ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება | ||
38:1 | სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის: გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის, მართ ანაზდათ გიღალატებს, გაჰკვეთს, რაცა დაესობის, მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის. |
[1082] |
38:2 | ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა, სიყვარული მეტისმეტი მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა. დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა, იტყვის: „რა ვქმნა, რა მერგების!“, აწვიმებდა, ცრემლთა ღვრიდა. |
[1083] |
38:3 | „მიღმა უთხრა, ვაჲ თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს! თუ არ უთხრა, რაგვარ გავსძლო, ცეცხლი უფრო გამიხშირდეს. ვთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს; მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!“ |
[1084] |