წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთანა მიწერილი | ||
45:1 | აწ საყვარელსა მიუწერს გულამოსკვნილი, მტირალი, მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდის ვირ ალი. დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი, ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირალი. |
[1292] |
45:2 | „ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები, ტანი კალმად მაქვს, კალამი – ნავღელსა ამონაწები, მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები, გულო, შავგულო, დაბმულ ხარ, ნუ აეხსნები, აწ ები! |
[1293] |
45:3 | ხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია? რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია. ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ, მით მათგან საწუნელია; უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვაჲმე, რა დიდი ძნელია! |
[1294] |
45:4 | ხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან: ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან, ნეტარ, რა ქმნას უშენომან გულმან, შენგან დალახვრულმან! გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან. |
[1295] |
45:5 | შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალი არ მეგონე; ჩემი მეთქვა: «გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე»; აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვმონე, ჩემი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა შევაწონე. |
[1296] |
45:6 | შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად, გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად! მომიგონებდი, გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად; ვზი მზრდელად სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისად. |
[1297] |
45:7 | სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების: ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების. ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთიმცა მას ეტერების! აწ კვლა ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების. |
[1298] |
45:8 | აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა დამისართა, არ დასჯერდა ბედი ჩემი მათ პატიჟთა მრავალგვართა, კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა; ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა! |
[1299] |
45:9 | ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ შემოსწვდებიან, გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან, დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან, მათთა შემბმელთა დაჰხოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან. |
[1300] |
45:10 | ნუთუ ესენი გეგონნენ სხვათა მებრძოლთა წესითა?! ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა; შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა; მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა! |
[1301] |
45:11 | შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა, ჩემი სთქვა: «სხვათა მიხვდაო იგი ალვისა ტანითა»; არამ სიცოცხლე უშენოდ! ვარ აქამდისცა ნანითა; ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა. |
[1302] |
45:12 | შენმან მზემან, უშენოსა არვის მიხვდეს მთვარე შენი, შენმან მზემან, ვერვის მიხვდეს, მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი! აქათ თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი, სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი. |
[1303] |
45:13 | ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა, ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა; მომცნეს ფრთენი და ავფრინდე, მივხვდე მას ჩემსა ნდომასა, დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა. |
[1304] |
45:14 | მზე უშენოდ ვერ იქმნების, რათგან შენ ხარ მისი წილი, განაღამცა მას ეახლე მისი ეტლი, არ თუ წბილი! მუნა გნახო, მანდვე გსახო, გამინათლო გული ჩრდილი; თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილიმცა მქონდა ტკბილი! |
[1305] |
45:15 | მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რათგან სულსა, მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა; მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა; ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო, ჩემსა სიყვარულსა! |
[1306] |
45:16 | წადი, ინდოეთს მიმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა, მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელაუპყრობელსა, გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა, მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლშეუშრობელსა! |
[1307] |
45:17 | რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად; ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად. შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასახივარად. ვირე ცოცხალ ვარ, მეყოფი სატირლად და სატკივარად. |
[1308] |
45:18 | აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა! გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა, ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა. რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენ ზედა ცისა შვიდისა“. |
[1309] |
45:19 | ესე წიგნი, საყვარელსა მისსა თანა მინაწერი, რა დაწერა, გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი. თავმოხდილსა დაუშვენდა სისხო, სიგრძე, თმათა ფერი, ალვისაგან სული მოქრის, ყორნის ფრთათათ მონაბერი. |
[1310] |
45:20 | იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მიმავალი, წამ ერთ მიხდა ფატმანისსა, დღე იარა არმრავალი. რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი, ხელაპყრობით ღმერთსა მადლობს ცნობასრული, არა მთრვალი. |
[1311] |
45:21 | ფატმანს უთხრა: „გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი, დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი, წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოსრულა შარშანდელი, ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო მათი მოსპობ-ამწყვედელი“. |
[1312] |
45:22 | ხათუნმან უთხრა: „ჰე, ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების, მოეშორვების ნათელსა, გული ამისთვის ბნელდების; ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების, თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების“. |
[1313] |
45:23 | ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა, მას თანა ხლებულნი, უბრძანა: „მკვდარნი აქამდის აწყა ვართ დაცოცხლებულნი, რაცა გვინდოდა, მისითა სმენითა გაახლებულნი, ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით, ვაგლახ, ლებულნი. |
[1314] |
45:24 | მიდით და ფრიდონს უამბვეთ ამბავი არნაცქაფავი; მე ვერა ვნახავ, ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი. მან გაახაფოს ხმა ხაფი, კვლა უფრო გასახაფავი, თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე, ჩემი ნაალაფავი. |
[1315] |
45:25 | ჩემსა ზედა დიდი არის ვალი, თქვენგან დანადები; მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შევეყრები; აწ წაიღეთ ყველაკაი, მეკობრეთა წანაღები, ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი, ამად გეძუნწები. |
[1316] |
45:26 | სახლი არ მახლავს, არ ძალმაქვს გაცემა საბოძვარისა“. მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხვი ტურფათა ჯარისა, უბრძანა: „წადით, წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა, ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან, ძმადნაფიცარისა“. |
[1317] |