ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისლვისა | ||
37:1 | ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა. ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა, გვარად უცხონი ყვავილნი ფერითა ბევრისბევრითა. მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო მე რითა! |
[1062] |
37:2 | მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა; ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა, დაჯდა სკამითა; მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა; იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა. |
[1063] |
37:3 | მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა ეახლნეს რომელსა, მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა, ელვათა მკრთომელსა; ავთანდილ უხმო, ეუბნა კაცსა არ სიტყვამცთომელსა: „ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა? |
[1064] |
37:4 | წვრილად მითხარ ყველაკაი, – ყმა მას კაცსა ეუბნების, – რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების?“ ჰკადრა: „ვხედავ, პირი შენი მზისა პირად მემეცნების; რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების. |
[1065] |
37:5 | ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა, თვით გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა; აქ მოდის ტურფა ყველაი ზღვა-ზღვა ნავითა მავლითა; მელიქ-სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა. |
[1066] |
37:6 | აქა მოსლვითა გაყმდების, კაციცა იყოს ბერები; სმა, გახარება, თამაშა, ნიადაგ არს სიმღერები, ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები; ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინ-ა მტერები. |
[1067] |
37:7 | დიდვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ ჰპოვებენ: იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ; გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრებენ; უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ. |
[1068] |
37:8 | მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა; ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა, – თვით ესე ბაღი მისია, თქვენი სადგომი დღესისა, – პირველ მას მართებს ჩვენება ყოვლისა უტუფესისა. |
[1069] |
37:9 | რა შემოვლენ დიდვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან, უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან; უტურფესთა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან, მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაჰყიდიან. |
[1070] |
37:10 | თქვენებრთა საბატიოთა მას მართებს გამოსვენება; დამყენებელთა უბრძანებს, მართებდეს ვის დაყენება. აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება! გამოგებვა და წაყვანა მას მართებს, თქვენი ქენება. |
[1071] |
37:11 | ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი, პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი; მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი; წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ, დღისი“. |
[1072] |
37:12 | ავთანდილ უთხრა: „წადიო, აგრე ქმენ, რაცა გწადიან“. მებაღე მირბის, იხარებს, ოფლნი ქვე მკრდამდის ჩადიან. ხათუნსა უთხრა ამბავი: „მე ესე დამიქადიან, ყმა მოვა, მისი მჭვრეტელთა შუქი მზედ გაიცადიან. |
[1073] |
37:13 | ვაჭარნი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა, საროსა მსგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა; შვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა. მე მიხმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა“. |
[1074] |
37:14 | ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი, მოუკაზმნა ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი. შემოვიდა ღაწვი ვარდი, ბროლ-ბალახში, მინა-სათი; მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა – თათი. |
[1075] |
37:15 | ზარი გახდა, შემოაკრბეს ქალაქისა ერნი სრულად, იქით-აქათ იჯრებოდეს: „უჭვრიტოთო ამას რულად!“ ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულწასრულად; მათთა ცოლთა მოიძულვნეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად. |
[1076] |
37:16 | ფატმან, ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა, მხიარულმან უსალამა, სიხარული დაიჩინა; ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა; ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შე-ვით-ვატყვე, არ ეწყინა. |
[1077] |
37:17 | ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არყმაწვილი, მაგრა მზმელი, ნაკვთად კარგი, შავგრემანი, პირმსუქანი, არ პირხმელი, მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი; დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი. |
[1078] |
37:18 | მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა. ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა თქვეს, თუ: „ვარგა“. ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო, არ დაკარგა; სვეს და ჭამეს, დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ, გა-. |
[1079] |
37:19 | დილასა ლარი ყველაი უჩვენა, გაახსნევინა, ტურფანი სეფედ გარდასხნეს, ფასიცა დაათვლევინა. ვაჭართა უთხრა: „წაიღეთ, – აჰკიდა, გააწევინა, – თქვენ ვითა გინდა, ვაჭრობდით, ნუ გამამჟღავნებთ, მე ვინა“. |
[1080] |
37:20 | ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა. ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა; ერთგან სხდიან, უბნობდიან საუბარსა არა მქისსა; ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისი ვითა ვისსა. |
[1081] |