ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა | ||
42:1 | ვაჲ, საწუთროო, სიცრუით თავი სატანას ადარე! შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე; პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავს, სად არე? მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი, სად არე! |
[1214] |
42:2 | ფატმან იტყვის: „მომეშორვა მზე, მნათობი სრულად ხმელთა, სიცოცხლე და სულდგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა; მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა, ვერ გავახმე წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა. |
[1215] |
42:3 | სახლი და შვილნი მომძულდეს, ვჯდი უგულოთა გულითა, მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმელულის ლულითა; უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩს უსჯულოთა სჯულითა, ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა. |
[1216] |
42:4 | დღესა ერთსა, საღამოჟამ, – ჩასლვა იყო ოდენ მზისა, – წავდეგ წინა დარიჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა; ვიგონებდი, სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა, ვთქვი: «კრულია ზენაარი ყოვლისამცა მამაცისა». |
[1217] |
42:5 | მო-სითმე-ვიდა ღარიბი მონა მოყვსითა სამითა, მონა – მონურად მოსილი, სხვანი – მგზავრულად ხამითა; სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა, სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა. |
[1218] |
42:6 | მე უყურებდი, უჭვრეტდი; თქვეს: «ამოდ გავიხარენით, მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით, არცა რა ვიცით, ვინ ვინ ვართ, ანუ სით მოვიარენით, ხამს ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა უთხრათ ბარ ენით». |
[1219] |
42:7 | მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს, ვითა მგზავრთა წესია; მონამან უთხრა: «ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია: მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია, ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია. |
[1220] |
42:8 | მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა; მათ მიხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა: მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა, აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა. |
[1221] |
42:9 | დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია, ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია; მას უსხენ წვრილნი ძმისწულნი: როსან და ერთი როდია, – აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის, მორჭმული სწოდია. |
[1222] |
42:10 | გვესმა ამბავი, ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა, შეიჭირვებდეს ვაზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა, ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა?! როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრათასისა. |
[1223] |
42:11 | როშაქ ბრძანა: «მო-ცა-ვინ-მკლას, მე ტირილსა არ დავხვდები. მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები, შინა მოვალ შოებული, ადრე ზედამოვესწრები, მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წა-ცა-ვჰყვები». |
[1224] |
42:12 | გვითხრა მისთა ხელისათა: «წავალ, თანა წამომყევით!» წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით. დღისით, მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით; დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკენ გარდმოვდევით. |
[1225] |
42:13 | მინდორ-მინდორ მოვიდოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა, დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა; ვთქვით, თუ: მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა! დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა. |
[1226] |
42:14 | ზოგთა ვთქვით: «არის ცისკარი», ზოგთა თქვეს: «არის მთვარეო»; მას დარაზმულთა მივმართეთ, ახლოსმცა ვნახეთ ბარეო! შორს მოუარეთ, მივედით, შემოვადეგით გარეო; მით ნათლიდაღმა გამოხდა ხმა, ჩვენი მოუბარეო. |
[1227] |
42:15 | გვითხრა: «ვინ ხართ, ცხენოსანნო? თქვენ სახელნი თქვენნი თქვენით; გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით!» ესე გვესმა, მოვადეგით, ალყად გარემოვერტყენით, პირმზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით. |
[1228] |
42:16 | უჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა; მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა; ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა, კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა. |
[1229] |
42:17 | კვლა ვეუბნენით მას მზესა ტკბილმოუბრითა ენითა. არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა; როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა; აღარ გაუშვით, დაჭირვა ვჰკადრეთ ხელითა ჩვენითა. |
[1230] |
42:18 | კვლა ვჰკითხეთ: «გვითხარ მართალი, საქმე შენ მზებრ ნათელისა, ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?» მან არა გვითხრა, გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა. რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა! |
[1231] |
42:19 | არცა რა ცხადი ამბავი, არცა რა დასამალავი, არა არ გვითხრა, ვინ იყო ან ვისგან ნამუხთალავი; ქუშ-ქუშად გვეუბნებოდა კუშტი, თავისა მკრძალავი, ვითა ასპიტი, მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი. |
[1232] |
42:20 | როშაქ გვიბრძანა: «ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არსათქმელია, ამისი საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია; ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია, მით რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია. |
[1233] |
42:21 | ესე ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუცია, მიუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია. თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია, პირველ – მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია». |
[1234] |
42:22 | მივემოწმენით, თათბირნი არ კიდე გავაკიდენით; დავბრუნდით, ქაჯეთს მივმართეთ, მას წინა მოვეკიდენით, არცა რა ვჰკადრეთ ხელდახელ, არცა თუ წავეკიდენით; იგი ტირს, ღაწვსა გულმდუღრად ჩარცხის ცრემლისა კი დენით. |
[1235] |
42:23 | მე როშაქს ვჰკადრე: «გამიშვი კვლა ადრე თქვენი მხლებელი; აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი». მან გამომიშვა, აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი; თანა წავიტან, წა-ცა-ვალ მე მათი ზედამსწრებელი». |
[1236] |
42:24 | მათ კაცთა დია ეამა ესე ამბავი მონისა. მე გავიგონე, შე-რე-მშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა, მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა, ცოტაი ლხინი მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა. |
[1237] |
42:25 | მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა, ვჰკითხე: «მითხარ, რას იტყოდი? გაგონება მეცა მინა». მან იგივე კვლა მიამბო, რაცა მუნით მომესმინა, ამ ამბავმან გამაცოცხლა, სულმობრძავი დამარჩინა. |
[1238] |
42:26 | მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა: უჩინოდ მივლენ-წამოვლენ მათითა ხელოვნებითა; მოვასხენ, ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი, თუ: «ნუ დასდგებითა, მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა». |
[1239] |
42:27 | სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა, მიუგვრიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა, ვერვის შეუდგმან საჭვრეტლად თვალნი, მართ ვითა მზისადა, ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა. |
[1240] |
42:28 | «როსანს შევრთოთო, – დულარდუხტს მეფესა უბრძანებია, – ჯერთ ქორწინებად არა მცალს, აწ გული ცეცხლნადებია; შემოვიქცევი, შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია». ციხეს დაუსვამს, ხადუმი ერთაი უახლებია. |
[1241] |
42:29 | ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანაწაუტანია, მით რომე გზაა საჭირო, მტერნი საომრად მზანია; ქვე დაუყრიან მოყმენი, ვინც უფრო გულოვანია, დაეყოვნების: წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია. |
[1242] |
42:30 | ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია: ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია; მას კლდესა შუა გვირაბი, ასაძრომელი ხვრელია, მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია. |
[1243] |
42:31 | გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არპირნასები, ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაი ხასები, ქალაქის კართა სამთავე – სამათას – სამათასები. გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი, და გლახ, რას ები!“ |
[1244] |
42:32 | ესე ამბავი ავთანდილ პირმზემან, მაგარვადამან, რა მოისმინა, ეამა, სხვად არა გაუცხადა მან, შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან: „ამბავი ჩემი სალხინო მითხრაო ვისმანღა დამან!“ |
[1245] |
42:33 | ფატმანს უთხრა: „საყვარელო, კმა ხარ ჩემგან სასურველად! მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირბნელად, მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად: ქაჯი ყველა უხორცოა, რამან შექმნა ხორციელად? |
[1246] |
42:34 | მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა, მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქნევენ, მიკვირს, ქალსა?!“ ფატმან უთხრა: „მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა, არ ქაჯნია, კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა. |
[1247] |
42:35 | ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი კაცნი გრძნებისა მცოდნელნი, ზედა გახელოვნებულნი, ყოველთა კაცთა მავნენი, იგი ვერვისგან ვნებულნი; მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი. |
[1248] |
42:36 | იქმან რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ, ქართა აღსძრვენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ, ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ, სწადდეს – დღესა ბნელად იქმან, სწადდეს – ბნელსა ანათობენ. |
[1249] |
42:37 | ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი, თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი“. ავთანდილ მადლი უბრძანა: „ცეცხლნი დამივსენ ცხელანი. დიდად მეამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი“. |
[1250] |
42:38 | გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი; თქვა: „ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი, ყოფილი, მყოფი, უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი, წყალობა შენი იჩქითად არს ჩვენი გარდმომფენელი!“ |
[1251] |
42:39 | მის ამბვისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა. ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლა იდებდა; ყმა ნამუსსა ინახვიდა, სიყვარულსა იფერებდა; ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა. |
[1252] |
42:40 | მას ღამე ფატმან იამა ავთანდილს თანა წოლითა; ყმა უნდოგვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა, ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა, გული მხეცქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა. |
[1253] |
42:41 | ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა შესართავისად. შიგან მელნისა მორევსა ცურავს გიშრისა ნავი სად; იტყვის, თუ: „მნახეთ, მიჯნურნო, იგი, ვინ ვარდია, ვისად, უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!“ |
[1254] |
42:42 | მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვისაცა დასალბონია; გიშრისა ტევრი აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია; ფატმან მას ზედა იხარებს მართ ვითა იადონია. თუ ყვავი ვარდსა იშოვებს, თავი ბულბული ჰგონია. |
[1255] |
42:43 | გათენდა. ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქნაკიდები; დაიცმან უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები, მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი, წმიდები: „რაცა გწადდესო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები!“ |
[1256] |
42:44 | ავთანდილ თქვა: „საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!“ სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა; მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა, მოემატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა. |
[1257] |
42:45 | ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად; ყმა შევიდა მხიარული მხიარულად, არ პირბნელად; ფატმან ნახა, გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად, შემოსცინნა: „აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად“. |
[1258] |
42:46 | ფატმან მისსა შვენებასა მეტისმეტად ჰკვირდებოდა. მან პასუხი არა გასცა, თავისწინა ღიმდებოდა: „შეეტყვების, არ მიცნობსო“, რა რეგვნად და რაგვარ ჰხმობდა! თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გაჰვიდოდა. |
[1259] |
42:47 | პური ჭამეს, გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა, ღვინოსმული, მხიარული დაწვა, ამოდ დაიძინა; საღამოჟამ გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა, ფატმან უხმო: „მოდი, მნახე, მარტო ვარო, თავისწინა“. |
[1260] |
42:48 | ფატმან მივიდა, ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა; იტყოდა: „მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მო-, ხისა!“ გვერდსა დაისვა, ბალიში მისცა მისისა ნოხისა, ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა. |
[1261] |
42:49 | ავთანდილ ბრძანა: „ჰე, ფატმან, ვიცი ეს საქმე შენია, დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველნაკბენია, მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია, ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ჩხნდენია. |
[1262] |
42:50 | გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა; მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა, თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა, მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე-ზარადხანისა. |
[1263] |
42:51 | შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი. მათ უვის ერთი ასული, მზე ხმელთა მანათობელი, იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი, მან გამომგზავნა, დავაგდე პატრონი, მათი მშობელი. |
[1264] |
42:52 | რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად მივლია ყოვლი ქვეყანა, მის მზისა მონაცვალისად; მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერნამკრთალი სად, გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად“. |
[1265] |
42:53 | ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა, ამბავი ტარიელისა, შემოსა ვეფხის ტყავისა; უბრძანა: „შენ ხარ წამალი ჯერთ შენგან უნახავისა, ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა. |
[1266] |
42:54 | მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მათსა რგებასა, უშველოთ, იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა; ვინცა სცნობს კაცი, ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა, ნუთუ კვლა მიხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა. |
[1267] |
42:55 | მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული, ქალსა ვაცნობოთ ყველაი, ამბავი ჩვენგან ცნეული; მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული, ღმერთმან ქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული!“ |
[1268] |
42:56 | ფატმან თქვა: „ღმერთსა დიდება, საქმენი მომხვდეს, მო-, რანი, დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!“ მოჰგვარა მონა გრძნეული, შავი მართ ვითა ყორანი; უბრძანა: „ქაჯეთს გაგგზავნი, წა, გზანი გისხენ შორანი! |
[1269] |
42:57 | აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემთვის შენისა გრძნებისა, ფიცხლა დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა, მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა“. მან უთხრა: „ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა“. |
[1270] |