წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი | ||
40:1 | მიუწერა: „წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება. შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება; შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება. შეყრა არის პირიანი, ორთავეა რათგან ნება“. |
[1096] |
40:2 | ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე! მიუწერა: „კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე, აწ ვიქმნები თავისწინა, აქა მპოვე მარტო სამე, მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე!“ |
[1097] |
40:3 | მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა, შეღამდა და წა-ცა-ვიდა; სხვა ემთხვია მონა გზასა: „ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა“. მას ეწყინა, არ დაბრუნდა, თქვა, თუ: „ჰგავსო ეგე რასა!“ |
[1098] |
40:4 | წვეული აღარ დაბრუნდა კვლა ზევე უკუწვევითა. ფატმან ზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტოხე ვითა, დიაცსა წყენა შეატყვა, ნახა შესლვითა, შე, ვითა, ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა. |
[1099] |
40:5 | ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი; შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტანნაკვთიანი, შემოვლო ახლოს, შემოჰყვა მონა ხრმალდარაკიანი; დაჰკრთა, რა ნახა ავთანდილ: „ჰგავსო, თუ გზაა კლდიანი“. |
[1100] |
40:6 | ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა. მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა; უთხრა: „არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი და მო კრთოლასა, გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა! |
[1101] |
40:7 | გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად, მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად: ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად, დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად!“ |
[1102] |
40:8 | ესე თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლნა კარნი; ფატმან შექმნა თავსა ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი, ცრემლთა მისთა შეეყარნეს, წყაროსაებრ ისმნეს წკარნი; თქვა: „დამქოლეთ, მოდით, ქვითა, მომადეგით მომაკარნი!“ |
[1103] |
40:9 | მოსთქვამს: „მოვკალ, ჰაჲჰაჲ, ქმარი, ამოვსწყვიდენ წვრილნი შვილნი, იავარვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი, გავეყარე საყვარელთა, ვაჲ, გამზრდელნი, ვაჲ, გაზრდილნი! ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი“. |
[1104] |
40:10 | ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული; უბრძანა: „რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული? რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული? დადუმდი, მითხარ, ვინ იყო ანუ რად საქმედ რებული?“ |
[1105] |
40:11 | დიაცმან უთხრა: „ჰე, ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა, ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა; დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა. თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა. |
[1106] |
40:12 | ესეგვარი დია მიხვდეს სიტყვამცთარსა, ენამეტსა, ხვაშიადთა ვერმმალავსა, უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა; ვაგლახითა მეწიენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა, მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა. |
[1107] |
40:13 | ორისაგან ერთი ქმენით, ამის მეტსა ნურას ლამით: მო-ვითა-ჰკლავ იმა კაცსა, წადი, მოკალ მალვით ღამით, მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით! მოხვალ, გითხრობ ყველაკასა, მო-ვით-გითხრა ცრემლთა ლამით. |
[1108] |
40:14 | თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა, დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიკრიფე, მი-რითა, ვეჭვ, რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა, თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა“. |
[1109] |
40:15 | რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნებაზიარსა, ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მხნე არსა! „ამა საქმისა ვერცნობა, – თქვა, – ჩემი სიძუნტე არსა“. ნუ ეჭვ სულდგმულსა მისებრსა, სხვა არცა მისებრი არსა! |
[1110] |
40:16 | ფატმანს უთხრა: „კაცი მომეც მასწავლელად, წინამძღვარად, გზასა მართლად წამიყვანოს, თვარა მეშვლად მინდა არად; იმა კაცსა ვერა ვხედავ მეომარად ჩემად დარად, რაცა უყო, მოგახსენებ, მომიცადე, იყავ წყნარად“. |
[1111] |
40:17 | მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად, წა-ცა-მყვანელად, კვლავე შეჰყივლა: „ვინათგან ცეცხლი აწ ცხელია ნელად, თუ მო-ვითა-ჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად, ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად“. |
[1112] |
40:18 | ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა; ზღვის პირსა სახლი ნაგები დგა ქვითა წითელ-მწვანითა, ქვეშეთკენ სრითა ტურფითა, კვლა ზედათ ბანისბანითა, დიდროვანითა, ტურფითა, მრავლითა, თანისთანითა. |
[1113] |
40:19 | მუნ მიჰყავს პირმზე ავთანდილ მას, მისსა წინამძღომელსა; ხმამდაბლად ჰკადრებს: „ისია სრა მისი, ეძებ რომელსა“. უჩვენებს, ეტყვის: „ხედაო ბანსა ზე და ქვე მდგომელსა? იქი წევს ძილად, იცოდი, ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა“. |
[1114] |
40:20 | კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას, გლახ, ყმასა. ყმა გავიდა, გაეპარა, დააგდებდეს ვირე ხმასა, თითო ხელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცა სულთა ხდასა, თავი თავსა შეუტაკა, გაურია ტვინი თმასა. |
[1115] |
40:21 | იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა; ხელსისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა; ვეღარ აესწრა, იდუმალ მოკლა, ვერცა თუ ვცანითა, ხელი მოჰკიდა, მიწასა დაასკვნა, დაკლა დანითა. |
[1116] |
40:22 | მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია. ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, ქვესკნელს მიწათა გარია, ზღვათაკენ სარკმლით გასტყორცა, ზღვისა ქვიშათა დარია, მისთვის არცაღა სამარე, არცა სათხარად ბარია. |
[1117] |
40:23 | ხმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა. წამოვიდა ვარდი ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა! ესე მიკვირს, სისხლი მათი ასრე ვითა მოიპარა! რომე წეღან წამოევლო, გზა იგივე წაიარა. |
[1118] |
40:24 | რა ფატმანისსა შევიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი, უბრძანა: „მოვკალ, მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი, თვით მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღმრთიანი, აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქვს სისხლიანი. |
[1119] |
40:25 | აწ მითხარ, თუ: რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად? რას გექადდა ისი კაცი? მესწრაფების მეტისმეტად“. ფატმან ფერხთა მოეხვია: „არ ღირს ვარო პირსა ჭვრეტად, გამიმრთელდა გული წყლული, აწყა დავჯე ცეცხლთა შრეტად. |
[1120] |
40:26 | მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით; ლომო, ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით! ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრევა დავიქადენით, თავითგან გითხრობ ყველასა, თქვენ სმენად დაემზადენით“. |
[1121] |