სამთაგანვე ქვაბსა მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა | ||
54:1 | ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს: ღმერთი კარგსა მოავლინებს, არ, ბოროტსა არ დაბადებს, ავსა წამ ერთ შეამოკლებს, კარგსა ხანგრძლად გააკვლადებს, თავსა მისსა უკეთესსა უზადოჰყოფს, არ აზადებს. |
[1493] |
54:2 | ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი, იგი მზენი, თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი, ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი, დანათხზენი, მუნ ბალახშსა ამშვენებდეს სინატიფე-სინაზესი. |
[1494] |
54:3 | იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს; მინადირობდეს, ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს; სადაცა დახვდის ქვეყანა, მჭვრეტელთა მოალხინებდეს, მოეგებნიან, სძღვნობდიან, აქებდეს, არ აგინებდეს. |
[1495] |
54:4 | მას ჰგვანდეს, თუმცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა; იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა, ბრძნად მოუბარეთა, შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაცმიუმხვდარეთა; სად ყოფილ იყო ტარიელ, მიხვდეს მის კლდისა არეთა. |
[1496] |
54:5 | ტარიელ ბრძანა: „მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა; მუნ მივალ, სადა ყოფილ ვარ, მჭირდა სადამდის ხელობა; მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა, მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა“. |
[1497] |
54:6 | მივიდეს, შიგან გარდახდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა. ასმათს უც ხორცი ირმისა, იქს მასპინძლობა-კვეთასა. ამხანაგობდეს, ლაღობდეს წასლვასა მათ საქმეთასა, ღმერთსა მადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა. |
[1498] |
54:7 | მოიარეს ქვაბოვანი, თამაშობდეს მხიარულნი, პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი, ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი; არ იტყვიან, არა გვაქვსო, იგ ამისთვის გულნაკლულნი. |
[1499] |
54:8 | უბოძა ტურფა მრავალი მათ-მათი შესადარები, კვლა ფრიდონისნი აავსნა, სპა ჰყვა თუ სპასალარები. აივსო კაცი ყველაი, მაშინ მათ თანა ნარები, მაგრა ძეს რომე საჭურჭლე, ჰგვანდა – კაცდაუკარები. |
[1500] |
54:9 | ფრიდონს უთხრა: „ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიხდების, მაგრა თქმულა: «კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების»; აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების, შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე, ვითა გხვდების“. |
[1501] |
54:10 | ფრიდონ მდაბლად თაყვანისსცა, ჰკადრა მადლი მეტისმეტი: „მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი? მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი? ჩემი ლხინი მუნამდისა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!“ |
[1502] |
54:11 | ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად, სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად; აწ მუნითცა გაემართნეს არაბეთით წავლად გზისად, ავთანდილ-ა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად. |
[1503] |
54:12 | მიხვდეს არაბთა საზღვარსა, რა ვლეს მრავალი ხანები. დახვდა სოფლები, ციხები ხშირ-ხშირად, თანისთანები, მუნ შიგან მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები, ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები. |
[1504] |
54:13 | ავთანდილ იცნეს, გაისმა ხმა მათგან სიხარულისა; დაიწყეს ყოვლგნით ლაშქართა ქმნა მათკენ სიარულისა, თაყვანისსცემდა სიმრავლე სპისა პირმხიარულისა; ქალი ნახიან: „შვენება, – თქვიან, – არს მზისა სრულისა“. |
[1505] |
54:14 | ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა, შესთვალა: „გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა; მე მოვალ, მეფე ინდოთა, დარბაზსა თქვენსა სეფესა, გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭვნელსა, მოუკრეფესა. |
[1506] |
54:15 | მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა, ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტევება ცხენისა; მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა, დავხოცე მონა მრავალი, მსახური სრისა თქვენისა. |
[1507] |
54:16 | აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია, შემინდოთ, რაცა შეგცოდე, ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია. ძღვენი არა მაქვს, მმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია, ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია“. |
[1508] |
54:17 | რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა, ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა; თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა, ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა. |
[1509] |
54:18 | ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა სიცილი თქართქარებისა. ლაშქარნი რბოდეს მი და მო, ქმნა სწადდა მათკენ რებისა. დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა, შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავფიცხელ-გულმაგრებისა. |
[1510] |
54:19 | მეფე შეჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი. ვისცა ესმის, მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი. ყველაკაი ღმერთსა მადლობს, გაამაღლნეს მათნი ხმანი, თქვეს: „ბოროტსა უმყოფოო, კეთილნია შენთვის მზანი!“ |
[1511] |
54:20 | რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ-მოსაგებავთა, ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა: „აგერა ხედავ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა? ამად მედების სახმილი, გულსა ეცხელა, ებავთა. |
[1512] |
54:21 | ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა. იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა, ჩემად არაკად სულდგმული კაცი არ გაწბილებულა, რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, ფრიდონ თქვენდავე ხლებულა“. |
[1513] |
54:22 | ტარიელ უთხრა: „კარგსა იქ შენ პატრონისა კრძალვასა. აწ დადეგ, იქი ნუ მოხვალ, იქმცა უჩემოდ ხალვასა. მე მივალ, უთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა, ვეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა“. |
[1514] |
54:23 | მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი, ნესტან-დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭვრეტთა მზარავი, მისთა წამწამთა ნიავი ქრის, ვითა ქარი არავი, წავიდა მეფე ინდოთა მისრული, მიუპარავი. |
[1515] |
54:24 | ფრიდონ წაჰყვა, განაღამცა გავლეს ველი დიდსა ხანსა, ცნა მეფემან, ტარიელ-ა, მარტო მოვა, მოხრის ტანსა, გარდახდა და თაყვანისსცა მას უკადრსა, ლომებრ ჯანსა, სდებს პატივსა ინდოთ მეფეს, მართ მამისა შესაგვანსა. |
[1516] |
54:25 | ტარიელცა თაყვანისსცა, მივა კოცნად, სასალამოდ; მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ, გაკვირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ: „შენ მზე ხარო, შენი გაყრა არის დღისა შესაღამოდ“. |
[1517] |
54:26 | გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა-სიტურფესა, პირსა უჭვრეტს გაკვირვებით, უქებს მკლავთა სიალფესა; კვლა ფრიდონცა უსალამა, თაყვანისსცა მან მეფესა, მას მეფესა, ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა. |
[1518] |
54:27 | მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების, დაეღონების. ტარიელ ეტყვის: „მეფეო, აწ გული შენ გემონების; მიკვირს, თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების! რათგან ავთანდილ შენია, სხვა რად ვინ მოგეწონების? |
[1519] |
54:28 | ნუ გიკვირს მისი ვერნახვა და დაყოვნება ხანისა! მოდი და დავსხდეთ, მეფეო, ამოა კორდი მწვანისა, გკადრო მიზეზი მისისა თქვენ წინა ვერმოტანისა, ვიაჯი რასმე, აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა“. |
[1520] |
54:29 | დასხდეს მეფენი, მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა. ტარიელს პირსა ციმციმი ათქს უნათლესი ბაზმისა; ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა ყოფა-ქცევისა და ზმისა; დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა ბრძნად ნაკაზმისა: |
[1521] |
54:30 | „მეფეო, თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად, მაგრა მოსრული თქვენ წინა ვარ შემომხვეწლად, მქენებლად; თვით იგი იაჯს, რომელი ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად, ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად. |
[1522] |
54:31 | აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწნით და შემუდარებით: ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დარებით, დაჰვიწყდეს, რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით; არ გაწყენ, გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით. |
[1523] |
54:32 | თქვენთა უყვარს ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა, მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერნამკრთალსა; მუხლმოყრილი გეაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა, რომე მისცეთ ქალი თქვენი მკლავმაგარსა, გულფიქალსა. |
[1524] |
54:33 | ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა, არცა გრძელსა“. ამოიღო ხელმანდილი, მოინასკვა იგი ყელსა, ადგა, მუხლნი დაუყარნა, ეაჯების ვითა მზრდელსა. გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბვისა მომსმენელსა. |
[1525] |
54:34 | რა ტარიელ მუხლმოყრილი ნახა, მეფე შეუზარდა, შორს უკუდგა, თაყვანისსცა, ქვე მიწამდის დაუვარდა, მოახსენა: „ხელმწიფეო, ლხინი ყოვლი გამიქარდა, თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა. |
[1526] |
54:35 | ვით ეგების, რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს, ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკლავად და ტყვედცა გინდეს; გებრძანამცა სახლით თქვენით, ცრემლი არცა მაშინ მდინდეს; სხვა მისებრი ვერა პოვოს, ცათამდისცა გა-ცა-ფრინდეს! |
[1527] |
54:36 | მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვპოვებ ვერა; თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა; ვარდი ახლად იფურჭვნების, მე ყვავილი დამებერა, რადმცა ვჰკადრე შეცილება, რასცა ოდენ იგი ჯერა! |
[1528] |
54:37 | თუ შეგერთო ერთი მონა, თქვენთვის არცა მაშინ მშურდა. ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვინ მოგმდურდა! თუ ავთანდილ არ მიყვარდა, ასრე მისთვის რად მომსურდა? დია ღმერთო, წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა“. |
[1529] |
54:38 | რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედა დაეფინა. კვლა მეფემან თაყვანისსცა, წამო-რე-ვლო, წადგა წინა, ერთმანერთი მოიმადლეს, მართ ერთსაცა არ ეწყინა. |
[1530] |
54:39 | ფრიდონ შეჯდა, ავთანდილის მახარობლად გაექანა, ესდენ დიდი სიხარული გაეხარნეს მასცა განა! წავიდა და წამოუძღვა, მოიყვანა, მოჰყვა თანა, მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა. |
[1531] |
54:40 | მეფე ადგა, მოეგება, ყმა გარდახდა, რა მივიდა; ხელთა ჰქონდა ხელმანდილი, პირსა მითა იფარვიდა. მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდთა ზრვიდა, მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაჰფარვიდა?! |
[1532] |
54:41 | მეფე კოცნასა ლამობდა, აღარა ცრემლნი სდენიან; ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენიან; უბრძანა: „ადეგ, ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან; რათგან მერჩიო, ნუ მერცხვი, გაე, რასაღა გრცხვენიან!“ |
[1533] |
54:42 | მოეხვია, გარდუკოცნა მან პირისა არემარე: „დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არ ემარე, ვინ გიშერი დააჯოგა წარბ-წამწმისა, არემა-რე. გვალე, შეგყრი, ლომო, მზესა, თავი მისკენ არე, მარე!“ |
[1534] |
54:43 | მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა, ახლოს უზის, ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა; იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიხვდა, ვითა ღირსა. მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა. |
[1535] |
54:44 | ყმა მეფესა მოახსენებს: „მიკვირს, სხვასა რად რას ჰბრძანებ! რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ? მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ, შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ“. |
[1536] |
54:45 | ტარიელსცა მოახსენა; შესხდეს, ქალსა მიეგებნეს, მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს, მიხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს, რაცა ძებნეს, ხელი ჰხადეს ხრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს. |
[1537] |
54:46 | მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან. დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან; გამოეგება, აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან, დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერმიხვდომილმან. |
[1538] |
54:47 | ეტყვის, „მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო! შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო, მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო! თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო!“ |
[1539] |
54:48 | გაჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა; ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა; მისგან დამწვარნი მისცნიან გულნი ჭვრეტითა ლხენასა, სითცა გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა. |
[1540] |
54:49 | შინა წავიდეს ყოველნი, შესხდეს თავისა დარებად, ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად, არ მიიხვდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად, ადრე მივიდეს მეფისა სახლად საყოფად, არებად. |
[1541] |
54:50 | შევიდეს, ნახეს თინათინ, მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა, სკიპტროსან-გვირგვინოსანსა შვენოსა ცმა პორფირისა; მისრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა; შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მსგავსი გმირისა. |
[1542] |
54:51 | ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლდა უსალამეს, მოეგებნეს, აკოცეს და საუბარი დააამეს, იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს, ბროლ-ბალახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს. |
[1543] |
54:52 | თინათინ ზედააწვივნა ტახტსა მეფეთა ზეთასა, ტარიელ უთხრა: „შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა, დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა, მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ, მზესა მზეთასა“. |
[1544] |
54:53 | ორთავე ხელი მოჰკიდეს და დასვეს ტახტსა თავისსა, გვერდსა დაუსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა; უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა, ნუ ეჭვ მიჯნურთა მათებრთა ნუცა თუ რამინს და ვისსა. |
[1545] |
54:54 | ქალსა შესწბა, გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა, ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე- და გამო- გულმან კრთომა. მეფე ეტყვის: „შვილო, ჩემგან გაქვს სირცხვილი თუ რა ზომა, ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არწახდომა. |
[1546] |
54:55 | აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა, სვესვიანობა, დიდობა, კვლა ჭირთა გარდუხდელობა! ცამცა ნუ შეგცვლის, მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა! თქვენით ხელითა მეღისროს მიწათა შემომყრელობა!“ |
[1547] |
54:56 | მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება: „ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღმრთისა ნება, დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე – სიბერე ვითა სნება, ჩემად სწორად მსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება!“ |
[1548] |
54:57 | ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს, მდაბლად ეთაყვანნეს, მოახსენეს: „მიწად ვექმნნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანნეს, მორჩილქმნილნი დაგვადიდნეს, ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს, მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, გულნი ჩვენნი აგულვანნეს“. |
[1549] |
54:58 | ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა თავსა დება; ქალსა ეტყვის: „შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება, ქმარი შენი ძმაა ჩემი, მწადს ეგრევე თქვენი დება, ორგულთა და შემცილეთა თქვენთა მე ვქმნა გაფლიდება“. |
[1550] |