წიგნი ავთანდილისა ფრიდონთანა მიწერილი | ||
46:1 | დაწერა: „ფრიდონ მაღალო, სვესრულო მეფეთმეფეო, ლომისა მსგავსო ძალ-გულად, მზეო შუქმოიეფეო, მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო, უმცროსმან ძმამან შორიშორ სალამი დავიყეფეო! |
[1318] |
46:2 | ჭირნი ვნახენ და მო-ცა-მხვდა ნაცვალი ჭირნახულისა, კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა; მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა, დამარჩენელი ლომისა, მის ქვესკნელს დამარხულისა. |
[1319] |
46:3 | იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია. მუნ მისლვა მიჩანს თამაშად, თუცა გზა საომარია. ნარგისთათ წვიმა ბროლისა წვიმს, ვარდი ნაწვიმარია, ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრა სპა უამარია. |
[1320] |
46:4 | გულმხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების, სადაცა შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების; რაცა მოგინდეს, უცილოდ იქთ, იგი არ აგცილდების, არ თურე კაცმან დაგიდგნეს, ვეჭვ, კლდეცა გაგიცვილდების. |
[1321] |
46:5 | აწ შემინდვე, ვერა გნახე, შორს ამისთვის წაგიარე, გზა-გზა ყოვნად აღარა მცალს, პატიმრად-ა იგი მთვარე; ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა გაიხარე, ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეხმარე. |
[1322] |
46:6 | ამა მონათა ჩემ ზედა გარდაუხდელი გულია: ამოდ მმსახურეს, თქვენიმცა გული ამათთვის სრულია! ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენ თანა ხანდაზმულია? მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია“. |
[1323] |
46:7 | ესე უსტარი დაწერა, შეკრა და წა-ცა-ხვია მან, მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და თმითა იამან; შესთვალა ზეპირ, რაცა ხმდა, სრულად, მართ ვითა ჰგია, მან, მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან. |
[1324] |
46:8 | მოქარავნეთა უბრძანა: „საქმე მიც, გითხრა განაო, კარგად მომიხდა, მოყვრობა მე თქვენი მესვიანაო, რაცა მინდოდა, ყველაი ვქმენ, ღმერთმან მაგულვანაო, აწ აღარა მცალს, ბადრაგა სხვა წაიტანეთ თანაო“. |
[1325] |
46:9 | მონახა, პოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა, გამოემართა იგი მზე პირითა მსგავსი მთვარისა, მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულმწუხარისა; მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა. |
[1326] |
46:10 | ფატმან, უსამ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა, იტყვიან: „მზეო, რა გვიყავ? დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა! რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა! და-ცა-გვმარხენო ხელითა, ჩვენითა დამმარხველითა!“ |
[1327] |