ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი | ||
14:1 | დილასა შევჯე‚ უბრძანე: «ჰკარით ბუკსა და ნობასა!» სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა. ლომმან მივმართე ხატაეთს‚ ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა‚ უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი‚ არ გაივლიდეს გზობასა. |
[421] |
14:2 | დავაგდე ზღვარი ინდოთა‚ მევლო პაშტაი ხანია; რამაზის კაცი მემთხვია‚ ვინ ხატაეთის ხანია‚ მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია: «ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენნი‚ ინდოთა‚ თხანია». |
[422] |
14:3 | მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი‚ მითხრეს: «გკადრებს: «ნუ ამოგვწყვედ‚ არის შენგან არსაქმნელი‚ ზენაარი გამოგვიღე‚ მით გვაბია ყელსა წნელი‚ მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი‚ შვილნი‚ საქონელი. |
[423] |
14:4 | რაცა შეგცოდეთ‚ შეგვინდვე‚ თვით ჩვენვე შეგვინანია; თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ‚ აქა ნუ მოვლენ სპანია; ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს‚ რისხვით არ დაგვტყდენ ცანია: შენ მოგცეთ ციხე-ქალაქი‚ მოგყვენ ცოტანი ყმანია!» |
[424] |
14:5 | გვერდსა დავისხენ ვაზირნი‚ ვიუბნეთ‚ გავიზრახენით; მითხრეს‚ თუ: «ხარო ყმაწვილი‚ ბერნი მით გკადრებთ‚ გლახ‚ ენით: არიან მეტად მუხთალნი‚ – ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით‚ – არამცა მოგკლეს ღალატად‚ არამცა ვივაგლახენით! |
[425] |
14:6 | ჩვენ ამას ვარჩევთ‚ წახვიდე კარგითა მართ მამაცითა‚ ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ‚ სცნობდენ ამბავსა კაცითა; გულმართლად იყვნენ‚ მიენდვე‚ აფიცე ღმრთითა და ცითა‚ არ დაგმორჩილდენ‚ შერისხდი რისხვითა კვლადაკვლაცითა!» |
[426] |
14:7 | მეკეთა ესე თათბირი‚ ვაზირთა ნავაზირები; შევსთვალე: «რამაზ მეფეო‚ ვცან შენი დანაპირები; სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე‚ დაგვიდგამს ვერ ქვითკირები; ლაშქართა დავყრი‚ ცოტათა წამოვალ‚ შენ კერძ ვირები». |
[427] |
14:8 | მათ ლაშქართაგან სამასნი კარგნი მოყმენი‚ ქველანი‚ თანაწამომყვეს‚ წა-ცა-ვე‚ დავყარენ სპანი ყველანი‚ დავვედრე: «სადა მე მევლოს‚ ვლენით იგივე ველანი‚ ახლოს მომდევდით‚ მიშველეთ‚ გიხმობ‚ თუ მინდენ შველანი». |
[428] |
14:9 | სამ დღე ვიარე‚ მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა. კვლა ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა‚ ებრძანა: «მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა‚ რა შეგეყარო‚ მაშინ სცნა კვლა ძღვნობა ამისთანისა». |
[429] |
14:10 | კვლაცა ეთქვა: «მართალია აზომ ჩემი მონახსენი‚ მე თვით წინამოგეგებვი‚ მესწრაფების ნახვა შენი». მოვახსენე: «დია ღმერთო‚ ბრძანება ვქმენ მეცა თქვენი‚ ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი‚ ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი!» |
[430] |
14:11 | მუნით წასრული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა; კვლა მოციქულნი მოვიდეს‚ სალამად არ დამრიდესა; წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა: «შენსა ნახვასა მეფენი‚ – თქვეს‚ – მართლად ინატრიდესა». |
[431] |
14:12 | მითხრეს: «მეფე მოგახსენებს‚ მეცა შენ კერძ ვიარები‚ სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები». მოციქულნი დავაყენენ‚ ხარგა დავდგი‚ არ მაზრები‚ მეტად ამოდ უალერსე‚ ერთგან დაწვეს ვით მაყრები. |
[432] |
14:13 | კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების: ერთი კაცი უკმო-რე-სწყდა‚ მოდგა‚ მალვით მეუბნების: «დიდი მაცო თქვენი ვალი‚ ჩემგან ძნელად გარდიხდების‚ გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქნების. |
[433] |
14:14 | მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი. თქვენი მესმა საღალატო‚ საცნობელად გამოვვარდი; მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი‚ პირი ვარდი‚ ყველასავე მოგახსენებ‚ გამიგონე‚ დამიწყნარდი! |
[434] |
14:15 | რომე ცუდად არ მოღორდე‚ ისი კაცნი გღალატობენ‚ ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ; კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი‚ ასრე ფიცხლად მით გიხმობენ‚ აწვე თავსა არ ეწევი‚ ფათერაკსა შეგასწრობენ. |
[435] |
14:16 | მეფე ცოტათა გეგებვის‚ ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან; მალვით ჩაიცმენ აბჯარსა‚ მიენდო‚ მით გეთნევიან; კვამლსა შეიქმან‚ ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან. რა ერთსა გცემდენ ათასნი‚ ეგრეცა მოგერევიან». |
[436] |
14:17 | მას კაცსა ამოდ ვეუბნე და მადლსა გარდვიხდიდია: «რომე არ მოვკვდე‚ შემოგზღო‚ შენ ამას ინატრიდია; აწ ამხანაგთა არ გიგრძნან‚ წადი‚ მათ თანა მიდია‚ თუ დაგივიწყო‚ უთუოდ მემცა ვარ განაკიდია!» |
[437] |
14:18 | არვის გავანდვე სულდგმულსა‚ დავმალე ვითა ჭორია. რაცა იქმნების‚ იქმნების‚ ყოვლი თათბირი სწორია! მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი‚ გზა თუცა შორია‚ შევსთვალე: «ფიცხლად წამოდით‚ მოგრაგნეთ მთა და გორია!» |
[438] |
14:19 | მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შეუთვალე: «რამაზს ჰკადრეთ: მოგეგებვი‚ მოდი‚ მოვალ მეცა მალე». ნახევარ დღე სხვა ვიარე‚ ჭირსა თავი არ ვაკრძალე, – განგებაა‚ დღესცა მომკლავს‚ ქვემცა სადა დავიმალე?! |
[439] |
14:20 | ქედსა რასმე გარდავადეგ‚ მინდორს მტვერი დავინახე; ვთქვი‚ თუ: «მოვა რამაზ მეფე‚ ჩემთვის უდგამს თუცა მახე‚ ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი‚ შუბი ახე». მაშინ უთხარ სპათა ჩემთა‚ სახე დიდი დაუსახე. |
[440] |
14:21 | ვთქვი‚ თუ: «ძმანო‚ ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან‚ მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან? ვინცა მოკვდეს მეფეთათვის‚ სულნი მათნი ზეცას რბიან. აწ შევებნეთ ხატაელთა‚ ხრმალნი ცუდად რას გვაბიან!» |
[441] |
14:22 | უბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ხაფითა; დავეკაზმენით საომრად ჯაჭვითა‚ ჯავშან-ქაფითა‚ რაზმი დავაწყვე‚ მივმართე‚ წავე დიდითა სწრაფითა; მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა. |
[442] |
14:23 | მივეახლენით‚ შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარცმულობა; კაცი მოვიდა‚ მომართვა მეფისა მოციქულობა; ეთქვა‚ თუ: «ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არორგულობა‚ აბჯრითა გხედავთ‚ შეგვქმნია აწ ამად გულნაკლულობა». |
[443] |
14:24 | შევსთვალე‚ თუ: «მეცა ვიცი‚ რაცა ჩემთვის გაგიგია; თქვენ რასაცა სთათბირობდით‚ არ იქმნების‚ არ‚ იგია! ბრძანეთ‚ მოდით‚ შემებენით‚ ვითა წესი და რიგია! მეცა თქვენად დასახოცლად ხრმალსა ხელი დამიგია». |
[444] |
14:25 | რა მივიდა მოციქული‚ კვლამცა რადღა გამოგზავნეს! კვამლი შექმნეს ლაშქართათვის‚ დამალული გაამჟღავნეს; სამალავით გამოვიდეს‚ თავნი ორგნით აქარავნეს‚ შექმნეს რაზმი მრავალკეცი‚ თუცა‚ ღმერთო‚ ვერა მავნეს. |
[445] |
14:26 | შუბი ვსთხოვე‚ ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად; საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად; ერთსა წავსწყდი უტევანსა‚ წავგრძელდი და წავე გრძელად. მათ ურიცხვი რაზმი ეწყო‚ წყნარად დგეს და აუშლელად. |
[446] |
14:27 | ახლოს მივე‚ შემომხედნეს‚ «შმაგიაო»‚ ესე თქვესა. მუნ მივმართე მკლავმაგარმან‚ სად უფროსი ჯარი დგესა; კაცს შუბი ვჰკარ‚ ცხენი დავეც‚ მართ ორნივე მიჰხდეს მზესა; შუბი გატყდა‚ ხელი ჩავყავ: «ვაქებ‚ ხრმალო‚ ვინცა გლესა!» |
[447] |
14:28 | შიგან ასრე გავერიე‚ გლონის ჯოგსა ვითა ქორი‚ კაცი კაცსა შემოვსტყორცი‚ ცხენ-კაცისა დავდგი გორი; კაცი‚ ჩემგან განატყორცი‚ ბრუნავს ვითა ტანაჯორი‚ ერთობ სრულად ამოვსწყვიდე წინაკერძი რაზმი ორი. |
[448] |
14:29 | ერთობილნი მომეხვივნეს‚ მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი; ვჰკრი რასაცა‚ ვერ დამიდგნის‚ სისხლსა მჩქეფრსა ამოვღვრიდი; ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი. სითცა ვიყვი‚ გამექციან‚ მათ შეჰქმნია ჩემი რიდი. |
[449] |
14:30 | საღამოჟამ დაიზახნა ქედით მათმან დარაჯამან: «ნუღარა სდგათ‚ წაედითო‚ კვლა მოგვხედნა რისხვით ცამან: მოვა მტვერი საშინელი‚ შეგვაშინნა ამად ამან‚ ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან‚ ბევრმან სპამან». |
[450] |
14:31 | ჩემნი ლაშქარნი‚ რომელნი წამომეტანნეს მე არა‚ რა ეცნა წამოსრულ იყვნეს‚ ღამეწამორთვით ეარა; ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა‚ გამოჩნდეს‚ სცემდეს ტაბლაკსა‚ ბუკმან ხმა გააზეარა. |
[451] |
14:32 | იგი ნახეს‚ გასაქცევლად გაემართნეს‚ შევჰკივლენით; ველნი‚ ჩვენგან ნაომარნი‚ ომითავე გარდავვლენით. რამაზ მეფე ჩამოვაგდე‚ ერთმანერთსა გავეხრმლენით‚ მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით‚ არ მოვკლენით. |
[452] |
14:33 | უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა‚ დაუწყეს პყრობა‚ ჩამოყრა შეშინებულთა‚ ძლეულთა; ძილისა მიხვდა ნაცვალი ძილმკრთალთა‚ ღამეთეულთა; ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა‚ მართ ვითა სნეულთა. |
[453] |
14:34 | მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად. ხელსა ხრმლითა დავეკოდე‚ წყლულად მიჩნდა‚ არ ნაღებად; ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად‚ ვერ იტყვიან ვერმიმხვდარნი ქებასაცა მოხსენებად. |
[454] |
14:35 | ერთსა კაცსა ეყოფოდეს‚ დიდებანი რომე მჭირდეს; ზოგთა შორით დამლოციან‚ ზოგნი კოცნად გამიპირდეს; რომელთაცა გავეზარდე‚ დიდებულნი ამიტირდეს‚ ჩემგან ხრმლითა განაკვეთნი ნახნეს‚ მეტად გაუკვირდეს. |
[455] |
14:36 | გავგზავნენ ყოვლგან ლაშქარნი‚ ალაფი ავაღებინე‚ ერთობ სავსენი მოვიდეს‚ თავიცა ვალაღებინე; სისხლსა მებრძოლთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე‚ არ ვჰბრძოლე‚ კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე. |
[456] |
14:37 | რამაზს ვარქვი: «შემიგნია საქმე შენი სამუხთალე‚ აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე‚ სიმაგრეთა ნუ ამაგრებ‚ ყველა ხელთა მომათვალე‚ თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე?» |
[457] |
14:38 | რამაზ მითხრა: «აღარ არის ამის მეტი ჩემი ღონე‚ ერთი ჩემი დიდებული მომეც‚ ზედა მაპატრონე‚ ციხოვანთა გაუგზავნო‚ საუბარი გამიგონე‚ ხელთა მოგცემ ყველაკასა‚ განაღამცა შენ გაქონე!» |
[458] |
14:39 | მივეც ერთი დიდებული‚ თანა სპანი წავატანენ‚ ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ‚ ხელთა მომცნეს სიმაგრენი‚ ომნი ასრე შევანანენ‚ საჭურჭლენი სიმრავლითა რასმცა ვითა დავაგვანენ! |
[459] |
14:40 | მაშინღა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად; კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად; ქვეყანა ჩავსხი‚ უბრძანე: «იყვენით თქვენ უკრძალავად‚ მზემან არ დაგწვენ‚ იცოდით‚ დაგყარენ გაუგვალავად». |
[460] |
14:41 | საჭურჭლენი გარდავნახენ თავის-თავის‚ კიდისკიდე; უცხოფერთა საჭურჭლეთა‚ დავშვრები‚ თუ მოვსთვალვიდე; ერთგან ვნახენ საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე‚ თუმცა ნახენ‚ სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე! |
[461] |
14:42 | ვერა შევიგენ‚ რა იყო ანუ ნაქმარი რაულად! ვისცა უჩვენი‚ უკვირდის‚ ღმრთისაგან თქვის სასწაულად; არცა ლარულად ჰგდებოდა მას ქსელი‚ არ ორხაულად; სიმტკიცე ჰგვანდა ნაჭედსა‚ ვთქვი ცეცხლთა შენართაულად. |
[462] |
14:43 | იგი საძღვნოდ მისად დავსხენ‚ ვისი შუქი მანათობდა; მეფისათვის დავარჩიე‚ საარმაღნოდ რაცა სჯობდა: ჯორ-აქლემი ათჯერ ასი‚ – ყველაკაი წვივმაგრობდა‚ – ატვირთული გაუგზავნე‚ ამბავსამცა კარგსა სცნობდა“. |
[463] |