალკე დაჯდა‚ ტირს‚ დაუწყო ცრემლთა ფრქვევა‚ ქალსა უთხრა: „გაგარისხე‚ აწ‚ ესე თქვი‚ ვით დავრჩე‚ ვა!“ |
[243] |
5:66 | ქალი დაუჯდა კუშტგვარად‚ ქუშობს‚ ჯერთ არ დამტკბარია; ავთანდილ ქვე ზის ტირილად‚ აღარას მოუბარია; ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია. კვლა იქით ქალი ატირდა‚ მისთვის გულნალმობარია. |
[244] |
5:67 | ყმა მტირალი შეებრალა‚ ამად ცრემლნი ცხელნი ღვარნა‚ მაგრა უჯდა უცხოს უცხო‚ არ ბაგენი აუბარნა; ყმამან ცნა‚ თუ: „გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა“. ცრემლდენილი შეეხვეწა‚ ადგა‚ მუხლნი მიუყარნა. |
[245] |
5:68 | უთხრა: „ვიცი‚ აღარ ვარგ ხარ შენ აწ ჩემად დასადობლად‚ გაგარისხე‚ დარჩომილ ვარ ღარიბად და ამად ობლად; აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად‚ ამად რომე შეცოდება შვიდგზის თქმულა შესანდობლად. |
[246] |
5:69 | თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე‚ მიჯნურისა შებრალება ხამს‚ ესეცა გაიგონე! სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ‚ არვინ არის ჩემი ღონე; სულთა მოგცემ გულისათვის‚ სხვა მეტიმცა რა გაქონე!“ |
[247] |
5:70 | რა ქალსა მიხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება‚ გულამოხვინჩვით დაიწყო ასკეცთა ცრემლთა დინება‚ კვლა გაამრავლა ზახილით ტირილი‚ არგაცინება. ავთანდლს ღმერთმან წადილი მისცა‚ გულისა ლხინება. |
[248] |
5:71 | იტყვის‚ თუ: „ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების‚ ვისთვისმე ხელი უცილოდ‚ მას ცრემლი ემალმალების“. კვლა უთხრა: „დაო‚ მიჯნური მტერთაცა შეებრალების; ესეცა იცი‚ სიკვდილსა თვით ეძებს‚ არ ეკრძალების. |
[249] |
5:72 | ვარ მიჯნური‚ ხელი ვინმე‚ გაუძლებლად სულთა დგმისად‚ ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად‚ ღრუბელიცა ვერ მიხვდების მე მისრულ ვარ სადა‚ მი-‚ სად! გული თქვენი მიპოვნია‚ მისი შენად‚ შენი მისად. |
[250] |
5:73 | მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე‚ მისთვის ხელმან‚ გამოჭრილმან ლხინი ჩემი ვაალქატე. ორისაგან ერთი მიყავ: ტყვემქმენ ანუ მააზატე‚ ან მაცოცხლე‚ ანუ მომკალ‚ ჭირი ჭირსა მომიმატე!“ |
[251] |
5:74 | ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი: „ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი. წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა ჩამოსთესი‚ აწ მოყვარე გიპოვნივარ‚ დისაგანცა უფრო დესი. |
[252] |
5:75 | მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე‚ არ ეგების‚ ამას იქით თუცა თავი არ გამონე‚ არ შენ მოგეც თავი ჩემი‚ დაგაბნიე‚ დაგაღონე; შენთვის მოვკვდე‚ ამისებრი მემცა საქმე რა ვიღონე! |
[253] |
5:76 | აწ რაცა გითხრა‚ თუ ამა საქმესა დამმორჩილდები‚ რასაცა ეძებ‚ მიხვდები‚ უცილოდ არ ასცილდები; თუ არ მოისმენ‚ ვერ ჰპოვებ‚ რაზომცა ცრემლსა მილდები‚ მოგხვდების მდურვა სოფლისა‚ მოჰკვდები‚ გა-ცა-სწბილდები“. |
[254] |