ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა | ||
56:1 | ქედსა ზედა გარდამოდგა მეტად დიდი ქარავანი, კაცები და სახედრები ერთობ იყო შაოსანი; გარეშემო მოეკვეცნეს უკანამო დალალანი; მეფე ბრძანებს: „მოასხითო, ჩვენ დავყოვნოთ აქა ხანი“. |
[1581] |
56:2 | მოასხნეს იგი ვაჭარნი და მათი უხუცესია; უბრძანეს: „ვინ ხართ, შავითა რად ტანი შეგიგლესია?“ მათ მოახსენეს: „სით მოვალთ, მუნ ასრე დანაწესია, ინდოეთს მისრით მოსრულთა გვივლია გზა უგრძესია“. |
[1582] |
56:3 | გაეხარნეს მათ ვაჭართა ინდოეთით მომავლობა, მაგრა თავი უმეცარყვეს, არა მისცეს ყოლა გრძნობა; უცხოურად ეუბნების, მათ ვერა ქმნეს მათი ცნობა. არ ესმოდა ინდოური, არაბულად ყვეს უბნობა. |
[1583] |
56:4 | უბრძანეს: „გვითხართ, ვაჭარნო, ამბავი ინდოეთისა!“ მათ ჰკადრეს: „ზეცით მოსრულა ინდოეთს რისხვა ზეცისა; დიდსა და წვრილსა ყველასა ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა, მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს ვითა შეთისა“. |
[1584] |
56:5 | თვით მათვე მათსა ამბავსა უამბობს, არის წყლიანი: „ფარსადან, მეფე ინდოთა, იყო ხელმწიფე სვიანი, მას ესვა ქალი მნათობი, მზისაცა უფრო მზიანი, კბილმარგალიტი, ტანალვა, ღაწვბალახშ-ყორანთმიანი. |
[1585] |
56:6 | მას ქალსა და ამირბარსა ერთმანერთი შეუყვარდა. ამირბარმან სიძე მოკლა, ხმა მეფესა დაუვარდა; იგი ქალი პატარაი მამიდასა გაეზარდა, ბუქთა მისგან მონაქროლთა ინდოეთი გარდაქარდა. |
[1586] |
56:7 | მამიდაი ქაჯი იყო, გრძნეულობა იცის კარგა, მით შემართა საშინელი, მზე ხმელეთსა დაუკარგა; თვითცა მოკვდა უბედური, მართ საცოცხლოდ არად ვარგა; იგი ქალი დაიკარგა, ალვა მორჩი სხვაგან დარგა. |
[1587] |
56:8 | ცნა ამირბარმან, წავიდა ლომი მის მზისა მძებნელად, იგიცა წახდა, ინდოეთს, გახდა მთვარე და მზე ბნელად; ორნივე წახდეს, პოვნაღა მათი არს აწ საგებნელად; მეფემან ბრძანა: „ჰე, ღმერთო, რად ცეცხლსა მომიდებ ნელად“. |
[1588] |
56:9 | მეფე გაშმაგდა მათისა უღონოქმნილი ძებნისა; ვად შეიცვალა ინდოეთს ხმა ქოს-წინწილთა, ებნისა; ცოტასა ხანსა გა-ვე-სძლო დება სახმილთა გზნებისა; აწ თვითცა მოკვდა, შეექმნა ბოლო სრვისა და ტკებნისა“. |
[1589] |
56:10 | რა ვაჭარმან ესე სიტყვა თქვა, საქმენი გააკვლადნა, ქალმან დიდნი დაიკივლნა, ფიცხლა თავსა მოიხადნა; ტარიელცა დაიზახნა, დაფარულნი გააცხადნა; ნარგისთაგან ნაწვიმარი ღვარი ადგა, თოვლი გადნა. |
[1590] |
56:11 | მომკალ, ქალსა თავშიშველსა თუ მზე ვითა ეურჩოსა! სული ვარდსა დავამსგავსე, თავმოხდილი — ყაყაჩოსა; თუ ბრძენიცა მაქებარი მისი იხმობს ვირებრ „ჩოსა“, ჰგავს, თუ ტყუბი მარგალიტი ზის ბროლისა ხარხაჩოსა. |
[1591] |
56:12 | ქალი საბრალოდ მამასა სტირს, ბულბულისა მსგავსია, თმა გაიგლიჯა, გაყარა, ღაწვი ცრემლითა ავსია, ვარდი შექმნილა ზაფრანად, ლალი მართ ვითა ხავსია, მზესა ღრუბელი ეფარვის, ამად ნათელი დავსია. |
[1592] |
56:13 | იხოჭს და იგლეჯს ზახილით, ტირს სიტყვახაფი უარე; სისხლი და წყალი თვალთაგან სდის ცრემლი გარე უარე; „მოვკვეო შენთვის, მამაო, შვილი ყოველთა უარე, ვერა გმსახურა ასულმან, ვერცა რა შეგაგუა-რე. |
[1593] |
56:14 | ჩემთვის ბნელქმნილო მამაო, ნათელო თვალთა ჩემთაო, ჩემთა რა გაცნევს ამბავთა, გულისა მონაცემთაო! მზეო, რადღა გაქვს სინათლე, რადღა ანათობ თემთაო? რად არ დაიქეც, ქვეყანავ, რადღა მართიხარ ზე, მთაო?“ |
[1594] |
56:15 | ტარიელ მოსთქვამს: „გამზრდელო, ჰაჲჰაჲ, რა საქმე მსმენია! მიკვირს, თუ მზეღა რად ნათობს, რად არა დაუჩენია?! მზე მოჰკვე ყოვლთა სულდგმულთა, სოფელი აღარ შენია, ღმერთსა მიმადლე, შემინდვე, რაცა შენ ჩემგან გწყენია“. |
[1595] |
56:16 | მაშინ გახდეს ყველაკანი მტირალად და ცრემლთა მღვრელად; დიდი ხანი მოიტირეს თავის-თავის გაუყრელად; ავთანდილ და ფრიდონ ტირან გულსადაგად, არ თუ ჭრელად; მაგრა ექმნნეს სულის მღებლად, კათალიკოს-მაწყვერელად. |
[1596] |
56:17 | ზე ადგეს და მოახსენეს: „ჰე, მნათობნო, ცისა მზენო, დათმეთ, გული დაიწყნარეთ, ქენით, რაცა მოგახსენო; იგი ღმერთმან გაამაღლა, ვითა ორბი, მისნო ფრთენო, აქა ყოფნა არა გვმართებს, არცაღა გვცალს გლოვად ჩვენო“. |
[1597] |
56:18 | მადლი უბრძანეს, აწვივნეს, ქვე დასხდეს ზე ადგომილნი; მუნვე დგეს იგი ვაჭარნი, პირსა ფერჰაერკრთომილნი, გაკვირვებულნი საბრალოდ, მართ ვერას ვერ მიხვდომილნი; უბრძანეს: „ძმანო, რას გიკვირს, ჩვენ იგი ვართ წახდომილნი“. |
[1598] |
56:19 | კვლა უბრძანებდეს: „გვიამბეთ ამბავი დანარჩომია!“ მათ მოახსენეს: „პატრონო, ინდოეთს დიდი ომია, მოსრულა ხატათ ლაშქარი, ქალაქსა შემოსდგომია, რამაზ არს ვინმე ხელმწიფე, მათად პატრონად მჯდომია. |
[1599] |
56:20 | ჯერთ დედოფალი ცოცხალა, მკვდართაგან უფრო მკვდარია, იბრძვის ლაშქარი ინდოთა, თუც იმედგარდამწყდარია; გარეთ ციხენი წაუხმან, ყველაი გარდამხდარია. მზენო, თქვენ შუქნი მიჰფინეთ, ჰაჲჰაჲ, რა ავი დარია! |
[1600] |
56:21 | მუნა მყოფსა ყველაკასა შეეკერა, ჩვენცა, შავი; რამაზს წინა გამოვედით, მისრულად ვთქვით ჩვენი თავი; მეფე ჩვენი დიდი არის, მათ ეწადა მისი ზავი, გამოგვიშვნა: «წაედითო», არა გვიყო ყოლა ავი“. |
[1601] |
56:22 | რა ტარიელს ესე ესმა, მეტად ფიცხლად აიყარა, ეჯი, სამ დღე წასავალი, ერთსა დღესა წაიარა; დროშა მისი აიმართა, წინა არა მოიფარა; აწ ნახეთ, თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა! |
[1602] |