ტარიელისაგან თავის ამბვის მბობა‚ ოდეს ავთანდილს უამბო | ||
8:1 | ისმენდი‚ მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა‚ საუბართა და საქმეთა ვითა ძლივ ვათქმევ ენასა! იგი‚ ვინ ხელმქმნა‚ მოველი მისგან აროდეს ლხენასა‚ ვისგან შეუცავ სევდასა‚ სისხლისა ღვართა დენასა. |
[311] |
8:2 | ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი: ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა‚ თვით იყო მპყრობელი‚ უხვი‚ მდიდარი‚ უკადრი‚ მეფეთა ზედა მფლობელი‚ ტანად ლომი და პირად მზე‚ ომად მძლე‚ რაზმთა მწყობელი. |
[312] |
8:3 | მამა ჩემი ჯდა მეშვიდედ‚ მეფე მებრძოლთა მზარავი‚ – სარიდან ერქვა სახელად‚ – მტერთა სრვად დაუფარავი; ვერვინ ჰკადრებდის წყენასა‚ ვერ ცხადი‚ ვერცა მპარავი; ნადირობდის და იშვებდის საწუთროგაუმწარავი. |
[313] |
8:4 | ხალვა მოსძულდა‚ შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები. თქვა: «წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები‚ ყოვლგნით გამისხმან‚ მორჭმით ვზი‚ მაქვს ზეიმი და ზარები»; ბრძანა: «წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები». |
[314] |
8:5 | ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა‚ შესთვალა: «შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა; აწ მე მწადს‚ თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა‚ სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა». |
[315] |
8:6 | ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბვისა მცნობელმან. შესთვალა: «ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან‚ რათგან ეგე ჰქმენ მეფემან‚ ჩემებრ ინდოეთს მპყრობელმან. აწ მოდი‚ ასრე პატივგცე‚ ვითა ძმამან და მშობელმან». |
[316] |
8:7 | ერთი სამეფო საკარგვად‚ უბოძა ამირბარობა. თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირსპასალარობა. მეფედ რა დაჯდა‚ არა აქვს ხელისა მიუმწვდარობა; სხვად პატრონია‚ მართ ოდენ არა აქვს კეისარობა. |
[317] |
8:8 | თვით მეფემან მამა ჩემი დაიჭირა სწორად თავსა. თქვა: «ჩემებრი ამირბარი‚ ნაძლევი ვარ‚ ვისმცა ჰყავსა!» ლაშქრობდის და ნადირობდის‚ აძლევდიან მტერნი ზავსა. მას არა ვჰგავ ასრე‚ ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა. |
[318] |
8:9 | ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა‚ ჭმუნვა ჰქონდა‚ ჟამი იყო‚ მით აეხვნეს სპანი ზარსა. ვაჲ‚ კრულია დღემცა იგი‚ მე მივეცი ამირბარსა! მეფემან თქვა: «შვილად გავზრდი‚ თვით ჩემივე გვარი არსა». |
[319] |
8:10 | მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად‚ საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად‚ ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად; მოვიწიფე‚ დავემსგავსე მზესა თვალად‚ ლომსა – ნაკვთად. |
[320] |
8:11 | ასმათ‚ შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერმიხდილისა‚ მზესა მე ვსჯობდი შვენებით‚ ვით ბინდსა – ჟამი დილისა; იტყოდეს ჩემნი მნახავნი: «მსგავსია ედემს ზრდილისა». აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა. |
[321] |
8:12 | მე ხუთისა წლისა ვიყავ‚ დაორსულდა დედოფალი“. ესე რა თქვა‚ ყმამან სულთქვნა‚ ცრემლით ბრძანა: „შობა ქალი“. დაბნედასა მიეწურა‚ ასმათ ასხა გულსა წყალი; თქვა: „მაშინვე მზესა ჰგვანდა‚ აწ მედების ვისგან ალი! |
[322] |
8:13 | წიგნი წიგნსა ეცემოდა‚ დედოფალი ოდეს შობდა‚ მოციქული – მოციქულსა‚ ინდოეთი სრულად სცნობდა; მზე და მთვარე განცხრებოდეს‚ სიხარულით ცა ნათობდა; ყოვლი არსად შემოსრული მხიარულად თამაშობდა. |
[323] |
8:14 | ქება არ ითქმის ენითა‚ აწ ჩემგან ნაუბარითა. ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა; ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალგვარითა. საჭურჭლე გასცეს‚ აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა. |
[324] |
8:15 | საშობელი გაიყარა‚ ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა. მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა. უყვარდით და სწორად უჩნდით მეფესა და დედოფალსა. აწ ვახსენებ‚ ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა“. |
[325] |
8:16 | ყმა დაბნდა‚ რა სახელისა ხსენებასა მიეწურა; ავთანდილსცა აეტირა‚ მისმან ცეცხლმან გულსა მურა; ქალმან სულად მოაქცია‚ მკერდსა წყალი დააპკურა. თქვა: „ისმენდი‚ მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ-ა. |
[326] |
8:17 | მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი. შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი‚ მთვარისა მსგავსი‚ მზისაგან შვენებით ვერშეფრობილი; მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი‚ წდობილი! |
[327] |
8:18 | იგი ასრე მოიწიფა‚ მე შემეძლო შესლვა ომსა; მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა‚ მამასავე ხელთა მიმცეს‚ რა შევიქმენ ამა ზომსა; ვბურთობდი და ვნადირობდი‚ ვით კატასა ვხოცდი ლომსა. |
[328] |
8:19 | მეფემან სახლი ააგო შიგან საყოფი ქალისა: ქვად ფაზარი სხდა‚ კუბო დგა იაგუნდისა‚ ლალისა‚ პირსა ბახჩა და საბანლად სარაჯი ვარდისწყალისა; იგი მუნ იყვის‚ მედების ვისგან სახმილი ალისა. |
[329] |
8:20 | დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი; ზოგჯერ კოშკს ჯდის‚ ზოგჯერ ბახჩას ჩამოვიდის‚ რა დგის ჩრდილი. დავარ იყო და მეფისა‚ ქვრივი‚ ქაჯეთს გათხოვილი‚ მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი. |
[330] |
8:21 | სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა; ვერვინ ვხედევდით‚ შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა; ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან‚ იმღერდის ნარდითა; მუნ იზრდებოდის ტანითა‚ გაბაონს განაზარდითა. |
[331] |
8:22 | თხუთმეტისა წლისა ვიყავ‚ მეფე მზრდიდა ვითა შვილსა; დღისით ვიყვი მას წინაშე‚ გამიშვებდის არცა ძილსა; ძალად ლომსა‚ თვალად მზესა‚ ტანად ვჰგვანდი ედემს ზრდილსა‚ სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა. |
[332] |
8:23 | რა მინდორს შევჯდი‚ ზარითა ხმა იყვის ბუკთა ცემისა; თანამყვის სპისა სიმრავლე‚ მსგავსი ფუტკრისა რემისა; ჭვრეტად ქალ-ყმები დაჯრილი დგის თემისა და თემისა; ვინ მნახის‚ ეყვის ერთ წლამდის კვეხა ნახვისა ჩემისა. |
[333] |
8:24 | მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემმან სრეულმან‚ მერმე ვიბურთი მოედანს‚ მინდორით შემოქცეულმან‚ შევიდი‚ შევქმნი ნადიმი‚ ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან‚ აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლბალახშრეულმან! |
[334] |
8:25 | მამა მომიკვდა‚ მოვიდა დღე სიკვდილისა‚ ვიშისა; ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა; მათ გაეხარნეს‚ ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა; ერთგულთა შექმნეს ვაება‚ მტერთა – ხსენება იშისა. |
[335] |
8:26 | მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთროგაცუდებული‚ დღისით და ღამით ვვაებდი‚ ვერვისგან სულდაღებული; გაყვანად ხასნი მოვიდეს‚ მითხრეს მეფისა მცნებული‚ ებრძანა: «შვილო ტარიელ‚ ნუ ხარ შავითა ღებული! |
[336] |
8:27 | ჩვენ უფრო გვტკივის იგი‚ ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა». ასი ებოძა საჭურჭლე‚ ებრძანა ახდა შავისა‚ ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა: «შენ გქონდეს ამირბარობა‚ ქმნა მისვე საურავისა!» |
[337] |
8:28 | ავენთი‚ დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა; უკანის გამომიყვანეს ხასთა მათ წინამდგომელთა; გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა‚ შორს მომეგებნეს‚ მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა. |
[338] |
8:29 | მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს‚ პატივს მცემდეს ძისა დარად‚ მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად; ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად. არ მომეშვნეს‚ დავმორჩილდი‚ თაყვანისვეც ამირბარად. |
[339] |
8:30 | თავადობა ინდოთა და მრავალთაცა მქონდა სხვათა; ვნაპირობდი‚ თუ ვინ იყვის მავნებელი ჩემთა სპათა. ხალვად ვჯდი და ვიხარებდი‚ ზამი შევქმნი მღერა-სმათა; სპათა ვმოსდი‚ ვნადირობდი‚ ქება თქვიან ჩემთა ქმნათა“. |
[340] |