ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისლვა | ||
52:1 | ზღვათა მეფისა წინაშე გაგზავნა მახარობელი, შესთვალა: „მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი; ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი; მწადიან, გნახნე პატივით, ვითა მამა და მშობელი. |
[1429] |
52:2 | აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია; მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია; ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია, ამისად მუქფად რა გიძღვნა? მძულს ცუდი ნაქადებია. |
[1430] |
52:3 | მოდი, გვნახენ, გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე, სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი, ჩემგან შეიწირე, კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე, მე ვისწრაფი, ვერა გნახავ, შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე. |
[1431] |
52:4 | თქვენ უბრძანეთ ჩემ მაგიერ უსენს, ქმარსა ფატმანისსა, გამოგზავნოს, ეამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა; მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა, ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა!“ |
[1432] |
52:5 | რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, – წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთობელსა, – მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა, მაშინვე შეჯდა, არ უნდა მისლვა სხვასაღა მხმობელსა. |
[1433] |
52:6 | ბარგი აჰკიდა, გააგო ქმნა ქორწილისა მათისა, მას მიაქვს რიცხვი ტურფათა, არს სიდიადე სათისა; ფატმან ჰყავს თანა, იარეს სავალი დღისა ათისა; უხარის ნახვა ლომისა და მზისა, ხმელთა მნათისა. |
[1434] |
52:7 | შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა, გარდახდეს, მდაბლად აკოცეს, გა-რე-სწყდეს ჯარსა სპათასა; შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა; ქალი რა ნახეს, სტრფიალობს შუქსა მას ბროლ-ბაკმათასა. |
[1435] |
52:8 | ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი, მოეხვია, გარდუკოცნა ხელი, ფერხი, პირი, ყელი; იტყვის: „ღმერთო, რა გმსახურო, გამინათლდა რათგან ბნელი! ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია შენი გრძელი“. |
[1436] |
52:9 | ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყვის, არ გამწყრალი: „ღმერთმან გული გამინათლა გახეთქილი, გა-ცა-მწკრალი, აწ აგრე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი, მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვჩან არდამზრალი“. |
[1437] |
52:10 | ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა, ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა, უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა, პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთენ ვითა ხიდსა. |
[1438] |
52:11 | მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა; ტარიელს უძღვნა გვირგვინი, ვერდანადები ფასისა, იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა, კვლა ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა. |
[1439] |
52:12 | ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა, შემკული თვალითა, იაგუნდითა წითლითა, ბალახშითა და ლალითა; დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი პირითა ელვამკრთალითა. მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა. |
[1440] |
52:13 | ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი: ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თითო ცხენი, თითო კაბა თვალიანი, უცხოფერთა შუქთა მფენი, მოახსენეს: „მადლი რა ვთქვათ, სვიანმცაა დავლა თქვენი!“ |
[1441] |
52:14 | ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფასიტყვითა ენითა: „დიდად ვიამე, მეფეო, პირველ, ნახვითა თქვენითა, მერმე, აგვავსენ მრავლითა ტურფაფერითა ძღვენითა, ვიცი, შორიშორ არჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვქმენითა“. |
[1442] |
52:15 | ზღვათა მეფე მოახსენებს: „ხელმწიფეო, ლომო, ქველო, მოახლეთა სიცოცხლეო, ვერამჭვრეტთა შორით მკლველო, მსგავსი თქვენი რამცა მეძღვნა, შვენიერო სანახველო! რა მოგშორდე, რა მერგების, საჭვრეტელად სასურველო?!“ |
[1443] |
52:16 | ტარიელ ფატმანს უბრძანა: „მე თავი შენი მიდია; დავ, გული შენი ჩემზედა გარდაუხდელი, დიდია; აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია, მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია“. |
[1444] |
52:17 | ფატმან ხათუნ თაყვანისსცა, ჰკადრებს მადლსა მეტისმეტსა: „მე, მეფეო, ნახვა შენი მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა; რა მოგშორდე, რა ვიქმნები? მე დამაგდებ ვითა რეტსა. ახ, ნეტარძი მოახლეთა! ვაგლახ თქვენსა ვერამჭვრეტსა!“ |
[1445] |
52:18 | ზღვათა მეფესა ეტყვიან ორნივე შუქთა მაფენი, კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი: „უთქვენოდ მყოფთა არ გვინდან ნიშატნი საჩანგდაფენი, მაგრა გაგვიშვენ, წავიდეთ, ჟამია, ვართ მოსწრაფენი. |
[1446] |
52:19 | შენ იყავ ჩვენი მშობელი, ჩვენგან ღმრთად საესავიო, მაგრა ამასცა ვიაჯით, გვიბოძო ერთი ნავიო“. მეფემან ბრძანა: „არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო, რათგან ისწრაფი, რა გკადრო? წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო!“ |
[1447] |
52:20 | მეფემან ნავი-ხომალდი მოკაზმა ზღვისა კიდესა. გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა, თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა, ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა. |
[1448] |
52:21 | გამოვლნეს ზღვანი სამთავე ერთგან, ძმად შენაფიცართა, კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა; შვენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არუიცართა, ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა. |
[1449] |
52:22 | მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად, კვლა ფრიდონის თავადთასა – ნაომართა მათთა მთხრობლად; „მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად, ჩვენ, დამზრალნი აქანამდის, აწ გავხედით დაუზრობლად“. |
[1450] |
52:23 | იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა, მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდახდომა ჭირისა, მივიდეს, სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა, მოეგებნიან, ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა. |
[1451] |
52:24 | მუნ მიეგება ყოველი ფრიდონის დიდებულები. ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები, ნესტან-დარეჯანს მოეჭდო, რომე ვერ გაჰხსნის ცულები, აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები. |
[1452] |
52:25 | ნესტან-დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა; უბრძანა: „ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა, აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა, ვცან, მისი არ სიძვირითა, მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიხდი რითა!“ |
[1453] |
52:26 | ასმათ ჰკადრა: „მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახეთ არდაზრულნი, ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი, სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს, ოდეს გნახენ მხიარულნი“. სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი. |
[1454] |
52:27 | დიდებულთა თაყვანისსცეს, მოახსენეს დიდი ქება: „რომე ღმერთმან გაგვახარნა, – კურთხეულ არს მისი ღმრთება! – ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება; წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალუც განკურნება“. |
[1455] |
52:28 | მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაკოცნეს. მეფე ეტყვის: „ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს, იგი შვება საუკუნო ცხადად პოვეს, არ იოცნეს, ერთსა მიხვდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს. |
[1456] |
52:29 | თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია, მაგრა მათ მიხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია“. ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია, ნარგისთათ იძრვის ბორიო, ვარდსა ზრავს, იანვარია. |
[1457] |
52:30 | მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ნახეს, რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, სულთქმით ახეს; დადუმდეს და მოახსენეს: „რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს, თქვენთა მჭვრეტთა მღერა მართებს, რასათვისმცა ივაგლახეს! |
[1458] |
52:31 | ვინ ღირსა თქვენსა ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა! თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა“. კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა: „ნურათ იქთ გამწარებასა, ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!“ |
[1459] |
52:32 | ავთანდილცა მიუმტკივნა, ეტყვის დიდსა სიმძიმილსა; მათ შეასხეს ქება, უთხრეს: „თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა, რათგან მიხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა, აღარა ვსტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა“. |
[1460] |
52:33 | მივიდეს, სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია; სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია, დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია, მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია. |
[1461] |
52:34 | შუკათათ მოდგეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია; შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვს მათ აბჯარია; მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია, მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია. |
[1462] |
52:35 | გარდახდეს ფრიდონისასა, სრა ნახეს მოსაწონები. გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები, ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები, თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები. |
[1463] |